ტერფი და მისი დერმატოლოგიური პრობლემები

ეს და ბევრი სხვა რამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ სურს, რომ ტერფებზე ჯანმრთელი კანი და ფრჩხილები ჰქონდეს.
დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ხშირია კანისა და ფრჩხილების ინფექციური (უმეტესად სოკოვანი) პათოლოგიები, ქუსლის ნახეთქები, კოჟრები. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "იუნონას" ექიმი, დერმატოლოგი ნინო ჩაკაბერია.
- რა უწყობს ხელს ტერფის სოკოვანი პათოლოგიის განვითარებას?
- ტერფის სოკოვანი დაავადებით ანუ ტერფის მიკოზით დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან ან მის ნივთებთან კონტაქტით, უპირველეს ყოვლისა - პედიკიურისა და მანიკიურის ხელსაწყოების, პირსახოცის, ფეხსაცმლისა და წინდების საშუალებით. ასევე ადვილად ხდება ინფიცირება აუზზე, საუნაში და სპორტულ დარბაზში.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ოფლიანობა, მიკროტრავმები, ვიწრო ფეხსაცმელი, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება. მიკოზის განვითარების რისკი იმატებს იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესით, გადაღლით, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღებით, არასრულფასოვანი კვებით, ანემიით.
- გარდა ქავილისა, რას უჩივის ამ დროს პაციენტი?
- კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. ხშირად დაავადება უსიმპტომოდაც მიმდინარეობს და მაშინღა აღმოაჩენენ, როცა პაციენტს სამედიცინო ცნობა დასჭირდება ანდა თავს იჩენს ესთეტიკური პრობლემები, სხვადასხვა ინტენსივობის ქავილი. თუ სოკოვანს ბაქტერიული ინფექციაც დაერთო, ვითარდება კანის ანთება, შეშუპება და ტკივილი.
- დაავადების გამომწვევი პარაზიტებიდან რომელი გხვდებათ ყველაზე ხშირად?
- ტერფის სოკოვან პათოლოგიას ყველაზე ხშირად იწვევს trichophyton rubrum და trichophyton mentagrophytes. ეს ორი გამომწვევი უმეტესად თითებს (კერძოდ, მე-3-სა და მე-4-ს) შორის არსებულ ნაოჭებში ბუდობს, აქედან კი პროცესი ვრცელდება ტერფის კანზე და ფრჩხილის ფირფიტაზე.
ტერფებზე შეინიშნება აქერცვლა და კანის აშრევება. ამავე უბნებზე წარმოიქმნება წვრილი ბუშტუკები, ერითემა, ნაპრალებიც კი. კლინიკისა და ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ დერმატოფიტიის შემდეგი სახეები: თითებშუა დერმატოფიტია, ფეხისგულების დერმატოფიტია (როცა დაზიანების კერა შემოიფარგლება ფეხისგულითა და ტერფის გვერდითი ზედაპირებით), დისჰიდროზული დერმატოფიტია (როდესაც შეინიშნება დიდი რაოდენობით წვრილი და მსხვილი ბუშტუკები), ღრმა დერმატოფიტია (ამ შემთხვევაში გამონაყარი ვრცელდება თითებშუა ნაოჭებში, ფეხისგულსა და ტერფის დორზალურ ზედაპირზე. ხშირად თან ახლავს ბაქტერიული ინფექციაც).
- დათვალიერებასთან ერთად რომელ გამოკვლევებს ეფუძნება დიაგნოსტიკა?
- ტერფის მიკოზის საბოლოო დიაგნოსტიკისთვის, გარდა ზემოთ აღნიშნული გარეგნული ცვლილებების დადასტურებისა, საჭიროა პათოლოგიური კერიდან აღებული მასალის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ამ უკანასკნელს ექიმი ნიშნავს. ამასთანავე, ხშირად დერმატოლოგი მიზანშეწონილად მიიჩნევს თერაპევტის, ენდოკრინოლოგის ან ანგიოლოგის კონსულტაციას.
- რას გულისხმობს ტერფის დაავადებათა რაციონალური მკურნალობა და პროფილაქტიკა?
- სწრაფი და ეფექტური განკურნების საწინდარია ექიმთან დროულად მისვლა და მკურნალობის ადრეულ სტადიაში დაწყება. ამჟამად ანტიმიკოზური მედიკამენტების არჩევანი საკმაოდ დიდია და მოიცავს როგორც სისტემური, ასევე ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებს: კრემებს, ლოსიონებს, სპრეის, აეროზოლს.
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, როდესაც პროცესი გენერალიზებულია ან თან ერთვის ბაქტერიული ინფექცია, მკურნალობის სქემაში უნდა ჩაირთოს სისტემური პრეპარატებიც, რომელთაც ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს.
პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, თეთრეულის, ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექციას. უნდა გვეცვას მხოლოდ საკუთარი ფეხსაცმელი, თავი ვარიდოთ ფეხშიშველა სიარულს ისეთ ადგილებში, როგორიც არის აუზი, საუნა, სპორტდარბაზი. წყლის პროცედურების შემდეგ აუცილებელია ტერფის კარგად გამშრალება და პერიოდულად ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) აეროზოლის შესხურება.
- რას გვეტყვით ფრჩხილების დაავადებებზე, მათ დეფორმაციასა და სხვა სახის ცვლილებებზე?
- უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში იმატა ფრჩხილების დეფორმაციული დაზიანებისადმი როგორც დერმატოლოგების, ასევე კოსმეტოლოგებისა და სხვა სპეციალისტების ინტერესმა. ეს, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება მოსახლეობის ავადობის მატებას და ფრჩხილების ამა თუ იმ ცვლილებისას დიაგნოზის დასმის სირთულეს.
ფრჩხილების დაავადება ინფექციურიც შეიძლება იყოს და არაინფექციურიც. სოკოვანი ინფექციების წილად მოდის ფრჩხილების დაავადებათა დაახლოებით 50%, დანარჩენ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ფრჩხილის ფირფიტის არაინფექციურ დაზიანებასთან ანუ ონიქოდისტროფიასთან.
სოკოთი ინფიცირებული ფრჩხილის ჯანმრთელისგან გარჩევა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებამდე, საწყის ეტაპზე, შესაძლებელია მხოლოდ ფერის ცვლილებით. მოგვიანებით ფრჩხილი სქელდება, ფხვიერდება და იწყება მისი დესტრუქციული ცვლილებები. ფერი შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო, ყავისფერი ან შავი.
არანამკურნალევი ონიქომიკოზი (ფრჩხილის სოკოვანი დაავადება) განიხილება როგორც სხვადასხვა ინფექციური (მაგალითად, წითელი ქარის) დაავადების წყარო.
ონიქომიკოზი არსებითად ართულებს შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობას. გარდა ამისა, დასნებოვნებულს შესაძლოა განუვითარდეს ალერგია, ჩამოუყალიბდეს ჰიპერმგრძნობელობა სოკოს როგორც ალერგენის მიმართ; დაემართოს ან გართულდეს ისეთი დაავადებების მიმდინარეობა, როგორიც არის ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი.