რევმატოიდული და რევმატიზმული ართრიტი
პათოლოგიურ პროცესში ხშირად ერთვება კისრის მალათაშუა სახსრებიც. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური პათოლოგიების ნუსხაშია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში საკუთარი ქსოვილების (ძირითადად შემაერთებელი ქსოვილის) წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები. სპეციალისტებისათვის ჯერ კიდევ უცნობია, რატომ ეწყება უცაბედად ადამიანს სახსრების ანთება. ის კი დადგენილია, რომ დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს იმუნურ სისტემაში გარკვეული ძვრები. მაპროვოცირებელ ფაქტორებად შეიძლება მოგვევლინოს გადაცივება, სტრესები, სახსრების ტრავმა და ინფექციები. ანგინა, გრიპი და მწვავე რესპირატორული დაავადებები შესაძლოა გართულდეს რევმატოიდული ართრიტით. დადგენილია აგრეთვე რევმატოიდული დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა.
რა ხდება ამ დროს
დაავადება თანდათანობით და შეუმჩნევლად ვითარდება. ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში კარგად გრძნობს თავს, ჩვეული წესით ცხოვრობს, ამასობაში კი მის ორგანიზმში ჩნდება ანტისხეულები, რომლებიც საკუთარ ქსოვილებს ებრძვის და აზიანებს, კერძოდ სახსრების ხრტილოვან ნაწილს, რომელიც ნორმაში გამოყოფს სპეციალურ სითხეს ძვლების სასახსრე ზედაპირების გასაპოხად და სახსარში ძვლების ნორმალური მოძრაობის უზრუნველსაყოფად. ანტისხეულების დაგროვების კვალად ვლინდება მათი დამანგრეველი მოქმედება - ზიანდება სახსრები. მათში ძლიერი ანთება ვითარდება. დაზიანებული სახსრები თანდათანობით დეფორმირდება და ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.
როგორ ვლინდება რევმატოიდული ართრიტი
დაავადების დამახასიათებელ მთავარ სიმპტომთაგან აღსანიშნავია:
- დილის შებოჭილობა სახსრებში, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდება.
- მტევნის სახსრების ანთება ანუ ართრიტი.
- სახსართა დაზიანების სიმეტრიულობა.
- ე.წ. რევმატოიდული კვანძები - კანქვეშა გამკვრივებები იდაყვების არეში (გვხვდება პაციენტთა 10-20%-ში).
დაავადების მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა დაზიანდეს პერიფერიული ნერვები, სისხლძარღვები, გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა შინაგანი ორგანოები. დაავადებას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის ზომიერად მომატება, უძილობა და უმადობა. არანამკურნალებ შემთხვევაში რევმატოიდული ართრიტი დაზიანებული სახსრების თანდათანობით დაშლას იწვევს.
დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპები
სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, სახსრებში გამოხატულ ძვრებსა და შებოჭილობას სიბერით გამოწვეულ ცვლილებებად, ასაკობრივ პროცესებად აღიქვამენ, ექიმთან ვიზიტს აყოვნებენ. დაავადება კი პროგრესირებს და ადამიანის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. სახსარში პათოლოგიური ცვლილებების (მით უფრო სიმეტრიულ სახსრებში), შეშუპებისა და სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმ რევმატოლოგს. ექიმი ზოგადი გამოკითხვისა და დათვალიერების შემდეგ დამატებით გამოკვლევებს დაგინიშნავთ. ესენია: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში, დაზიანებული სახსრების რენტგენოგრაფია. რევმატოიდული ართრიტის დროს სისხლში ანთებისათვის დამახასიათებელი ძვრები ვლინდება და რევმატოიდული ფაქტორის დონე იმატებს. დაავადების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ტერფებისა და მტევნების რენტგენოლოგიურ სურათზე სახსრების ირგვლივი ოსტეოპოროზის საწყისი ნიშნები ვლინდება, რამდენიმე თვის შემდეგ კი შესაძლოა პირველი ძვლოვანი ეროზიებიც გამოვლინდეს. ეს რევმატოიდული ართრიტის კლასიკური სიმპტომებია.
