კანის ალერგიული დაზიანება ალერგოდერმატოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის ალერგიული დაზიანება ალერგოდერმატოზები

  • ალერგიული დერმატიტი;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • კონტაქტური დერმატიტი;
  • ეგზემა;
  • ჰიპერმგრძნობელობის დერმატიტი;
  • იმუნოდერმატოზები;
  • კანზე ალერგიული გამონაყარი.

სწორედ ამ ტერმინთა დახმარებით აღწერენ კანის რეაქციებს, რომლებიც ალერგიული და იმუნოლოგიური მექანიზმებით ვითარდება.

ზოგადი ინფორმაცია

ალერგოდერმატოზები, ქავილის გარდა, ასევე შესაძლოა გამოვლინდეს კანის შეწითლებით, გამონაყრით, შეშუპებითა და აქერცვლით. ისინი ძირითადად ვითარდებიან ისეთ ალერგენებთან კონტაქტისას, როგორიცაა ზოგიერთი საკვები პროდუქტი, წამლები, მცენარეები, ქიმიური ნივთიერებანი, ლითონები და სხვა.

ყველაზე გავრცელებული ალერგოდერმატოზთა სამეული ასეთია:

  1. ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა;
  2. კონტაქტური დერმატიტი;
  3. ალერგიული დერმატიტები.

ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია მშრალი, მქავანა კანი გამონაყრით, რომლებიც უპირატესად მტევნებისა და მუხლების მომხრელ ზედაპირებზე ჩნდებიან.

კონტაქტური დერმატიტი, სახელწოდების მიხედვით, ალერგენთან უშუალო კონტაქტის შედეგად ვითარდება.

ალერგიული დერმატიტი ალერგენების დამსახურებაა, ადამიანს ალერგიული რეაქცია მისთვის განსაზღვრულ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და სხვა ნივთიერებებზე უვითარდება;

სტატისტიკა ასეთია:

  • ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბავშვების 15-20 %-ს და მოზრდილი მოსახლეობის 1-3%-ს აღენიშნება. შესაძლოა მაჩვენებლები მცირედ იცვლებოდეს ქვეყნებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით;
  • კონტაქტური დერმატიტი გავრცელებულია მოსახლეობის 15-20%-ს შორის, ის უპირატესად მოზრდილების პრობლემაა, განსაკუთრებით კი იმ კატეგორიის, რომელთა პროფესიაც ალერგენებთან ან გამღიზიანებელ ნივთიერებებთან მჭიდრო კონტაქტს ითვალისწინებს;
  • ალერგიული დერმატიტი უვითარდებად გარკვეული ალერგენებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებს მათთან კონტაქტისას. ზუსტი მონაცემი ამ ტიპის გავრცელებასთან დაკავშირებით არ არსებობს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი შესაძლებელია განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

განმსაზღვრელი ფაქტორები

ალერგოდერმატოზებს მრავალი გამომწვევი მიზეზი გააჩნია, ყველაზე ხშირად ეს შემდეგი მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობას უკავშირდება:

  • გენეტიკურად დადებითი წინასწარგანწყობა – ყველაზე ხშირად გენეტიკური საფუძველი ვლინდება ატოპიური დერმატიტისას, რამდენადაც იგი ისეთი ოჯახის წევრებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც, წარსულშიც არსებობდა ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა ან ეგზემა;
  • ალერგენები – ალერგოდერმატოზებს, რა თქმა უნდა, ალერგენები იწვევენ, მცენარეთა მტვერი, მარცვლოვანთა მტვერი, მედიკამენტები, სხვადასხვა ადამიანს ალერგიული რეაქციების გამომწვევიც განსხვავებული აქვთ;
  • რეაქცია გამღიზიანებლებზე – კონტაქტური და ალერგიული დერმატიტი ვითარდება ისეთ გამღიზიანებლებთან კონტაქტისას, როგორიცაა საპონი, სარეცხი საშუალებანი, კოსმეტიკა, სინთეზური ქსოვილები, ლითონები, მაგალითად, ნიკელი და სხვა ქიმიური აგენტები;
  • კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა – როდესაც კანის მფარავი გარსი კარგავს დაცვით ფუნქციას, მაშინ იგი გაცილებით მიდრეკილი ხდება ალერგიული რეაქციებისადმი და ალერგოდერმატოზებიც არ აგვიანებენ;
  • გარემო ფაქტორები – ზოგიერთი გარემო ფაქტორი, სიცივე, სიცხე, ტენიანობა, ოფლი, სტრესი და ფიზიკური რყევები, შესაძლოა ასევე იქცნენ ალერგოდერმატოზების მაპროვოცირებელ ფაქტორად;
  • აღსანიშნავია ისიც, რომ ალერგოდერმატოზების მიზეზი შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და რომელიმე კონკრეტული ტიპის დაავადებასთან შეჭიდული.

ისინი ასე ვლინდებიან

  • ქავილი და კანის გაღიზიანება ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, დაზიანებული კანი ამ დროს მშრალი, აქერცვლადი და გაწითლებულია;
  • შეშუპება და გაწითლება, კანი შესიებულია და ანთებადია ალერგენის ან გამღიზიანებელთან კონტაქტის ადგილზე;
  • გამონაყარი და ბუშტუკები, შესაძლოა გაჩნდეს გამონაყარი, სითხიანი ბუშტუკები კანზე, რომლებიც ავსებულია სეროზული სითხით ან გარკვეული სეკრეტით;
  • სიმშრალე და აქერცვლა. კანი მშრალია, იქერცლება და ნახეთქებია მასზე;
  • ექსკორაციები (კანის საფარველის მექანიკური, ჩვეულებრივ ზედაპირული, ხაზოვანი დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება ქავილისას) და ნაფხაჭნები, წყლულები, ხანგრძლივი და მუდმივი ქავილის შედეგად;
  • შესაძლებელია სხვა სიმპტომებიც: კანის გამკვრივება, დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია (კანის პიგმენტ მელანინის მატება) ან ჰიპოპიგმენტაცია (მელანინის შემცირება);
  • აღსანიშნავია, რომ ალერგიული სიმპტომები ვარირებს დაავადების ტიპისა და მიმდინარეობის ხარისხის მიხედვით და ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის.

ასე რომ, თუ გაჩნდა ეჭვი ალერგოდერმატოზზე, აუცილებელია ექიმ-დერმატოლოგთან ვიზიტი სწორი და ზუსტი დიაგნოსტიკისთვის. დაუშვებელია თვითდიაგნოსტიკა ან თვითმკურნალობა.

დერმატოლოგთან ვიზიტის შემდგომ

იწყება დიაგნოსტიკა, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ერთმანეთის თანმიმდევრულ ნაბიჯს ალერგენისა და კანზე რეაქციების გამომწვევი აგენტების დასადგენად.

  • ნაბიჯი 1 – სამედიცინო ისტორიის გაცნობა და კანის დათვალიერება, ექიმი მოაგროვებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც შესაძლოა მაპროვოცირებელი იყოს და ალერგიული რეაქციების წინმსწრები. საინტერესოა ასევე კანის დათვალიერება ალერგიულ გამოვლინებათა შესაფასებლად;
  • ნაბიჯი 2 – კანის ტესტები, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ პლასტირებზე სხვადასხვა ტიპის ალერგენების დატანას, მათ პაციენტის კანზე მიწებებას რამდენიმე დღის განმავლობაში. ექიმი აფასებს ალერგენებზე კანის რეაქციას, რათა განსაზღვროს რომელ მათგანზეა ალერგიული;
  • ნაბიჯი 3 – კანის ალერგიული სინჯები, რომლის დროსაც ნემსის ან სპეციალური აპლიკატორის საშუალებით კანზე დაიტანება პოტენციური ალერგენის მინიმალური დოზა, სპეციალისტი აკვირდება 15-20 წუთის მანძილზე რეაქციას, რათა განსაზღვროს ალერგიული რეაქციები;
  • ნაბიჯი 4 – სისხლის ტესტები, რომლებიც გვეხმარება სისხლში IgE ანტისხეულთა დონის განსაზღვრაში, რომლებიც შესაძლოა ალერგიულ რეაქციებთან კავშირში იყოს, შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგადი IgE – ტესტი და სპეციფიკური IgE ტესტები კონკრეტულ ალერგენებზე.

ალერგიული რეაქციის მიზეზის დადგენის შემდგომ ექიმი ამუშავებს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საშუალებითაც მიიღწევა ალერგენებთან კონტაქტის გაწყვეტა, მედიკამენტური თერაპია ითვალისწინებს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივად გამოსაყენებელ მედიკამენტებს, რათა სიმპტომები შემცირდეს და კანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

მკურნალობის ზოგადი სტრატეგიები

მკურნალობის ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს ალერგოდერმატოზის ტიპი და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე.

ზოგადი სტრატეგიები ასეთია:

