ფრჩხილების სოკოვანი დაავადება
რა არის ონიქომიკოზი
- ონიქომიკოზი გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც ხელისა და ფეხის ფრჩხილების დაზიანება ახასიათებს. ის რამდენიმე სახისაა:
1. დისტალურ-ლატერალური ფრჩხილქვეშა ონიქომიკოზი. დაზიანება იწყება ფრჩხილის თავისუფალი ფირფიტის შიგნითა ზედაპირიდან ან ფრჩხილის ფირფიტის კიდიდან და ფრჩხილის ფირფიტის ცენტრისკენ ვრცელდება. დაავადება შეიძლება იყოს პირველადიც, როდესაც ზიანდება ჯანმრთელი ფრჩხილი და მეორეულიც, როდესაც დაავადებული ფრჩხილი ზიანდება.
2. თეთრი ზედაპირული ონიქომიკოზი. დაზიანება იწყება ფრჩხილის ფირფიტის გარეთა ზედაპირიდან.
3. პროქსიმული ფრჩხილქვეშა ონიქომიკოზი. დაზიანება იწყება ფრჩხილის უკანა მორგვიდან, ღრმად ვრცელდება ფრჩხილის მატრიქსში და აზიანებს ფრჩხილის ფირფიტის შიგნითა ზედაპირს.
4. ტოტალური დისტროფიული ონიქომიკოზი. დაავადება შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც. ხშირად ახლავს თან გენერალიზებულ გრანულომატოზურ კანდიდოზს.
ფრჩხილის დაზიანებას იწვევს:
- დერმატოფიტები - ანთროპოფილური (თრიცჰოპჰყტონ რუბრუმ, თრიცჰოპჰყტონ მენტაგროპჰყტეს, Eპიდერმოპჰყტონ ფლოცცოსუმ) და ზოოფილური (თრიცჰოპჰყტონ ვერრუცოსუმ, რომელიც უმეტესად ხელის ფრჩხილებს აზიანებს);
- საფუარა სოკოები - ჩანდიდა ალბიცანს, ჩანდიდა ტროპიცალის;
- ობის სოკოები - ცნობილია ონიქომიკოზის გამომწვევი ორმოცზე მეტი სახეობა. ყველაზე ხშირი გამომწვევია შცოპულანოპსის ბრევიცაულის (აზიანებს უმეტესად ფეხის ფრჩხილებს).
დაავადება თანაბრად არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, თუმცა უფრო მეტად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (ქალაქებში) გვხვდება. დაავადებულთა უმრავლესობა 20-დან 50 წლამდე ასაკისაა. რაც შეეხება სქესის მიხედვით გავრცელებას, ფრჩხილების დერმატოფიტიით უმეტესად მამაკაცები ავადდებიან, ფრჩხილების კანდიდოზით კი ქალები.
როგორ ხდება დასნებოვნება
დერმატოფიტებით დასნებოვნება ხდება კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო (მოვლის საშუალებები) და კონტაქტური (ოჯახის წევრებისგან, აუზზე, სპორტულ დარბაზში და სხვა) გზით. საფუარა სოკო ადამიანის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენელია. დაავადება ვითარდება იმუნიტეტის შესუსტებისა და მიკროფლორის ნორმალური შემადგენლობის დარღვევის დროს. ადამიანისგან ადამიანს ის არ გადაედება. ათიდან რვა შემთხვევაში ზიანდება ფეხის ფრჩხილები (განსაკუთრებით - პირველი თითისა). ხელისა და ფეხის ფრჩხილების დაზიანება ერთდროულად თითქმის არ გვხვდება.
რისკფაქტორები
ფრჩხილის სოკოთი დაავადების ალბათობას ზრდის:
- ვიწრო დახურული ფეხსაცმელი;
- უხარისხო ფეხსაცმელი;
- ტერფის სოკოვანი დაავადება ოჯახის წევრებს შორის;
- საერთო აბანოთი სარგებლობა;
- აუზით სარგებლობა;
- ქრონიკული არტერიული უკმარისობა.
