პროთეზირების ტიპები და შესაძლებლობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროთეზირების ტიპები და შესაძლებლობები

- რა არის პროთეზი?

- ორთოპედიულ ტექნიკაში პროთეზს უწოდებენ კონსტრუქციას, რომელიც აღადგენს ამპუტირებული კიდურის ფუნქციასა და ნორმალურ გარეგნულ სახეს.

პროთეზირების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში, მარტივი ენით რომ ვთქვათ, პროთეზი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა დაიბრუნოს შრომის უნარი, ჩაებას საზოგადოებრივ საქმიანობაში, შეძლოს ოჯახის რჩენა, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარი თავის მოვლა მაინც, და თავი სრულფასოვან პიროვნებად იგრძნოს. როცა ეს მიზანი მიღწეულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროთეზირება წარმატებით ჩატარდა.

- საქართველოში ბევრს სჭირდება პროთეზირება?

- იმ ხალხის რიცხვი, ვისაც პროთეზირება სჭირდება, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, სამწუხაროდ, დიდია. დღემდე ჩვენს ცენტრს 6500-ზე მეტმა ადამიანმა მოაკითხა. ბევრია ისეთიც, ვინც ჩვენამდე არ მოსულა. პროთეზირების საჭიროება მეტად მწვავე გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ომმა უამრავი ადამიანი ზედა ან ქვედა კიდურის გარეშე დატოვა. აქტუალურობა ამ საკითხს დღესაც არ დაუკარგავს, განსაკუთრებით - 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ. სამწუხაროდ, ძალიან დიდია საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ტრავმების რიცხვიც. 

რამდენნაირი პროთეზი არსებობს?

- ზედა კიდურის ამპუტაციის დონის შესაბამისად, არსებობს მხრის, იდაყვის, წინამხრის სახსრებში ამოსახსრული, ხელის მტევნისა და თითების პროთეზები. განასხვავებენ აგრეთვე პროთეზების სხვადასხვა ტიპს: მექანიკურს, კოსმეტიკურს, ბიო და მიოტიპს ანუ პროთეზებს ბიო და მიომართვით. არსებობს მუშა პროთეზები, რომლებიც ერთი და იმავე სამუშაოს მრავალჯერ შესასრულებლად გამოიყენება.

ქვედა კიდურის პროთეზიც ამპუტაციის დონის შესაბამისად მზადდება. ამის კვალობაზე, არსებობს პროთეზები თეძოს, მენჯ-ბარძაყის, კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსრული, ბარძაყის ზედა, შუა და ქვედა მესამედში, მუხლის სახსარსა და წვივის ზედა, ქვედა და შუა მესამედში ამპუტირებული, ტერფის ნაწილდაკარგული კიდურებისთვის.

- კოსმეტიკური და მექანიკური პროთეზები ახსენეთ. რა სახისაა ეს პროთეზები და როგორია მათი ფუნქციური დატვირთვა?

- როდესაც ადამიანი კარგავს კიდურს, მისი სიმძიმის ცენტრი გადაადგილდება, რადგან სხეულს ცალ მხარეს წონა აკლდება. ამპუტაციის შემდეგ კიდურის პროთეზირება თუ არ მოხდა, ხერხემალი გამრუდდება. კოსმეტიკური პროთეზი ნაწილობრივ მაინც აღადგენს სიმძიმის ცენტრს და აბალანსებს სხეულის მასას. ამ სახის პროთეზს დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან კიდურის ან მისი ნაწილის არარსებობას ფარავს.

კოსმეტიკურ პროთეზს ფუნქციურად არცთუ ისე დიდი დატვირთვა აქვს. მისი საშუალებით განსაზღვრული ვარჯიშების შემდეგ ადამიანი ფიზიოლოგიური კიდურის რამდენიმე მოძრაობას ასრულებს, მაგალითად, ახერხებს ამა თუ იმ ნივთის დაჭერას. რაც შეეხება მექანიკურ პროთეზებს, ისინი მექანიკურად, ტაკვის მოძრაობის საშუალებით იმართება. ტაკვი არის კიდურის ამპუტაციის შემდეგ დარჩენილი ნაწილი, რომელზეც მაგრდება პროთეზი. მექანიკური პროთეზებით სათანადო ვარჯიშის შემდეგ ადამიანი გაცილებით მეტ ფუნქციას ასრულებს: იჭერს საგნებს, იხდის და იცვამს ტანსაცმელს. აქვე დავძენ, რომ უმჯობესია, კიდურდაკარგული ადამიანის ტანსაცმელი ელვაშესაკრავით იკვრებოდეს, რადგან მისი შეკვრა და გახსნა გაცილებით იოლია, ვიდრე ღილებისა.


