ლაზეროთერაპია და მისი ეფექტები
რას ეფუძნება ეს ფიზიოთერაპიული მეთოდი, როდის გამოიყენება, ახლავს თუ არა გვერდითი მოვლენები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი რეაბილიტოლოგი, რევაზ ფრუიძე.
ბატონ რევაზს კლინიკური ორდინატურა გავლილი აქვს გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ბელორუსი) ტრავმატოლოგია-ორთოპედიის კათედრაზე, ხოლო სტაჟირება იენისა და ოლდენბურგის („Oldenburg“) საუნივერსიტეტო კლინიკებსა (გერმანია) და ვიჩენცაში (იტალია; მაღალინტენსიური ლაზეროთერაპია, მრავალტალღოვანი დახურული სისტემა და მაგნიტოთერაპია;). ის არის თანაავტორი წიგნისა „ღვინოთერაპია, ჯანმრთელობა და სილამაზე“.
- ბატონო რევაზ, რას ეფუძნება ლაზეროთერაპიის ეფექტურობა და სამკურნალო მოქმედება?
- ლაზერული თერაპია, ზოგადად, არის არაინვაზიური პროცედურა, რომელიც დაზიანებული ქსოვილების აღდგენისა და რეგენერაციისთვის იყენებს სინათლის ენერგიას. ლაზერული სხივების გენერატორ თანამედროვე აპარატებს შორისაც არსებობს განსხვავება. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ ულტრათანამედროვე მაღალინტენსიური ლაზეროთერაპიის აპარატს/ჰილთერაპია - HIRO TT.
ჰილთერაპია არის უნიკალური თერაპიული მეთოდი, რომელიც ეფუძნება მაღალი ინტენსივობის ლაზერულ გამოსხივებას. უნიკალური თვისებების ნაზავი საშუალებას აძლევს მას, ტკივილის დროს იყოს ძალზე ეფექტური და ასევე სახსრის მობილურობისას, ღრმა და ქრონიკული პათოლოგიების დროსაც კი.
ჰილთერაპია აღწევს ძალიან მაღალ პიკს (1-3 კვტ) იმპულსური Nd:YAG ლაზერით (1064 ნმ). მიღებული მაღალი ინტენსივობა (15000 ჭ/ცმ2-მდე), რომელიც მიუწვდომელია ამჟამად ხელმისაწვდომი სხვა ლაზერული ტექნოლოგიებით, საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვუმკურნალოთ ღრმა ქრონიკულ დაზიანებებსაც კი.
პულსის ხანმოკლეობისა და ძალიან მაღალი ინტენსივობის წყალობით, ჰილთერაპია წარმოქმნის მნიშვნელოვან ფოტომექანიკურ ეფექტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ბიოლოგიური სიგნალების და ეფექტების სერია უჯრედულ, ქსოვილოვან და სტრუქტურულ დონეზე. ჰილთერაპია ააქტივებს და არეგულირებს ლიმფოდრენაჟს, მიკროცირკულაციას, ქსოვილების აღდგენისა და შეხორცების პროცესებს.
- რომელი პათოლოგიების დროს არის რეკომენდებული აღნიშნული მეთოდი?
- რეპარაციული და რეგენერაციული ეფექტების წყალობით, ჰილთერაპია იდეალურია ძვალ-კუნთოვანი, სახსროვანი, პერიფერიული ნერვული სისტემების ყველაზე გავრცელებული და მტკივნეული პათოლოგიების სამკურნალოდ; ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენისა და შეხორცების პროცესებს, ეფექტურად კურნავს როგორც ზედაპირულ, ისე ღრმა, ქრონიკულ და მწვავე დაზიანებებს. მაგალითად, ძვალ-სახსროვანი დაზიანებებიდან აღსანიშნავია: ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია;
ჰილთერაპია ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას (ჭრილობა, კუნთების დაჭიმულობა, დაბეჟილობა), ხსნის შეშუპებას, ეფექტურია პერიფერიული ნეიროპათიების დროს (რადიკულოპათიები, არხის სინდრომები, იმპიჯმენტები, იგივე სივრცის შევიწროვებები, რის გამოც ხდება სახსრის სტრუქტურების ხახუნი და დაზიანება).
მინდა გითხრათ, რომ ჰილთერაპია ჩატარებული აქვთ რადიკულოპათი: ძიუდოისტებს - ოქროს მედლის მფლობელებს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, საქართველოს რაგბის, კალათბურთისა და წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს.
- აქვს თუ არა ლაზეროთერაპიას უკუჩვენება და გართულებები, თუ აქვს, რა შემთხვევაში?
- უკუჩვენებებიდან აღსანიშნავია სინათლით გამოწვეული კრუნჩხვითი აშლილობა, ჰემორაგიული დიათეზი, სერიოზული ინფექციური დაავადებები. ლაზეროთერაპია, საზოგადოდ, არარეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც უკუნაჩვენებია ქსოვილის გათბობა, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ სიმსივნის არსებობა. აგრეთვე არასასურველია მოზარდი და ჩვილი ბავშვების, ასევე ორსულების წელის არის დასხივება.
- რა სიხშირით დაიშვება ლაზეროთერაპია? რამდენ სეანსს მოიცავს ერთი კურსი და წელიწადში რამდენჯერ შეიძლება შესაბამისი კურსის ჩატარება?
- ლაზეროთერაპიის კურსი დამოკიდებულია პათოლოგიაზე. მწვავე დაზიანებების დროს მე-6 სეანსიდან რეკომენდებულია ვარჯიშის ჩართვა; კურსის გამეორება ხშირად არც სჭირდებათ (ტრავმები ახალგაზრდა სპორტსმენებთან). ქრონიკულ შემთხვევებში, 10 პროცედურის შემდეგ ვიწყებთ ვარჯიშებს, შეიძლება ავიდეთ 15 სეანსამდე - კურსის გამეორება თავიდან წელიწადში 2-ჯერ, მაგრამ სეანსების რაოდენობა ნახევრდება (ართრიტები და ნევრალგიები ასაკოვან პაციენტებთან). პროცედურა მოკლეა, 5-10 წუთს გრძელდება და დროსთან შეუსაბამოდ ეფექტურია.
- რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ლაზეროთერაპიის ჩატარებისას, რა წესები დაიცვას ან რა მითითებას მიაქციოს ყურადღება?
- რამდენადაც ჰილთერაპიის აპარატი ულტრათანამედროვე ტექნიკითა და ნაწილებითაა აწყობილი, გასათვალისწინებელი წესები და მითითებები მინიმალურია - საჭიროა მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თვალების დაცვა სპეციალური სათვალით.
პროცედურა ამგვარადა ტარდება: პაციენტი მიდის ექიმ ფიზიოთერაპევტთან, სასურველია გამოკვლეული დიაგნოზით, რის შემდეგაც იწყება პროცედურა. ექიმიც და პაციენტიც იკეთებენ სათვალეს, ექიმი ამუშავებს დაზიანებულ უბანს ცივი სამაგრით, რათა შეავიწროვოს კანქვეშა სისხლძარღვები, შემდეგ იწყება მაღალინტენსიური, ღრმადშეღწევადი ლაზერული სხივების გამოყენება, რითაც ხდება სისხლძარღვების გაფართოება, მეტაბოლიზმის გაძლიერება. პროცედურას ახასიათებს ვიბროტალღები, რითაც ხდება ნოციცეპტორების გაუტკივარება.
- როგორც ფიზიოთერაპევტი, რას ურჩევთ პაციენტებსა და მკითხველს?
- როგორც ექიმი და როგორც ფიზიოთერაპევტი, პირველ რიგში, პაციენტებს ვურჩევდი, არ გააქრონიკულონ მწვავე შემთხვევა, ანუ არ დაელოდონ სიმპტომების თავისთავად გაქრობას. ფიზიოთერაპიული პროცედურები აჩქარებს განკურნების პროცესს, ამცირებს გვერდით მოვლენებსა და გართულებებს.
ასევე ძალიან ხშირია არაპროფესიონალთა, გაზეთების, რეკლამების, ინტერნეტ გვერდების რჩევების გათვალისწინების შემთხვევები, რაც არასწორი და დაუშვებელია!