გაზაფხული და სახსრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხული და სახსრები

- ქალბატონო ქეთევან, რატომ მწვავდება სახსართა დაავადებები მაინცდამაინც გაზაფხულზე?

- ჩვენში რატომღაც მიჩნეულია, რომ რევმატიზმი და ყველა რევმატული დაავადება, რომელიც კი მოიაზრება ამ ჯგუფში, გაზაფხულზე მწვავდება, თუმცა ეს ასე არ არის. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ რევმატიზმი განსხვავდება სხვა რევმატული დაავადებებისაგან. მისი გამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც აზიანებს გულს (კერძოდ, მის სარქვლოვან აპარატს) და სახსროვან სისტემას. ძველად ხატოვნად აღნიშნავდნენ, რომ რევმატიზმი კბენს გულს და ლოკავს სახსრებს. დაავადების მწვავე ფაზაში, როდესაც რევმატული ცხელება შეინიშნება, უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება რევმატული, იგივე სტრეპტოკოკული ართრიტი, რომელიც ხშირად ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ავადმყოფმა გადაიტანა კარდიტი და მას სარქვლოვანი დაზიანება ანუ მანკი ჩამოუყალიბდა, დაავადება ქრონიკულ ხასიათს იღებს. ამ სიტუაციაში ძველად ყოველთვის ხორციელდებოდა ბიცილინოპროფილაქტიკა. მოგეხსენებათ, რევმატიზმის მკურნალობის ერთ-ერთი პრინციპია ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიბაქტერიული მკურნალობა, რომელიც გულისხმობს სტრეპტოკოკისადმი მგრძნობიარე პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების გამოყენებას. ბიცილინოპროფილაქტიკა ინიშნებოდა ხანგრძლივად, ყოველ სამ კვირაში, თვეში ერთხელ, წლების მანძილზე. ეს ასეც უნდა იყოს, როცა რევმატიზმის დიაგნოზი დადასტურებულია, თუმცა მე შემხვედრია პაციენტები, რომლებსაც ბიცილინოპროფილაქტიკა დანიშნული ჰქონდათ წელიწადში ორჯერ, შემოდგომა-გაზაფხულზე. ეს არ არის მართებული, იქიდან გამომდინარე, რომ ლიტერატურაში არ არის მითითებული რევმატიზმის სეზონურობა, მით უმეტეს,  მაინცდამაინც გაზაფხულზე მისი გააქტიურება. მართალია, მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ რევმატიზმის გამწვავებასა და გაზაფხულს შორის გარკვეული  კავშირი არსებობს, მაგრამ უფრო სწორი იქნება, თუ ამ საკითხს სხვა კუთხით განვიხილავთ. კერძოდ, სავარაუდოა, რომ გაზაფხულზე ხდება სტრეპტოკოკების გარკვეული შტამების გამრავლება-გააქტიურება, რასაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვადასხვა დაავადების გამწვავება. მაგალითად, ამ პერიოდში შესაძლოა მოხდეს სინუსიტების (წიაღების ანთება), ტონზილიტის (ნუშურების ანთება), ზოგადად ჩირქოვანი პათოლოგიების გამწვავება. ეს, თავის მხრივ განპირობებულია იმუნიტეტის დაქვეითებით, ჰიპოვიტამინოზით ცალკეულ პირებში, მათი ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობით გარეგანი ფაქტორებისადმი და სხვა. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე ძალიან მაღალია მეტეოროლოგიურ ფაქტორთა ცვალებადობის დონე. ატმოსფერული ტემპერატურა, წნევა, მზის ნათება, ზოგადად გამოსხივება და სხვა მაჩვენებლები ძალზე მერყეობს, ამან  კი შესაძლოა სუსტი იმუნური სისტემის მქონე, დასუსტებულ, დაუძლურებულ პირებში მომატებული მგრძნობელობა და ძლიერი რეაქტიულობა გამოიწვიოს.

- ფაქტია, რომ გაზაფხულზე ადამიანთა გარვეულ ნაწილს სხვადასხვა სახსრის არეში იმდენად დიდი დისკომფორტი ან ტკივილი აწუხებს, რომ ხშირად გადაადგილებაც კი უჭირს. რით არის განპირობებული ასეთი ძვრები მათ ორგანიზმში?

