კანის მოვლა ზღვაზე წასვლის წინ
მოამზადოს - რა საჭიროა მომზადება, თუ სანაპიროზე ის ისედაც შეივსება ვიტამინებით და გაირუჯება? სწორედ ეს არის პირველი შეცდომა. კანი ზღვაზე წასვლის წინ საგანგებოდ უნდა გავასუფთაოთ, რათა მზე თანაბრად მოეკიდოს, მოვაცილოთ ბუნებრივი ჭუჭყი, აქერცლილი, მკვდარი უჯრედების ფენა, დავანოტივოთ. ზღვის ჰაერზე კანი უფრო მალე კარგავს ბუნებრივი დატენიანების უნარს. მზეც ყოველთვის არ ახდენს მხოლოდ სასარგებლო ზემოქმედებას, ამიტომ სახე იქერცლება და უსიამოვნო შესახედაობას იღებს.
-
კანის დატენიანება
ამრიგად, პირველი ამოცანა კანის დატენიანებაა. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ შინ მომზადებული საშუალებები.
- ავიღოთ ვაშლი, გავთალოთ და გავხეხოთ. ფაფას დავამატოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, წავისვათ ეს ნარევი სახესა და კისერზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ. სურვილისამებრ, კანი შეიძლება გავიწმინდოთ მკვებავი ლოსიონით.
- ცხიმიან კანსაც სჭირდება მოვლა, მიუხედავად იმისა, რომ ის, ერთი შეხედვით, დატენიანებას არ მოითხოვს. ამ ტიპის კანისთვის შეიძლება მოვამზადოთ პომიდვრის ნიღაბი: გავთალოთ პომიდორი, რბილობი გავსრისოთ და კარტოფილის ფქვილში შევურიოთ. ეს ფაფა წავისვათ სახეზე და ოცი წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
- ნორმალური კანისთვის რეკომენდებულია კიტრის, სტაფილოს, ლიმონის წვენში არეული კარტოფილის ფქვილის მკვებავი ნიღაბი.
- მშრალ კანს კი ბანანის ნიღაბი მოუხდება: ბანანი გავსრისოთ, შევურიოთ არაჟანი და კვერცხის გული, წავისვათ სახეზე და ოცი წუთის შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანოთ.
-
არ არის რეკომენდებული
ზღვაზე წასვლის წინ კოსმეტოლოგები არ გვირჩევენ ზოგიერთ პროცედურას. მაგალითად, სახისა და კისრის მასაჟს. სიცხე, ჩვეულებრივ, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის - სახეზე არსებულ სისხლძარღვებშიც. თუ ამას მასაჟიც დაერთო, შესაძლოა სისხლის მიმოქცევა დაირღვეს და კანის მდგომარეობა გაუარესდეს, გაჩნდეს როზაცეა, არაესთეტიკური ბადე.
ზღვაზე წასვლის წინ არ არის რეკომენდებული ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავს გლიკოლის მჟავას.
უნდა ვერიდოთ სახის კანის ქიმიურ გაწმენდასა და გათეთრებას. აკრძალულია ლაზერული პილინგიც. თუმცა არ იკრძალება გაწმენდა მსუბუქი სქრაბით.
-
ორი კვირით ადრე...
კანის მოვლა ზღვაზე წასვლამდე ორი კვირით ადრე მაინც დაიწყეთ. დასაბანად გამოიყენეთ სპეციალური მსუბუქი შემადგენლობის გელი. მკვებავი კრემიც გელის საფუძველზე დამზადებული შეარჩიეთ - იგი არ დაახშობს ფორებს.
კარგია პირის ბანა მცენარეული, მაგალითად, გვირილის ან ორკბილას ნახარშით. მათ დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. კალენდულას ნაყენი კი ამაღლებს სახის კანის ტონუსს. ამ სამზადისის შედეგებს პირველივე დღეებში იგრძნობთ: კანი გამკვრივდება, გასუფთავდება, გლუვ ზედაპირს კი თანაბრად მოეკიდება მზე. მთავარია, მზისგან დამცავი კრემის წასმა არ დაივიწყოთ.