კლინიკური ნიშნები
დისტალური ლატერალური ფრჩხილქვეშა ონიქომიკოზის დროს ჩნდება თეთრი ლაქა მკვეთრი საზღვრებით. დაზიანება ლოკალიზდება ფრჩხილის ფირფიტის შიგნითა ზედაპირსა და ფრჩხილის საწოლზე. ლაქა თანდათან ყვითლდება, ყავისფრდება და შავდება. ფრჩხილი იბინდება, სქელდება, რქოვანდება, მაღლა იწევს და სცილდება ფრჩხილის საწოლს. დერმატოფიტებითა და ობის სოკოებით გამოწვეულ ონიქომიკოზებს ერთნაირი კლინიკური სურათი აქვს. ფეხის ფრჩხილები გაცილებით ხშირად ზიანდება, ვიდრე ხელისა. საყვარელი ლოკალიზაციაა პირველი და მეხუთე ფრჩხილები. ხელის ფრჩხილების დაზიანებისას პროცესი უმეტესად ლოკალიზდება ცალ ხელზე. ხელისა და ფეხის ფრჩხილების ერთდროული დაზიანების შემთხვევაში ტიპური ლოკალიზაციაა ერთი მტევანი და ორივე ტერფი. თეთრი ზედაპირული ონიქომიკოზის დროს მოთეთრო რძისფერი ლაქა ფრჩხილის ფირფიტის პროქსიმულ ნაწილში მდებარეობს და სიღრმეში იზრდება. ხშირად ფრჩხილის ფირფიტის გარეთა ზედაპირი მთლიანად ზიანდება. წესისამებრ, პროცესი მოიცავს ფეხის ფრჩხილებს. პროქსიმული ფრჩხილქვეშა ონიქომიკოზის შემთხვევაში თეთრი ლაქა ჩნდება ფრჩხილის უკან მორგვის ქვეშ, თანდათან ვრცელდება დისტალური მიმართულებით და ფრჩხილის ფირფიტის თითქმის მთელ შიგნითა ზედაპირს იკავებს. პროცესი ამ შემთხვევაშიც ფეხის ფრჩხილებს მოიცავს. ფრჩხილის კანდიდოზის დროს ფრჩხილის მორგვი მტკივნეულია, შეშუპებული, ჰიპერპიგმენტური. ფრჩხილის ფირფიტა განიცდის დისტროფიულ ცვლილებებს: იბინდება, ეცვლება ფერი (ყვითლდება, შავდება). ათიდან შვიდ შემთხვევაში ზიანდება ხელის ფრჩხილები. ფრჩხილის კანდიდოზის დროს მოსალოდნელია სხვა ორგანოების დაზიანებაც (კანდიდოზური სტომატიტი და ვულვოვაგინიტი). აუტოიმუნური პოლიგლანდულარული სინდრომების დროს ხშირად გვხვდება ქრონიკული გენერალიზებული კანდიდოზი ნაწიბუროვან ალოპეციასთან, ვიტილიგოსა და ენდოკრინულ დაავადებებთან (ჰიპოპარათირეოიდიზმი, თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი) ერთად.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა
კლინიკურ მონაცემებთან ერთად დიაგნოზი აუცილებლად უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული გამოკვლევებითაც. დაზიანებული (პათოლოგიური) კერიდან იღებენ ანაფხეკს და მიკროსკოპით იკვლევენ. თუმცა მიკროსკოპით გამომწვევის იდენტიფიცირება შეუძლებელია (ამისთვის საჭიროა მისი დათესვა საბუროს ნიადაგზე), მხოლოდ საფუარა სოკოს დერმატოფიტებისგან განსხვავება ხერხდება. თუ სხვა გამოკვლევები 3-3-ჯერ არაინფორმაციული აღმოჩნდა, ტარდება ფრჩხილის ჰისტოლოგიური კვლევა.
როგორ მკურნალობენ
ონიქომიკოზი თავისთავად არ იკურნება. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ერთი ფრჩხილიდან სოკო დანარჩენებსაც გადაედება და ამგვარად პროცესი ყველა ფრჩხილს მოიცავს. მკურნალობა, უწინარესად, ითვალისწინებს ფრჩხილის მექანიკურ დამუშავებას გარეგანი (ადგილობრივი) საშუალებებით: წვეთებით, ლოსიონებით, ლაქებით. ისინი ეფექტურია საწყის სტადიებზე, მაგრამ ხშირად არასაკმარისი. ამ შემთხვევაში ინიშნება პერორალური პრეპარატებიც: გრიზეოფულვინი, იმიდაზოლისა და ტიაზოლის წარმოებულები (ინტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი), ალილამინები (ტერბინაფინი). ვინაიდან ფრჩხილები ნელა იზრდება, მკურნალობის კურსიც ხანგრძლივია - 6-12 თვემდე გრძელდება. მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ისევ ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა, ფრჩხილის გარეგნული დათვალიერება საკმარისი არ არის.
რას გულისხმობს პროფილაქტიკა
აბანოში, აუზზე, სპორტულ დარბაზებში უნდა გვეცვას სპეციალური რეზინის ფეხსაცმელი, კარგად გავიმშრალოთ თითები და გამოვიყენოთ ანტიმიკოზური სპრეი. სასურველია ფეხსაცმელების დამუშავებაც სპეციალური ხსნარებით.