კანის რქოვანი წანაზარდების – თმების და ფრჩხილების სტრუქტურული ცვლილებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის რქოვანი წანაზარდების – თმების და ფრჩხილების სტრუქტურული ცვლილებანი

თმისა და ფრჩხილების ფერის ცვლილება, ადვილად მტვრევა, ცვენა, ფირფიტის დაზიანება, მიუთითებს როგორც ორგანიზმში მიმდინარე რაიმე სისტემურ პათოლოგიაზე, ისე საკუთრივ კანის რქოვანი წანაზარდების დაავადებებზე.

თმები

ადამიანის ორგანიზმში თმებს დაცვითი და თერმოსარეგულაციო ფუნქციები აკისრია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ესთეტიკურ დანიშნულებაზე. თმა შედგება თმის ღერისა და ბოლქვისგან, რომელშიც მდებარეობს ცხიმოვანი ტომსიკა, იგი გამოყოფს ცხიმს, რომელიც შემდგომ თავის კანს ფარავს, თავად თმის ღერი კი შედგება: ტვინოვანი შრის, ქერქისა და კუტიკულისგან.

თმის სტრუქტურის ცვლილება ყველაზე ხშირად მისი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევის შედეგია, თუმცა, მისი მტვრევა, გათხელება და ცვენა გენეტიკურ დარღვევებს, სისტემურ დაავადებებსა და იმ გარემო ფაქტორების მოქმედებასაც უკავშირდება, რომლებიც თმის სტრუქტურაზე ნეგატიურად მოქმედებენ.

თმას აზიანებს

თმის სტრუქტურის დამაზიანებელი ფაქტორები ორ – გარეგან და შინაგან მიზეზად იყოფა.

გარეგანი მიზეზებია:

  • თმის ქიმიური დაზიანება შეღებვის ან გაუფერულებისას;
  • ულტრაიისფერი გამოსხივების მოქმედება მზეზე მოჭარბებული ყოფნის გამო;
  • თმის მექანიკური დაზიანება უთოს ხშირი გამოყენების ან თმის დაჭიმვის გამო;
  • არაჯანსაღი კლიმატი – განსაკუთრებით მშრალი ჰაერი;

შინაგანი მიზეზებია:

  • თავის კანის სტრუქტურული ცვლილება მასზე ბუშტუკისმაგვარი კვანძების გაჩენისას;
  • თავის კანის დაავადებანი: ფსორიაზი, ჰერპესი;
  • სისტემური პათოლოგიები: შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური პროცესები;
  • ჰიპოთირეოზი და ჰიპოპარათირეოზი – ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება;
  • თამბაქოს მოწევა;
  • ქრონიკული დეპრესია;
  • წყლის არასაკმარისი მიღება.

თმის ცვლილება ასევე ახასიათებს ანორექსიასა და არარაციონალურ კვებას, როდესაც ორგანიზმი საჭირო რაოდენობით არ იღებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

თმის სტრუქტურული ცვლილებების დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ქავილი და დისკომფორტის შეგრძნება დაზიანებულ მიდამოში;
  • თმის ღერის ბოლოების გაყოფა;
  • კანის აქერცვლა და ქერტლი;
  • განსხვავებული სისქის თმის ღერები;
  • თმის ბუნებრივი ფერის ცვლილება;
  • თმოვანი საფარველის გაუხეშება.

თმის მტვრევის ფორმები

  • ტრიქოკლაზია – თმის ძლიერი მსხვრევაა, თმები ტყდება თმის დავარცხნისას თმის ძირებიდან ერთი და იგივე დაშორებით. ფიზიკური ან ქიმიური ტრავმის გამო თმის ღერები შესაძლოა გადატყდეს კვანძოვანი ფორმით, ლაქებისა და კვანძების წარმოქმნით;
  • თრიქონოდოზი – ეს კვანძოვანი ტრიქორექსისია – პათოლოგია, რომლის დროსაც თმები ემსგავსება გაკვანძულ ძაფს, რაშიც ცხიმოვანი სეკრეტი გროვდება;
  • მონილეტრიქსი – გენეტიკური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია კერატინის მუტაციით და ვლინდება თმაზე გაჩენილი მძივისმაგვარი წარმონაქმნებით. ამ დროს თმები გარეგნულად დამწვარს ემსგავსება და ტყდება ფესვიდან 0,5-2,5 სანტიმეტრზე;
  • პილი – ტორტი – თმის ღერის გამკვრივება და დახვევა 180 გრადუსით.

