რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
- ბატონო ზაალ, რა არის სისხლძარღვების შევიწროება?
- არტერიების სტენოზი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს მათი სანათურის შევიწროება. შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადების განვითარების მიზეზი არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანებაა, როდესაც სისხლძარღვების კედლებზე გროვდება ქოლესტერინის ფოლაქები. დროთა განმავლობაში პათოლოგია პროგრესირებს სისხლძარღვის მცირე შევიწროების სტადიიდან სრულად დახშობამდე.
არტერიების სტენოზი საშიში მდგომარეობაა და მკურნალობის არარსებობა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია.
იმის მიხედვით, თუ რომელი არტერიაა დახშული, შეიძლება დაზიანდეს ესა თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო: თავის ტვინი, გული, თირკმელები, ფილტვები და ა.შ. ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია სისხლძარღვოვანი პათოლოგიის პირველივე სიმპტომებისას.
- როგორია არტერიების სტენოზის სიმპტომები?
- არტერიის სტენოზი ადრეულ სტადიაზე არაფრით ვლინდება. სწორედ ესაა დაავადების საშიშროება.
დაავადების შემდგომი კლინიკური სურათი უშუალოდ უკავშირდება სტენოზით დაზიანებული არტერიის ლოკალიზაციის ადგილს.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიების სტენოზი?
- არტერიების სტენოზი ერთი რომელიმე მიზეზით არ ვითარდება. ხშირად დაავადების აღმოცენება უკავშირდება გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ერთობლიობას. პირველ რიგში, აღსანიშნავია ათეროსკლეროზი - არტერიების კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქების დაგროვება. ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირება განაპირობებს სისხლძარღვის სანათურის შიგნიდან შევიწროებას და სისხლძარღვოვან პათოლოგიას. დაავადების განვითარების სხვა მიზეზებია:
- სისხლძარღვების აგებულების თანდაყოლილი ანომალიები - დაკლაკნილობა, ჰიპოპლაზია;
- არტერიების კედლების დისსექცია (აშრევება);
- სისხლძარღვზე კეთილ- ან ავთვისებიანი წარმონაქმნის ზეწოლა;
- გაზრდილი თრომბწარმოქმნა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- სიმსუქნე;
- ცხოვრების უმოძრაო წესი;
- ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება;
- ძლიერი ტრავმა, დარტყმა, შერყევა;
- სისხძარღვთა ანთებითი დაავადებები - ვასკულიტი, არტერიიტი, ჰორტონის დაავადება, ტაკაიასუს დაავადება და სხვა.
- რითია განპირობებული ქვემო კიდურების არტერიების შევიწროება?
- ქვემო კიდურების ათეროსკლეროზი მენჯისა და ქვემო კიდურების არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნასთან დაკავშირებული დაავადებაა. ეს იწვევს არტერიის სანათურის შევიწროებას მის სრულ დახშობამდე. თავად ათეროსკლეროზი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომლის განვითარების რისკს ზრდის:
- ჰიპერლიპიდემია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- თამბაქოს მოხმარება;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- ცხოვრების უმოძრაო წესი;
- ჰიპერტონიული დაავადება;
- ქრონიკული სტრესი.
- როგორ ვლინდება?
აღინიშნება:
- საზარდულის, მუხლქვეშა ფოსოს ან ტერფის მიდამოში პულსის მკვეთრი შესუსტება ან გაქრობა;
- სიარულისას წვივისა და ბარძაყის კუნთების ტკივილი, რომელიც დასვენების შემდეგ გაივლის - ხანგამოშვებითი კოჭლობა;
- ტერფის მიდამოში მუდმივი ან პერიოდული ტკივილი, რომელიც კიდურის იძულებითი მდგომარეობის მიღებას ითხოვს.
- ტერფის მიდამოს სიცივე, კანის გაფერმკრთალება, მძიმე შემთხვევებში ციანოზი, მარმარილოსებრი - ლაქოვანი შეფერილობა და ტროფიკული მოშლილობა ნეკროზის სახით.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სიარულის დროს ტკივილი, რაც ადამიანს გაჩერებას ან სიარულის სიჩქარის შემცირებას აიძულებს. საწყის სტადიაზე პაციენტი გრძნობს წვივის კუნთების უკანა ზედაპირის მიდამოში დაღლილობას. ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი შეგრძნებები შეიძლება განვითარდეს ბარძაყისა და დუნდულა კუნთებშიც. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სიარულის სიჩქარე ქვეითდება და გავლილი დისტანციაც მცირდება. ამას გარდა, ახალგაზრდა მამაკაცებს ხშირად აღენიშნებათ პოტენციის დარღვევები. ყველა ეს სიმპტომი საყურადღებოა და საჭიროა სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია.
- როგორია ქვემო კიდურების არტერიების შევიწროების დიაგნოსტიკა?
- დაავადების დიაგნოზის დასადასტურებლად, ასევე სიმძიმის ხარისხის გამოსავლენად აუცილებელია დიაგნოსტიკის შემდეგი მეთოდები:
- ქვემო კიდურების არტერიების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, ფეხსა და ხელზე წნევათა თანაფარდობის გაზომვით, რომელიც ნორმის დროს ერთეულის ტოლი უნდა იყოს.
- ქვემო კიდურების არტერიების დუპლექსური სკანირება, რომელიც არა მარტო სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის შეფასების, არამედ თავად სისხლძარღვის დანახვისა და მისი კედლების ცვლილებების დანახვის საშუალებას იძლევა.
- დატვირთვის ტესტების ჩატარება. შესაძლოა საჭირო გახდეს გულის არტერიების კონტრასტული კვლევის ჩატარება - მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია ან აორტისა და ქვემო კიდურების არტერიების ანგიოგრაფია.
- როგორია მკურნალობა?
- დაავადების ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც მიმართული იქნება ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარების საწინააღმდეგოდ და სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებისაკენ (სტატინები, ანტიაგრეგანტები).
თუ სისხლძარღვის კედელი იმდენადაა დახშული, რომ დარღვეულია კიდურის სისხლით მომარაგება, აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა:
- სისხლძარღვის ბალონური დილატაცია და სტენტირება (შევიწროებული ნაწილის გაფართოება და განმეორებითი შევიწროების პროფილაქტიკისათვის სტენტის ჩაყენება);
- ენდარტერექტომია (სისხლძარღვის კედლის შიგნითა შრიდან ფოლაქის მოშორება);
- შუნტირება (შეუქცევადად დაზიანებული სისხლძარღვის უბნის გვერდის ავლით სისხლის მიმოქცევისათვის შემოვლითი გზების შექმნა).
- რას მოიცავს პროფილაქტიკა?
- პროფილაქტიკა გულისხმობს რისკფაქტორების შემცირებას:
- ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ცხიმიან საკვებზე უარის თქმას;
- სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგებას;
- ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას;
- ყოველდღიურად არა ნაკლებ 30 წუთისა ფიზიკურ აქტივობას.
- რა არის თირკმლის არტერიის სტენოზის გამომწვევი მიზეზები?
- თირკმლის არტერიების სტენოზი შეიძლება გამოწვეული იყოს არტერიული სისხლძარღვების მემკვიდრეობით ან შეძენილი ცვლილებებით. შეიძლება აღინიშნებოდეს ერთი ან ორივე თირკმლის არტერიის ან მისი ტოტების შევიწროება. ეს მდგომარეობა იწვევს თირკმლის სისხლის მომოქცევის დარღვევას, არტერიული წნევის მომატებას, ამავდროულად შეიძლება განვითარდეს გულის, თირკმელების უკმარისობა, ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი.
მიზეზებიდან აღსანიშნავია ათეროსკლეროზი და ფიბრომუსკულარული დისპლაზია. ეს უკანასკნელი, როგორც სტენოზის მიზეზი, ხშირად მემკვიდრულია და უფრო ხშირად გვხვდება 30-45 წლის ქალებში.
თირკმლის არტერიის სტენოზმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ანევრიზმის, არტერიოვენური შუნტის, არასპეციფიკური აორტოარტერიიტის, თრომბოზის ან თირკმლის არტერიების ემბოლიის, ნეფროფტოზის პროვოცირება.
- როგორია დაავადების ნიშნები?
- თირკმლის არტერიების სტენოზი შეიძლება მიმდინარეობდეს აშკარა კლინიკური ნიშნების გარეშე. თირკმლის არტერიების სტენოზი აპროვოცირებს იშემიური ნეფროპათიის - თირკმლის უკმარისობის განვითარებას. პათოლოგიური მდგომარეობა ხასიათდება რამდენიმე ნიშნით. ესენია:
- არტერიული ჰიპერტენზია;
- შარდის გამოყოფის შემცირება;
- კიდურებისა და სახის შეშუპება;
- სისუსტე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები თირკმლის არტერიის სტენოზის შედეგად განვითარებული თირკმლის უკმარისობისას, შესაძლოა აღინიშნოს წელის არეში ყრუ ტკივილი, შორს წასულ შემთხვევაში - თირკმლის ინფარქტი.
- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
- საჭიროა შარდის ბიოქიმიური ანალიზი, თირკმელების ულტრაბგერითი კვლევა, მათ შორის - ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია და თირკმლის არტერიების სკანირება, უროგრაფია, თირკმლის ანგიოგრაფია.
- როგორ ხდება მკურნალობა?
- თირკმლის არტერიის ფიბრომუსკულარული დისპლაზიით გამოწვეული სტენოზისას საჭიროა თირკმლის არტერიის ენდოვასკულური ბალონური დილატაცია სტენტირებით. ათეროსკლეროზული სტენოზისას შეიძლება გაკეთდეს:
- შუნტირება;
- ენდარტერექტომია.
- რა არის აორტის შევიწროება და მისი გამომწვევი მიზეზები?
- აორტის კოარქტაცია გულის მანკია, რომელსაც ახასიათებს აორტის სანათურის შევიწროება, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევის ორი ზონის შექმნას (მაღალი წნევის ზონა შევიწროებამდე და დაბალი წნევის ზონა შევიწროების შემდეგ). დაავადება იმითაა საშიში, რომ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების, ნაწლავებისა და სხვა ორგანოების იშემია.
აორტის კოარქტაცია ხელს უშლის სისხლის მოდინებას გულიდან სხეულის ქვედა ნაწილისაკენ. ამის გამო არის არტერიული წნევის მაჩვენებლის სხვაობა ქვედა (დაბალი არტერიული წნევა) და ზედა (მაღალი არტერიული წნევა) კიდურებს შორის. გულმა შევიწროებულ აორტაში სისხლის გადასატყორცნად დიდი დატვირთვით უნდა იმუშაოს, რაც იწვევს გულის კუნთის ჰიპერტროფიას.
შემთხვევათა 80%-ში აორტის კოარქტაციას თან ახლავს გულის სხვა თანდაყოლილი მანკები.
აორტის კოარქტაციის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ემბრიოგენეზის დარღვევა, გენეტიკური პათოლოგიები, ორსულობის დროს გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადება, მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება.
მუცლის აორტის კოარქტაცია შეიძლება ცხოვრების მანძილზე განვითარდეს.
- როგორია კლინიკური სიმპტომები?
- ახალშობილობის პერიოდში აორტის კოარქტაციის სიმპტომები დამოკიდებულია აორტის შევიწროების ხარისხზე. მცირე შევიწროებისას ჩივილები შეიძლება არც კი აღინიშნებოდეს, მაშინ როდესაც მძიმე შევიწროებისას შეიძლება აღინიშნოს გულისა და თირკმლის უკმარისობის ნიშნები (მოდუნება, გამოხატული ქოშინი, შარდის გამოყოფის შეწყვეტა, რბილი ქსოვილების შეშუპება). ეს პერიოდი ძალიან საშიშია და გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
ადრეული ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში დამახასიათებელია ორი ტიპის ჩივილები.
პირველი უკავშირდება არტერიული ჰიპერტენზიის სინდრომს სხეულის ზედა ნაწილში: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, ყურებში შუილი, თავის სისხლძარღვების პულსაციის შეგრძნება, ქოშინი, გულისცემის გაძლიერება, ხველა, გულმკერდის მიდამოს ტკივილი და სხვა.
მეორე განპირობებულია სხეულის ქვედა ნაწილში ჰიპოტენზიით და შეიძლება გამოვლინდეს ქვედა კიდურების სისუსტით, დაღლილობით.
- როგორია დიაგნოსტიკა?
- დიანგოსტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ულტრაბგერითი კვლევა. ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია.
- როგორია მკურნალობა?
- მკურნალობა ოპერაციულია. ენდოვასკულური ჩარევა გამოიყენება როგორც ბავშვების, ისე მოზრდილების შემთხვევაში.