- ტკივილი თუ უსიამოვნო შეგრძნება, რომელზეც თქვენ ბრძანებთ და რომელიც ზოგიერთს აღენიშნება გაზაფხულზე, მეტეოპათიკური დისკომფორტია, ერთგვარი ართროპათიაა (ეს სიტყვა ბერძნულიდან წარმოდგება და სახსრის ტანჯვას ნიშნავს). ეს კი სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ უთუოდ  რომელიმე ქრონიკული დაავადების გამწვავებასთან გვაქვს საქმე. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ ბოლო ხანს, კერძოდ, გაზაფხულის პირზე, ძალიან ბევრმა მომმართმა კოჭ-წვივის სახსრის პრობლემით, თუმცა არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა ართრიტი - სახსრის ანთებითი დაავადება. საყურადღებოა, რომ მათი უმრავლესობა ბრტყელტერფიანი იყო. შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ადამიანები, ვიბადებით მოკლე ან გრძელი იოგებით, გრძელი იოგოვანი აპარატის მქონე ადამიანები კი  - ჩვენ მათ ჰიპერმობილური სახსრის მქონე პირებს ვუწოდებთ - განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მეტეოცვალებადობის მიმართ. მოგეხსენებათ, დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის რეგიონებთან შედარებით ბევრად უფრო ნოტიო კლიმატია. იქიდან თბილისში ჩამოსული პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ დედაქალაქში უფრო უკეთ გრძნობენ თავს. ეს ბუნებრივია, რადგან მათი  იოგოვანი აპარატი, მთელი შემაერთებელქსოვილოვანი მასა, ნოტიო გარემოში ბევრად უფრო დამძიმებულია. მეტეოპათიკის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს თბილისში ეს დისკომფორტი და უსიამოვნო სუბიექტური შეგრძნებები უქრებათ. ჩიტების მსგავსად, რომლებიც ტენიან, ღრუბლიან ამინდში მძიმედ, მიწის ახლოს ფრენენ, მაშინ როცა მზიან ამინდში,  მოწმენდილ ცაზე, ბევრად უფრო მაღლა დანავარდობენ. სწორედ შემაერთებელქსოვილოვანი მასის, ჰიპერმობილური სახსრების ასეთი რეაგირება გარემოს ტემპერატურასა თუ ტენიანობაზე განაპირობებს ადამიანთა სხვადასხვაგვარ სუბიექტურ შეგრძნებებს. ზოგიერთი მათგანი ბარომეტრივითაა - ამინდის ცვლილებას, წვიმის მოსვლასა და  სხვა მოვლენების პროგნოზირებასაც კი ახდენს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზაფხულზე მათ სახსრებში, საზოგადოდ, ორგანიზმში მორფოლოგიური, ორგანული ცვლილებები ვითარდება.


- გამოდის, რომ მეტეოპათიკური დისკომფორტი უმთავრესად ბრტყელტერფიანებსა და გრძელი იოგოვანი აპარატის (ჰიპერმობილური სახსრების) მქონე ადამიანებს ემუქრება, ხოლო რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართროზითა და სხვა პათოლოგიებით დაავადებულებს გაზაფხულზე სახსართა პრობლემების გამწვავების შიში არ უნდა ჰქონდეთ?

- რა თქმა უნდა, არა. მადეფორმირებელი ოსტეოართროზი დეგენერაციული პროცესებით მიმდინარე ქრონიკული პათოლოგიაა. რაც შეეხება რევმატოიდულ ართრიტსა და სხვა სისტემურ დაავადებებს, მათ პათოგენეზში აუტოიმუნური მექანიზმებია ჩართული. შესაბამისად, ეს დაავადებები სეზონურობით არ გამოირჩევა, ანუ გაზაფხულსა და ამინდის ცვალებადობასთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება ბრტყელტერფიანებსა და ჰიპერმობილური სახსრის მქონე პირებს, თუ მათგან ვინმე ვარჯიშობს, აქტიური და მოძრავია, მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, სპორტს, არ აქვს დაქვეითებული იმუნური სისტემა, გაკაჟებულია - ცხადია, იოლადაც მოახერხებს ადაპტაციას მეტეოფაქტორების ცვალებადობის მიმართ და დისკომფორტი არ შეექმნება. ეს ემუქრება მხოლოდ დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ, გაუვარჯიშებელ პირებს, რომლებიც შორს არიან სპორტული ცხოვრებისგან. ასეთი ადამიანები, თავიანთი შემაერთებელქსოვილოვანი აპარატით, ყოველთვის მგრძნობიარენი არიან მეტეოფაქტორების ცვალებადობის მიმართ, ადაპტაცია უჭირთ. აბა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც ჩაფუთნულები მოჰყავთ მშობლებს. იმდენი აცვიათ ხოლმე პატარებს, ვერ ინძრევიან. ასეთ ბავშვებს ხომ აუცილებლად გაუჭირდებათ გარემოს ტემპერატურისა და სხვა ფაქტორთა ცვლილებთან ადაპტაცია, ადვილად გაცივდებიან, სიცივეც კი ალერგენი გახდება მათთვის, უამრავი სხვა პრობლემა შეექმნებათ მომავალში... ეს მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

- კიდევ რას ურჩევთ მკითხველს, რა უნდა აქციონ წესად, რას მიაქციონ ყურადღება, რომ სახსართა ტკივილი თავიდან აიცილონ?

- ორგანიზმი უნდა გაიკაჟონ. ამისთვის ძალიან კარგია ცურვა. მეტი დრო დაუთმონ ფეხით სიარულსა და ზომიერ დატვირთვას, ყოველდღიურად ივარჯიშონ - რა თქმა უნდა, ზომიერად. არ შეიძლება გადაძაბვა, გადატვირთვა. ზომიერება ყველგან საჭიროა,  მათ შორის - ვარჯიშშიც. Mიყო ერთი მამაკაცი, რომელსაც გადამეტებული ვარჯიშით (ძელს ეკიდებოდა და სხვა) კონტრაქტურები (სახსრის მოძრაობის მეტ-ნაკლები შეზღუდვა) განუვითარდა. გამოხატული სიმპტომებითა და ცალკეული დეტალებით მე მივხვდი, რომ ეს არ იყო დაავადება და სხვა პრობლემასთან გვქონდა საქმე. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად ადამიანები ამა თუ იმ სახსრის ტკივილის დროსაც კი ვარჯიშობენ, სხვადასხვა მოძრაობას ასრულებენ, ტვირთავენ სახსარს, ცდილობენ გადალახონ ტკივილი, თავს ძალას ატანენ. Eეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ტკივილი თავდაცვითი ფენომენია, ერთგვარი განგაშის ზარია. როცა სახსარი გვტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სახსარი გვაფრთხილებს, ნუ დამტვირთავ, დამზოგე და მომიფრთხილდიო. სახსარში ტკივილი უმიზეზოდ არასოდეს აღმოცენდება. ამ სიმპტომის საფუძველი უმეტესად ანთება და შეშუპებაა. ასეთ დროს პაციენტს სათანადო მკურნალობა უნდა დაენიშნოს.  კომპლექსური თერაპია მოიცავს  ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მიორელაქსაციურ ანუ კუნთების მომადუნებელ მედიკამენტებს, ნეიროლეფსიურ საშუალებებს, ბაზისურ თერაპიას, ადგილობრივ  და სხვა სიმპტომურ მკურნალობას. მწვავე შეშუპების მოსახსნელად ზოგჯერ ადგილობრივად შეჰყავთ კორტიკოსტეროიდები, ატარებენ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. როცა შეშუპება, მწვავე ანთება, სახსრის ტკივილი მოიხსნება, მხოლოდ ამის შემდეგ არის ნებადართული მისი დატვირთვა, ისიც - თანდათანობით, დოზირებულად, მეთოდური მითითებებით, შესაბამის პოზაში, რომელსაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ადამიანს აქვს კოქსართროზი ანუ მენჯ-ბარძაყის პრობლემა და დარბის. ეს დაუშვებელია. ან კიდევ ამა თუ იმ სახსრის ანთების მწვავე ან ქვემწვავე სტადიაა და ადამიანი მთელი დატვირთვით ვარჯიშობს, არ ზოგავს სახსარს. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც ამა თუ იმ სახსრის პირველი ან მეორე ხარისხის დაზიანების დროს მწოლიარე მდგომარეობაში ვარჯიში აუცილებელია. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმი სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება. მხოლოდ სათანადო დროს და სწორად  ჩატარებულ ვარჯიშს მოაქვს სარგებლობა. სხვაგვარად ის შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს, უფრო მეტად დაამძიმოს მდგომარეობა. ამრიგად, საჭიროა, ვუმკურნალოთ არა დაავადებას, არამედ ავადმყოფს კონკრეტული ფაქტორების გათვალისწინებით.