თმის სტრუქტურული ცვლილებისას უნდა მივმართოით ტრიქოლოგს, თუმცა, კვლევის პროცესში, შესაძლოა, ენდოკრინოლოგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციის საჭიროებაც გაჩნდეს.

ჰორმონები კვლავ აქტუალურია

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი, ან პირიქით, სიჭარბე ასევე მოქმედებს თმების სტრუქტურაზე, ისინი მტვრევადი ხდება. ჩვეულებრივ, ნორმალური სეკრეციისას, ეს ჰორმონები ასტიმულებენ თმების უჯრედების გაყოფასა და ზრდას.

სასქესო ჰორმონთა დეფიციტი ან სიჭარბე ცვლის თმის სტრუქტურასაც, ტესტოსტერონისა და ესტროგენის კონცენტრაციის ცვლილება იწვევს თმების სისუსტეს, მტვრევასა და ცვენას კეფის, საფეთქლისა და შუბლის ზონებში.

რა აკლია ორგანიზმს, როცა თმის ღერი იცვლება

თმის ცვენისას ორგანიზმს ჩვეულებრივ აკლია რკინა, თუთია, მაგნიუმი და გოგირდი. სწორედ ამიტომ, თმების ადვილად მტვრევისას, სპეციალისტები პაციენტებს ამ დანამატებს, ომეგასა და ანტიოქსიდანტებს უნიშნავენ, ასეთ დროს განსაკუთრებით კარგი შედეგი აქვს ნიკოტინის მჟავის, იგივე B3 ვიტამინის ინიექციებს.

თმის მტვრევადობა თუ ცვენა?

თმის ცვენისას – ალოპეციისას, თმოვან საფარველზე ჩნდება ადგილები, სადაც თმოვანი საფარველი აღარ არის თმის ფოლიკულის დაზიანების გამო. ალოპეციას თან დაერთვის გამონაყარი და თავის კანზე ნაწიბურების გაჩენაც.

მსხვრევას ახასიათებს კანის ქავილი, თმის გაუფერულება და მისი გადატეხა ძირიდან 10 სანტიმეტრამდე.

ტრიქოლოგთან ვიზიტი

ტრიქოლოგი – სპეციალისტი, თმოვანი საფარველის დათვალიერების შემდგომ აგროვებს ყველა ბიო-სამედიცინო მონაცემს, პაციენტის ჩივილებს, ათვალიერებს თავის კანს მასზე ანთების, აქერცვლის, გაწითლების, გამონაყარის, პაპულების, უთმო ადგილების და სხვა ცვლილებების აღმოჩენის მიზნით.

დიაგნოსტიკის პროცესში ექიმები იყენებენ ტრიქოსკოპიას. პროცედურა ითვალისწინებს სპეციალური ხელსაწყოს – ტრიქოსკოპის საშუალებით დაზიანების ხარისხის, ალოპეციის სახისა და ტიპის დადგენას, ასევე ჩატარებული მკურნალობის შედეგებს აკონტროლებს.

ექიმთა ვიზიტამდე 2 კვირით ადრე უნდა გამოირიცხოს თმის შეღებვა და თმის სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება. თავი უნდა დაიბანოთ ვიზიტამდე 2 დღით ადრე.

თერაპია ითვალისწინებს

  • თმის სიმშრალისა და მტვრევის საწინააღმდეგო სამკურნალო შამპუნების გამოყენებას კვირაში 2-3-ჯერ 2 კვირის მანძილზე;
  • თმების მტვრევის მიზეზი შესაძლოა იყოს სებორეული დერმატიტი, რომლის სამკურნალოდაც ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო შამპუნები;
  • ტრიქონოდოზისას რეკომენდებულია თმების მექანიკური და თერმული ტრავმების შემცირება, მონოლეტრიქსისას საჭიროა კანის დაზიანებულ ადგილებზე სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების წასმა, ხოლო პილი-ტორტისას სპილენძის პრეპარატების გამოყენება;
  • ზოგიერთი ტიპის მტვრევისას შესაძლოა დაინიშნოს მალამოები, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს და შემახორცებელი თვისებებიც აქვთ;
  • ტრიქოკლაზიის სამკურნალო მეთოდად მიჩნეულია თმის მეზოთერაპია – თავის კანში B ჯგუფის ვიტამინების, თუთიის და ამინომჟავების ინიექციები. ბიოლოგიურად აქტიური ეს ნივთიერებები აძლიერებენ თმის ბოლქვებს, ააქტიურებენ ჯანმრთელი თმების ზრდას;
  • მეზოთერაპიისას ნემსის მექანიკური მოქმედებით იწყება რეგენერაცია, სტრუქტურული ცილების, ელასტინისა და კოლაგენის ახალი ბოჭკოების წარმოქმნა, აგრეთვე უმჯობესდება თავის კანის დერმაში სისხლის მიმოქცევა;
  • რეკომენდებულია პლაზმოლიფტინგიც, პაციენტის კანქვეშ საკუთარივე თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა, რომელიც ფორმიანი ელემენტების – ერითროციტებისა და ლეიკოციტებისგან გაწმენდილია.

პროცედურა გრძელდება 30-60 წუთი, თერაპიის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს, კურსი საშუალოდ 2-დან 10 სეანსს შეადგენს.

ხალხური საშუალებანი?

მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ხალხურ საშუალებათა დამატებაც, თუმცა, მათ გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

თმის მტვრევისას, სამკურნალო შამპუნით დაბანის შემდგომ, რეკომენდებულია თავზე გვირილის ნახარშის გადავლება. ეფექტიანია ალოეს ექსტრაქტებიც.

როგორ დავიცვათ თავი?

  • თმის მსხვრევის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, თუ პერმანენტულად ჩაიტარებთ თავის მასაჟს თითებით, ისე რომ კანი არ გაკაწროთ;
  • შეძლებისდაგვარად ერიდეთ სტრესებს;
  • გქონდეთ დაბალანსებული კვება და რაციონი;
  • უარი თქვით მავნე ჩვვებზე: თამბაქო, შაქრის დიდი ოდენობით მიღება;
  • ნუ გამოიყენებთ რეგულარულად თმის საშრობსა და გასასწორებელ უთოებს;
  • თმის დაივარცხნეთ ზედმეტი ძალდატანების გარეშე, უმტკივნეულოდ, თმის ბოლოებიდან ძირებისკენ;
  • მშრალი თმის მქონეთათვის რეკომენდებულია სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, მყარი ხის სტრუქტურის ან რბილი პლასტმასის.

ვარჩევთ თმის მოვლის საშუალებებს

რამდენადაც ტრიქოკლაზია ერთ შემთხვევაში შესაძლოა უკავშირდებოდეს არასწორად შერჩეულ თმის მოვლის საშუალებებს, ამიტომ, პათოლოგიის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ისეთი შამპუნების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავენ სულფატებს, გოგირდმჟავას მარილებს, აგრეთვე სპირტის გარეშე კონდიციონერები მტვრევადი თმისთვის.

კარგია თმაში ვიტამინებით მდიდარი ზეთების, მცენარეული ექსტრაქტების შეზელა. პრობლემური თმის მქ­ონეებს ვურჩევთ, თმ­ის მოვლის საშუალებანი ტრიქოლოგის რეკომენდაციით შეიძინონ.

პროდუქტები

თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭიროა რაციონი საკმარისად შეიცავდეს ცილებს, ცხიმებსა და მიკროელემენტებს. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვა.

თმის გასამაგრებლად და უკეთესი ზრდისთვის რაციონი გაამდიდრეთ:

  • ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, რაც ვიტამინების C, A, E, K წყაროა;
  • უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით, მარცვლოვნებით;
  • ხორცით;
  • თუთიით მდიდარი ზღვის პროდუქტებით;
  • თმის ძირების გამაგრება შეუძლია ასევე ომ­ეგას, რომელსაც შეიცავს თხილი, კაკალი და თევზი.
  • პრობიოტიკები, რომლითაც მდიდარია რძემჟავა პროდუქტები რეკომენდებულია თმის სისუსტისას, რამდენადაც ხელს უწყობენ საკვები ნივთიერებების უკეთ შეწოვასა და მონელებას.

ვიტამინები მშრალი თმებისთვის

რეკომენდებულია:

  • ვიტამინი A ხელს უწყობს კერატინის სინთეზს და წინ ეღობება თავის კანზე ანთებით პროცესს;
  • ვიტამინი E – არეგულირებს და აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, თმებს ელასტიკურობასა და სირბილეს სძენს;
  • ვიტამინი C – კვებავს თმის ფოლიკულებს, აჩქარებს ჯანსაღი თმების ზრდას;
  • B ჯგუფის ვიტამინები წინ ეღობებიან თმის ცვენასა და მათ გაჭაღარავებას;
  • ვიტამინი D აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანის სისხლძარღვებში და თმას ბზინვარებას სძენს;
  • ვიტამინების მიღება შესაძლებელია როგორც პერორალურად, ისე თავის თმოვანი ნაწილის კანში ინიექციების სახით, კონკრეტულ შემთხვევაში მიღების რომელი წესია უმჯობესი, ამას სპეციალისტი დაადგენს.

ფრჩხილები

ჯანმრთელი ფრჩხილები ვარდისფერი, ერთგვარი შენების და კონსისტენციისაა, ფირფიტები გლუვი, მყარი, თანაბარი, ორმოებისა და ჩარღმავებების გარეშე. ფრჩხილის ფირფიტა მჭიდროდ და სრულად ეკვრის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს.

ფრჩხილების სტრუქტურული ცვლილებანი, თმების მსგავსად, შესაძლოა მეტყველებდეს ორგანიზმში მიმდინარე როგორც ლოკალური, ისე სისტემური ხასიათის პრობლემებზე.

სოკოვანი პათოლოგიები

ონიქომიკოზი – სოკოვანი მიკროორგანიზმებით: დერმატოფიტებით, საფუარის და ობის სოკოებით დაზიანების შედეგია, ფრჩხილების დაავადებათა 50%-ს ისინი შეადგენენ, ამასთან, ფეხის ონიქომიკოზი გაცილებით ხშირია ხელისაზე.

სოკოვანი მიკროორგანიზმები გამოყოფენ ფერმენტებს, რომლებიც შლიან ფრჩხილის ფირფიტას, ამით იადვილებენ სიღრმეში შეღწევას. ძირითადი მიზეზია დაავადებული ადამიანის ფეხსაცმელთან, ტანსაცმელთან, საყოფაცხოვრებო საგნებთან უშუალო კონტაქტი.

ონიქომიკოზის განვითარებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიან:

  • საყრდენ-მამოძრავებელი ტრაქტის დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ასაკი;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ხელოვნური ფრჩხილების ტარება;
  • კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვე­ვა.

ონიქომიკოზი ამოიცნობა შემდეგი ნიშნებით:

  • ფერმკრთალი ფრჩხილები, მოგვიანებით ფერი იცვლება მოყვითალო-მოყავისფროდ, იისფრად, მომწვანოდ ან შავად;
  • ფრჩხილის ფირფიტის გასქელებითა და კანის ქავილით – ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი;
  • გათხელებული და გაბზარული ფრჩხილებით;
  • ფრჩხილის ფირფიტის სისქეში მოყვითალო-მოთეთრო ან მოყავისფრო სარტყლის გაჩენით – დერმატოფიტომა;
  • ფრჩხილებზე თეთრი მრგვალი ფერის ლაქებით – ზედაპირული ონიქომიკოზი;
  • ფრჩხილის ტოტალური დაშლით, რაც უკავშირდება ინფექციური პროცესის გართულებას;

ონიქომიკოზის მკურნალობა ითვალისწინებს მალამოების, ხსნარებისა და ლაქების ადგილობრივად გამოყენებას და მედიკამენტურ თერაპიას პერორალურად სისტემურად მისაღებ პრეპარატებთან ერთად.

ზოგჯერ, სპეციალური ხსნარითა თუ კერატინის დამშლელი საშუალებებით დაზიანებული ფრჩხილის პათოლოგიური ნაწილის ან სრულად მოცილება ხდება საჭირო. მკურნალობის კურსი 12 კვირიდან წლამდე გრძელდება.

