ართრიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ართრიტი

- რა არის ართრიტი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

- თუ ტერმინს სიტყვასიტყვით განვმარტავთ, ართრიტი არის სახსრის ანთება, რომელსაც ახასიათებს ანთების კლასიკური ნიშნების აღმოცენება. ეს ნიშნებია შეშუპება, გაწითლება, ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ფუნქციის მოშლა. ართრიტის დროს სახსარი შეშუპებულია, რის გამოც პაციენტები ამჩნევენ, რომ სახსრის ფორმა შეცვლილია, სახსრის მიდამოში აღინიშნება სიწითლე, შეხებისას შევიგრძნობთ, რომ ამ არეში ტემპერატურა მომატებულია, პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელიც ხშირად ძალიან შემაწუხებელია, სახსარში მოძრაობა შეზღუდულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი.

უნდა ითქვას, რომ ტერმინი "ართრიტი" სახსრის 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს და ხშირად სამედიცინო ლიტერატურაში სახსრის ნებისმიერი დაზიანების აღსანიშნავად გამოიყენება. ამის მაგალითია ტერმინი "ოსტეოართრიტი", რომლის დროსაც ანთების კლასიკური ნიშნები შესაძლოა სულაც არ აღინიშნებოდეს. ეს არის სახსრის დისტროფიული დაავადებაა და ჩვენი მკითხველებისთვის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის სახელწოდებით არის ცნობილი.

- ხშირად თავს იჩენს არა თქვენ მიერ დასახელებული ყველა სიმპტომი, არამედ რომელიმე ერთი, მაგალითად, მხოლოდ შეშუპება. შესაძლებელია თუ არა, ამ შემთხვევაშიც ვივარაუდოთ ართრიტის არსებობა?

- ართრიტის დროს შესაძლოა ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი არ აღინიშნებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს ართრიტი არ აქვს. ხშირად სიმპტომების გამოხატულება დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე. მაგალითად, თუ დაზიანებულია წვრილი სახსრები, უფრო ხშირად თვალში საცემია შეშუპება, ანთებითი პროცესის მენჯის სახსრებში ლოკალიზაციისას კი, ანატომიური აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია შეშუპება შევამჩნიოთ. ხშირად წამყვანი სიმპტომი მოძრაობის შეზღუდვაა.

მიუხედავად კლინიკური გამოვლინების ასეთი ვარიაციებისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ართრიტის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია ტკივილი. ეს არის სიმპტომი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია და უმთავრესად სწორედ მისი არსებობისას მიმართავენ პაციენტები ექიმს. სახსრის არეში შეშუპება, რომელსაც თან არ ახლავს ტკივილი, შესაძლოა არა ართრიტის, არამედ რაიმე სხვა, მაგალითად, ჰიდრართროზის - სახსარში არაანთებითი სითხის დაგროვების - შედეგი იყოს.

- ართრიტის რამდენ სახეობას განასხვავებენ?

- პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მონოართრიტს, რომლის დროსაც ერთი სახსრის ანთება ვითარდება, ოლიგოართრიტს, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესის ლოკალიზაცია ორ, სამ ან ოთხ სახსარში და პოლიართრიტს, რომლის დროსაც ანთება ხუთ ან მეტ სახსარს მოიცავს.

პროცესის ხასიათის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ინფექციური (რეაქტიული) და არაინფექციური (მაგალითად, მიკროკრისტალური, აუტოიმუნური) ართრიტი. ინფექციური ართრიტის დროს აღინიშნება ინფექციური პროცესის გამომწვევი მიკროორგანიზმების არსებობა სასახსრე (სინოვიურ) სითხეში.

რეაქტიული ართრიტის დროს სახსრის ანთება დაკავშირებულია ორგანიზმში არსებულ ინფექციურ პროცესთან, თუმცა გამომწვევი მიკროორგანიზმი სინოვიურ სითხეში არ აღმოჩნდება.

გარდა ამისა, ართრიტი შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული. პირველადი ართრიტის მაგალითებია ოსტეოართრიტი (ანუ მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, რომელსაც პაციენტები ხშირად მარილების ჩალაგებას უწოდებენ), რევმატოიდული ართრიტი, სეპტიკური ართრიტი, სპონდილოართრიტი, იუვენილური ართრიტი, მიკროკრისტალური ართროპათიები.

მეორეული ართრიტი სხვადასხვა დაავადების დროს ვითარდება. მისი მაგალითებია ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ართრიტი ჰეპატიტის დროს.

- არსებობს თუ არა სიმპტომი, ტიპობრივი რომ იყოს ართრიტის ამა თუ იმ სახეობისთვის?

- რასაკვირველია, არსებობს სიმპტომები, რომლებიც ზოგიერთი ართრიტისთვის ტიპურია. მაგალითად, ცნობილია, რომ პოდაგრის დროს უმეტესად ტერფის I ანუ ცერა თითის სახსარი ზიანდება, რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესი უპირატესად სიმეტრიულია - მტევნის ნებ-ფალანგთა და პროქსიმურ ფალანგთაშუა სახსრებს მოიცავს და დროთა განმავლობაში მტევნის დეფორმაციას იწვევს, ტიპური რევმატიზმის დროს ართრიტი მსხვილ სახრებს აზიანებს, ანთების ყველა ნიშანი კარგად არის გამოხატული, მაგრამ სახსრების შეუქცევადი ცვლილებები (დეფორმაცია) არ ვითარდება.

გარდა ამ დამახასიათებელი და ხშირად პაციენტთათვის კარგად ცნობილი სიმპტომებისა, არსებობს მრავალი ნიუანსი, რომელთაც ექიმები კარგად იცნობენ, მაგრამ მათი განხილვა შორს წაგვიყვანს.

- რა დაავადებაა რევმატოიდული ართრიტი, როგორია სახსრების დაზიანების მექანიზმი ამ დროს?

- რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის მრავალ ქსოვილსა და ორგანოს აზიანებს, უმთავრესად კი სახსრების სინოვიურ გარსებს. დაავადება აუტოიმუნური ბუნებისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რევმატოიდული ართრიტის დროს იწყება ანტისხეულების წარმოქმნა საკუთარი ჯანსაღი ქსოვილების, უმთავრესად სახსრების სინოვიური გარსის მიმართ. დაავადების დროს აღმოცენებული იმუნური ანთებაც პირველად სწორედ სასახსრე ზედაპირების მფარავ სინოვიურ გარსშია ლოკალიზებული. იმუნური უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ანთების მედიატორები, რომლებიც შემდგომ ხრტილისა და ძვლის დაზიანებას იწვევს. დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ.

- როგორ ვლინდება კლინიკურად რევმატოიდული ართრიტი და როგორია ამ დაავადების პროგნოზი?

- რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება მტევნის (სხივ-მაჯის, ნებ-ფალანგის), ზოგჯერ ტერფის წყვილი სახსრები. ტკივილი უმეტესად სიმეტრიულია (ანუ ერთნაირი ლოკალიზაციის სახსრებში ერთდროულად მიმდინარეობს), დაავადების სიმპტომია სახსრებში შებოჭილობა, რაც მაქსიმალურად არის გამოხატული დილის საათებში, ხოლო დღის პირველი ნახევრის შემდეგ თანდათან მცირდება, თუმცა აღნიშნული სიმპტომი ნებისმიერი ართრიტის დროს შეიძლება განვითარდეს.

სახსრების დაზიანება რევმატოიდული ართრიტის დროს მნიშვნელოვანია, სახსრებში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები, რაც მათ ტიპურ დეფორმაციას იწვევს. მტევნის სახსართა სხვადასხვაგვარი დეფორმაცია დეტალურად არის აღწერილი, ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული სახელწოდებითაც კი მოიხსენიებენ და მედიკოსთათვის იმდენად კარგად არის ნაცნობი, რომ მათ დაავადების სავიზიტო ბარათს უწოდებენ.

გარდა სახსრების დაზიანებისა, დამახასიათებელია სისტემური გამოვლინებები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო. საზოგადოდ, რევმატოიდული ართრიტის დროს ინვალიდობის რისკი მაღალია, განსაკუთრებით - დაავადების დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში. დაავადებულთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-18 წლით ნაკლებია, რაც უკავშირდება გართულებებს ორგანოთა სხვადასხვა სისტემის (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემების) მხრივ.


- რას ემყარება რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა?

- სამწუხაროდ, საწყის ეტაპზე რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა არ არის მარტივი, რადგან დაავადების ერთადერთი სიმპტომი შეიძლება სახსრების ტკივილი ან მსუბუქად გამოხატული დილის შებოჭილობა იყოს.

დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემებს. ლაბორატორიული კვლევის მონაცემთაგან აღსანიშნავია სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრაც. მნიშვნელოვანია რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა, რაც ათიდან 8 შემთხვევაში ინფორმაციულია, თუმცა დაავადების საწყის სტადიაზე შეიძლება მხოლოდ 30 შემთხვევაში აღინიშნებოდეს. თანამედროვე სადიაგნოზო კვლევაა ციტრულინური პოლიპეპტიდის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა, რომელიც გამოირჩევა მაღალი - 95%-ზე მეტი - სპეციფიკურობითა და მგრძნობელობით. დაავადების დიაგნოსტიკაში გვეხმარება რენტგენოლოგიური კვლევა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დებიუტიდან პირველი 3-6 თვის განმავლობაში რენტგენოლოგიური კვლევით ცვლილებები შესაძლოა არ გამოვლინდეს, რენტგენოლოგიური კვლევა უფრო მნიშვნელოვანია დაავადების პროგრესირების მეთვალყურეობის თვალსაზრისით.

- ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პაციენტთა დიდი ნაწილი სახსრის ნებისმიერ ტკივილს რევმატიზმს უწოდებს. როგორ ვლინდება ართრიტი რევმატიზმის დროს და რით განსხვავდება ის სხვა ართრიტებისგან?

- რევმატიზმი არის ერთი კონკრეტული დაავადება სახსართა მრავალფეროვან პოათოლოგიებს შორის. დღეს ის განვითარებულ ქვეყნებში იშვიათობად ითვლება, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კვლავ ხშირია. ის ანთებითი დაავადებაა, ვითარდება სტრეპტოკოკული ინფექციის (სტრეპტოკოკული ანგინა, ქუნთრუშა) გადატანიდან 2-4 კვირის შემდეგ, ახასიათებს არა მარტო სახსრების, არამედ გულის, კანის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. უპირატესად თავს იჩენს მსხვილი (კოჭ-წვივის, იდაყვის, მუხლის, მაჯის, უფრო იშვიათად მხრის, ბარძაყის) სახსრების ანთების ყველა ნიშანი, რომლებიც მიგრირებადი, მფრინავი ხასიათისაა - უკვალოდ უკუვითარდება სახსართა ერთ წყვილში და აღმოცენდება მეორეში.

რევმატიზმის შემთხვევაში სახსრების შეუქცევადი, მყარი დაზიანება არ ვითარდება. ართრიტთან ერთად ყურადღებას იპყრობს გულის გარსების ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. გულის ანთება ხშირად იწვევს მანკის ფორმირებას. სწორედ გულის გარსების ანთება და შემდგომ გულის მანკის ფორმირება გამოარჩევს რევმატულ ართრიტს სახსართა სხვა დაავადებებისგან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აქტიური რევმატიზმი უმეტესად ბავშვებსა და ახალგაზრდებში გვხვდება, 5-დან 15 წლამდე, ხოლო შემდგომ - 25-35 წლის ასაკში.

ალბათ მკითხველებს შეუმჩნევიათ, რომ "რევმატიზმზე" არცთუ ისე იშვიათად საუბრობენ ასაკოვანი ქალბატონები, რომელთაც სახსრების სხვადასხვა ტიპის დეფორმაცია აქვთ. ამ ასაკში სახსროვანი ჩივილები და სახსართა დეფორმაცია უმეტესად მადეფორმირებელი ოსტეოართროზის ბრალია და არა რევმატიზმისა.

- რომელი კვლევები ტარდება ართრიტის დიაგნოსტიკის მიზნით? როგორია კვლევის თანამედროვე მეთოდების - ართროსკოპიის, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის, ექოსკოპიის - როლი ართრიტის დიაგნოსტიკაში?

- როგორც აღვნიშნეთ, ტერმინი "ართრიტი" სხვადასხვა მიზეზით აღმოცენებულ სახსრის ანთებას აერთიანებს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კვლევა განსხვავებულია, თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ გამოკვლევები, რომლებიც ართრიტის შემთხვევაში ხშირად ტარდება. ასეთია სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა, ანტისტრეპტოლიზინის ტიტრის განსაზღვრა, ანტისხეულები ციტრულინური პოლიპეპტიდის მიმართ.

რევმატოიდულ ართრიტზე ეჭვისას, თუ სავარაუდოა, რომ ართრიტი აუტოიმუნური დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია, ტარდება სპეციალური იმუნოლოგიური კვლევები (ანტინუკლეარული ანტისხეულების სპექტრი და სხვა).

