პატარა, მაგრამ საშიში ხალი
ამის შესახებ პედიატრი ია ხარებავა გვესაუბრება.
- ხალების მიმართ ექიმების დამოკიდებულება მართლაც არცთუ ოპტიმისტურია. გამოკვლევებისა და კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ხალები ხშირად პრობლემებს უქმნიან ადამიანებს. თუმცა ყველა ხალი როდია საშიში...
-
რა არის ხალი და რატომ ჩნდება ის?
- ხალი - ეს არის კანზე არსებული პიგმენტური ლაქა, რომელიც ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება ან სიცოცხლის განმავლობაში უჩნდება. მედიცინაში ყოველგვარ ხალს, განურჩევლად ტიპისა, ეწოდება ნევუსი. გარდა ამისა, ხალებს უწოდებენ წარმონაქმნებს, რომლებიც გარეგნულად ნაკლებად ჰგავს პიგმენტურ ლაქებს. ესენია ჰემანგიომა - წითელი ფერის სისხლძარღვოვანი ხალი - და პაპილომა - თხელ ფეხზე ჩამოკიდებული წანაზარდი, რომელსაც ხალთან საერთო არაფერი აქვს.
კლასიკური ხალი ყავისფერია (ძალიან ბაციდან ძალიან მუქამდე, თითქმის შავის ჩათვლით) და წარმოიქმნება პიგმენტური უჯრედების, მელანოციტების, ერთ ადგილას შეგროვების შედეგად. მელანოციტები კანშია. სწორედ მათი წყალობით ვირუჯებით. მათი დამსახურებაა ჭორფლის გაჩენაც ულტრაიისფერი სხივების მიმართ მგრძნობიარე კანზე.
-
რამდენი ტიპის ხალები არსებობს?
- ნევუსის ყველაზე გავრცელებული ტიპია პიგმენტური ხალები. ეს ხალები ბრტყელია ან ოდნავ წამოწეული კანის ზედაპირიდან, მომრგვალო ფორმისა, ყავისფერი. შეფერილობა დამოკიდებულია მელანოციტების რაოდენობასა და მათი მდებარეობის სიღრმეზე. შეხებისას უმტკივნეულოა და არაფრით განსხვავდება დანარჩენი კანისგან.
ზოგჯერ ხალი დაბადებისთანავე აქვს ახალშობილს, უმრავლესობა კი სიცოცხლის პირველ წელს ჩნდება. თანდაყოლილი ნევუსები სხვადასხვა ზომისაა: წვრილი (0,5-დან 1,5 მმ-მდე), საშუალო (1,5-დან 10 მმ-მდე) და მსხვილი (10 მმ-ზე მეტი ზომისა).
ცალკე გამოიყოფა კანის პიგმენტური უბნები. მათ გიგანტურს უწოდებენ. ხშირად მუქი ლაქები უხვადაა დაფარული თმით. პიგმენტური ნევუსებისთვის დამახასიათებელია ერთი რამ: ნორმაში არ რეაგირებენ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე - არ იცვლიან ფორმასა და ზომას.
მსხვილ და გიგანტურ ხალებს ექიმები მეტი სიფრთხილით ეპყრობიან, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, მაღალია მათი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის რისკი - 10-დან 50%-მდე. ამგვარი პიგმენტაციების მქონე პატარებს წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდებათ დერმატოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაცია. მშობლებს ურჩევენ, მოარიდონ ისინი ულტრაიისფერ სხივებს.
ნევუსების სისხლძარღვოვანი ნაირსახეობაა ჰემანგიომა. ის პიგმენტური ლაქისგან განსხვავდება არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ იმითაც, რომ უფრო მგრძნობიარეა ან უფრო მტკივნეული. ჰემანგიომებიც, როგორც ნევუსები, ან თანდაყოლილია, ან დაბადების შემდეგ ჩნდება. ისინიც რამდენიმე სახეობად იყოფა. უმეტესად გვხვდება ბრტყელი, კანიდან ოდნავ წამოწეული ჰემანგიომები, რომლებიც კანის უწვრილესი კაპილარებისგანაა წარმოქმნილი. ისინი შედარებით მცირე ზომისაა, შეფერილობით - ვარდისფრიდან მოწითალო-მოიისფრომდე.
-
როდის არის საშიში ეს წარმონაქმნები?
- საყურადღებოა, თუ ერთი წლის განმავლობაში ხალის ზომამ 1-2მმ-ით მოიმატა და განაგრძობს ზრდას. ამ შემთხვევაში ის აუცილებლად აჩვენეთ ონკოლოგს. უფრო საგანგაშო ნიშანია ნევუსის გარშემო ნახეთქების გაჩენა, ქავილი, სისხლდენა, სიწითლე. ამ შემთხვევაშიც უთუოდ მიმართეთ სპეციალისტს. საჭიროა “მოუსვენარი” ხალის მოშორება, რათა მელანომის წარმოშობა გამოირიცხოს. ოპერაციაზე უარის თქმას არ გირჩევთ - იგი ნაკლებტრავმულია და ხანმოკლე.
ხალების მოცილება ჩვეულებრივი ქირურგიული მეთოდითაც ხდება, კრიოქირურგიითაც (გაყინვით), ელექტროკოაგულაციითაც და ლაზერითაც. ოპერაციის შემდეგ ბავშვს უნდა დაუწესდეს დისპანსერული მეთვალყურეობა ონკოლოგთან 1-3 წლით. თუ სამედიცინო ჩვენების გარეშე გადაწყვეტთ, მოაშოროთ ბავშვს ხალი ან უშნო პიგმენტური ლაქა, ამისთვის უნდა მიმართოთ არა სილამაზის სალონს, არამედ სპეციალიზებულ ონკოლოგიურ ცენტრს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით დაზღვეული პატარა ოპერაციის დიდი გართულებებისგან. მით უმეტეს არ გირჩევთ ხალის თვითნებურად მოშორებას საეჭვო ხსნარებით, მჟავათი და სხვა შინ დამზადებული საშუალებებით.
რეგულარულად დაუთვალიერეთ ბავშვს კანი, ყურადღება მიაქციეთ საეჭვო ლაქებს, დაუკვირდით ხალების ზომისა და ფერის ცვლილებას.