ონიქომიკოზს აიცილებთ, თუ:

  • საერთო საშხაპეში, აბანოებსა და აუზებში სპეციალური ფეხსაცმლით შეხვალთ;
  • რეგულარულად ჩაუტარებთ დეზინფექციას მანიკიურის ინსტრუმენტებს;
  • ატარებთ მორგებულ, ვენტილირებად ფეხსაცმელს და ჩაიცვამთ „მსუნთქავი“ მასალისგან შეკერილ წინდებს;
  • არ გამოიყენებთ სხვა ადამიანის საყოფაცხოვრებო და პირად საგნებს;
  • თავიდან აიცილებთ ფეხის გაოფლიანებას;
  • იმუნიტეტის მხარდამჭერი სრულფასოვანი რაციონით იკვებებით.

ფრჩხილის ჩაზრდა

ქვედა კიდურის თითებზე ფირფიტის გვერდებიდან ფრჩხილის ჩაზრდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არასოკოვანი პათოლოგიაა, ყველაზე ხშირად ის ვითარდება ძალიან მოკლე ან მომრგვალო ფორმის ფრჩხილებისა და მათი არასწორად მოჭრის შემთხვევაში.

დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ფრჩხილის ჩაზრდას, ასეთია:

  • ფრჩხილის მოჭრისას დატოვებული ფრჩხილის ფრაგმენტი;
  • შეუსაბამო და ძლიერ მოჭერილი ფეხსაცმელი;
  • ძვლების ცვლილებანი, გამოწვეული ოსტეოართრიტით;
  • ტერფის სტატიური ანომალია, სიარულის სპეციფიკური მანერით;
  • ფრჩხილების ირგვლივ ქსოვილების ჰიპერტროფია – გაძლიერებული ზრდა;
  • ტრავმა, მაგალითად, ბურთით თამაშისას;
  • მეზობელ თითებს შორის არსებული კონფლიქტი;
  • ზოგიერთი პათოლოგია, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი.

ჩაზრდილ ფრჩხილს ახასიათებს:

  • შეშუპება, გასიება და ფრჩხილის ირგვლივ კანის შეწითლება;
  • ტკივილი, რომელიც ზეწოლის შედეგად ძლიერდება;
  • ფრჩხილით კანის გაჭრა და ჩირქოვანი გამონადენი.

რას ითვალისწინებს დახმარება?

თუ ძლიერ დაზიანებული კერები არ არის, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა დამოუკიდებლადაც შესაძლებელია ცხელი აბაზანისა და ადგილობრივი აპლიკაციების დახმარებით. ფრჩხილის დარბილების შემდგომ მისი ამოწევისას, საჭიროა, კანსა და აწეულ ფრჩხილის ფრაგმენტს შორის ბამბის დადება.

თვითმკურნალობა გრძელდება ყველა სიმპტომისა და ტკივილის გაქრობამდე, თუ 48 საათის შემდგომ გაუმჯობესებას ვერ გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.

თავიდან ასაცილებლად:

  • დაიჭერით ფრჩხილები სწორად, დატოვეთ 2-3 მმ ფრჩხილი, რომელიც სცილდება კანს;
  • დატოვეთ ფრჩხილები ჰაერზე რაც შეიძლება ხშირად;
  • ატარეთ მორგებული ფეხსაცმელი და ერიდეთ მაღალ ქუსლებზე სიარულს.

ფრჩხილის ფსორიაზი

ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვლინდება კანის ანთებითი დაზიანებით, იზოლირებულად აზიანებს ფრჩხილის ფირფიტას და მის მატრიქსს.

ის შესაძლოა განუვითარდეს ამ პათოლოგიისადმი გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებს, ამას გარდა, არსებობს მისი განვითარების ხელშემწყობი მთელი რიგი ფაქტორები:

  • ხშირი ნაკაწრები, ნაკბენები, მრავლობითი აქერცვლა, მზის დამწვრობა, სტრეპტოკოკური ინფექციები და სხვა;
  • ემოციური გამოფიტვა, ქრონიკული დაღლილობა, სტრესი;
  • ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება, მალარიის, ჰიპერტონიის, ბიპოლარული აშლილობის, გაფანტული სკლეროზისა და სხვა;
  • ანგინა, რესპირატორული ინფექციები;
  • არასწორი კვება, გაცხიმოვნება, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლით გატაცება.

მისთვის დამახასიათებელია ფრჩხილის ზედაპირზე წერტილოვანი ჩაღრმავებები, სათითესმაგვარი ფორმის ცვლილება, ფრჩხილის გასქელება – ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, გამჭვირვალობის დაკარგვა, აქერცვლა, ამობურცულობანი და ხაზები.

მკურნალობის ფორმას განსაზღვრავს დაავადების სტადია და იგი ითვალისწინებს:

  • მედიკამენტურ თერაპიას – იმუნოდეპრესანტები, ვიტამინები, რეტინოიდები, როგორც აბების სახით, ისე ინიექციები;
  • გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველ გარეგან გამოსაყენებელ საშუალებებს;
  • ფიტოთერაპიას;
  • ლაზერთერაპიას.

რეკომენდაციები:

  • ფრჩხილების ჰიგიენის დაცვა;
  • პერიოდულად დამატენიანებელი აბაზანების ჩატარება ხორბლის ან სიმინდის სახამებლით;
  • ფრჩხილების დამატენიანებელი მალამოების გამოყენება;
  • თავი არიდეთ ფრჩხილების ტრავმებს, ფრჩხილების კვნეტას, ზოგიერთი პროფესიისთვის აუცილებელია შრომისას დამცავი ხელთათმანების გამოყენება;
  • ნუ გამოიყენებთ ძლიერ ბასრ ქლიბებს, რომლებსაც ფრჩხილის ფირფიტის აშრევება შეუძლია;

ონიქოლიზისი

ონიქოლიოზისი ფრჩხილის პულპადან სპონტანური, ნაწილობრივი ან მისი სრული მოცილებაა.

მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

  • მექანიკური ტრავმა;
  • მიკოზური ინფექცია;
  • ქიმიური ნივთიერებების მოქმედება;
  • ფსორიაზის, ეკზემისა და ლიქენის შემდგომი გართულება;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • ზოგიერთი წამლის მიღება: ანტიბიოტიკები, რეტინოიდები, ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატები;
  • თანდაყოლილი ფაქტორი – საკმაოდ იშვიათად.

ძირითადი სიმპტომია – ვიზუალური, იცვლება ფრჩხილის ფირფიტის ფერი ვარდისფერიდან თეთრით, შემდეგ მოყვითალოთი, მოლურჯოთი ან ყავისფრით, განსაკუთრებით თუ სახეზეა მიკრობული ან საფუარის სოკოვანი სუპერინფექცია.

დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს: მიკროტრავმა, ნესტის მოქმედება, ფსორიაზი და სხვა.

მკურნალობა ითვალისწინებს ძირითადი დაავადების მკურნალობას და იმ ფაქტორის მოცილებას, რომელმაც ონიქოლიზისი გამოიწვია. შესაძლოა სოკოს საწინააღმდეგო, ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატების, დიეტური კვებითი დანამატების, ძირითადად, ვიტამინებისა და რკინის შემცველების გამოყენება.

რჩევები ფრჩხილის გასამყარებლად:

  • საჭიროა ფრჩხილის ფირფიტის დაცვა, აშრევებული ფრჩხილის რეგულარულად დაჭრა;
  • თავი არიდეთ მის დატენიანებას;
  • ყოველთვის ჩაიცვით ხელთათმანები სისველესთან დაკავშირებული საქმისას, მათ შორის, საკვები პროდუქტების გარეცხვისას;
  • დროულად უმკურნალეთ ფრჩხილების სხვა დაავადებებს;

ფრჩხილის დეფექტები

ონიქოდისტროფია – ფრჩხილის ფირფიტის დაავადებათა ჯგუფია, იწვევს აშრევებას, ბზარებს, უსწორმასწორო რელიეფს და სხვა გარეგნულ ხარვეზებს.

განირჩევა თანდაყოლილი და შეძენილი ონიქოდისტროფია, ადეკვატური მკურნალობის გარეშე დარჩენილი მდგომარეობისას შესაძლოა ფრჩხილის ფირფიტა ნაწილობრივ ან სრულად დაიშალოს.

აშრევება და ნახეთქები

ონიქოშიზისი და ონიქორექსისი – შეძენილი სახის ონიქოდისტროფიებია, რომელთაც ახასიათებთ განივი ან სიგრძივი ნახეთქები ფრჩხილებზე, აგრეთვე ამობურცული ქედები, გამონაყარი, რამდენიმე მდგენელიანი აშრევება. უკავშირდება მექანიკურ დარტყმებს, მაგალითად, კლავიატურაზე, არასწორად ჩატარებულ მანიკიურს, ქიმიურ ფაქტორებს, საყოფაცხოვრებო ქიმია, ტუტეები, ან ბიოლოგიური მიზეზები აქვს: სოკოები, ინფექციები, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება.

ონიქორექსისი შესაძლოა იყოს როგორც მრავლობითი, ფეხისა და ხელის ფრჩხილების, ისე ერთეული, უპირატესად ხელების.

ფრჩხილების აშრევება შესაძლოა იყოს ტრაქიონიქიის ნიშანიც, დაავადების, რომელიც იმუნოდეფიციტის ფონზე ვითარდება, მას ახასიათებს უსწორმასწორო ფორმის ფრჩხილების წინა კიდის აქერცვლა.

ონიქოგრიფოზი – ფრჩხილების ჰიპერტროფიაა, რომელიც გამოწვეულია ხშირი და განმეორებითი ტრავმით, ფრჩხილის ზომისა და სისქის მომატებით ვლინდება.

დისქრომია – ფრჩხილის პიგმენტაციის მოშლაა, მისი ჩვეული ფერის შეცვლა.

გასქელება და ტალღოვნება

ფრჩხილის გასქელების და მისი გამრუდების მიზეზია ონიქოგრიფოზი – დაავადება, რომელიც ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება.

ფრჩხილის ფირფიტა ასევე სქელდება კატონიქიისას – ფრჩხილის თანდაყოლილი ხასიათის ანომალიური ფორმა. მას აპროვოცირებს ტრავმები, საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ქრონიკული და ენდოკრინული დაავადებები, ქიმიკატებთან პირდაპირი კონტაქტი.

ჩაზნექილი ფრჩხილი

კოილონიქია – ფრჩხილის თანდაყოლილი დისტროფიული დაზიანებაა, რომელსაც ახასიათებს ფრჩხილის კოვზისმაგვარი, ჩაზნექილი დეფორმაცია. ყველაზე ხშირად ვითარდება ფეხის ფრჩხილებზე. აპროვოცირებს ტრავმები, ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, ინფექციები, მოყინვა და ზოგადი დაავადებები.

მკურნალობას განსაზღვრავს გამომწვევი მიზეზი და ინდივიდუალურად შეირჩევა ტაქტიკა.

ფრჩხილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი ზოგადი წესები კი ასეთია:

  • ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით ფრჩხილების ჰიგიენა;
  • ფრჩხილები დაიჭერით შხაპის შემდეგ, როდესაც ფირფიტა დარბილებულია;
  • ნუ მოიჭრით ნუნებს ღრმად;
  • პერიოდულად გამოიყენეთ ფრჩხილებზე დამატენიანებელი საშუალება;
  • რეგულარულად მოიცილეთ ჭუჭყი ფრჩხილების ქვეშიდან;
  • ერიდეთ ფრჩხილების გასუფთავებას ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი საშუალებებით, მაგალითად, ფორმალდეჰიდით;
  • რეგულარულად ამოწმეთ ხელოვნური ფრჩხილების ტარებისას ფირფიტის ფერი და მასში ბაქტერიული ინფექციის არსებობა;

ლამაზი, მოვლილი თმები და ფრჩხილები ზოგად ჯანმრთელობაზე მეტყველებენ და ესთეტიკური მიმზიდველობის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, როგორც ყველა სხვა ორგანო, ისინიც ავადდებიან.

ზიანდებიან როგორც დაავადებებით, ისე არაჯანსაღი ჩვევებით და პირადი ჰიგიენის დაუცველობით.

მათი სწორი მოვლით არამხოლოდ ჯანმრთელობას, ბუნებრივ სილამაზესაც დიდი ხნით შეინარჩუნებთ.