 ბიო და მიო ტიპის პროთეზების მოქმედების ამპლიტუდა ბევრად უფრო სრულყოფილია. ისინი მაქსიმალურად უახლოვდება ფიზიოლოგიურ კიდურს და მრავალ მოძრაობას ასრულებს, თუმცა არა იმდენს, რამდენსაც ეს უკანასკნელი. ამ ტიპის პროთეზები თავის ტვინიდან წამოსული ბრძანებების საშუალებით იმართება. ბრძანების მიღების შემდეგ კუნთში წარმოიქმნება ბიოდენი, რომელიც მექანიზმში ჩადგმული მგრძნობიარე გადამცემისა და გამაძლიერებლის საშუალებით სიგნალის სახით გადაეცემა პროთეზს და ამოქმედებს. ამ ტიპის პროთეზით ადამიანს შეუძლია არა მარტო თავის მოვლა, არამედ სხვაზე ზრუნვა და გარკვეული საზოგადოებრივი საქმიანობის შესრულებაც. მიოპროთეზი მაშინ კეთდება, როდესაც კიდური დიდი ხნის მოკვეთილია. ასეთ დროს ბიოიმპულსის წარმოქმნის უნარი ატროფირებულია, ამიტომ ამ ტიპის პროთეზი კუნთების მამოძრავებელ მოქმედებაზეა გათვლილი.

- რომელი უფრო დახვეწილია - ბიოპროთეზი თუ მიოპროთეზი?

- ორივე საკმაოდ დახვეწილი და მრავალფუნქციურია. განსხვავება არის, მაგრამ ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომელი სჯობს, რადგანაც ყოველ კერძო შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა და ყურადღება სჭირდება. ხშირად მოდიან ჩვენთან და ამა თუ იმ ტიპის პროთეზის გაკეთებას გვთხოვენ. ეს  დაახლოებით იგივეა, რომ პაციენტმა ქირურგს ოპერაციის ტაქტიკა უკარნახოს. ასეთი დამოკიდებულება, ცხადია, არასწორია. პროთეზის ტიპი ირჩევა ინდივიდუალურად, პროთეზორისა და ექიმი ორთოპედის შეთანხმებული გადაწყვეტილებით და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

- მაშასადამე, არსებობს სხვადასხვა ტიპის პროთეზი, რომელთაგან ზოგი - მეტად, ზოგი - ნაკლებად ასრულებს ფიზიოლოგიური კიდურის ფუნქციას. მოდით, დავაზუსტოთ: შესაძლებელია თუ არა პროთეზის მოხრა-გაშლა?

- პროთეზი ისევე იხრება და იშლება, როგორც ფიზიოლოგიური კიდური. საზოგადოდ, უნდა მოგახსენოთ, რომ მექანიზმის სირთულის თვალსაზრისით ზედა კიდურის პროთეზი უფრო რთულია. ქვედა კიდურის პროთეზს ორი ძირითადი ფუნქცია აკისრია: საყრდენი და გადაადგილებისა, - და ამჟამად ორივე წარმატებით არის დაძლეული. ზედა კიდურს კი აქვს თავისუფლების 27 ხარისხი, ამათგან 7 - ძირითადი სახსრების: მხრისა, იდაყვისა და მაჯის სახსრისა, დანარჩენი 20 კი - დამხმარე: თითებისა და სხვა. ცხადია, ვერც ერთი პროთეზი ასეთ რთულ ფუნქციას სრულყოფილად ვერ შეასრულებს, მაგრამ არსებობს მისი ნაირსახეობანი, რომელთა საშუალებითაც ადამიანი არა მარტო ფიზიოლოგიურ, არამედ პროფესიული საქმიანობის მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებს.

