რატომ ცვივა თმა და რამდენადაა შესაძლებელი ამ პრობლემის აღმოფხვრა
რა არის მისი გამომწვევი მიზეზები, როგორ დგინდება დიაგნოზი და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას, ამ თემებზე გვესაუბრება ელგუჯა ბერაია, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
– ბატონო ელგუჯა, რა მოვლენას შეიძლება დავარქვათ თმის ცვენა?
თმის ცვენა (ალოპეცია) დღესდღეობით აქტუალური საკითხია კაცებს, ქალებსა და ბავშვებს შორისაც.
თმის ცვენა შესაძლოა განპირობებული იყოს:
- გენეტიკური წინასწარგანწყობით;
- ჰორმონული დისბალანსით;
- მედიკამენტების გვერდითი ეფექტით;
- სტრესით;
- სხვადასხვა დაავადებით;
- თმის არასწორი მოვლით;
- რადიაციით და სხვა ფაქტორებით.
თმის ცვენა შეიძლება ლოკალურად ან/და მთლიან სხეულზე განვითარდეს, შეიძლება იყოს დროებითი (ტრანზიტორული) ან პერმანენტული (მუდმივად მიმდინარე). თმის ცვენა შესაძლოა ბევრგვარად გამოვლინდეს. ის შეიძლება ელვისებურად დაიწყოს როგორც თავზე, ისე მთელ სხეულზე.
– როგორი სახის თმის ცვენა არსებობს?
– ნაწიბუროვანი (ალოპეცია მკვეთრი ნაწიბურით და ატროფიული ფორმა) – რომელიც ხშირად ვითარდება დისკოიდური წითელი მგლურას, სარკოიდოზის, სკლეროდერმიის და ა.შ. დაავადებების დროს და არანაწიბუროვანი (ბუდობრივი, ანდროგენული, დიფუზური, ტრიქოტილომანია, გენეტიკური ჰიპო- და ატრიქოზი და ა. შ).
– რა არის ქალებს შორის თმის ცვენის გამომწვევი შინაგანი და გარეგანი ფაქტორები?
– ქალების თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი არის მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების სიჭარბე, ან მათ მიმართ მგრძნობელობის მომატება, რაც ანდროგენული ალოპეციის სახელით არის ცნობილი. თმის ფოლიკულების სასიცოცხლო ციკლის მიმდინარეობა ანდროგენების მნიშვნელოვანი ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. ორგანიზმში არსებული ტესტოსტერონის გარდაქმნით მიღებული ჰორმონი, დიჰიდროტესტოსტერონი, იწვევს თმის ზრდის ფაზის შემოკლებას და დასვენების ფაზაში დაჩქარებულ გადასვლას, რასაც თან ახლავს თმის ფოლიკულის ცვლილებები, რის შედეგადაც ის პატარავდება და ხდება უფუნქციო – ვეღარ წარმოქმნის თმის ახალ ღერს. ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბის ყველაზე ხშირი მიზეზი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომია.
– რატომ ეწყებათ მამაკაცებს თმის ცვენა, რატომ არიან ისინი უფრო მეტად მიდრეკილები თმის ცვენისკენ?
– თმის ცვენა მამაკაცების ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ანდროგენეტიკული ალოპეცია (რაც განპირობებულია ანდროგენების სიჭარბით), იგივე მამაკაცური ტიპის თმის ცვენა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. ამ დროს თმის ფოლიკულები სუსტდება და ცვივა თმის გამყოფი ზოლის, შუბლისა და თხემის მიდამოებში. ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში თმის ცვენა მამაკაცთა შორის შეიძლება გავრცელდეს გვირგვინის მიდამოში. გამონაკლისია კეფა, სადაც ჯანმრთელი თმის ფოლიკულები შენარჩუნებულია და არ ცვივა.
– როგორია თმის ცვენის სიმპტომები?
– ადამიანს ყოველდღიურად სცვივა თმა ბუნებრივ პირობებში, რომ მოიშოროს ძველი ღერი და ჩაანაცვლოს ახლით. დღის განმავლობაში 100 ღერამდე თმის დაცვენა ნორმალურად მიიჩნევა. პრობლემა იწყება მაშინ, როცა ახალი თმის ღერები არ ანაცვლებენ დაცვენილ ღერებს.
– რა არის თმის ბუდობრივი ცვენა?
– ბუდობრივი ალოპეცია – დაავადება, რომელიც ხასიათდება მკვეთრად შემოსაზღვრული, მომრგვალებული ალოპეციის (გამელოტებული) კერების გაჩენით შეუცვლელ კანზე. შემოსაზღვრული ფორმების პროგრესირება შეიძლება მოხდეს მთლიან თავზე და ზოგჯერ მთელ სხეულზე.
– რა არის ბუდობრივი ცვენის მიზეზები?
– თანმხლები დაავადებების მრავალფეროვნების გამო, ბუდობრივი ალოპეცია შეიძლება ჩაითვალოს კლინიკურ სინდრომად, რომლის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს:
- სტრესი;
- მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
- ფიზიკური ტრავმა;
- გენეტიკური ფაქტორი;
- ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები;
- აუტოიმუნური დაავადებები და ა. შ.
დაავადება იწყება უეცრად, მომრგვალებული ფორმის კერების წარმოქმნით, რომელსაც შემთხვევით აღმოაჩენენ. სუბიექტური ნიშნები, როგორც წესი, არ არის. კანი შეუცვლელია. კერები ჩნდება თავის თმიან არეზე, სახეზე (წვერზე), წარბებზე, წამწამებზე.
– როგორ ისმება დაიგნოზი?
– პაციენტებს ესაჭიროებათ გარკვეული სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარება, ვინაიდან გადამწყვეტი როლი მკურნალობის სწორი კურსის ასარჩევად სწორედ დიაგნოსტიკას ენიჭება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები ექიმ-დერმატოლოგის ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ალოპეციის სადიაგნოსტიკოდ არის:
- ანამნეზი;
- შეფასების შკალა (სადიაგნოსტიკო კითხვარი);
- თმის მოქაჩვის ტესტი;
- დერმატოსკოპია;
- ტრიქოსკოპია;
- ფოტოტრიქოგრამა;
- ბიოფსია;
- ლაბორატორიული კვლევები.
– როგორია მკურნალობის საშუალებები?
– მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და ინდივიდუალური. უნდა მოხდეს ძირითადი დაავადების მკურნალობა. გარეგანი სამკურნალო საშუალებებიდან ადგილობრივად გამოიყენება გლუკოკორტიკოიდები აპლიკაციის სახით, საჭიროების შემთხვევაში, სისტემური მოქმედების სტეროიდები, ვიტამინები და ა.შ.
– რამდენად შესაძლებელია თმის ცვენის შეჩერება და ამ პრობლემის ძირეულად გადაჭრა?
– დროულად სწორად დასმული დიაგნოზისა და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია პრობლემის მოგვარება.