შინაგანი დაავადებები და კანი
ექიმებს სხეული კანისმიერი სიმპტომებით ნაწლავებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტსა და იმუნურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე აწვდის სიგნალებს.
ყველა სპეციალისტის წინაშე, რომლებიც კანის დაავადებებს მკურნალობენ, საკითხი ასე დგას: უნდა გამიჯნონ, ეს უშუალოდ დერმატოლოგიური პროფილის დარღვევაა თუ რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადების გამოვლინება. ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო ხომ შინაგან დაავადებათა ერთგვარი მარკერია.
კანისმიერი სიმპტომები
კანისმიერი სიმპტომები 3 შემთხვევაში იჩენს თავს:
- უშუალოდ დერმატოლოგიური დაავადებებისას;
- შინაგან ორგანოთა დაავადებებისას;
- სამკურნალო საშუალებათა მიღების შემდგომი გვერდითი ეფექტი.
შინაგან ორგანოთა დაავადების კანისმიერი სიმპტომებია:
- ერითემა – სისხლძარღვთა გაფართოების შედეგად განვითარებული კანის სიწითლე;
- დერმატიტი – კანის ანთებითი რეაქცია გამღიზიანებელზე;
- ეპიდერმისის აქერცვლა;
- კანის სიმშრალე;
- კანისმიერი აბსცესები – დაჩირქებული კანის უბნები;
- ჰერპესი – ვირუსული გამონაყარი;
- ლიქენი – კანის ანთებითი დაზიანება;
- პაპილომები – კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;
- ვირუსული მეჭეჭები;
- აკნე, მუწუკები;
- კაპილარების გაფართოება და ჰემანგიომები (სისხლძარღვის შეშუპება, გაფართოება);
- ჭინჭრის ციება.
თითოეული მათგანი შესაძლოა იყოს როგორც დროებითი, უვნებელი ცვლილების გამოვლენა, ისე ორგანიზმში მიმდინარე სერიოზული პროცესის სიგნალი, ყველაფერს განსაზღვრავს ადამიანის ასაკი, ცვლილების ხარისხი, გამოვლენის დრო და ხანგრძლივობა.
შინაგანი პრობლემები, რომლებზეც კანი რეაგირებს
რთულია წარმოდგენა იმისა, თუ რაოდენ ფართო სპექტრის პრობლემებზე რეაგირებს კანი, ყველაზე ხშირი შინაგანი მიზეზები 3 ძირითად ჯგუფად იყოფა:
- საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებები;
- საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების დეფიციტი;
- შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ენდოკრინული სისტემის) დაავადებები.
საჭმლის მომნელებელი ორგანოები და კანი
საჭმლის მომნელებელი ორგანოები და კანი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სისტემებია, ამიტომ ერთში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები მეორეს ფუნქციებზეც ისახება, მეტიც, კანზე ცვლილებები ხშირად საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადების პირველი კლინიკური ნიშანიც კი არის ხოლმე, რადგან შეწოვის ან კვებითი ქცევის დარღვევისას, როდესაც ქვეითდება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისება, კანის ხარისხი, მისი ფერი, რეგენერაციული შესაძლებლობები უარესდება, რაც აჩქარებს ნაოჭების წარმოქმნას, ამასთან, ვერც ესთეტიკური პროცესები აუმჯობესებენ დიდი ხნით კანის მდგომარეობას.
კანისმიერი სიმპტომები ვლინდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სიმსივნური პროცესების დროსაც, მაგალითად, ერითემა, ბუშტუკები, პაპულები (მშრალი მუწუკები, კვანძები), მყარი წყლულები პირის ღრუში, ფსორიაზი ან მრავლობითი მეჭეჭები, შესაძლოა რამდენიმე წლით ადრე იუწყებოდნენ მოსალოდნელი პათოლოგიის თაობაზე, ასეთ დროს სპეციალისტები აუცილებლად იკვლევენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს დეტალურად.
- როზაცეის („წითლად დაბრაწული ლოყები“ – კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს სახის კანის სიწითლეს, შესივებასა და წითელ გამონაყარს) და ქრონიკული ჭინჭრის ციებისას აუცილებლად იკვლევენ განავალს მასში ჰელიკობაქტერიის აღმოჩენის მიზნით;
- განგრენული პიოდერმია (კანის ჩირქოვანი დაზიანება) – ნაწლავებში მიმდინარე ანთებით პროცესზე მიგვანიშნებს, კლასიკურად წყლულოვან განგრენულ პიოდერმიას გააჩნია 2 სტადია – წყლულოვანი და ეპითელიზაციის.
- წყლულოვან სტადიაზე ჩნდება სწრაფად მოპროგრესირე წყლული წითელი ფერის ოდნავ აწეული კიდეებით, რომელსაც თან სდევს ძლიერი ტკივილი;
- დაავადებული ღვიძლის მქონე ადამიანები ხშირად უჩივიან კანის ცვლილებას იდაყვის, ტერფისა და მუხლის სახსრების ირგვლივ, რომელიც წააგავს წითელ ბრტყელ ლიქენს. ასევე აღნიშნავენ ობობასმაგვარ სისხლძარღვოვან ვენებს მკერდზე, კისერსა და მუცელზე;
- კვანძოვანი ერითემა ასევე ნაწლავის ანთებითი დაზიანების, კრონის დაავადების ნიშანი შესაძლოა იყოს, ერითემისას კანქვეშა ცხიმოვან შრეში ვითარდება ანთებითი პროცესი, რომელსაც თან სდევს შეხებით მტკივნეული წითელი ან იისფერი კანქვეშა კვანძების წარმოქმნა, ყველაზე ხშირად მუხლებზე, ზოგჯერ კი სხვა ადგილებზეც;
- კანის გვიანი პორფირია მიგვანიშნებს ღვიძლის გადიდებასა და მის ცხიმოვან გადაგვარებაზე, პორფირიის მოგვიანებით ეტაპზე კანის ღია ნაწილებზე, მტევნებზე, სახეზე, კისერზე, ყურის ნიჟარებზე ჩნდება მქავანა, 10 მმ-დე დიამეტრის, გამჭვირვალე თხიერი შიგთავსის მქონე ბუშტუკები, ისინი სწრაფად სკდებიან, ავითარებენ ეროზიებს და ქერქით იფარებიან. ასეთ დროს კანი ზიანდება უმცირესი ტრავმის შედეგადაც კი, ბუშტუკების ადგილზე რჩება კანის ატროფირებული ზედაპირული ნაწიბურები;
- ჰემოქრომატოზი (დაავადება, რომელსაც ახასიათებს რკინის შემცველი პიგმენტების მიმოცვლის დარღვევა ორგანიზმში და ნაწლავში რკინის ჭარბი შეწოვა, რის შედეგადაც რკინა ქსოვილებსა და ორგანოებში გროვდება) ვითარდება В და ჩ ვირუსული ჰეპატიტების, ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის გაჩენის, კუჭქვეშა ჯირკვლის გამავლობის მოშლის და ღვიძლში ახალი ქსოვილური წარმონაქმნების გაჩენისას და ღვიძლის ციროზის ნიშანია, ამ შემთხვევაში მთელ სხეულზე ჩნდება მოყავისფრო, მონაცრისფრო, ბრინჯაოსფერი ჰიპერპიგმენტაცია, ლორწოვანი გარსები და სკლერები მუქდება, მათ შორის, ლურჯი ნახევარმთვარისებრი ცვლილებები ჩნდება ფრჩხილებზე;
- მშრალი და პიგმენტირებული კანი მხრის სახსრის არეში შესაძლოა ნაღველგამომტანი გზების დისკინეზიის ნიშანი იყოს, ანუ იმისა, რომ დარღვეულია ნაღვლის ნორმალური გადინების პროცესი;
- ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებებისას, როდესაც ირღვევა ნაღვლის ნორმალური წარმოქმნისა და მისი გადინების პროცესი, აგრეთვე ბილირუბინის ტრანსპორტი, ადამიანს მთელ სხეულზე ეწყება ძლიერი ქავილი, რომლის შედეგადაც ზიანდება კანის მექანიკური საფარველი, ჩნდება ზედაპირული ხაზოვანი დაზიანება ექსკორიაციების სახით;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და გასტრიტი, გამოწვეული ბაქტერია Hელიცობაცტერ პყლორი-თ, იწვევს კანის ცვლილებებს, როგორებიცაა: სკლეროდერმია, რომლის დროსაც კანი სქელდება, მკვრივდება და იჭმუხნება, აკნეს, იდიოპათიურ ჭინჭრის ციებას, რომელიც გამოწვეულია წყლულებით, მუქი წითელი და ვარდისფერი ლაქებით;
- სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამავე ბაქტერიას უკავშირდება ატოპიური დერმატიტი და პრურიგო (ქავილით მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს შეშუპებული კვანძები, ძლიერი ქავილი, კანზე სეროზულ-ჰემორაგიული ქერქების მქონე პაპულების გაჩენა);
- ჰერპესული დერმატიტი მქავანა ქრონიკული პაპულოზური გამონაყარია, რომელიც მოიცავს თმის საფარველსაც, ის ტოვებს კანზე ფერშეცვლილ უბნებსა და ნაწიბურებს. ასეთი გამონაყარი ჩნდება სხეულის მომხრელ არეებზე სიმეტრიულად და შესაძლოა უკავშირდებოდეს ცელიაკიას, ანუ მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმი ვერ იტანს გლუტეინს.
ვიტამინებისა და საკვებ ნივთიერებათა დეფიციტი
ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტისას შესაძლოა გამოვლინდეს:
- A ვიტამინის დეფიციტი იწვევს ფოლიკულურ ჰიპერკერატოზს, ხორკლიან (ბატის) კანს, ვლინდება ხორკლიანი, გაუხეშებული, აქერცლილი კანით წვრილი გამონაყარით, ჩნდება ბარძაყისა და მხრების კანზე.
- დადგენილია მიზეზშედეგობრივი კავშირი D ვიტამინის დეფიციტს, ატოპიური დერმატიტის გამწვავებასა და ფსორიაზს შორის, აგრეთვე ამ ვიტამინის დეფიციტისას საკმაოდ ხანგრძლივდება კონტაგიოზური მოლუსკის მკურნალობის პროცესი. ამ ინფექციისას კანზე ჩნდება კერები, რომლებიც დასაწყისში 2-4მმ ნახევარსფეროსებრი პაპულოვანი გამონაყარია, კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული, მსუბუქად ბზინვარე და ირგვლივმდებარე კანთან შედარებით მუქი ვარდისფერი დაჰკრავს, მოგვიანებით კერები ზომაში მატულობენ და 1 სმ-მდე დიამეტრისანი ხდებიან, იძენენ საკმაოდ თვალშისაცემ გარეგნულ გამოვლინებას გამონაყარის ცენტრში ჩაღრმავების სახით, რომელზე დაჭერით მოთეთრო ხაჭოსმაგვარი გამონადენი გამოდის.
- K ვიტამინის დეფიციტი იწვევს კანზე სისხლჩაქცევებს, სისხლდენის გართულებას და სპონტანურ სილურჯეებს.
წყალში ხსნადი ვიტამინების დეფიციტისას ვლინდება:
В12 ვიტამინის დეფიციტისას:
- მუქი წითელი ერითემა – კანის შეწითლება;
- სტომატიტი;
- კანის ხანგრძლივი აქერცვლა;
- ტუჩის ქეილიტი – კუთხეების გაწითლება და აქერცვლა;
- სებორეული დერმატიტი.
В3 ვიტამინის დეფიციტი იწვევს:
- პელაგრას, რომელსაც ახასიათებს კანის გაძლიერებული ფოტომგრძნობელობა, ანუ მზეზე შეცვლილი პიგმენტაციური უბნების გაჩენა;
- ქეილიტი – ტუჩის კუთხისა და წითელი ნაწილის ანთება;
- გლოსიტი – ენის ანთება.
В6 ვიტამინის დეფიციტისას:
- სებორეული დერმატიტისმაგვარი გამონაყარი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანის თმოვან ნაწილზე მოწითალო ლაქები მოყვითალო ფერის ქერქით;
- გლოსიტი;
- ქეილიტი.
В9 და В12 ვიტამინის დეფიციტისას:
- N ქეილიტი;
- თმის დეპიგმენტაცია – ფერის ცვლილება;
- ჰიპერპიგმენტაცია (დიფუზური და სიმეტრიული) ხელის, ფრჩხილების, სახის, მტევნის ნაკეცების, კანის მომხრელ ზედაპირებზე.
C ვიტამინის დეფიციტისას:
- პერორალური დერმატიტი – სურავანდის თანმდევი სიმპტომი, რომლის დროსაც პირის ირგვლივ ვითარდება წვრილი მუწუკოვანი გამონაყარი.
- არაგენეტიკური ალოპეცია – თმის ზრდის შეჩერება;
- ინტერტრიგო – დაოდვილობა, კანის ნაკეცების ბაქტერიული ან მიკოზური (სოკოვანი) დაზიანება, რომელსაც ახასიათებს ქავილი, ტკივილი, უსიამოვნო სუნი, შეწითლება, ეპიდერმისის თეთრად აქერცვლა და აშრევება.
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ისეთი დაავადებები, როგორებიცაა – შარქიანი დიაბეტი, პოდაგრა და ლიპიდური ცვლის დარღვევები, ასევე იწვევენ კანისმიერ სიმპტომებს: სიმშრალეს, ფსორიაზს, ჰიპერკერატოზს, დიდი ხნით შეუხორცებელ ჭრილობებს, სისხლძარღვების გაგანიერებას.
შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელია:
- შავი აქანტოზი – კანის გამოხატული ჰიპერპიგმენტაცია სიშავემდე, ძირითადად ფერს იცვლის იღლიისქვეშა არე;
- ლიპოიდური ნეკრობიოზი, რომლის დროსაც ჩნდება 1-3 მმ ზომის პაპულები, შემდგომ ფართოვდებიან ფოლაქების წარმოქმნით, შემოსაზღვრული კიდეებით და ცენტრებით.
- სკლეროდერმა – კანის შეჭმუხვნა და გამკვრივება;
- ფარისებრი ჯირკვალი – როგორც ჰიპო-, ისე ჰიპერთირეოზი მოქმედებს თმებზე, ფრჩხილებსა და კანზე. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონთა გამომუშავების დეფიციტი იწვევს კანის სიმშრალეს, აქერცვლას, შესაძლოა დერმატიტები და კანის საფარველის გაუხეშება.
ჰიპერფუნქციისას კი ხშირია ჭინჭრის ციება და თირეოიდული დერმოპათიები.
კორტიზოლის მომატებული სეკრეცია იწვევს მრავლობით გამონაყარს, კანის გაჭიმვას და სისხლძარღვოვან ცვლილებებს;
- საკვერცხის პოლიკოსტოზისას მოსალოდნელია:
- ჰიპერანდროგენია, პირსუტიზმი, ანუ თმის ჭარბი ზრდა, მუქი, უხეში და გრძელი მამაკაცური ტიპის;
- ვულგარული გამონაყარი;
- ანდროგენეტიკური ალოპეცია, ანუ თმის პათოლოგიური ცვენა, მათ სრულ გაქრობამდე;
- შავი აქანტოზი ანუ ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩნდება კისერზე, იღლიის ფოსოსა და საზარდულის არეში.
- ქსანთომები სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების მომატების ნიშანია, ვიზუალურად ქსანთომა მოწითალო-მოყვითალო ფერის გამონაყარია ასევე გაწითლებულ კანზე.
სასუნთქი სისტემა
რესპირატორული დაავადების მიმდინარეობისას მთავარი პრობლემაა კანის ჰიპოქსია, როდესაც ეპიდერმისში იზღუდება ჟანგბადის მიწოდება, კანი იძენს მონაცრისფრო მოლურჯო შეფერილობას, ავადმყოფურად გამოიყურება, მშრალია და იქერცლება;
სტრესი
სტრესი, მოქმედებს რა ჰორმონულ ფონზე, აუარესებს კანის მდგომარეობას, ადამიანებს ხშირად აწუხებთ აკნე ან კანის სხვა ანთებითი დაზიანებანი, ემოციური დაძაბულობა ყოველთვის ამწვავებს ატოპიურ დერმატიტს, აკნესა და ჭინჭრის ციებას;
ანემია და სისხლმბადი სისტემის დაავადებები
ამგვარი დაავადების მქონე პირთათვის დამახასიათებელია მკრთალი ან ძლიერ წითელი კანი, ასევე გაფართოებული სისხლძარღვები – კუპეროზი, სისხლძარვოვანი ვარსკვლავები, ტელეანგიოექტაზიები (ვენური ბადეები).
იმუნური სისტემა
მორეციდივე ვირუსული მეჭეჭები, ჰერპესი და ლიქენი იმუნური სისტემის მდგრადობის დარღვევის ნიშანია. ყოველი ქრონიკული ინფექცია დამანგრევლად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აძლიერებს მომავალში კანისმიერი სიმპტომების გაჩენას.
აუტოიმუნური დაავადებები
ასეთმა დაავადებებმა კანს შესაძლოა შეუცვალოს პიგმენტაცია და გაზარდოს მისი სინათლისადმი მგრძნობელობა, არცთუ იშვიათად მათ ახასიათებთ კანზე წყლულები, გამონაყარი, ფსორიაზი, სხვადასხვა სახის დერმატიტი.