რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი

ხშირმა მღელვარებამ, რომელსაც სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა სდევს თან, შესაძლოა ნევროზამდეც კი მიიყვანოს.
გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- ქალბატონო ლია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმნიშვნელო მღელვარების დროსაც კი წამოწითლდებიან ხოლმე. რისი ბრალია ეს?
- მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით სიწითლის შიშს ნიშნავს. დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ (Blush ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს). სახის ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. შედეგად ადამიანი მცირედი მღელვარების დროსაც კი წითლდება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა, ადამიანი ნევროზამდე და დაპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა, - სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციოფობია ახასიათებთ, - და არცთუ იშვიათად პირადი ცხოვრებაც მოუწყობელი აქვთ. განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს;
2) კონფლიქტურ ფორმას (ერითროფობიის პრობლემა);
3) ფორმას, როცა სიწითლეს ოფლიანობაც სდევს თან.
- გამოდის, რომ ბლაშინგ-სინდრომი დაავადებაა...
- არა, ბლაშინგ-სინდრომი დაავადება არ არის, იგი სოციოფობიის გამოვლინებაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომელიმე დაავადების შედეგი იყოს. მაგალითად, ბლაშინგ-სინდრომი ხშირად იჩენს თავს:
- მენოპაუზის პერიოდში. სახისა და ყელის მოულოდნელი გაწითლება, ალები, ოფლიანობა მენოპაუზის დასაწყისისთვის არის დამახასიათებელი. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ალები ქალს შეიძლება დაეწყოს ჯერ კიდევ საკვერცხეების ნორმალური ფუნქციობის პერიოდში. ამ დროს ქალმა უნდა იმკურნალოს გინეკოლოგის მეთვალყურეობით. ალები და ხშირი წამოწითლება ქრება ჰორმონული გადაწყობის დასრულებასთან ერთად;
- ცხარე საკვების ან ალკოჰოლის მიღებისას;
- ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ქლორპროპამიდების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები), ნიტრატების (გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები), ტამოქსიფენის (ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი), წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო პრეპარატების, რალოქსიფენის (ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატი), კალციტონინის (ძვლოვანი პათოლოგიის სამკურნალო პრეპარატი), კალციუმის არხის ბლოკატორების (გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს გამოსაყენებელდი პრეპარატები) მიღებისას.
- მენოპაუზის, ალკოჰოლისა და წამლების შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი აღელვების დროს?
- ეს დღემდე უცნობია. ვიცით, რომ ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს, თვით სისხლძარღვთა გაფართოების გამომწვევი მექანიზმი კი შესწავლის სტადიაშია. ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი აქტიურობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო, ყოფით საქმიანობას, მაგალითად, უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც კი შეუძლებელს ხდის. ქება თუ შენიშვნა ადამიანს აწითლებს, ზოგჯერ მეტყველების უნარსაც კი აკარგვინებს.
- რას გულისხმობს ერითროფობიის მკურნალობა?
- ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას, სედაციური საშუალებების გამოყენებას. გარდა ამისა, ბლაშინგ-სინდრომის დროს ინიშნება ბ3 და ბ5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს. ბლაშინგ-სინდრომის დროს ძალზე ეფექტურია ოპერაციული მკურნალობა - იგი პაციენტთა 95%-ს შველის. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური სიმპათექტომია. ამ დროს სპობენ ნერვულ იმპულსთა გამტარ სიმპათიკურ ნერვულ ღეროებს. ავადმყოფი ოპერაციის მეორე დღესვე მიდის შინ. ბლაშინგ-სინდრომი ქრება.
- იქნებ არანაკლებ პრობლემურ საკითხზე - ჭარბ ოფლიანობაზეც ვისაუბროთ...
- ჭარბი ოფლიანობა, ჰიპერჰიდროზი, არის საოფლე ჯირკვლების გამომყოფი ფუნქციის დარღვევა, კერძოდ, პათოლოგიური გაძლიერება. მედიცინაში ამას ჰიპერსეკრეციას უწოდებენ. ის ლოკალურიც შეიძლება იყოს და გენერალიზებულიც. ამ პათოლოგიური მდგომარეობის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია. ალბათ, მოლეკულური ბიოლოგიის, გენური ინჟინერიის განვითარებასთან ერთად მეცნიერები შეძლებენ ნერვული სისტემის უჯრედების არასწორი მუშაობის მიზეზის დადგენას.
რაც შეეხება ჰიპერჰიდროზის განვითარების მექანიზმს, ის კარგად არის შესწავლილი - დადგენილია, რომ ბრალი მიუძღვის სიმპათიკური ნერვული სისტემის არანორმალურ ფუნქციობას. ადამიანის ნერვული სისტემა სქემატურად შეიძლება ორ ნაწილად: სომატურ და ვეგეტაციურ ნერვულ სისტემებად - გავყოთ. პირველი უზრუნველყოფს იმ ფუნქციებს, რომელთა კონტროლირებაც შეგვიძლია, მაგალითად, კიდურების მოხრა-გაშლას, სიარულს, მეტყველებას. ნერვული სისტემის მეორე, ვეგეტაციური ნაწილი ახორციელებს იმ ფუნქციებს, რომელთა კონტროლირებასაც ვერ ვახერხებთ, მაგალითად, გულისცემას, გუგების შევიწროება-გაფართოებას, სისხლძარღვების ტონუსის მომატება-მოკლებას და სხვა.
ვეგეტაციური ნერვული სისტემა, თავის მხრივ, სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემებად იყოფა. ორგანიზმის ფუნქციობაზე ამ ორი სისტემის ზემოქმედება ურთიერთსაპირისპიროა: სიმპათიკური ნერვული სისტემა ახშირებს გულისცემას, პარასიმპათიკური კი ანელებს; სიმპათიკური ნერვული სისტემა ნაწლავების პერისტალტიკას ბლოკავს, პარასიმპათიკური კი აძლიერებს და ასე შემდეგ.
ოფლის გამოყოფას სიმპათიკური ნერვული სისტემა არეგულირებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ოფლის გამოყოფა თერმომარეგულირებელ როლს ასრულებს. მაგალითად, თუ მოიმატა გარემოს ტემპერატურამ, ოფლი გამოიყოფა, შემდეგ ორთქლდება და აგრილებს სხეულს. ეს მექანიზმი ზუსტად არის გათვლილი და არავითარი ზედმეტი მოქმედება არ ხდება. ჰიპერჰიდროზის დროს კი ეს საათივით აწყობილი სისტემა, შეიძლება ითქვას, მწყობრიდან გამოდის. ნერვული ცენტრებიდან იმპულსები აღმოცენდება ისეთ გაღიზიანებაზე, რომელსაც ტემპერატურასთან საერთოდ არ აქვს კავშირი, - მაგალითად, შიშის ან მღელვარების დროს. თუ ზემოთქმულს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ჰიპერჰიდროზი ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც.
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და მიმართულია სითბოს გამოყოფისკენ, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის, გარემოს ტემპერატურის მატების დროს, ზოგჯერ - ყნოსვისა და გემოვნების ანალიზატორების გაღიზიანებისას, მაგალითად, ცხარე საკვების (წიწაკის, მდოგვის) მიღების შემთხვევაში. შიშის, მღელვარების, სირცხვილის დროსაც იჩენს ხოლმე თავს.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი კი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომელთაგანაც წამყვანია ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული ცვლილებები.
- რა იწვევს გენერალიზებულ ჰიპერჰიდროზს?
- გენერალიზებულ ჰიპერჰიდროზს ანუ მთელი სხეულის მომატებულ ოფლიანობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის - ენდოკრინული დარღვევა (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, კლიმაქსური პერიოდი, ფეოქრომოციტომა, ნერვული სისტემის სიმსივნე, კარცინოიდული სინდრომი, აკრომეგალია), ინფექციური დაავადება (სეპტიცემია, ტუბერკულოზი, მალარია და სხვა), სიმსივნური დაავადება (ლიმფოგრანულომატოზი, ლიმფომა, სიმსივნის მეტასტაზები), ნევროლოგიური დაავადება (პარკინსონიზმი, ნეიროსიფილისი, დიენცეფალური სინდრომი, მუკოვისციდოზი). ბრალი მიუძღვის ასევე ფსიქოგენურ ფაქტორებს, წამლებს (ასპირინს, ინსულინს, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს, მორფინისა და პრომედოლის ჯგუფის ანალგეტიკებს და სხვა), მოწამვლას (ფოსფორორგანული ნივთიერებებით, სოკოთი). ეგრეთ წოდებული "ღამის ოფლის" სიმპტომი ახასიათებს ტუბერკულოზს, რევმატიზმს, ქრონიკულ ტონზილიტს.