ართრიტის შემთხვევაში ინფორმაციულია სახსართა რენტგენოგრაფია. ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ძვლის დენსიტომეტრირება.

ექოსკოპია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ართრიტის შემთხვევაში პირველი რიგის კვლევებს არ მიეკუთვნება. ისინი წარმოდგენას გვიქმნიან სახსარში არსებული მყესების, იოგებისა და მიმდებარე რბილი ქსოვილების მდგომარეობაზე, გვაძლევენ არსებული ცვლილებების დინამიკური მეთვალყურეობის საშუალებას. რაც შეეხება ართროსკოპიას, ის არ არის რუტინული კვლევა და მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებით ტარდება.

- აუცილებელია თუ არა ართრიტის დიაგნოსტიკის მიზნით სახსრის პუნქცია და სამკურნალოდ პრეპარატების ინექციები სახსარში? საფუძვლიანია თუ არა ზოგიერთი პაციენტის შიში ასეთი მანიპულაციისადმი?

- არსებობს მდგომარეობები, როდესაც სახსრის პუნქცია აუცილებელია. მაგალითად, მინიმალური ეჭვი სეპტიკურ ართრიტზე სახსრის პუნქციის ჩვენებაა. როგორც აღვნიშნეთ, სეპტიკური ართრიტი დაკავშირებულია პათოგენური მიკრობების გამრავლებასთან სახსრის ღრუში. პუნქცია საშუალებას გვაძლევს, მიღებული სასახსრე სითხის მიკრობიოლოგიური შესწავლით ზუსტად დავადგინოთ გამომწვევი აგენტი, შევისწავლოთ მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ. პუნქციით მიღებული სითხის ლაბორატორიული შესწავლით შეგვიძლია დავადგინოთ, ანთებითია თუ არა სახსარში დაგროვილი სითხე, ხომ არ არის ის ჰემორაგიული ანუ სისხლის შემცველი. ამიტომ სახსრის პუნქცია რეკომენდებულია ნებისმიერი საეჭვო სინოვიტის დროს.

პოდაგრის შემთხვევაში შეიძლება სითხეში უშუალოდ აღმოვაჩინოთ შარდმჟავა კრისტალები. აუცილებლობისას პუნქციის მეშვეობით შეიძლება უშუალოდ სახსარში შევიყვანოთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თუმცა ასეთი ინექციების რიცხვი შეზღუდულია - უმეტესად წელიწადში 3-4-ს არ აღემატება. რაც შეეხება მანიპულაციისადმი პაციენტთა შიშს, მას არ აქვს რეალური საფუძველი, რადგან სახსრის პუნქცია დაკავშირებულია მინიმალურ რისკთან, გართულების ალბათობა ძალიან მცირეა, ექიმები, რომლებიც პუნქციას ატარებენ, ძალიან კარგად ფლობენ ამ მანიპულაციის ჩატარების ტექნიკას.


- რა თავისებურებები ახასიათებს ფსორიაზულ ართრიტს, რომელი სახსრები ზიანდება ამ დროს?

- ფსორიაზი კანის დაავადებაა, რომელიც ხშირია თეთრკანიანებს შორის. ხშირია დაავადების ოჯახური შემთხვევები. ფსორიაზი საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალურია, თუმცა ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია.

ფსორიაზული ართრიტი აზიანებს პერიფერიულ (ტანიდან უფრო შორს მდებარე) და ღერძულა (ხერხემლის, გავა-თეძოს) სახსრებს. დაავადების დროს შესაძლოა აღმოცენდეს სახსრების სიმეტრიული დაზიანება - ორივე მხარეს დაზიანებულია თანამოსახელე სახსრები.

სიმეტრიულ ართრიტს ახასიათებს პროგრესული მიმდინარეობა, სასხრების ფუნქციის მკვეთრი დარღვევა შემთხვევათა 50%-ში. კლინიკური გამოვლინებით ეს ფორმა ჰგავს რევმატოიდულ ართრიტს.

ზოგჯერ ვითარდება ასიმეტრიული ართრიტი, რომლის დროსაც ცალმხრივად ზიანდება ერთი-სამი სახსარი, მაგალითად, მუხლი, ბარძაყი და ერთი ან რამდენიმე თითი.

