კუნთების ტრავმული დაზიანება პირველი დახმარება

ამ ტიპის ტრავმები ძვლებისა თუ კუნთების გადაჭარბებული დატვირთვის შედეგია. უფრო ხშირად რბილი ქსოვილები - კუნთები, მყესები და იოგები - ზიანდება. გაგაცნობთ პირველი დახმარების წესებს, რომლებიც კუნთების სხვადასხვა სახის ტრავმის დროს გამოგადგებათ.
ჭრილობები და სისხლდენა
ამ ქვეთავში არაფერს ვიტყვით ნაკაწრების შესახებ. მართალია, ასეთ ტრავმასაც ცოდნით სჭირდება მიდგომა, მაგრამ ამჯერად ჩვენს პუბლიკაციას სულ სხვა მიზანი აქვს. მაშ ასე: არსებობს სამი სახის სისხლდენა:
1) მწირი. ამ დროს ინფექციის შეჭრის საშიშროება უფრო მეტია. პირველი დახმარება იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი უფერო სითხით და შევახვიოთ ის სუფთა ქსოვილით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
2) უხვი. ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობაზე რამდენიმე ფენად დაკეცილი ქსოვილი და დაადეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, ჭრილობას ქსოვილი კიდევ შემოახვიეთ (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ) და ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს.
3) ჭრილობიდან სისხლი შადრევანივით ასხამს. ამ დროს სისხლი ძალიან სწრაფად იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად არტერიის საპროექციო არეს (ჭრილობის ზემოთ) თითით (ან თითებით) უნდა დააწვეთ, მერე კი ლახტი დაადოთ. არტერიაზე ზეწოლის ადგილებია: მხრის ქვედა მესამედი და ბარძაყის ზედა მესამედი.
ლახტის დადების წესი
ლახტს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (როცა სისხლი შადრევანივით ასხამს) ადებენ, რადგან გამორიცხული არ არის, თვითონვე გამოიწვიოს შეუქცევადი დაზიანება.
ლახტი ედება ჭრილობის ზემოთ. ლახტის დასადები ადგილი ტანსაცმლით უნდა იყოს დაფარული. თუ ეს არე შიშველია, ლახტს ქვეშ რაიმე ქსოვილი უნდა დავუფინოთ. პირველი ნახვევი მჭიდრო უნდა იყოს (შეძლებისდაგვარად უნდა დამაგრდეს), შემდეგ ლახტი იჭიმება და ჭრილობის არეს დამატებით ედება 3-4-ჯერ (ლახტის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თოკი, ქამარი და სხვა). ლახტი სწრაფად ედება, მაგრამ იხსნება ნელა, თანდათანობით. დაზარალებულს შუბლზე უნდა დაეწეროს (ნებისმიერი საშუალებით) ლახტის დადების თარიღი და დრო. ეს აუცილებელია, რადგან ლახტის ნებადართულზე მეტხანს დატოვება სახიფათოა!
ლახტი ზამთარში ერთი საათით, ზაფხულში კი ორი საათით ედება. ამ ხნის შემდეგ ლახტი 5-10 წუთით უნდა მოუშვათ და თავდაპირველი ადგილის ოდნავ ზემოთ ხელახლა დაადოთ. ლახტი აუცილებლად უნდა ჩანდეს.
შეამოწმეთ, სწორად ადევს თუ არა ლახტი - სწორად დადების შემთხვევაში კიდურზე პულსი არ ისინჯება.
რა არ უნდა გავაკეთოთ
ჭრილობაში ხელი არ ჩავყოთ; ჭრილობიდან არაფერი ამოვიღოთ; სისხლით გაჟღენთილი ნახვევი არ მოვხსნათ (არ მოვიხსნათ). როგორ მოვიქცეთ შემდეგ:
- მივიყვანოთ დაზარალებული ექიმთან.
- თუ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.
პირველი დახმარება სხვა სახის ჭრილობებისა და სისხლდენების დროს
- ჭრილობაში უცხო სხეულის არსებობა: თუ ჭრილობიდან გამოჩრილია უცხო სხეული, ეცადეთ, ის მაქსიმალურად დააფიქსიროთ; ნახვევი გამოჩრილი უცხო სხეულის ირგვლივ დაადეთ; ჭრილობიდან არასდროს არაფერი ამოიღოთ.
- შინაგანი სისხლდენა: გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება; დაშავებულს მუცელზე დაადეთ ცივი; ჩაუტარეთ შოკის საწინააღმდეგო დახმარება;
ტრანსპორტირება მჯდომარე მდგომარეობაში უნდა მოხდეს.
შინაგანი სისხლდენის ნიშნები ასეთია: ადამიანი სუსტდება; ტკივილს შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს; გაფითრებულია, ამცივნებს და ცივი ოფლი ასხამს; თავბრუ ეხვევა და თვალწინ მუქ რგოლებს ხედავს; სუნთქვა სუსტი და ზერელე აქვს; ხელის დაჭერისას მუცელი შებერილი, მაგარი და მტკივნეულია; შესაძლოა მიიღოს ემბრიონის პოზა; მუცელზე შესაძლოა ჩალურჯებული ადგილები ემჩნეოდეს.
რა არ უნდა გავაკეთოთ: არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი; არ ვაჭამოთ; წყალი არ დავალევინოთ.
- მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის დროს: დაფარეთ ჭრილობა; მოიქეცით ისე, როგორც შინაგანი სისხლდენის დროს. თუ შინაგანი ორგანოები გარეთ არის გამოვარდნილი, ძალიან ფრთხილად მოათავსეთ ნაჭერში ან ცელოფნის პაკეტში, დაამაგრეთ სკოჩით, ლეიკოპლასტირით ან ბინტით. არ მოუჭიროთ. ნაწლავებს შეგიძლიათ თავისუფლად შეეხოთ - ეს მტკივნეული არ არის. ნაწლავების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად ნახვევი განუწყვეტლივ უნდა დაასველოთ.
- გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის დროს: ჰერმეტულად დახურეთ ჭრილობა; დაადეთ ცივი; აუკრძალეთ დაშავებულს ლაპარაკი; სთხოვეთ, შეძლებისდაგვარად ღრმად ისუნთქოს; პაკეტი ან რამდენიმე ფენად (რაც შეიძლება სქლად) დაკეცილი ქსოვილი სკოჩით ან ლეიკოპლასტირით მიამაგრეთ ჭრილობის არეში:
თუ არსებობს შემავალი ხვრელი, სავსებით შესაძლებელია, არსებობდეს გამომავალიც (ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს გამომავალი ჭრილობა შემავალზე დაახლოებით ათჯერ დიდია). თუ ისიც პატარაა, შეიძლება მისი ლეიკოპლასტირით მჭიდროდ დახურვა.
- ტრავმული ამპუტაციის (კიდურის მოგლეჯის) დროს: მოგლეჯილი კიდური ცელოფნის პარკში ჩადეთ, ეს პარკი - მეორე პარკში და გააცივეთ; "კონტეინერი" პაციენტთან ერთად გაგზავნეთ საავადმყოფოში; 6 საათის განმავლობაში მოგლეჯილი კიდურის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია (არსებობს იდაყვამდე მოგლეჯილი ხელის ან მუხლამდე მოგლეჯილი ქვედა კიდურის აღდგენის შანსი);
სასწრაფოდ დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას! დაკავშირების დროს აუცილებლად უთხარით, რომ საქმე მოგლეჯილ კიდურთან ექნებათ.