აკნესადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ
როგორც წესი, გამონაყარი ჩნდება სახეზე, მაგრამ ხანდახან ისინი აზიანებენ გულმკერდის ზედა ნაწილს და ზურგს. ადრე დადგინდა, რომ მემკვიდრეობითი მიდრეკილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს აკნეს წარმოქმნაში. მეცნიერთა დიდი საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ აკნე მართლაც დიდწილად გენების ბრალია.
მკვლევარებმა გაანალიზეს 20 ათასზე მეტი აკნეს მქონე პაციენტის გენომის სრული გაშიფვრის შედეგები მთელი მსოფლიოდან და შეადარეს ისინი თითქმის 600 ათასი ადამიანის გენეტიკურ მონაცემებს, რომლებსაც ეს დაავადება არ აღენიშნებოდა.
გამოვლინდა აკნეს მქონე პაციენტებში, 29 ახალი გენეტიკური ვარიანტი. გარდა ამისა დადასტურდა, ადრე გამოვლენილი 17 გენეტიკური ვარიანტიდან 14 დაკავშირებულია დაავადებასთან. ამრიგად, ამჟამად ცნობილია 46 გენი, რომელთა მუტაციები ზრდის აკნეს რისკს.
ასევე გამოვლინდა კავშირი აკნეს გენეტიკურ რისკსა და დაავადების სიმძიმეს შორის - რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მძიმეა დაავადება. გარდა ამისა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს გენეტიკური კავშირი აკნესა და კანისა და თმის სხვა დაავადებებისადმი მიდრეკილებას, ასევე ჰორმონალურ და ფსიქიკურ დარღვევებს შორის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი აღმოჩენები საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ აკნეს გამომწვევი მიზეზები და ვიპოვოთ ახალი მიდგომები ამ დაავადების სამკურნალოდ.
აკნეს შესახებ
აკნე არის კანის გავრცელებული დაავადება, რომელსაც ახასიათებს პაპულების ფორმირება სახესა და ტორსზე.
- აკნეს განვითარების მიზეზი კანის მკვდარი უჯრედებით, ბაქტერიებითა და ცხიმით თმის ფოლიკულების ბლოკირებაა.
- როგორც წესი, სახეზე, მხრებზე ან ზურგზე ვითარდება პაპულები, ცისტები და ზოგჯერ აბსცესები.
- აკნეს დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება.
- მსუბუქი აკნეს შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს ადგილობრივ ანტიბიოტიკებს, საშუალო სიმძიმის დროს – პერორალურ ანტიბიოტიკებს, ხოლო მძიმე აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება იზოტრეტინოინი პერორალურად.
აკნე განპირობებულია ჰორმონების, ცხიმის ჯირკვლებისა და ბაქტერიების ურთიერთმოქმედებით, რაც თმის ფოლიკულის ანთებას იწვევს. აკნე ხასიათდება პაპულების, ცისტებისა და ზოგჯერ აბსცესების ფორმირებით. ორივე, ცისტაც და აბსცესიც, არის ჩირქით სავსე ელემენტი, მაგრამ აბსცესი ზომით უფრო დიდია და ღრმად ვრცელდება.
ცხიმის ჯირკვლები, რომლებიც ცხიმოვან ნივთიერებას გამოიმუშავებენ, განლაგებულია კანის შუა შრეში – დერმაში. აღნიშნული ჯირკვლები უკავშირდებიან თმის ფოლიკულებს. ცხიმი, კანის მკვდარ უჯრედებთან ერთად, კანის ზედაპირზე ფორების მეშვეობით გამოიყოფა.
აკნე ცხიმით, კანის მკვდარი უჯრედებითა და ბაქტერიებით თმის ფოლიკულების ბლოკირების შედეგად ვითარდება. ნაწილობრივი დახშობისას კანზე – შავი (ღია), სრული დახშობისას კი თეთრი (დახურული) კომედონები წარმოიქმნება. ცხიმით სავსე თმის ფოლიკულში ხელსაყრელი პირობები იქმნება Propionibacterium Acne-ს გამრავლებისთვის (აღნიშნული ბაქტერია, ჩვეულებისამებრ, თმის ფოლიკულში ბინადრობს). ყოველივე აღნიშნულის შედეგად კანზე ყალიბდება გამონაყარი – პაპულები, ანთების უფრო ღრმა შრეებში გავრცელების შემთხვევაში კი – ცისტები და ზოგჯერ აბსცესებიც.
აკნე უპირატესად პუბერტულ ასაკში გვხვდება, როდესაც ადგილი აქვს ცხიმის ჯირკვლების სტიმულაციას ჰორმონების, უპირატესად ანდროგენების (როგორიცაა ტესტოსტერონი) დონის ცვლილებით (შედეგად ხდება ცხიმის ჭარბად გამომუშავება). დაახლოებით 20 წლის ასაკისთვის ჰორმონების სინთეზი სტაბილიზდება და, როგორც წესი, აკნეც ქრება. მდგომარეობებმა, რომელსაც ახლავს ჰორმონალური ცვლილებები, შესაძლოა ასევე იქონიოს გავლენა აკნეს განვითარებაზე, მაგალითად – გამონაყარი ახალგაზრდა ქალებში ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს განვითარდეს, გაქრეს ან მნიშვნელოვნად გაუარესდეს ორსულობის პერიოდში. ზოგჯერ აკნეს მიზეზი გარკვეული პრეპარატების გამოყენებაა (უპირატესად კორტიკოსტეროიდები და ანაბოლური სტეროიდები – ცხიმის ჯირკვლების სტიმულაციის ხარჯზე). მდგომარეობის გაუარესებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეული კოსმეტიკური საშუალებების მოხმარების დროსაც.
აკნეს სიმძიმე ხშირად ცვალებადია – მდგომარეობა პერიოდულად უმჯობესდება, პერიოდულად უარესდება. აღნიშნულის ზუსტი მიზეზის დასახელება რთულია. იგი ხშირად უარესდება ზამთარში და პირიქით, ზაფხულში ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული, რაც მზის სხივების ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით შეიძლება აიხსნას. არ არსებობს რაიმე კავშირი აკნესა და კონკრეტულ საკვებს ან სექსუალურ აქტივობას შორის.