რაც შეეხება ქვედა კიდურს, თავისუფლად ხდება პროთეზირება მუხლის, კოჭ-წვივის სახსარში. ტერფის პროთეზირებისას გასათვალისწინებელია ადამიანის წონა. ამის კვალობაზე, პროთეზი მზადდება მასალისაგან, რომელიც შესაბამის წონაზეა გათვლილი. უფრო ზუსტად, ქუსლისა და თითებისთვის იყენებენ ისეთი სიმკვრივის მასალას, რომელიც წონის გათვალისწინებით ფიზიოლოგიური კიდურის მსგავსად იმუშავებს.

- გარდა სხეულის წონისა, რა უნდა იქნეს გათვალისწინებული პროთეზირების დროს?

- პროთეზის შერჩევისას, უწინარეს ყოვლისა, მნიშვნელობა აქვს კიდურის მოკვეთის მიზეზს, კერძოდ, იმას, ადამიანმა მექანიკური ტრავმის შედეგად დაკარგა ხელი ან ფეხი თუ დაავადების გამო. პირველ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ორგანიზმი ზოგადად ჯანმრთელია, მეორე შემთხვევაში კი მისი მდგომარეობა საყურადღებოა. სისხლძარღვთა შევიწროების ნიადაგზე განვითარებული განგრენის ან კარდიოლოგიური მიზეზის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის სრულფასოვანი გამოკვლევა, რის შემდეგაც ხდება ოპტიმალური პროთეზის შერჩევა.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ვითვალისწინებთ სოციალურ პირობებს, პროფესიას, შრომის პირობებს. მაგალითად, ჩვენ გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებიც შირაქში მწყემსებად მუშაობენ. მათთვის სხვანაირი პროთეზია საჭირო, ხოლო მათთვის, ვინც კაბინეტში ან საჭესთან ზის - სხვანაირი.

მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატური პირობები. ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც კლიმატი მკაცრია, ხოლო ტემპერატურა - დაბალი, პროთეზისთვის განსაკუთრებული მასალა უნდა იქნეს გამოყენებული - ვინაიდან ტაკვის არეში სისხლის მიმოქცევა ისეთი არ არის, როგორიც ჯანმრთელ, ფიზიოლოგიურ კიდურში, ხშირია მოყინვა, ამიტომ ბუდეში, რომელშიც ტაკვი თავსდება (ჩვენ მას მასრას ვუწოდებთ), შენარჩუნებული უნდა იქნეს სხეულის ფიზიოლოგიური ტემპერატურა.


 ჩვენს კლიმატურ სარტყელში, სადაც ზაფხული ცხელია, სხვა მასალაა საჭირო, რათა ტაკვი არ გაოფლიანდეს - ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, ტკივილს და შესაძლოა, ადამიანს პროთეზის ტარება გაუჭირდეს.

რთულ შემთხვევებში იკრიბება კონსილიუმი და ერთობლივად შეირჩევა ისეთი პროთეზი, რომელიც მაქსიმალურად გაამართლებს, რადგან აქ შეცდომის დაშვება სრულიად მიუღებელია.

- როდის არის წარმატებული პროთეზირება?

- ყოველგვარი მექანიზმი, რომელიც ადამიანის ფიზიოლოგიურ ორგანოს ხელოვნურით ცვლის, მეტად რთულია, ამიტომ მისი დამზადება და ათვისება ეტაპობრივად ხდება. უწინარეს ყოვლისა, უნდა დამუშავდეს და პროთეზირებისთვის მომზადდეს ტაკვი. შემდეგ პროთეზს სჭირდება რეგულირება. ეს არის ტექნოლოგიური პროცესი, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს. იდეალურია პროთეზი, როდესაც ვაზნის შიგნითა ზედაპირი ტაკვის გარეთა ფორმას იმეორებს. ამ შემთხვევაში დატვირთვა ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე თანაბრად ნაწილდება.

- ამპუტაციიდან რამდენი ხნის შემდეგ დაისმის პროთეზირების საკითხი?

