გართულების შემთხვევაში ხალი ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს
მათ წარმოშობას აპროვოცირებს კანის ინფექციებიც, თუმცა ყველაზე მძლავრი კატალიზატორი მზით კანის ჭარბი დასხივებაა. ხალი რომ გაავთვისებიანდეს, აუცილებელია გარკვეული ბიძგი, გამაღიზიანებელი. შესაძლო მიზეზთა შორის, უპირველეს ყოვლისა, მზის გულზე დიდხანს ყოფნა უნდა დავასახელოთ. ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი დოზა კანის უჯრედებში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, რაც ძლიერ ზრდის ხალების გადაგვარების რისკს. აკრძალულია გადაჭარბებული გარუჯვა, რადგან სწორედ იგი იწვევს კანის იმუნური ძალების დასუსტებას, შედეგად კი ხალების გაავთვისებიანებას, პიგმენტური ლაქების გაჩენას და ახალწარმონაქმნთა სტიმულაციას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მომავალ დედებს.
მეორე გავრცელებული მიზეზი ხალის ტრავმაა, ამიტომ უნდა ერიდოთ ხალის დაზიანებას პირბასრი საგნით, დაბანისას სახეხით და სხვ. რისკჯგუფში შედიან თეთრკანიანი, ქერათმიანი, ცისფერ-, მწვანე- და ნაცრისფერთვალება ადამიანები, ისინი, ვისაც კანზე ბევრი ჭორფლი, პირგმენტური ლაქა აქვს, ორსულები, ჭარბხალიანები, განსაკუთრებით - თუ ხალები 5 მმ-ზე დიდი დიამეტრისაა.
ადრეულ სტადიაში მელანომა ასიდან პრაქტიკულად ასივე შემთხვევაში იკურნება. მელანომამდელი პერიოდი, საბედნიეროდ, საკმაოდ ხანგრძლივია, უბრალოდ, აუცილებელია, პრობლემურ ხალს ყურადღება არ მოაკლდეს.
ონკოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ ხალმა იცვალა ფერი - შემცირდა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ, სიშავემდეც კი; შეფერილობა არათანაბარზომიერი გახდა, პერიფერიაზე გაჩნდა რგოლისმაგვარი ლაქა ან ერთმანეთთან შეერთების ტენტენციის მქონე სხვადასხვა ზომის კვანძები; ხალმა დაიწყო აქერცვლა ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა; ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა არეოლა - ანთებითი სიწითლე.ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა; ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ; ხალის ან პიგმენტური ლაქის ზედაპირიდან თმა გაცვივდა; ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები. იხილეთ ვრცლად იხილეთ აგრეთვე