როცა ბავშვი სახსრებს იტკივებს
უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ ის სახსრების ტკივილს ეხება. ეს ნიშანი შესაძლოა სახსრების ანთებით დაზიანებაზე მეტყველებდეს. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი მაკა იოსელიანი.
- სახსრების ანთებითი დაავადება - ართრიტი თანამედროვე პედიატიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. როგორი სახის ართრიტია გავრცელებული ბავშვთა ასაკში?
- ბავშვთა ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია რეაქტიული ართრიტი. რეაქტიულ ართრიტზე მაშინ საუბრობენ, როდესაც დაავადება რომელიმე კონკრეტულ ინფექციას ან გამომწვევ აგენტს უკავშირდება. მაგალითად, სტრეპტოკოკურ ინფექციას (იგი ხშირად ვლინდება ტონზილიტით), ნაწლავურ ინფექციებს (სალმონელოზი, შიგელოზი, იერინოზი), წითურას, ყბაყურას, პარვოვირუსს (ე.წ. მეხუთე დაავადებას, რომელიც ძალზე გახშირდა). პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია, ართრიტის ტიპის დაავადება ადრეულ ეტაპზე დადგინდეს
- როდის უნდა ვიეჭვოთ ამ დაავადებათა არსებობა?
- ართრიტის ტიპის დასადგენად ვითვალისწინებთ დაავადების ხანგრლივობას, დაწყების თავისებურებას, ტკივილის დროსა და ხასიათს, დაზიანებული სახსრების რაოდენობას, დაზიანების ხარისხს, ავადმყოფის ასაკს, სქესს.
სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა 10-15 პროცენტი სახსრების მიდამოში ტკივილს უჩივის, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილია ავად ჭეშმარიტი რევმატოიდული ართრიტით.
- რა ნიშნების არსებობა გვაფიქრებინებს იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს?
- იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს შემდეგი ნიშნების არსებობა გვაფიქრებინებს:
- თუ ართრიტი 3-6 კვირაზე მეტხანს გრძელდება (ეს აუცილებელი ნიშანია);
- წვრილი (ხელისა და ფეხის თითების) სახსრები სიმეტრიულად ზიანდება, დილით, გაღვიძებისას, ან ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ - სახსრებში შებოჭილობის შეგრძნება და ტკივილი აღინიშნება;
- თავს იჩენს მხედველობის პრობლემები;
- როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს: ავადმყოფი ინტენსიურად იკლებს წონას, ოფლიანობს, მატულობს ტემპერატურა, კანზე ჩნდება გამონაყარი, თავს იჩენს შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები, ავადმყოფ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ტემპერატურის მატება დღეში ერთი-ორჯერ, უფრო საღამოობით, ხშირად ამას ერთვის წითელასმაგვარი ვარდისფერი გამონაყარი - ე.წ. რევმატოიდული გამონაყარი - კიდურებზე და წელის მიდამოში. ტემპერატურის დაკლების შემდეგ ის მალევე ქრება. გამონაყარს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.
დაავადების დროს მხოლოდ სახსრები არ ზიანდება. სახსარგარეშე დაზიანებათაგან აღსანიშნავია:
- თვალის დაზიანება - უვეიტი (უმეტესად გოგონებში გვხვდება);
- ექსუდაციური პერიკარდიტი (გულის გარეთა გარსის ანთება);
- გენერალიზებული ლიმფადენოპათია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება);
- ღვიძლის, იშვიათად ელენთის გადიდება.
უვეიტური რევმატოიუდული ართრიტისთვის ასევე დამახასიათებელია:
- ფიზიკური განვითარების შეფერხება;
- ზრდაში ჩამორჩენა;
- ცალკეული ძვლების ზრდის დარღვევა - მაგალითად თითის ფალანგების დამოკლება ან პირიქით, დაგრძელება.
- ბავშვთა ასაკში სახსრების ანთებითი დაზიანება შეიძლება იყოს რევმატოიდული და არარევმატოიდული. როგორ ვლინდება არარევმატოიდული ართრიტი?
- სხვადასხვა ინფექციის ფონზე განვითარებულ რეაქტიულ ართრიტებს საერთო ნიშნები აქვთ:
- ახასიათებთ ქრონოლოგიური კავშირი ინფექციასთან;
- ართრიტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1-2 კვირას;
- ხშირია მწვავე დასაწყისი;
- მიმდინარეობა შედარებით კეთილსაიმედოა;
- აღინიშნება რეციდივებისადმი მიდრეკილება.
- რა იწვევს ართრიტს?
- იუვენილური ართრიტის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია. ამდენად, პრევენციის საშუალებები არ არსებობს. რეაქტიული ართრიტის პრევენცია კი გამომწვევი მიზეზის დროული და სწორი მკურნალობაა.
- როგორ მკურნალობენ ართრიტს?
- ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა სხვადასხვაა. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს საჭიროა ხანგრძლივი, ხშირად სიცოცხლის ბოლომდე მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნამდე გასათვალისწინებელია დაავადების ფორმა, ხანგრძლივობა და მიმდინარეობის თავისებურება.
- როგორია რეაბილიტაცია? შეიძლება თუ არა ბავშვის სპორტით დატვირთვა?
- ფიზიკური რეაბილიტაცია ექიმისგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად დატვირთვა ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ინიშნება ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი - ცურვა, მასაჟი, ბალნეოთერაპია.
- რომელი კურორტია უფრო გამართლებული?
- ზღვა და მაღალმთიანი კურორტები რეკომენდებული არ არის. უმჯობესია ბავშვი ზომიერი კლიმატური ჰავის კურორტებზე დაასვენოთ.
- საჭიროა თუ არა რომელიმე პროდუქტის შეზღუდვა?
- რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ცილებით, ვიტამინებით და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა საკვები ნივთიერებებით. ართრიტით დაავადებული ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან. ამდენად, სწორად შერჩეულ რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს. იზღუდება მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელი ბავშვისთვისაც არ არის რეკომენდებული. ესაა - მწვავე, ცხარე, მჟავე, მლაშე, შებოლილი, დაკონსერვებული საკვები.
პატარაობიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი ჯანსაღ, ბიოლოგიურად სუფთა საკვებს, კონსერვანტებისა და სხვა დანამატების გარეშე. არ გირჩევთ სწრაფი კვების ნახევარფაბრიკატულ პროდუქტებს.
დაბოლოს, მშობლების საყურადღებოდ!
ნუ შეშფოთდებით, თუ თქვენს შვილს ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს. დროული და ადეკვატური მკურნალობა, მართებული რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და თბილი გარემო, მჭიდრო კავშირი ექიმსა და პაციენტს, ასევე მის მშობლებს შორის აგარიდებთ ყველა შესაძლო გართულებას, რაც დაავადების პროგრესირების შემთხვევაშიც კი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციამდე მიგვიყვანს.
ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 40-მდე რევმატიული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მართვის შემთხვევაში მაღალია ინვალიდობის მაჩვენებელი - დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი, 10 წლის განმავლობაში, მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდი ხდება.
ამიტომ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ბავშვის ჩივილს სახსრების ტკივილთან დაკავშირებით. დროულად მიმართეთ სპეციალისტს და აარიდეთ პატარას დაავადებით გამოწვეული სირთულეები.