ფსორიაზული ართრიტის დროს ზოგჯერ უმთავრესად თითების ფალანგთაშუა სახსრები ზიანდება, რის შედეგადაც თითები სოსისისმაგვარ შესახედაობას იძენს. ხშირია ფრჩხილების ტიპური ცვლილებებიც. ღერძულა სახსრების დაზიანებისას ვითარდება სპონდილიტი. პაციენტს აწუხებს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა კისრის, ხერხემლის, წელის, გავა-თეძოს არეში. გარდა ამისა, სპონდილიტის დროს შეიძლება დაზიანდეს შემაერთებელი ქსოვილი - იოგები, ხერხემალთან ერთად პროცესმა მოიცვას მხრის, ბარძაყის, ტერფის სასხრები.

ფსორიაზული ართრიტის მძიმე მადეფორმირებელი და დესტრუქციული ფორმაა ოსტეოლიზური ართრიტი, რომელიც პირველადად აზიანებს ფალანგთაშუა სახსრებს. ეს ფორმა ხშირად ასოცირდება კისრისა და წელის არის ტკივილთან. საბედნიეროდ, დაავადების ეს ფორმა იშვიათია.

ფსორიაზული ართრიტის დიაგნოსტიკას ხშირად აადვილებს ის გარემოება, რომ მის გამოვლენას წინ უძღვის კანის დაზიანება, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჯერ ართრიტი ვითარდება და შემდეგ - კანისმხრივი გამოვლინებები. ფსორიაზულ ართრიტს პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს და ინვალიდობის მიზეზად იქცვეა.

- ყოველთვის ვითარდება თუ არა ართრიტი ფსორიაზის დროს? რომელი ფაქტორები უწყობს ხელს მის აღმოცენებას?

- ფსორიაზის დროს ართრიტი ყოველთვის არ ვითარდება. ის შესაძლოა დაავადების ათიდან 3 შემთხვევაში აღმოცენდეს. ფსორიაზული ართრიტის აღმოცენების ზუსტი მიზეზები უცნობია. განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ დაავადებულთა 40%-ს აქვს გენეტიკური დატვირთვა ფსორიაზის ან ართრიტის მხრივ.

- როგორია ფსორიაზული ართრიტის მკურნალობის პრინციპი და რამდენად შედეგიანია ის?

- დადასტურებული აქტიური ფსორიაზული ართრიტის შემთხვევაში მკურნალობა შორს წასული დეფორმაციების თავიდან ასაცილებლად საკმაოდ აგრესიულად უნდა დაიწყოს. ინიშნება დაავადებამადეფორმირებელი (ბაზისური) პრეპარატები. მათ შორის არჩევის პრეპარატია მეტოტრექსატი (რომელიც კანისმხრივ გამოვლინებათა ალაგებასაც უწყობს ხელს), ასევე - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. სტეროიდული ჰორმონები, შეძლებისამებრ, ჯობს, არ დაინიშნოს.

- რა ახასიათებს პოდაგრულ ართრიტს? არის თუ არა ტერფის ცერა თითის დეფორმაციის ყველა შემთხვევა პოდაგრის გამოვლინება?

- პოდაგრა არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება შარდმჟავას შემცველობის მატება ორგანიზმში და მისი კრისტალების დეპოზიცია (ჩალაგება) სახსრებში - სინოვიურ გარსებსა და მყესებში. დაავადება უპირატესად აზიანებს ტერფის I (ცერის) სახსარს. ტიპური პოდაგრული ართრიტი კლინიკურად ვლინდება სახსრების მწვავე ანთების ყველა სიმპტომით. რასაკვირველია, ტერფის I სახსრის ყველა დაზიანება არ არის პოდაგრა. ხშირად, განსაკუთრებით ქალებში, რომელთა შორისაც პოდაგრა ძალიან იშვიათია, სახსრის აღნიშნული დაზიანება დაკავშირებულია განივ ბრტყელტერფიანობასთან, ტერფის სხვა დეფორმაციებთან.

- მრავალ პაციენტს მიაჩნია, რომ ართრიტი ლოკალური დაავადებაა, მხოლოდ სახსარს მოიცავს. აქვს თუ არა საფუძველი ამ შეხედულებას?

- ასეთი შეხედულება ზოგჯერ, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა. ართრიტის შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ ორგანიზმში მიმდინარე ზოგადი პათოლოგიური პროცესის შედეგი და გამოხატულებაა. ამის ნათელი მაგალითია ართრიტი აუტოიმუნური დაავადებების დროს, პოდაგრა, მიკროკრისტალური ართროპათიები, რეაქტიული ართრიტი, სახსროვანი სინდრომი სიმსივნეების შემთხვევაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახსროვან პრობლემათა 90% მაინც ჩვეულებრივ მადეფორმირებელ ოსტეოართროზთან არის დაკავშირებული, ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიათა წილად ართრიტების მხოლოდ 10% მოდის.

