ფსორიაზის გამომწვევი მიზეზები, ნიშნები და მკურნალობის ახალი მიდგომები
მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის პროფესორი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი სამეცნიერო-სასწავლო დარგში. საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
– ქალბატონო თინა, რა დაავადებაა ფსორიაზი და რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს?
– ფსორიაზი კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული, ანთებითი დაავადებაა ინტენსიური აქერცვლით. ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. მაგალითად, აშშ-ში მოსახლეობის 2%-ია ფსორიაზით დაავადებული. სამწუხაროდ, ზუსტი ცნობები საქართველოში დაავადების გავრცელების შესახებ არ არსებობს, მაგრამ 2010-2020 წლებში კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზით დერმატოზებს შორის მისი ხვედრითი წილია 3,0-3,5%. იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებს შორის და ვლინდება 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზის განვითარება?
– დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს მეცნიერთა აზრი, რომ იგი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით (გენეტიკური განწყობა). იმუნოსუპრესული პრეპარატების დადებითი ეფექტის გამო ვარაუდობენ, რომ დაავადების პირველადი პათოგენეზური ფაქტორი შეიძლება იმუნოლოგიური იყოს. გარემო ფაქტორებს შეუძლიათ ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება. მაგალითად, ის შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე (კებნერის ფენომენი), როგორებიცაა განაკაწრი, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა, დამწვრობა, აგრეთვე ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტის (მაგ. ანტიმალარიული პრეპარატები, ლითიუმი, ბეტა-ბლოკატორები, ინტერფერონ-ალფა), სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტს (განსაკუთრებით ბავშვებს) ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება გაუჩნდეს ზედა სასუნთქი გზების სტრეპტოკოკული ინფექციების გადატანის შემდეგ. სხვა ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავება, მიეკუთვნება სტრესი, მუდმივი ემოციური დაძაბულობა, ალკოჰოლიზმი.
– ფსორიაზი გადამდებია?
– ფსორიაზი არ არის გადამდები. ჩვეულებრივ, კანის ახალი უჯრედები ყოველ 27-30 დღეში წარმოიქმნება, მკვდარი უჯრედები კი ჩამოიფცქვნება. ფსორიაზის დროს ეს პროცესი 3-5 დღეში, ანუ უფრო სწრაფად ხდება, შესაბამისად, უფრო მეტი უჯრედი შორდება და იქერცლება კანიდან. შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, რატომაც ჰგონიათ, რომ ფსორიაზი გადამდებია, თუმცა არასწორია. მაშ, როგორ შეიძლება ფსორიაზით დაავადდე? ადამიანთა დაახლოებით 10% ატარებს გენს, რომლითაც ისინი მიდრეკილნი არიან ამ დაავადების განვითარებისაკენ, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ გამომწვევი მიზეზი არის გენებისა და გარემო ფაქტორების (სტრესი, მედიკამენტები, ინფექციები) კომბინაცია, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ.
ექიმები ჯერ კიდევ ცდილობენ ფსორიაზით დაავადების მიზეზი იპოვონ, მაგრამ მათ იციან ერთი რამ: ის არ გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს.
– როგორია ფსორიაზის კლინიკური ნიშნები?
– დაავადებას სხვადასხვა კლინიკური ფორმა ახასიათებს. ყველაზე ხშირია ბალთოვანი ფსორიაზი. ტიპური ფსორიაზული ბალთა შემოსაზღვრული, წრიული ან ოვალური ინფილტრირებული ჰიპერემიული გამონაყარია, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით.
ის ლოკალიზებულია თავის თმიან მიდამოში (ყურების უკან), კიდურების მომხრელ ზედაპირებზე (უპირატესად იდაყვებსა და მუხლებზე), დუნდულებზე, გავის არეში და ბოქვენზე. შეიძლება დაზიანება აღინიშნებოდეს ფრჩხილებზე, წარბებზე, იღლიებში, ჭიპისა და ანოგენიტალურ მიდამოებში. იშვიათად დაავადება განიცდის გენერალიზაციას. ქავილი არ ახასიათებს.
ფრჩხილების დაზიანება აღენიშნება პაციენტთა 30-50%-ს და კლინიკურად წააგავს სოკოვან ინფექციას. ფრჩხილის დაზიანება ხშირად წინ უსწრებს კანზე გამონაყარს და შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილის ფირფიტაზე სათითისმაგვარი ჩანაჭდევებით, ონიქოლიზისით (ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან), ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზით, დაზოლვით, სისხლჩაქცევებით და სხვ.
სხვა კლინიკური ფორმებიდან მნიშვნელოვანია ფსორიაზული ართრიტი, რომელიც ფსორიაზით დაავადებულთა დაახლოებით 30%-ს უვითარდება და ვლინდება ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებით: შეშუპებით, დაჭიმულობითა და ტკივილით.
ერითროდერმული ფსორიაზის (ექსფოლიაციური ფსორიაზული დერმატიტი) შემთხვევაში კანის მთელი საფარი წითელია და დაფარულია ნაზი ქერცლებით. ტიპური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არც იყოს. მას შეიძლება თან ახლდეს ზოგადი სისუსტე და საჭირო იყოს სტაციონარული მკურნალობა.
პუსტულური ფსორიაზი ხასიათდება სტერილური პუსტულებით ხელისა და ფეხის გულებზე (ბარბერის ფსორიაზი) ან მთელ სხეულზე (ვონ ცუმბუშის ტიპი).
ნაოჭების ფსორიაზი აზიანებს ინტერტრიგინოზულ არეებს იღლიის, საზარდულისა და სარძევე ჯირკვლის არეების ჩათვლით. ის, ჩვეულებრივ, უფროსი ასაკის ავადმყოფებთან გვხვდება.
ხელისა და ფეხისგულების ფსორიაზი შესაბამისი ლოკალიზაციისაა და გამოხატულია ჰიპერკერატოზით, ან შეიძლება შედგებოდეს პუსტულების ლოკალური ჯგუფებისაგან.
წვეთისებური ფსორიაზი გვხვდება ახალგაზრდა ასაკში, ვითარდება მწვავედ, განსაკუთრებით ყელის მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ. ის ლოკალიზებულია სხეულსა და კიდურებზე გაფანტულად მდებარე მცირე ზომის პაპულების სახით.
ფსორიაზი მხოლოდ კანის დაავადება არაა. ის აუტოიმუნური დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ის იმუნური სისტემის არასწორი პასუხის შედეგია და ხშირად თან ახლავს სხვა ორგანოების დაზიანებაც. ფსორიაზით დაავადებულებს დიაბეტის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების დიდი რისკი აქვთ.
– როგორ ხდება ფსორიაზის დიაგნოსტიკა?
– ტიპურ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა ადვილია მხოლოდ დათვალიერებით. შესაძლებელია კანის ბიოფსიის ჩატარებაც, თუმცა კანის ბიოფსია ზოგჯერ არ იძლევა სპეციფიკურ დამაჯერებელ დასკვნას. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ფსორიაზული ტრიადის განსაზღვრა, ოჯახური ანამნეზის არსებობა და კებნერის დადებითი რეაქცია კანის ტრავმირების დროს. დაზიანებული ფრჩხილები უნდა შემოწმდეს თანდართულ სოკოვან ინფექციაზე.
– როგორია ფსორიაზის მკურნალობა, რა სიახლეებია ამ მიმართულებით?
– ფსორიაზის მკურნალობა დაავადების სიმძიმის შესაბამისად უნდა წარიმართოს. მსუბუქი შემთხვევების დროს საკმარისია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული მალამოები, კერატოლიზური პრეპარატები (5-10% სალიცილის მჟავა), ტოპიკური D ვიტამინის წარმოებულები (კალციპოტრიოლი), ანთრალინი. ზღვა და მზის მსუბუქი დასხივება კარგია, მაგრამ მზით დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. მძიმე შემთხვევებში იხმარება ციტოსტატიკები (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი-A). სისტემური კორტიკოსტეროიდები უკუნაჩვენებია, რადგან მისმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გამწვავება ან პუსტულური გამონაყარი. ნაჩვენებია PUVA-თერაპია (ფსორალენს + ულტრაიისფერი სხივები – 330-360 სმ სიგრძის), UVB-თერაპია. შეიძლება ფოტოთერაპიის კომბინაცია ზემოთ დასახელებულ ადგილობრივ თერაპიასთან ერთად. თავის თმიან არეში გამოიყენება ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდები ლოსიონების სახით, აგრეთვე სალიცილის მჟავასა და კუპრის შემცველი შამპუნები და ხსნარები. მძიმე და შეუპოვარ შემთხვევებში (პუსტულური და ჰიპერკერატოზული ხელის და ფეხისგულების ფსორიაზი) გამოიყენება ეტრეტინატი და იზოტრეტინოინი, ოღონდ გათვალისწინებული უნდა იყოს ამ პრეპარატების ტერატოგენული ეფექტი.
ბოლო წლებში ფსორიაზის პათოგენეზური მექანიზმების ახსნაში არსებულმა წარმატებებმა განაპირობა ფსორიაზის სამკურნალოდ ბიოლოგიური პრეპარატების დანერგვა, რაც მკურნალობის პროცესში გამონაყარის სრულ ალაგებას განაპირობებს, თუმცა ეს პრეპარატები ჯერჯერობით შესწავლისა და დანერგვის პროცესშია და სიძვირის გამო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
საერთოდ, ფსორიაზის მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია. ის შეირჩევა ექიმი-დერმატოლოგის მიერ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, დაავადების ფორმის, გავრცელების, ლოკალიზაციის მიხედვით, აგრეთვე ადრე ჩატარებული მკურნალობის შედეგის მიხედვით. მკურნალობა უნდა წარიმართოს პაციენტის სურვილისა და ექიმი-დერმატოლოგის კვალიფიციური რეკომენდაციების შეჯერებით. ავადმყოფს უნდა აეხსნას, რომ დაავადება ქრონიკულია და ის გამწვავებებისა და რემისიის მონაცვლეობით მიმდინარეობს. ექიმბაშების მიერ ვითომცდა დაავადების განკურნებისკენ მიმართულმა რადიკალურმა ზომებმა შეიძლება გამოიწვიოს უკურეაქცია და დაავადების დამძიმება, რასაც, სამწუხაროდ, არაიშვიათად ვხვდებით ჩვენს მოსახლეობაში.
– შესაძლებელია თუ არა ფსორიაზის პრევენცია და როგორ?
– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფსორიაზის განვითარებას ხელს უწყობს კანის ტრავმირება და გაღიზიანება: მოერიდეთ კანის ტრავმირებას, ქერცლების ხელით მოშორებას. არ გამოიყენოთ „ექიმბაშის“ წამლები, რომლებიც ხშირად კანს წვავენ და ანთებას ამძიმებენ.
ზოგიერთი მედიკამენტი ამძიმებს ფსორიაზის მიმდინარეობას, შესაბამისად, არ მიიღოთ სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკები და სისტემური მოქმედების სტეროიდები, თუ მათი დანიშვნის აუცილებლობა არაა. აგრეთვე არ მიიღოთ ბეტა-ბლოკერები.
ჭამეთ ჯანსაღი საკვები და იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით. მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, სპეციფიკური კვების რეჟიმის დაცვა ან რომელიმე საკვების რაციონიდან ამოღება გაგათავისუფლებთ თუ არა ქერცლისგან, მაგრამ ჯანსაღ დიეტას ხილის, ბოსტნეულის, უცხიმო ცილებისა და ბურღულეულის მაღალი შემცველობით შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და შეამსუბუქოს ფსორიაზის სიმპტომები.