რით დაგეხმარებათ ექიმი
სამწუხაროდ, ჯადოსნური აბები, რომლებიც პაციენტებს რევმატოიდული ართრიტისაგან სამუდამოდ განკურნავს, მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადებას არ უნდა ვებრძოლოთ და დაავადებულს არ უნდა ვუმკურნალოთ. პირიქით, ეს აუცილებელია. თანამედროვე საშუალებებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება-მოხსნა, გართულებათა თავიდან აცილება. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ ორი სახის საშუალებები გამოიყენება - ანთების საწინააღმდეგო და იმუნომამოდულირებელი. ასევე იმუნოდეპრესანტები და ციტოსტატიკური პრეპარატები. მკურნალობის მთავარი პრინციპი ანთებისა და ტკივილის მოხსნა, იმუნური რეაქციების დათრგუნვაა, რითაც ფაქტობრივად დაავადების განვითარება და პროგრესირება ფერხდება. საყურადღებოა ის, რომ აღნიშნული პრეპარატები პაციენტმა ხანგრძლივად და მუდმივად უნდა სვას. შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე. რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ გვერდით მოვლენებს იწვევს, ამიტომაც მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა ტარდებოდეს. კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს ფიზიოპროცედურებს, ოღონდ ისეთს, რომლებიც დაზიანებული სახსრების გაცხელება-გახურებას არ იწვევს. განსაკუთრებით სასარგებლოა დაბალსიხშირული მაგნიტოთერაპია და დაბალსიხშირული ლაზეროთერაპია. პაციენტებისათვის ნაჩვენებია აგრეთვე სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო მასაჟი. როდესაც მედიკამენტური მკურნალობა პაციენტს შვებას ვერ ჰგვრის, მას ქირურგიულ მკურნალობას უნიშნავენ - სახსრიდან დაზიანებული ქსოვილის ამოკვეთას და დეფორმირებული სახსრის კორექციას მიმართავენ. ეს ერთგვარად აფერხებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას. დღეს ასეთი ოპერაციების უმრავლესობა ართროსკოპიული მეთოდით ტარდება (სახსარშიდა ზონდის გამოყენებით).
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი
როდესაც დაავადება 16 წლამდე ასაკის ბავშვს უვითარდება, მას იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს უწოდებენ. მისი მიმდინარეობა და კლინიკური გამოვლინება რამდენადმე განსხვავდება ასაკოვან პაციენტებში მიმდინარე დაავადებისაგან. მწვავედ დაწყებული დაავადების დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სახსრების (უხშირესად სიმეტრიული სახსრების) შეშუპება და მტკივნეულობა. სახსართა დაზიანების სიმეტრიულობა ზოგჯერ თავიდანვე არ აღინიშნება და დავაადების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში ვლინდება. ზიანდება, როგორც წესი, მსხვილი სახსრები - მუხლის, კოჭ-წვივის, სხივ-მაჯის. ზოგჯერ წვრილი სახსრებიც თავიდანვე ერთვება პათოლოგიურ პროცესში. იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის ტიპურია კისრის მალათაშუა სახსრების ანთება. ყველა დაზიანებული სახსარი შეშუპებული და მტკივნეულია. სხეულის ტემპერატურა თანდათანობით იმატებს და შესაძლოა 39 გრადუსსაც მიაღწიოს. ასეთ დროს არცთუ იშვიათად სხეულისა და კიდურების კანზე პოლიმორფული ალერგიული გამონაყარი ვითარდება, დიდდება პერიფერიული ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა. ქვემწვავედ განვითარებული დაავადება შედარებით ნაკლებგამოხატული სიმპტომებით ხასიათდება. ართრიტი ასეთ დროს ერთი სახსრის ანთებით ვლინდება. ზიანდება მუხლის ან კოჭ-წვივის სახსარი. სახსარი სივდება, ირღვევა მისი ფუნქცია, ზოგჯერ მკვეთრად გამოხატული ტკივილის გარეშე. ბავშვს ეცვლება სიარულის მანერა. ორ წლამდე ასაკის ბავშვები საერთოდ უარს აცხადებენ სიარულზე. შეინიშნება დილის შებოჭილობა სახსრებში. დაავადებული ვერ დგება სწოლიდან, სიარული შენელებული აქვს, სახსრებში მოძრაობა უჭირს.
რევმატიზმული გენეზის ართრიტი
რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუნთების, კანისა და შინაგანი ორგანოების გარდა სახსრების დაზიანებასაც იწვევს. აღსანიშნავია ის, რომ რევმატიზმის დროს ანთება ყველა სახსარს ერთდროულად კი არ მოიცავს, არამედ რიგრიგობით. თავდაპირველად ანთებამ შესაძლოა მუხლის სახსარი დააზიანოს, რამდენიმე დღეში ანთება ცხრება, მაგრამ შესაძლოა სხვა სახსარში გამოვლინდეს და ა. შ. სწორედ ასეთი “მოგზაური ანთება” სხვადასხვა სახსარში არის თავისებური სავიზიტო ბარათი რევმატიზმისა. საყურადღებოა ისიც, რომ ყოველი კონკრეტული სახსრის ანთება საკმაოდ ხანმოკლეა, იშვიათად გრძელდება 10-12 დღეზე მეტხანს. რევმატიზმისათვის დამახასიათებელია მსხვილი - მხრის, იდაყვის, მუხლის, კოჭ-წვივის, სხივ-მაჯის - სახსრების დაზიანება. ხელ-ფეხის წვრილი სახსრები ძალზე იშვიათად ზიანდება. მკურნალობის ძირითადი მიზანი რევმატიზმის დროს სტრეპტოკოკურ ინფექციასთან ბრძოლაა. ამისთვის დღეს სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატია მოწოდებული. დაავადების გამწვავების პერიოდში ტკივილის მოსახსნელად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ისინი სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს.