ხერხემლის პათოლოგიები ბავშვებსა და მოზარდებში
და 20-22 წლის ასაკში სრულდება. ამდენად, ანატომიური და ფუნქციური მაჩვენებლებით ბავშვის ხერხემალი მოზრდილი ადამიანის ხერხემლისგან განსხვავდება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მდიდარია მისი ძვლოვანი ქსოვილი ხრტილოვანი ნივთიერებით. წლის ბავშვის ხერხემლის მალების ძირითად მასას ხრტილოვანი ნივთიერება შეადგენს.
14-15 წლის ასაკში ჩნდება ძვლოვანი წერტილები ფირფიტების სახით, ხოლო 20 წლის ასაკში მალების სხეული სრულ გაძვალებას განიცდის. ეს თავისებურებანი უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთა ასაკში ხერხემლის პათოლოგიების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს.
ბავშვთა ასაკში ხერხემლის ყველაზე მეტად გავრცელებულ პათოლოგიებზე გვესაუბრება პედიატრი, ორთოპედი ნინო გასვიანი.
- ხერხემლის რა სახის მანკები გვხვდება ბავშვებში?
- ხერხემლის განვითარების მანკი თანდაყოლილი პათოლოგიაა. განასხვავებენ მანკების ორ დიდ ჯგუფს: ხერხემლისა და ნეკნების (ჩონჩხის) განვითარების მანკებს და ჩონჩხის ანომალიებთან კომბინირებულ ზურგის ტვინის განვითარების დარღვევებს. ორივე შემთხვევაში აღინიშნება ხერხემლის ფუნქციის შეზღუდვა ან მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც არცთუ იშვიათად თან სდევს ცვლილებები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა რგოლებისა (კიდურები) და შინაგანი ორგანოების მხრივ.
ჩონჩხის (ხერხემლის) განვითარების მანკები კლინიკურად გამოვლინდება ფრონტალურ ან საგიტალურ სიბრტყეში ხერხემლის თანდაყოლილი გამრუდებისა და კიფოზების სახით. ამ დეფორმაციების მიზეზია ხერხემლის თანდაყოლილი ანატომიური ცვლილებები ძირითადი რკალის დონეზე. სწორედ ამით განსხვავდება თანდაყოლილი გამრუდება (სკოლიოზი, კიფოზი) დისპლაზიურისგან, რომლის დროსაც ხერხემლის განვითარება ნორმიდან ზომიერადაა გადახრილი და ხშირად პათოლოგიური ცვლილებები ძირითადი რკალის გარეთ მდებარეობს.
მეორე განსხვავება კი ისაა, რომ თანდაყოლილი პათოლოგიები გამოვლინდება სიცოცხლის პირველსავე წელს, ხოლო დისპლაზიური - გაცილებით მოზრდილ ასაკში. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თანდაყოლილი გამრუდება გამოვლინდება ორგანიზმის სწრაფი ზრდის - პუბერტატულ ასაკში ან შემთხვევით ხერხემლის გასინჯვის დროს.
თანდაყოლილია თუ დისპლაზიური გამრუდება, ამის დადგენაში გვეხმარება დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდები. კომბინირებული მანკების მქონე ბავშვები არიან თანატოლებზე დაბლები, შეზღუდული აქვთ მოძრაობა.
- რა განსხვავებაა სკოლიოზსა (ხერხემლის გამრუდებას) და ტანდეგობის დარღვევას შორის?
- სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარეობს.
ტანდეგობის დარღვევა კუნთების ტონურ-ძალოვანი დისბალანსით არის განპირობებული. ეს პროცესი პრაქტიკულად შექცევადია, რადგან ამ დროს ხერხემლის საყრდენი სტრუქტურა არ იცვლება.
ტანადობის დარღვევის მიზეზი ისაა, რომ სხეულის ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნებაში არ მონაწილეობს ერთი ან რამდენიმე კუნთი, რასაც, თავის მხრივ, სხეულის პოზებისა და მოძრაობის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების შეცდომები განაპირობებს.
