პორტ-ვეინის ლაქა - თანდაყოლილი სისხლძარღვოვანი ანომალია
კაპილარული ანომალია ცნობილია პორტ-ვეინის სახელწოდებით. ლაქის შეფერილობა შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი ან იისფერი. ანომალია თანდაყოლილია და შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ლოკაციაზე. ლაქები თავდაპირველას ღია ფერისაა, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა გამუქდეს, უმეტეს შემთხვევაში უვნებელია ჯანმრთელობისთვის.
კაპილარული მალფორმაცია ვითარდება მაშინ, როდესაც კანში არსებული სისხლძარღვები ფართოვდება, კანის ზედაპირთან ახლოს ჩნდება დამატებითი სისხლძარღვები.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა
როგორც წესი მისი დიაგნოსტირება ხდება არსებული ლაქების შესწავლით და მათი გამოკვლევით.
იმ შემთხვევაში, თუ ლაქა მდებარეობს შუბლის არეში, სკალპზე, თვალის გარშემო ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს სტარგ-ვებერის სინდრომთან(იშვიათი თანდაყოლილი დაავადება,რომელსაც ახასიათებს ნევროლოგიური პრობლემები). ბავშვები, რომელთაც ამ ლოკაციაზე აღენიშნებათ ლაქა საჭიროებენ ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციას, ვინაიდან იმყოფებიან თვალისა და თავის ტვინის პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ.
თუ ბავშვს აღენიშნება პორტ-ვეინის ლაქა თვალთან ახლოს უნდა დააკვირდეთ შემდეგ ნიშნებს:
- არის თუ არა თვალის გუგა გაფართოებული მეორესთან შედარებით და ადგილი აქვს თუ არა ეგზოფთალმს(თვალის გადიდებას);
- არის თუ არა თვალის ქუთუთო უფრო დიდი მეორესთან შედარებით
მკურნალობა
კაპილარული მალფორმაციის სრული განკურნება რთულია, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა. მკურნალობის ეფექტურობა განისაზღვრება შემდეგი შედეგების მიღწევით, კრიტერიუმებით. ესენია:
- ფერი - ლაქა უნდა გაღიავდეს;
- ზომა - უნდა შემცირდეს;
- შესამჩნევობა - ნაკლებად შესამჩნევი უნდა გახდეს;
- ცხოვრების ხარისხი - უნდა მოხდეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
მკურნალობის ძირითადი მიმართულება ლაზეროთერაპიაა. იგი მიიჩნევა ოქროს სტანდარტად. ლაქების გასქელებისა და სისხლდენის გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.