- რომელი სისტემური დაავადების დროს ვითარდება ართრიტი და ახასიათებს თუ არა გამოვლინების რაიმე თავისებურება ართრიტის ამ სახეობას?

- ართრიტი შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერი სისტემური დაავადების დროს. სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის, დერმატომიოზიტის, ვასკულიტების შემთხვევაში ართრიტი დაავადების კლინიკური სურათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ დაავადების სიმპტომატიკა სრულია, ართრიტის მიზეზის ძიება საჭირო არ არის, მაგრამ არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკას ართულებს ის გარემოება, რომ სახსროვანი სინდრომი წინ უძღვის სისტემური დაავადების სხვა ნიშნებს და ერთხანს მის ერთადერთ სიმპტომს წარმოადგენს.

ცნობილია, რომ ზოგჯერ ართრიტია დაავადების ადრეული და რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთადერთი გამოვლინება ჰიპოთირეოიდიზმის, ჰიპერპარათირეოიდიზმის, შაქრიანი დიაბეტის, კუშინგის დაავადების, აკრომეგალიის, ჰიპერლიპიდემიის, ჰემოქრომატოზის, სარკოიდოზის დროს.

- რომელი ინფექციების დროს არის მოსალოდნელი და რომელი ფაქტორები უწყობს ხელს ინფექციური ართრიტის აღმოცენებას, რას ეფუძნება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, უკუგანვითარდება თუ არა სახსრებში ინფექციური ართრიტის დროს აღმოცენებული ცვლილებები?

- ინფექციური პროცესების დროს შესაძლოა აღმოცენდეს სეპტიკური ან რეაქტიული ართრიტი.

სეპტიკური ართრიტი არის სახსრის ინფექცია, რომელიც მასში ბაქტერიების, უფრო იშვიათად კი სოკოების მოხვედრის შედეგია. მისი უხშირესი გამომწვევი ოქროსფერი სტაფილოკოკია. წარსულში სეპტიკური ართრიტი ხშირად ვითარდებოდა გონორეის დროს. სეპტიკური ართრიტის დროს უნდა დაიწყოს დაუყოვნებელი მკურნალობა ანტიბაქტერიული პრეპარატებით. მკურნალობის დაგვიანებისას პროცესი სწრაფად პროგრესირებს, რაც სახსრის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

- რა თავისებურებები ახასიათებს ართრიტს ტუბერკულოზის დროს?

- ტუბერკულოზური ართრიტის დროს შესაძლოა დაზიანდეს მუხლის, ბარძაყის, იდაყვის, მაჯის სახსრები, ხერხემალი. ტუბერკულოზური ართრიტი უმეტესად მონოართრიტის სახით მიმდინარეობს - მხოლოდ ერთ სახსარს აზიანებს. ნიშნეულია მოძრაობის შეზღუდვა, ართრიტის სიმპტომები და ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომატიკა - სისუსტე, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება 37-38 გრადუსის ფარგლებში, წონის კლება, უმადობა, ანამნეზში - ფილტვების ტუბერკულოზი. ტუბერკულოზურ ართრიტზე ეჭვის არსებობისას პაციენტი შემდგომი კვლევისთვის შესაბამის დაწესებულებაში იგზავნება. დაავადების მკურნალობა სახსრების დაზიანების პროგრესირებას აფერხებს, თუმცა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მოსალოდნელია სახსრების დესტრუქცია, ხერხემლის ტუბერკულოზისას - კუზის წარმოქმნა, ზურგის ტვინის კომპრესია.


- რა არის რეაქტიული ართრიტი, როდის ვითარდება ის?

- რეაქტიული ართრიტი არის ართრიტის თვითლიმიტირებადი ფორმა, რომელიც მრავალმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ უმეტესად ნაწლავური (კამპილობაქტერიით, სალმონელათი, შიგელათი და იერსინიათი გამოწვეული) ან გენიტალიური (ქლამიდიოზი) ინფექციების საპასუხოდ ვითარდება. ართრიტის ამ ფორმის დროს გამომწვევ აგენტს უშუალოდ სახსარში, მის სინოვიურ სითხეში ვერ აღმოაჩენენ.