- როგორ უნდა შეამჩნიოს მშობელმა ხერხემლის გამრუდება?
- დაკვირვებული მშობლის თვალს არ გამოეპარება ხერხემლის გამრუდება, მაგრამ არცთუ იშვიათად ეს პათოლოგია მაშინ გამოვლინდება, როდესაც ბავშვს ეწყება ტკივილი, დისკომფორტი ზურგის არეში და სხვა. ამდენად, მნიშვნელოვანია ხერხემლის დათვალიერების ცოდნა: ბავშვი ბუნებრივად კარგად განათებულ ოთახში შეიყვანეთ. გახადეთ ტანსაცმელი და დატოვეთ ტრუსების ამარა. დააყენეთ იატაკზე ისე, რომ ზურგზე სინათლე თანაბრად ეცემოდეს და ხელები თავისუფლად ჰქონდეს დაშვებული ტანის გასწვრივ. თქვენ მის ზურგს უკან 2-3 მეტრის მოშორებით სკამზე დაბრძანდით და დაათვალიერეთ:
- სიმეტრიულად აქვს თუ არა განლაგებული ყურები, მხრები, ბეჭის ძვლები, ჩაღრმავებები გავის ძვალს ზემოთ, დუნდულების ნაოჭები და თავად დუნდულები;
- სიმეტრიულია თუ არა ხელებისა და წელის მიერ შექმნილი კუთხეები - მარჯვენა და მარცხენა;
- ერთ სიმაღლეზეა თუ არა იდაყვის სახსრები.
შემოატრიალეთ სახით თქვენკენ და შეამოწმეთ, სიმეტრიულია თუ არა ლავიწის ძვლების დგომა. თუ ეს მაჩვენებლები ასიმეტრიულია ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ღერძის მიმართ, სკოლიოზი უნდა ვიეჭვოთ. დააკვირდით, სიმეტრიულად დადგა თუ არა ბავშვმა ტერფები. არასიმეტრიულობა მენჯის ძვლის პრობლემებზე მეტყველებს.
- სთხოვეთ ბავშვს, მუხლებში მოუხრელად ხელებით იატაკს მისწვდეს. დააკვირდით, ხომ არ გადასცდება დახრისას ტანი შუა ხაზს, წელის მალების რომელიმე მხარეს კუნთი ხომ არ არის გამობურცული, ხოლო გულმკერდის ყაფაზში - გამოვარდნილი რომელიმე ნეკნი ან ბეჭის ძვალი;
- ბავშვმა ზურგს უკან ხელები ერთმანეთს გადააჭდოს და ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს გადაიხაროს. დააკვირდით, ხომ არ უჭირს რომელიმე მხარეს გადახრა ანუ ერთნაირი კუთხით გადაიხრება თუ არა ორივე მხარეს;
- დააყენეთ ბავშვი გვერდულად. დააკვირდით, ზედმეტად ხომ არ აქვს გამოზნექილი ან, პირიქით, ჩაზნექილი მკერდის ძვალი, მუცელი უჩვეულოდ ხომ არ არის წამოწეული წინ.
თუ ზემოთ აღწერილ რომელიმე ნიშანს აღმოაჩენთ, მიმართეთ ორთოპედს.
ასეთი დათვალიერება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ მაინც, განსაკუთრებით - ბავშვის ინტენსიური ზრდის პერიოდში. ასევე გამორჩეული ყურადღებაა საჭირო, თუ ბავშვის რომელიმე მშობელს სკოლიოზი აქვს. ამ შემთხვევაში გირჩევთ, ბავშვი ატაროთ ცურვაზე კუნთოვანი სისტემის ჰარმონიული განვითარებისთვის.
- რატომ უნდა მივმართოთ დროულად სპეციალისტს?
- სკოლიოზი მხოლოდ ვიზუალური პათოლოგია როდია; თუ დროულად ჩატარდა შესატყვისი მკურნალობა კვალიფიციური სპეციალისტის მეთვალყურეობით, შესაძლოა, დაავადება გართულდეს.
სკოლიოზის გართულებებია:
- ტორსის დეფორმაცია;
- შინაგანი ორგანოების გადანაცვლება, გულმკერდის ყაფაზის დეფორმაცია და ფილტვების მოცულობის შემცირება;
- ბრონქიტი;
- ზურგის, წელის ტკივილი;
- ხერხემლის მალათაშორისი დისკოს თიაქარი;
- ართროზი (სახსრების არაანთებითი დაზიანება).
პათოლოგიის სავსებით აღმოფხვრა ძნელია, მაგრამ თუ სპეციალისტს დროულად მივმართავთ, შესაძლებელია ბავშვს გავუუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, კერძოდ:
- შევაჩეროთ დაავადების პროგრესირება;
- შევამციროთ გამრუდების კუთხე, ზოგჯერ - ისე, რომ სკოლიოზის ნარჩენ მოვლენებს მხოლოდ სპეციალისტი თუ აღმოაჩენს;
- მოვხსნათ კუნთების გადაძაბვა და ტკივილი;
- აღვადგინოთ ხერხემლის ფიზიოლოგიური მოძრაობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამრუდებული ხერხემლის გასწორება მისი დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.
- მკურნალობის რა მეთოდებს იყენებენ ამისთვის?
- მკურნალობა კომპლექსურია, მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ცურვას, მანუალურ თერაპიას, სწორ კვებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ორგანიზებას, ჯანსაღი გარემოს შექმნას. ეფექტურია ინდივიდუალური მიდგომა და ამ მეთოდების საჭიროებისამებრ კომბინირებული გამოყენება. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და იგი თანდათანობით ცხოვრების წესად უნდა ჩამოყალიბდეს. ბავშვს აღარ უნდა სჭირდებოდეს იმის შეხსენება, რომ სწორად იჯდეს, იდგეს; საწოლი მაგარი და სწორზედაპირიანი უნდა ჰქონდეს, სამეცადინოდ სწორად შერჩეული მაგიდა და სკამი ედგას.
- პათოლოგიის გამოსწორებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი თავიდან აცილება. რას ურჩევთ მშობლებს, როგორ ააცილონ ბავშვს თავიდან ხერხემლის პათოლოგიური ცვლილებები?
- ხერხემლის პათოლოგიების პროფილაქტიკა ჩვილი ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ, განურჩევლად იმისა, რისკის ჯგუფშია თუ არა ბავშვი. არ დასვათ ჩვილი დროზე ადრე. ნუ აიძულებთ სიარულს, მით უმეტეს - თუ დიდი წონისაა. როდესაც ფეხს აიდგამს, არ ატაროთ მხოლოდ ცალ მხარეს ხელჩაკიდებული - მარჯვენა და მარცხენა ხელი ერთმანეთს შეუნაცვლეთ, რათა თავიდან აიცილოთ კუნთების ასიმეტრიული განვითარება. შეურჩიეთ მაგარძირიანი ფეხსაცმელი კოჭამდე სიმაღლის ყელით. უმჯობესია, სუპინატორიანი იყოს.
შეურჩიეთ შესაფერისი ზომის ავეჯი. ეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში შესვლის შემდეგ. მოსწავლის სამუშაო ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული. სინათლე მაგიდას მარცხენა მხრიდან უნდა ანათებდეს. საწერი მაგიდა ფართო უნდა იყოს. მასზე უნდა ეტეოდეს არა მარტო წიგნები და რვეული, არამედ ბავშვი იდაყვებითაც ეყრდნობოდეს.
თუ ბავშვი მეცადინეობის დროს წიგნისკენ მეტისმეტად იხრება, აუცილებლად შეუმოწმეთ მხედველობა.
არ მისცეთ უფლება, წამოწოლილმა იკითხოს ან უყუროს ტელევიზორს. მეცადინეობის დროს დიდხანს რომ არ მოუხდეს ერთსა და იმავე პოზაში ჯდომა, დროდადრო შეასვენეთ და გაავარჯიშეთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური განვითარება. ერთი წლიდან ბავშვი აქტიურად იწყებს მოძრაობას. მისი ფიზიკური განვითარება ჰარმონიულად რომ გაგრძელდეს, საჭიროა ყოველდღე რამდენიმე წუთი მაინც დაუთმოთ ვარჯიშს. ძვლოვანი სისტემის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად, ახალ დატვირთვებთან კუნთოვანი აპარატის შესაგუებლად ტარდება თამაში-ვარჯიშები. სავარჯიშოდ ყველაზე ხელსაყრელია სეირნობის დრო, პირველი მნიშვნელოვანი ვარჯიში კი სიარულია.
წლინახევრის პატარა უკვე დარბის, ხშირი დაცემა აღარ აშინებს. სამ წლამდე შეგიძლიათ ასწავლოთ ხტომა. როცა სიარულსა და სირბილს კარგად ისწავლის, მიაჩვიეთ სხვადასხვანაირად სიარულს - თითის წვერებზე, ქუსლებზე, ტერფის გარეთა და შიგნითა კიდეებზე და ა.შ. ძალიან სასარგებლოა ცურვა.
ინტენსიური ზრდის პერიოდში ნუ დატვირთავთ სპორტის ისეთი სახეობებით, რომლებიც ხტომასა და ბევრ სირბილს მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას. ძვლებისთვის აუცილებელი კალციუმის მარაგის შესავსებად რაციონი გაამდიდრეთ რძის პროდუქტებით, ხილ-ბოსტნეულით, თევზით. ეს პროდუქტები ყველა საჭირო მიკროელემენტსა და ვიტამინებს შეიცავს. კალციუმის ნაკლებობა ბავშვთა ასაკში ძალზე გარცელებული დაავადების - რაქიტის განვითარების მიზეზია. სწორედ რაქიტის ნარჩენ მოვლენებად ითვლება ძვლოვანი სისტემის პათოლოგიები (მათ შორის - ხერხემლის გამრუდებაც).
დაბოლოს, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს - სკოლის ჩანთის წონას. იგი არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მასის 10%-ს, რეალურად კი ჩანთის წონა გაცილებით მეტია.
მინდა, თხოვნით მივმართო განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურს, სკოლის მესვეურებს: მე, როგორც სკოლის მოწაფის დედა, გთხოვთ მოაგვაროთ ეს საკითხი. სკოლაში აუცილებლად სატარებელი წიგნების საერთო სიმძიმე აჭარბებს ჩვენი შვილების ფიზიკურ შესაძლებლობებს და არა მარტო პატარებს, მოზრდილებსაც კი უჭირთ ასეთი ჩანთის ტარება: თითოეულ საგანში - ორი სქელტანიანი წიგნი (წიგნი თემატური და წიგნი-რვეული) და 48-ფურცლიანი რვეული. დღეში ბავშვს ხუთი-ექვსი გაკვეთილი აქვს. წარმოიდგინეთ, რამსიმძიმე ტვირთთან უწევთ შეჭიდება პატარებს. მათი მზარდი ორგანიზმისთვის, ჩამოუყალიბებელი ძვლოვანი სისტემისთვის ეს მომაკვდინებელი დარტყმაა, მით უმეტეს - თუ ბავშვს ძვლოვანი სისტემის პათოლოგია აქვს.
განათლება აუცილებელია, მაგრამ არა მგონია, მისი ხარისხი წიგნების რაოდენობასა და ჩანთის სიმძიმეზე იყოს დამოკიდებული. ყველა მშობელი დამეთანხმება - ჩვენი შვილების ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია.