სახსრის ანთებითი დაავადებები ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრის ანთებითი დაავადებები ბავშვებში

- რა სახის რევმატული ართრიტები გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში?

- სახსრების ანთებითი დაავადებები (ართრიტები) თანამედროვე პედიატრიული რევმატოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რევმატულ დაავადებათა განვითარების ალბათობა დაბადებიდანვე არსებობს, ბავშვის ზრდისა და განვითარების კვალდაკვალ კი იმატებს.

ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 40-მდე რევმატული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მართვის შემთხვევაში ინვალიდობის მაჩვენებელი მაღალია - დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდი ხდება.

რეაქტიული ართრიტი

ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ართრიტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი რეაქტიულ ართრიტებს უკავია. რეაქტიულ ართრიტზე მაშინ საუბრობენ, როდესაც დაავადება რომელიმე კონკრეტულ ინფექციას ან გამომწვევ აგენტს უკავშირდება. მაგალითად:

  • სტრეპტოკოკურ ინფექციას (კლინიკურად ხშირად ვლინდება ტონზილიტით);
  • ნაწლავურ ინფექციებს (იერსინიოზს, სალმონელოზს, შიგელოზს);
  • წითურას, ყბაყურას, პარკოვირუსს (ე.წ. მეხუთე დაავადებას).

პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია, ართრიტის ტიპი დაავადების ადრეულ ეტაპზე იქნეს დადგენილი.

- რა შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ ამ დაავადებათა არსებობა?

- ართრიტის ტიპის დასადგენად ვითვალისწინებთ დაავადების ხანგრძლივობას, დაწყების თავისებურებას, ტკივილის დროსა და ხასიათს, პათოლოგიურ პროცესში ჩართულ სახსართა რაოდენობას, დაზიანების ხარისხს, ავადმყოფის ასაკს, სქესს. სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა 10-15 პროცენტი სახსრების მიდამოში ტკივილს უჩივის, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ავად ჭეშმარიტი რევმატოიდული ართრიტით.

- რა ნიშნების არსებობა გვაფიქრებინებს იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს?

- იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს გვაეჭვებინებს შემდეგი ნიშნები:

  • ართრიტი 3-6 კვირაზე მეტხანს გასტანს (ეს აუცილებელი ნიშანია);
  • წვრილი (ხელისა და ფეხის თითების) სახსრები სიმეტრიულად ზიანდება, დილით, გაღვიძებისას ან სახსრების ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ სახსრებში შებოჭილობის შეგრძნება და ტკივილი აღინიშნება;
  • თავს იჩენს მხედველობის პრობლემები.

როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს:

  • ავადმყოფი ინტენსიურად იკლებს წონას;
  • იმატებს ოფლიანობა;
  • იმატებს ტემპერატურა;
  • კანზე ჩნდება გამონაყარი;
  • თავს იჩენს შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები.

ავადმყოფ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება შემცივნებით, ტემპერატურა იწევს დღეში ერთხელ ან ორჯერ, უფრო - საღამოობით. ხშირად ამას ერთვის წითელასმაგვარი ვარდისფერი გამონაყარი - ე.წ. რევმატოიდული გამონაყარი - კიდურებზე და წელის მიდამოში. ტემპერატურის დაკლების შემდეგ ის მალევე ქრება. გამონაყარს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.

- ესე იგი დაავადების დროს მხოლოდ სახსრები არ ზიანდება…?

- სახსარგარეშე დაზიანებათაგან აღსანიშნავია:

  • თვალის დაზიანება - უვეიტი (ემართებათ უმეტესად გოგონებს);
  • ექსუდაციური პერიკარდიტი - გულის გარეთა გარსის ანთება;
  • გენერალიზებული ლიმფადენოპათია - ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • ღვიძლის, იშვიათად ელენთის გადიდება.

- კიდევ რა ნიშნებია დამახასიათებელი იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის?

- იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია:

  • ფიზიკური განვითარების შეფერხება;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ჩონჩხის ცალკეული ძვლების ზრდის დარღვევა - მაგალითად, თითის ფალანგების დამოკლება ან დაგრძელება.


არარევმატოიდული ართრიტი

- როგორ ვლინდება არარევმატოიდული ართრიტი?

- სხვადასხვა ინფექციის ფონზე განვითარებულ რეაქტიულ ართრიტებს აქვთ საერთო ნიშნები:

  • ახასიათებთ ქრონოლოგიური კავშირი ინფექციასთან;
  • ართრიტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1-2 კვირას;
  • ხშირია მწვავე დასაწყისი;
  • მიმდინარეობა შედარებით კეთილთვისებიანია;
  • აღინიშნება რეციდივებისკენ მიდრეკილება.

- რა იწვევს ართრიტს და როგორ დავიცვათ მისგან ბავშვი?

- იუვენილური ართრიტის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, ამდენად, პრევენციის საშუალებები არ არსებობს. რაც შეეხება რეაქტიულ ართრიტს - მისი პრევენცია გამომწვევი მიზეზის დროული და სწორი მკურნალობაა.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- ყოველ ცალკეულ შემთხვევაში - სხვადასხვაგვარი. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს საჭიროა ხანგრძლივი, ხშირად მუდმივი მკურნალობა სიცოცხლის ბოლომდე. მკურნალობის დანიშვნამდე ვითვალისწინებთ დაავადების ფორმას, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობის თავისებურებას. დაავადების დასაწყისში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.

პროგნოზი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, დროულად ჩავრთავთ თუ არა თერაპიაში იმუნომოდულაციურ საშუალებებს, რაც, როგორც წესი, სტაციონარში ხორციელდება. უახლესი პათოგენეზური საშუალებები მკვეთრად ცვლის დაავადების პროგნოზს და ინვალიდობის ხარისხს.

რაც შეეხება რეაქტიულ ართრიტს, მისი მკურნალობის ტაქტიკა უპირატესად გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული და მის წინააღმდეგ არის მიმართული. პარალელურად ტარდება სახსროვანი სინდრომის მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით.

პროგნოზი მეტწილად კეთილსაიმედოა, განსაკუთრებით - მკურნალობის დროულად დაწყებისა და სწორად წარმართვის შემთხვევაში.

- როგორ ხდება რეაბილიტაცია? შეიძლება თუ არა, ბავშვი სპორტით დავტვირთოთ?

- აღნიშნული პათოლოგიების დროს ფიზიკური რეაბილიტაცია ექიმისგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. დაავადების გამწვავება თავიდან რომ ავიცილოთ, დატვირთვა ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ინიშნება ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, ცურვა, მასაჟი, ბალნეოთერაპია.

- რომელ კურორტზე ურჩევთ დასვენებას პატარა პაციენტებს?

- ზღვა და მაღალმთიანი კურორტები რეკომენდებული არ არის. უმჯობესია ბავშვი ზომიერი კლიმატური ჰავის კურორტებზე დაასვენოთ.

- რას გვეტყვით კვების შესახებ, იზღუდება თუ არა რომელიმე პროდუქტი?

რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ცილებით, ვიტამინებით და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა საკვები ნივთიერებებით. ართრიტით დაავადებული ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან. ამდენად, სწორად შერჩეულ რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს.

იზღუდება მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელი ბავშვისთვისაც არ არის რეკომენდებული: მწარე, ცხარე, მჟავე, მლაშე, შებოლილი, დაკონსერვებული.

პატარაობიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი ჯანსაღ, ბიოლოგიურად სუფთა საკვებს კონსერვანტებისა და სხვა დანამატების გარეშე, არ გირჩევთ სწრაფი კვების, ნახევარფაბრიკატულ პროდუქტებს.

- რას ურჩევთ მშობლებს?

- ნუ შეშფოთდებიან, თუ მათ შვილს ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს. დროული და ადეკვატური მკურნალობა, მართებული რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და თბილი გარემო, მჭიდრო კავშირი ექიმსა და პაციენტს, ასევე მის მშობლებს შორის თავიდან აგაცილებთ ყველა შესაძლო გართულებას, რაც დაავადების პროგრესირების შემთხვევაშიც კი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციამდე მიგვიყვანს.