როგორ მოვუაროთ მშრალ კანს
ცხიმის ნორმალური ცვლის დარღვევა უარყოფითად აისახება კანზე: იგი ეშვება, იხორკლება, ხდება მეტად მგრძნობიარე ტემპერატურის ცვალებადობის, მზის სხივებისა და ქარის მიმართ, სკდება. ასეთი კანი იქერცლება, ადვილად ღიზიანდება და იფარება წითელი ლაქებით.
კანის სიმშრალეს აძლიერებს გარეგანი ფაქტორებიც: მზე, ქარი, ზღვის წყალი, ცხელ ღუმელთან მუშაობა. იმისთვის, რომ კანი არ გამოშრეს, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. მაგალითად, არ შეიძლება შინიდან გასვლის წინ პირის დაბანა, სპირტიანი ხსნარების, პუდრის, მათეთრებელი საცხების ჭარბი გამოყენება.
უმეტესობას მშრალი კანი აქვს. ახალგაზრდა ქალების კანი მქრქალი ფერისაა, მკვრივი და კარგად გადაჭიმული კანქვეშა ცხიმოვან შრეზე. მასზე ცოტაა ან საერთოდ არ არის ნაოჭები. ფორები დახურულია და არა თვალში საცემი. მაგრამ ასეთ კანთან შეხებისას ერთგვარი სიმშრალე, ცოტა ტენი იგრძნობა. განსაკუთრებით მშრალია კანი ლოყებსა და ყვრიმალებზე, მაშინ როდესაც შუბლის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭისა და ნიკაპის არეში ხშირად ბზინავს კიდეც. ასეთი კანი ლამაზია, მაგრამ მისი მიმზიდველობა დროებითია. ის ცუდად იტანს წყლითა და საპნით დაბანას და სწრაფად კარგავს მომხიბვლელ თვისებებს, უხვი წვრილი ქერცლით იფარება. უფრო მეტიც - მხოლოდ წყლით დაბანის შემდეგაც კი ხშირად იფარება წითელი ლაქებით და ხურს. მოგვიანებით ეშვება და სულ უფრო იფარება ნაოჭებით, რომლებიც ჯერ თვალის კუთხეებში ჩნდება.
თუ მშრალ კანს დროულად და გულდასმით მივხედავთ, შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სილამაზე და დავიცვათ ჭკნობისაგან.
მშრალი კანი მხოლოდ გადადუღებული გრილი ან ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა გავისუფთაოთ. ცივი წყალი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, რის შედეგადაც კანი მოშვებული და დანაოჭებული ხდება. ცხელი წყალი კი ფორებსა და სისხლძარღვებს აფართოებს და ასევე ადუნებს კანს, ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას.
მშრალ კანზე დადებითად მოქმედებს ნოტიო, რბილი კლიმატი. მზის პროცედურები ნაკლებად რეკომენდებულია და შეიძლება მხოლოდ ადრე დილით მივიღოთ. ზოგადად, ბანაობის წინ (აბაზანაში, მდინარეში, აუზში, შხაპში, აბანოში) სასურველია სახეზე წაისვათ მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემი, მცენარეული ზეთი ან ნებისმიერი ცხიმი, რომელიც ხელთ გაქვთ: არაჟანი, ღორის მუცლის ქონი, უმარილო ნაღების კარაქი.
დილის მოვლა: სახე შემთბარი რაფინირებული მზესუმზირის ზეთით გაისუფთავეთ. ჭარბი ზეთი რბილი, ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ. არსებობს გაწმენდის სხვა ხერხებიც:
- პირი დაიბანეთ რძიანი წყლით (1 წილი რძე და 1 წილი წყალი ან 1/3 წ. რძე და 2/3 წ. წყალი). წყალი უნდა იყოს გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის.
- სახეზე წაისვით ცოტაოდენი არაჟანი, რომელიც დაარბილებს კანს და წინააღმდეგობის უნარს გააძლიერებს. არაჟნის ნარჩენები ოთახის ტემპერატურის გადადუღებული წყლით ჩამოიბანეთ.
- კანი სპეციალურად მომზადებული ნარევით გაიწმინდეთ: კვერცხის გულს 100 გრამი ნაღები შეათქვიფეთ. 1 ჩაის კოვზი არაყი და 5-15 წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. გამოყენების წინ ნარევი შეანჯღრიეთ. სახეზე ბამბის ტამპონით რამდენჯერმე წაისვით. სასურველია, ტამპონი ხშირად გამოცვალოთ. ეს ნარევი კარგად არბილებს და ათეთრებს კანს.
- სახე გაიწმინდეთ შვრიის ნახარშით (1 ლიტრ მდუღარე წყალზე 2 სუფრის კოვზი შვრია; გააცივეთ და დოლბანდში გადაწურეთ).
- პირი დაიბანეთ კარტოფილის ფქვილის ნახარშით (1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი მოადუღეთ 1 ლიტრ წყალში).
- კვირაში ერთხელ პირი დაიბანეთ ანადუღარი წყლით, მაგრამ სახეზე წინასწარ წაისვით მაიონეზი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: კვერცხის გულს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რაფინირებული მზესუმზირის ზეთი და კარგად ათქვიფეთ. მაიონეზი წაისვით სველ კანზე სახის ხაზების გასწვრივ, წრიული მოძრაობებით. წარმოქმნილი ქაფი გადადუღებული წყლით ჩამოიბანეთ.
კანის დარბილება: დილით, დაბანის შემდეგ, მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემი წაისვით. ის არბილებს კანს, ხდის ელასტიკურს და უფრო მდგრადს გარემო ფაქტორების მიმართ. კრემი წაისვით თხლად. 10-20 წუთის შემდეგ კანი რბილი ხელსახოცით შეიმშრალეთ.
შეიძლება კრემზე მასაჟის გაკეთებაც - ცხელ წყალში შემთბარი ჩაის კოვზით. კოვზი არ უნდა იყოს მეტისმეტად ცხელი (ტემპერატურა ხელით შეამოწმეთ). მასაჟი სახის კანის ხაზების გასწვრივ გაიკეთეთ, მცოცავი მოძრაობებით. ამგვარადვე შეიძლება გულმკერდის ზედა ნაწილისა და კისრის მასაჟის გაკეთებაც. შუბლის კანზე მასაჟი უფრო ენერგიული უნდა იყოს. კრემის ნარჩენები შეიძლება ნოტიო ხელსახოცით მოიშოროთ.
კანის დაცვა ამინდისა და წელიწადის დროის გათვალისწინებით ხდება. თუ კანს აქვს დეფექტები: ჭორფლი, პიგმენტური ლაქები, გაფართოებული სისხლძარღვები, - მზიან ამინდში დამცავი კრემი წაისვით, მერე კი სახე პუდრით დაიფარეთ. თუ კანზე დეფექტები არ არის, მკვებავი კრემის შემდეგ დეკორატიული პუდრი წაისვით. უკეთესია, თუ კრემ-პუდრს გამოიყენებთ.
ქარიან, მტვრიან, ასევე ნოტიო და ცივ ამინდში სახეზე დამცავი კრემის თხელი ფენა და პუდრი წაისვით.
კანის დასაცავად შეიძლება გამოიყენოთ დეკორატიული კოსმეტიკა (დღის მაკიაჟი), თუმცა მშრალი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა მის მიმართ, ამიტომ დეკორატიული საშუალებები ფრთხილად და აუცილებლად კანის დარბილების შემდეგ უნდა გამოიყენოთ.
საღამოს მოვლა. საღამოს პროცედურები კანის მოვლის საფუძველია. არ შეიძლება დასაძინებლად დაწოლა დღის კოსმეტიკის მოცილების გარეშე. კანი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით უნდა გასუფთავდეს. ისინი ზედმიწევნით გულდასმით უნდა აირჩიოთ და ცვალოთ, რათა კანი ერთსა და იმავე საშუალებას არ მიეჩვიოს და მრავალფეროვანი კვება მიიღოს.
კანი უნდა გასუფთავდეს ასევე შემთბარი რაფინირებული მზესუმზირის ზეთით. კარგად ასუფთავებს და იმავდროულად არბილებს სახის კანს თხევადი და მკვებავი კრემები. შეიძლება მათი შინ მომზადებაც.
ნიღბები მშრალი კანისთვის
- კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი
კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე მზესუმზირის ზეთი ერთმანეთში აურიეთ, ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით ან რძეგარეული წყლით. ნიღაბს შეიძლება დაუმატოთ 10-15 წვეთი ლიმონის წვენი.
- ხაჭოს ნიღაბი
1 სუფრის კოვზი ხაჭო კარგად გასრისეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ეს მასა 15-20 წუთით დაიდეთ სახეზე, მოიშორეთ თბილ ანადუღარ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
- კიტრის ნიღაბი
2 ცალი კიტრი გახეხეთ და 20-25 წუთით დაიდეთ სახეზე. მოიცილეთ ოთახის ტემპერატურის გადადუღებულ წყალში დასველებული ტამპონით. ნიღაბს შეიძლება დაუმატოთ შვრია (ფაფისებური მასის მიღებამდე), ხოლო მგრძნობიარე კანის შემთხვევაში - არაჟანი. ხილისა და ბოსტნეულის ნიღბის დადების წინ სახე გულდასმით გაიწმინდეთ ნაღებით, თხევადი კრემით ან არაჟნით.
-
კვერცხის გულისა და არაჟნის კრემი
100 გრამ არაჟანს შეათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. შინ მომზადებული კრემები ადვილად ფუჭდება. ამიტომ მათი დიდხანს შენახვა არ არის რეკომენდებული - მაქსიმუმ 7 დღე.
კრემმა შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ხმარების წინ სასურველია სინჯის ჩატარება: ცოტაოდენი კრემი წაისვით ყურის უკან ან კისერზე. თუ ორ საათში კანი არ გაგიწითლდათ, არ აგექავათ და არ აგეწვათ, კრემის გამოყენება დასაშვებია.
კრემი სახეზე მაქსიმუმ ორი საათით უნდა გაიჩეროთ. ძილის წინ ზედმეტი კრემი უნდა მოიშოროთ რბილი ხელსახოცით. ღამით სახეზე შეიძლება წაისვათ მზესუმზირისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი. ზოგ შემთხვევაში მშრალ კანზე შესაძლებელია მთელი ღამით კრემის დატოვება. ამ დროს რეკომენდებულია მისი წასმის სველი წესი. ოდნავ მარილიან წყალში დასველებულ და გაწურულ ბამბის ტამპონზე წაუსვით ცოტაოდენი ცხიმიანი კრემი და მსუბუქი მოძრაობებით დაიდეთ სახის კანზე.
კრემის ასეთი მეთოდით წასმისას კანში ერთდროულად ცხიმიც აღწევს და ტენიც.