რეაქტიული ართრიტის აღმოცენების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ სადღეისოდ მიაჩნიათ, რომ ბაქტერიული ინფექცია იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას და შედეგად ართრიტის განვითარებას იწვევს. ვარაუდობენ, რომ სახსრების ასეთი რეაქცია სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მიმართ გენეტიკური განწყობის შედეგია.

რეაქტიული ართრიტის დროს უმეტესად ზიანდება ქვედა კიდურის მსხვილი (მუხლის, კოჭ-წვივის) სახსრები, ხერხემალი და იოგები, დაავადებულები უპირატესად 20-50 წლის მამაკაცები არიან. ართრიტთან ერთად ყურადღებას იპყრობს კონიუნქტივიტი, ურეთრიტი (შარდსადენის ანთება), სასქესო ორგანოებზე წყლულების წარმოქმნა, კანის გამონაყარის არსებობა.

ტიპურ შემთხვევებში იმუნური სისტემა თავად წყვეტს რეაქციას ინფექციაზე და ართრიტიც უკუგანვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, თვეობითა და წლობით გაგრძელდეს, რაც მედიკამენტური ჩარევის საფუძველი ხდება. ამ მიზნით იყენებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, რიგ შემთხვევაში კი საშუალებებს, რომელთაც დაავადების მოდიფიცირება შეუძლიათ.

- დღეს ართრიტის სამკურნალოდ რეკომენდებულ ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონულ (არასტეროიდულ) პრეპარატებს პაციენტები კარგად იცნობენ. როგორია მათი ადგილი მკურნალობის თანამედროვე სქემაში? გარდა აღნიშნულისა, რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა, როგორია ართრიტის სამკურნალო ახალი, საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატების მოქმედების მექანიზმი და რომელი დაავადებების დროს არის მიზანშეწონილი ამ მედიკამენტების გამოყენება? ჩვენი მკითხველები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით, ამართლებს თუ არა მკურნალობის შედეგი მედიკამენტების ფასს.

- ტრადიციულად, ართრიტის მკურნალობა გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ართრიტის სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას. ამ მიზნით მოწოდებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) პრეპარატები, სტეროიდული ჰორმონები, ეგრეთ წოდებული ბაზისური პრეპარატები და უახლესი პრეპარატები, რომელთაც ბიოლოგიურ აგენტებს უწოდებენ.

ბუნებრივია ართრიტის მკურნალობა იწყება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით. ეს პრეპარატები ამცირებენ ანთების ზოგად და ადგილობრივ სიმპტომებს, აუმჯობესებენ პაციენტის ზოგად მდგომარეობას. ზოგჯერ საჭირო ხდება ჰორმონული პრეპარატების გამოყენებაც, რომლებიც მძლავრი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა და ამავე დროს თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას საკუთარი სტრუქტურების წინააღმდეგ, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ხშირად ართრიტის აღმოცენებისა და სიმპტომების პროგრესირების მიზეზია.

ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების დროს ართრიტის შემთხვევაში ინიშნება საბაზისო პრეპარატები. მათი მაგალითებია ოქროს პრეპარატები, მეტოტრექსატი, სულფასალაზინი, აზათიოპრინი და სხვა. აღნიშნული პრეპარატების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმი იღებს პაციენტის მონაცემებისა და დაავადების მიმდინარეობის გათვალისწინებით.

ართრიტის ზოგიერთი სახეობის (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი ანუ ბეხტერევის დაავადება და სხვა) სამკურნალოდ ინიშნება თანამედროვე ბიოლოგიური აგენტები.

ცნობილია, რომ სახსრების ანთების აღმოცენებას განაპირობებს ანთების მედიატორები - ციტოკინები. მარტივად რომ ვთქვათ, ბიოლოგიური აგენტები სწორედ ციტოკინების აქტივობას თრგუნავს (თუმცა მათი მოქმედების მექანიზმი უფრო რთული და მრავალფეროვანია) და მკვეთრად ამცირებს ართრიტის სიმპტომატიკას, თრგუნავს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.

ბიოლოგიური პრეპარატების შეყვანა ორგანიზმში ინტრავენური ინექციებით ხდება. სადღეისოდ მსოფლიოში ამ ჯგუფის ათამდე პრეპარატია ცნობილი. ჩვენს ქვეყანაში შემოტანილია სამი მათგანი.

პაციენტებმა იციან, რომ ბიოლოგიური აგენტებით მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს. მსოფლიოს განვითარებულ (და არც ისე მაღალგანვითარებულ, მაგალითად, ბალტიისპირეთის) ქვეყნებში ასეთ მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. არის ქვეყნები, სადაც ფინანსდება მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის (10, 20 ან მეტი) პაციენტის მკურნალობა. იმედი ვიქონიოთ, რომ დადგება დრო, როცა საამისო რესურსები ჩვენთანაც მოიძებნება.

ბიოლოგიური აგენტებით მკურნალობისას მიღებული ეფექტი ნამდვლად ამართლებს ამ მედიკამენტების ღირებულებას, პაციენტი უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას, თავს გრძნობს სრულფასოვან ადამიანად. უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მკურნალობის დანიშვნა რუტინულად არ ხდება და მკურნალობა თავიდანვე არ იწყება ამ პრეპარატებით. მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ბიოლოგიური აგენტების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტს უტარდება ადეკვატური მკურნალობა სამი ბაზისური პრეპარატით, მაგრამ შედეგი არ არის მიღწეული. ბიოლოგიური აგენტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა პრეპარატებთან ერთად, ასევე მონოთერაპიის სახითაც.

- რომელი ფაქტორები ზრდის ართრიტის აღმოცენების რისკს, როგორი უნდა იყოს ართრიტით დაავადებული პაციენტის ცხოვრების წესი და რას ურჩევდით ადამიანს, რომელსაც ართრიტი აქვს?

- როგორც აღვნიშნეთ, ტერმინი "ართრიტი" მრავალ პათოლოგიას აერთიანებს. თითოეულ მათგანს განსხვავებული, მისთვის ტიპური რისკფაქტორები აქვს, მაგრამ ცნობილია ფაქტორები, რომლებიც საზოგადოდ ზრდის სახსართა პათოლოგიების აღმოცენების რისკს. მათ შორის უნდა გამოვყოთ:

  • ნიკოტინი. დადგენილია, რომ მისი ზემოქმედებით იზრდება სახსართა პათოლოგიების აღმოცენების ალბათობა. ევროპაში მეცნიერებმა შეისწავლეს თამბაქოს გავრცელებამდე გარდაცვლილ პირთა სამარხები. ვერც ერთ ჩონჩხში ვერ აღმოაჩინეს რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. დადგენილია, რომ რევმატოიდული ართრიტის სპეციფიკური მარკერის - ციტრულინური პოლიპეპტიდის - შემცველობა მწეველთა ფილტვებში მაღალია;
  • ცივ წყალთან კონტაქტი, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვთა სპაზმს, ზრდის სახსრების დაზიანების რისკს;
  • ჭარბი წონა განაპირობებს სახსრების დატვირთვას;
  • ფიზიკური გადატვირთვა;
  • ჰიპოდინამია;
  • არაკომფორტული ფეხსაცმელი, მოუხერხებელი სკამი, რბილი საწოლი, მაღალი ბალიში. თუ გვსურს, ჯანმრთელი სახსრები შევინარჩუნოთ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სქელძირიან, ფართო და საშუალო სიმაღლის ქუსლიან ფეხსაცმელს, მაგარ საწოლს, პატარა ბალიშს;
  • ბრტყელტერფიანობა და სახსართა ჰიპერმობილობა ანუ ზედმეტად მოძრავი სახსრები ზრდის ართრიტის აღმოცენების რისკს;
  • სქესი. დადგენილია, რომ ზოგიერთი დაავადება (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი) უფრო ხშირია ქალებში, ზოგიერთი კი (მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრა) მამაკაცებში;
  • გენეტიკა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მშობლებს ართრიტი აქვთ, ის აუცილებლად ექნება შვილსაც.

გარდა ამ ზოგადი ფაქტორებისა, ცნობილია რისკფაქტორები, რომელთა როლი კონკრეტული დაავადების აღმოცენებაში დადგენილია. მაგალითად, ცნობილია, რომ მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება ზრდის სისტემური წითელი მგლურას რისკს, სიცივე კი სკლეროდერმიისას, თუმცა ეს ფაქტორები დაავადების გამოვლინებას მხოლოდ წინასწარ განწყობილ პირებში განაპირობებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან ალბათ ნათელია, რომ თუ გვინდა, ჯანმრთელი სახსრები გვქონდეს, თავიდან უნდა ავიცილოთ რისკფაქტორების ზემოქმედება და დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები.