40-ის შემდეგ
- შეგიძლიათ, დილაობით ირბინოთ თქვენივე სახლის ახლოს, პარკში. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, რაც შეიძლება მეტი იარეთ ფეხით, იარეთ ფიტნესკლუბში, საცურაო აუზზე, მისდიეთ ტანვარჯიშს, იოგას ან უბრალოდ იცეკვეთ, იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობის, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, შეგმატებთ სასიცოცხლო ენერგიას.
- აუცილებლად ჩაიტარეთ წყლის პროცედურები. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალიან კარგია კონტრასტული ან გამამხნევებელი შხაპი. ის აცოცხლებს კანს, ტონუსს მატებს სისხლძარღვებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
- ეცადეთ, კვება დაბალანსებული გქონდეთ. კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, სამწუხაროდ, კვალს ტოვებს სახის კანზე, განსაკუთრებით - 40 წლის შემდეგ: შეშუპებას თვალებქვეშ, კანის მქრქალ ფერს და სხვა. საკვები მდიდარი უნდა იყოს მინერალური მარილებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით. ასეთია ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი, მჭლე ხორცი.
- ერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მწეველ ქალებს კანი თხელი და ფერმკრთალი აქვთ, ადვილად უღიზიანდებათ.
- ჭარბად ნუ მიირთმევთ ცხიმიან და ცხარე საკვებს, რადგან ესეც უშლის ხელს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას.
- მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით, მინიმუმამდე დაიყვანეთ სოლარიუმში ვიზიტიც, რადგან ულტრაიისფერი სხივები აშრობს და აბერებს კანს. თუ გიყვართ კანის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, ყოველდღე დაიბანეთ ახალმოდუღებული ყავით. კანი დროთა განმავლობაში მიიღებს ლამაზ, ბრინჯაოსფერ ელფერს.
- ყურადღებით შეარჩიეთ სახის კრემი.
- კანს უხდება მცენარეული აბაზანები. კარგია პიტნა, ვარდი, ბარამბო, გვირილა.
თაფლისა და რძის აბაზანა ნებისმიერი არომატული ეთერზეთით
თაფლი გავხსნათ თბილ რძეში და დავუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი ეთერზეთი (ციტრუსისა, ვარდისა). მიღებული ნარევი ჩავასხათ აბაზანაში.
ზღვის მარილისა და ეთერზეთების აბაზანა
500 გრამი მარილი გავხსნათ ცხელ წყალში, დავუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი ნებისმიერი ეთერზეთი. ზღვის მარილი ფასდაუდებელია სხეულის მოვლისთვის. ასეთი აბაზანა არა მარტო ასუფთავებს, არამედ ტონუსს მატებს კანს, ამშვიდებს სხეულს და ნერვულ სისტემას.
ციტრუსების წვენის აბაზანა
გამოვწუროთ 6 ცალი ციტრუსიდან: ლიმონი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი - და ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე აბაზანაში. ასეთი აბაზანა ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ტონუსს მატებს, კვებავს, აახალგაზრდავებს კანს, ხელს უწყობს მცირე ნაოჭების გაქრობას. ძალიან ეფექტურია სქრაბი. ის ასუფთავებს, კვებავს კანს, უბრუნებს სიმკვრივეს.
სქრაბის გამოყენება საკმარისია კვირაში ერთხელ, საღამოს აბაზანის შემდეგ, რადგანაც გაფართოებული ფორები ადვილად სუფთავდება.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით სიმინდისა და შვრიის ფქვილი, დაფქული კვერცხის ნაჭუჭი, დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა (ცილის მაგივრად შეგვიძლია ავიღოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ზღვის მარილის ნაჯერი ხსნარი) და კარგად აურიეთ. ამ ხსნარით სველი სხეული მსუბუქი წრიული მოძრაობებით გავიწმინდოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაჩეროთ 5-10 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
- ავიღოთ თანაბარი რაოდენობით ჩაშაქრული თაფლი, ნაღები, დავუმატოთ დაფქული ზღვის მარილი და კარგად ავურიოთ. წავისვათ სველ სხეულზე ფრთხილი, მსუბუქი წრიული მოძრაობებით.
ნიღბები ნებისმიერ ასაკში უხდება კანს - კვებავს, ატენიანებს, ატონიზირებს, ასუფთავებს, ასწორებს ნაოჭებს. ნიღაბი უნდა წავისვათ ფრთხილად სამასაჟე ხაზების გასწვრივ. რეკომენდებულია მათი რეგულარული გამოყენება - კანი ხდება ნაზი და გლუვი.
- კანის მოსავლელად შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სიმინდის ან მზესუმზირას ოდნავ შემთბარი ზეთი. წაისვით სახეზე მსუბუქი მოძრაობით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ თბილ ჩაიში ან ნებისმიერი მცენარის: გვირილის, ვარდის ფურცლების, ლავანდის ან პიტნის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით. ამ პროცედურას დიდი ხანი არ სჭირდება, თანაც კარგად ასუფთავებს კანს, ატენიანებს და კვებავს მას.
ნიღბის ეფექტი გაძლიერდება, თუ მის წასმამდე გაიკეთებთ ორთქლის აბაზანას.
- აიღეთ კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, ამდენივე თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, და გადაიტარეთ სახეზე ყინულის კუბიკები. ეს ნიღაბი კვებავს, ატენიანებს კანს, ჭიმავს ფორებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
თვალების ირგვლივ შავი წრეების მოსაშორებლად ეფექტურია გახეხილი კარტოფილი - გაახვიეთ დოლბანდში და თვალებზე დაიდეთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლი. ასევე ეფექტურია რძეში დასველებული პურის გულიც.
სამზარეულოში ყოველთვის მოიძებნება სტაფილო, ვაშლი, თაფლი, არომატული ან უბრალოდ მცენარეული ზეთი, კვერცხი და ლიმონი. სწორედ ამ საშუალებებით შეგიძლიათ მოუაროთ თავს და 40 წლის შემდეგაც ახალგაზრდული, გლუვი, ხავერდოვანი, ჯანსაღი ელფერის კანი შეინარჩუნოთ.