- გადამწყვეტი მნიშვნელობა აქაც ამპუტაციის მიზეზს აქვს. არის შემთხვევები, როდესაც პროთეზს საოპერაციო მაგიდაზევე აკეთებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამპუტაცია ისე უნდა გაკეთდეს, პროთეზირების წარმატება გარანტირებული იყოს. ჩვენში ასეთი რამ იშვიათად ხდება. ვამჯობინებთ, პროთეზირება მას შემდეგ ჩატარდეს, რაც ნაკერი შეხორცდება, შეწყდება გამონადენი, აღარ იქნება დატვირთვის შემდეგ ჭრილობის გახსნის საშიშროება. ამას დაახლოებით 3-4 კვირა სჭირდება.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა პროთეზირებისას ტაკვის ფორმასა და ზომას?

- რასაკვირველია, აქვს. ტაკვი მრავალნაირია: სოკოსებური, კონუსისებური და სხვა. ოპერატორი, რომელიც კიდურის ამპუტაციაზე მუშაობს, პროთეზირებაშიც გათვითცნობიერებული უნდა იყოს. როდესაც ამპუტაცია ექსტრემალურ სიტუაციაში სასიცოცხლო ჩვენებით ტარდება, ასეთ საკითხებზე, რასაკვირველია, არ ფიქრობენ, მაგრამ გეგმური ოპერაციის შემთხვევაში ამ მომენტს უთუოდ უნდა მიექცეს ყურადღება. სხვაგვარად, გამორიცხული არ არის, პროთეზირებისთვის საჭირო გახდეს რეამპუტაცია, რაც, ოპერაციის სიმძიმეზე რომ არაფერი ვთქვათ, კიდევ ერთხელ მიაყენებს პაციენტს სულიერ ტრავმას.

- რას გვეტყვით სახსრების პროთეზირებაზე ართროზების, ანკილოზებისა და სხვა ამგვარი პათოლოგიების დროს?

- ეს წმინდა სამედიცინო სფეროა. ასეთ შემთხვევებში ექიმმა, თუ საჭიროდ მიიჩნია, შესაძლოა დანიშნოს დამხმარე დამატებითი საშუალებები ნაოპერაციევი ადგილის ან კუნთის დასამაგრებლად. ამ საშუალებებსაც ჩვენ ვამზადებთ. სახსრების პროთეზირება უშუალოდ საოპერაციო მაგიდაზე მიმდინარეობს.

- პროთეზთან შეგუება ძნელია?

- შეგუების ხარისხიც, ისევე როგორც თვითონ პროთეზირება, ყოველ კერძო შემთხვევაში სხვადასხვაა. გადამწყვეტია პაციენტის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა, თუმცა, ცხადია, პროთეზის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოად კი, ადამიანი პროთეზს რომ შეეგუოს, ვარჯიში დასჭირდება. პირად პრაქტიკაში შეგუებასთან დაკავშირებით გადაულახავი პრობლემა არ მქონია. ზოგი იმდენად სწრაფად ეჩვევა პროთეზს, რომ მისი გაკეთებისთანავე ყავარჯნებს გადადებს და დამოუკიდებლად მიდის შინ, მაგრამ ჩვენ მაინც ვაფრთხილებთ, რომ პროთეზს ნელ-ნელა უნდა შეეგუოს.

- ტაკვს თუ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა?

- აუცილებელია სისუფთავე. სასურველია პერიოდული მასაჟი.

- აქვთ თუ არა ფანტომური ტკივილები პაციენტებს? შესაძლებელია თუ არა ასეთ დროს პროთეზირება?

- ფანტომური ტკივილი პროთეზირების ყველაზე დიდი პრობლემაა. არსებობს მისი მკურნალობის მეთოდებიც, თუმცა ამისთვის საკმაო ხანია საჭირო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი ტკივილის გამო პროთეზის გაკეთება შეუძლებელი გამხდარა და რეამპუტაცია ჩაუტარებიათ.


- აქვს თუ არა პროთეზირებას უკუჩვენება?