  1. თავი არიდეთ ალერგენს – პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, იმ გამღიზიანებელი აგენტის მოცილებაა, რომელიც ალერგიულ რეაქციებს აპროვოცირებს. სპეციალისტები ასეთ დროს გვირჩევენ: გამორიცხეთ რაციონიდან გარკვეული საკვები პროდუქტები, გამოიყენეთ ჰიპოალერგიული კოსმეტიკური საშუალებები და განახორციელეთ კანის დაცვითი ღონისძიებანი;
  2. მედიკამენტური თერაპია – ანთების, ქავილის და სხვა სიმპტომების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებაა. წამყვანი თერაპია ითვალისწინებს ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებების, მალამოების, კრემების, გლუკოკორტიკოსტეროიდულ (ჰორმონული) და ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტურ თერაპიას, საჭიროა პაციენტის კონკრეტული მდგომარეობის, ძირითადი და თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით გარკვეული სხვა მედიკამენტების მიღებაც;
  3. იმუნოთერაპია – ძლიერი ალერგიული რეაქციებისას, ექიმი ასევე იძლევა იმუნოთერაპიის რეკომენდაციას, რა დროსაც, საკმაოდ დაბალი დოზებით ორგანიზმში ალერგენი შეიყვანება, იმუნური სისტემის გაძლიერებისა და ალერგიული რეაქციების სიმწვავის დასაქვეითებლად;
  4. ადგილობრივი მკურნალობა – ადგილობრივად გამოიყენება კანის დამამშვიდებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედების კრემები, მალამოები, ლოსიონები და ჰელები;
  5. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა – ქრონიკული ფორმის ალერგოდერმატოზებისას საჭირო ხდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სპეციალისტთან კონსულტაცია ემოციურ სტრესებთან გასამკლავებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
  6. აუცილებელია, გვახსოვდეს, პრობლემის არსებობისას, ალერგოდერმატოზების მკურნალობა ინდივიდუალურია და სპეციალისტის რეკომენდაციებს ეფუძნება, ამიტომ, კონკრეტული დიაგნოსტიკისა და თქვენი ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, ოპტიმალური მკურნალობის ჩასატარებლად დროულად მიმართეთ კვალიფიციურ დერმატოლოგს ან ალერგოლოგს.

თუ არ ვიმკურნალებთ...

უყურადღებოდ და მკურნალობის გარეშე დარჩენილი ალერგოდერმატოზი იწვევს სხვადასხვა ტიპის გართულებასა და პრობლემებს:

  • სიმპტომების გავრცელება და გაძლიერება – უკონტროლოდ დარჩენილი ალერგიული რეაქცია, მოსალოდნელია, გავრცელდეს კანის გაცილებით დიდ ფართობზე და სიმპტომებიც: ქავილი, გამონაყარი, სითხიანი ბუშტუკები და კანის აქერცვლა, მნიშვნელოვნად გაძლიერდეს;
  • მეორეული ინფექციები – კანის მუდმივი ფხანა და დაზიანება იწვევს მიკროტრავმებს, კანზე არსებული მიკრონახეთქები პათოგენური მიკრობებისთვის კანში შეღწევას აადვილებენ და ვითარდება თანდართული, მეორეული ინფექციები, რაც იწვევს დერმატიტსა და სხვადასხვა ტიპის ინფექციურ პროცესებს;
  • ქრონიკული დერმატიტი – მას არაკონტროლებადი ალერგიული რეაქციები იწვევს, დამახასიათებელი მუდმივი ანთებითი კერითა და გაღიზიანებული კანით, რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს, აქვეითებს შრომის უნარს და ემოციური დისკომფორტის მიზეზი ხდება;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები – ალერგოდერმატოზების თანამგზავრია. მუდმივი ქავილი, გამონაყარი, უსიამოვნო სიმპტომები და შეზღუდვები ყოველდღიურ ცხოვრებაში იწვევენ სტრესს, შფოთვას, განგაშს და დეპრესიას.

დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებათა განვითარების ალბათობას და უსიამოვნო მოულოდნელობებიც მცირდება.

ვეხმარებით ჩვენს თავს

  • არსებობს რამდენიმე საშუალება, რითიც დამოუკიდებლად ვეხმარებით თავს;
  • აირიდეთ კონტაქტი შესაძლო ალერგენთან, შეეცადეთ განსაზღვროთ რომელ ნივთიერებასთან ან მასალასთან კონტაქტისას ვითარდება ალერგიული რეაქცია კანზე და შეძლებისდაგვარად ერიდეთ მას;
  • დაიცავით კანის მუდმივი ჰიგიენა – კანს რეგულარული დაბანით სცილდება პოტენციური ალერგენები და ქვეითდება ანთებითი რეაქცია. გამოიყენეთ რბილი გამწმენდი საშუალებები, ერიდეთ აგრესიულ საპნებსა და ცხელ წყალს, გაწმენდის შემდგომ წაისვით დამატენიანებელი კრემი;
  • ავილის კუპირებისა და გაღიზიანებული კანის დასარბილებლად გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ანთებისსაწინააღმდეგო და დამატენიანებელ კომპონენტებს. მაგალითად, ლოსიონები, მალამოები ან ჰელები, ალოეს შემცველი ექსტრაქტებით;
  • ერიდეთ კანის ტრავმირებას, ამით თავს დაიცავთ მეორეული ინფექციის ან რეაქციისგან, ატარეთ რბილი, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი და უარი თქვით მოტმასნილ სამოსზე;
  • ქავილის გაძლიერებისას გამოიყენეთ ცივი კომპრესები, გაახვიეთ ყინულის პაკეტი რბილ ქსოვილში და დაიდეთ მქავანა ადგილებზე რამდენიმე წუთით;
  • ალერგოდერმატოზების პროფილაქტიკა ითვალისწინებს რამდენიმე საჭირო ღონისძიებას, პირველ ყოვლისა, ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია: სწორი კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა და რეგულარული ძილი, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ალერგიული რეაქციების განვითარებას.