- დიახ, აქვს. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ენდოკრინული დაავადებები... როგორც უკვე მოგახსენეთ, პროთეზირებისას უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა. ზოგიერთ პაციენტს არც კი ვთავაზობთ პროთეზს, თუმცა ვიცით, რომ ეს შესაძლოა დეპრესიის მიზეზადაც კი იქცეს. პროთეზირებამდე აუცილებელია ადამიანის სრულყოფილი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და კლინიკური გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც ჩვენს ცენტრშიც შეიძლება. საამისოდ ჩვენ ყოველგვარი საშუალება გვაქვს. მათ, ვისაც ჩვენთან ერთხელ მაინც გაუკეთებია პროთეზი, უკვე ვიცნობთ და განმეორებით მომართვის შემთხვევაში დეტალური კვლევა შეიძლება აღარ ჩავუტაროთ, მაგრამ პირველად მოსულს აუცილებლად ვიკვლევთ, ვნახულობთ იმ სამედიცინო დაწესებულების ამონაწერს, სადაც გაკეთდა ამპუტაცია. ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა, ზოგჯერ - სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟები, ტაკვის დამუშავება, რომ მან მიიღოს ისეთი ფორმა და ზომა, რომელიც პროთეზირებისთვის არის საჭირო.

- რამდენ ხანს ემსახურება პროთეზი ადამიანს და როდის ხდება მისი გამოცვლა?

- კვანძები, რომლებიც ქარხნული წესით მზადდება, მინიმალურ დატვირთვაზეა გათვლილი. მაგალითად, მუხლის სახსრის კვანძისთვის ეს დატვირთვა შეადგენს მილიონნახევარ მოძრაობას, თუმცა რეალურად შეიძლება უფრო მეტსაც გაუძლოს. ეს დაახლოებით 2-3 წელს უდრის.

ისევე, როგორც ყველა მექანიზმს, პროთეზსაც შეიძლება დასჭირდეს შეკეთება. ჩვენ პაციენტებს ამ სამსახურსაც ვუწევთ - პროთეზს, პრაქტიკულად, ვაახლებთ.

ბავშვებისთვის, რა მაღალი კატეგორიისა და ხარისხისაც უნდა იყოს პროთეზი, აუცილებელია მისი ყოველწლიური შეცვლა, რადგან ბავშვი იზრდება. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ზრდის ტემპიც.

- ხშირად გიწევთ თუ არა ბავშვებისთვის პროთეზის დამზადება?

- საბედნიეროდ, არა. ტრავმა წინათ უფრო ხშირი გახლდათ, რაც საქართველოს რკინიგზაზე ინტენსიური მოძრაობით იყო განპირობებული. ბოლო ხანს უყურადღებობის გამო მომხდარი ტრავმები ჭარბობს. ასევე იშვიათია თანდაყოლილი პათოლოგიები - ზედა ან ქვედა კიდურების განუვითარებლობა.

- შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ დაფინანსების საკითხს. ეხმარება თუ არა სახელმწიფო ცენტრს ან იმ პაციენტებს, რომელთაც პროთეზირება სჭირდებათ?

- ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩვენ ვექვემდებარებით ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვს საპროთეზო ორთოპედიული ნაწარმით მოსახლეობის დასაკმაყოფილებელი თანხა. იმართება ტენდერები, რომლის მოგების შემთხვევაში ვიღებთ ამ სფეროში მუშაობის უფლებას. არსებული დაფინანსება მხოლოდ მეათედია იმისა, რაც გვჭირდება, მაგრამ ამითაც ვახერხებთ მუშაობას. 1500 ლარამდე პროთეზის ღირებულებას სახელმწიფო ფარავს, დანარჩენი თანხა კი პაციენტმა უნდა გადაიხადოს. არსებობს უმწეოთა პროგრამაც, რომელიც სარეიტინგო ქულებით განისაზღვრება. ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსებით უფრო ძვირიანი პროთეზის შეძენაც შეიძლება.

ჩვენი ნაწარმის 95 პროცენტი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხაში ეტევა, მაგრამ არსებობს ისეთი პროთეზებიც, რომელთა ღირებულება 10 000, 20 000 ლარს შეადგენს.

- მათი შეძენა თუ შეიძლება საქართველოში?

- ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს წამყვანი ქვეყნების შესაბამის საწარმოებთან და თუ მატერიალური მხარე მოგვარდა, პროთეზს ძალიან ოპერატიულად გვაწვდიან, მაგალითად, გერმანიიდან ნაწარმი ოც დღეში ჩამოდის, თუმცა პროთეზის ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად, მასრა, აქვე, პაციენტის ინდივიდუალური ზომისა და ფორმის გათვალისწინებით უნდა დამზადდეს.