დერმატოლოგიური დაავადებები

როგორ ავიცილოთ თავიდან მათი გამწვავება და როგორ მოვიქცეთ გამწვავების შემთხვევაში? ამ და სხვა კითხვებზე სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "პანაცეას" ექიმი დერმატოლოგი ლია ჯერვალიძე გვიპასუხებს.
- ქალბატონო ლია, კანის სნეულებით ქრონიკულად მოავადეები გაზაფხულის დამდეგს არცთუ იშვიათად თავად იტარებენ გამწვავების პროფილაქტიკას ანტიჰისტამინური პრეპარატებით. რამდენად მართებულია ეს?
- დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავების ანტიჰისტამინებით პროფილაქტიკა, თუ გამწვავების არც ერთი ნიშანი ჯერ არ გამოვლენილა, დაუშვებელია. მათი მიღებისგან თავის შეკავებას გირჩევთ გამწვავების პირველ დღეებშიც. ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ელიმინაციური ღონისძიებების ჩატარება, ანუ უნდა ვერიდოთ იმ ფაქტორს, რომელიც ჩვენში ალერგიას იწვევს, ხოლო თუ ელიმინაციური ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, შეიძლება მედიკამენტური თერაპიის დაწყებაც. გამწვავების პირველ დღეებში შეიძლება ჩვეული ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) საშუალების მიღება.
უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს პირველი, მეორე და მესამე თაობის პრეპარატები. პირველი თაობის ანტიჰისტამინებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. მაგალითად, ალერგიული დერმატიტით დაავადებულებს აგზნებადობა და უძილობა ახასიათებთ, ამიტომ პირველი თაობის ანტიჰისტამინების საძილე ეფექტი, რომელიც მათ ნაკლად ეთვლებათ, ამ შემთხვევაში გამოსადეგიც კია. თუმცა ამავე საძილე ეფექტის გამო მათი მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ავტომობილის მართვა და გონებრივი მუშაობა უწევს. მათ უმჯობესია მეორე და მესამე თაობის პრეპარატები მიიღონ.
თუ ანტიჰისტამინურ პრეპარატს საგრძნობი ეფექტი არ აღმოაჩნდა და კანისმხრივი ალერგიული რეაქციები გაძლიერდა, საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი, რათა მან შესაფერისი საფენები, ემულსიები და კანის დამარბილებელი საშუალებები შეგირჩიოთ. საზოგადოდ, ალერგოდერმატოზებით ქრონიკულად მოავადეებს კანი გამწვავების გარეშეც მშრალი, უხეში და აქერცლილი აქვთ, ამიტომ კანის აღმდგენი და დამარბილებელი საშუალებები, ისეთები, რომლებიც კანს დაანოტივებს, დაარბილებს და დააცხიმიანებს, რემისიის პერიოდშიც უნდა იხმარონ და გამწვავებას არ დაელოდონ. მრავალი ჩვენგანი არ ელოდება გამწვავებას და თავის დაცვას სტეროიდული მალამოებით თუ სხვა სახის ჰორმონული პრეპარატებით ცდილობს, რაც დაუშვებელია. მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის ნებართვით შეიძლება და ისიც მაშინ, როდესაც თვალსაჩინოა კანის სერიოზული და ღრმა დაზიანება. სხვა შემთხვევაში უმჯობესია ფონს არასტეროიდული პრეპარატებითა და სხვა ადგილობრივი საშუალებებით გახვიდეთ.
გაზაფხულის დამდეგს თავი უნდა არიდოთ სტრესს, ნერვულ და ფსიქიკურ გადაძაბვას, აღიდგინოთ სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა, უარი თქვათ ალკოჰოლსა და სიგარეტზე, დაიცვათ დღის რეჟიმი, გაიკაჟოთ ორგანიზმი. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ერიდეთ ცხარე და სანელებლებით შეკაზმულ საკვებს.
- ალერგიული დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავების მკურნალობისა და პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სამკურნალო კვებაა. რას ისახავს მიზნად დიეტა ფსორიაზის დროს და როგორი უნდა იყოს იგი?
- ფსორიაზის დროს დიეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაა. იგი მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად ინიშნება როგორც დაავადების მწვავე ფაზაში, ასევე შესაძლო გამწვავების პერიოდში - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გამწვავების პერიოდში დიეტური მკურნალობა 2-3 კვირა გრძელდება. ირჩევა კვების რეჟიმი და რაციონი, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას მექანიკურად და ქიმიურად ასუფთავებს და მაქსიმალურად ზოგავს ღვიძლსა და ნაწლავებს.
კვების რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სრულფასოვან ცილებსა და ნახშირწყლებს, სამაგიეროდ სასურველია ცხიმების მაქსიმალურად შემცირება. მათი სადღეღამისო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 გრამს. სრულფასოვანი ცილებით რაციონი უმჯობესია რძის პროდუქტების ხარჯზე გამდიდრდეს, განსაკუთრებით ხაჭოთი, ხოლო ვიტამინებით - ხილის, ბოსტნეულის, კენკრისა და მათი წვენების ხარჯზე. რაც შეეხება ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს: შაქარს, თაფლს, მურაბას, - მათი რაოდენობაც უნდა შემცირდეს. კვირაში ერთი-ორჯერ მიზანშეწონილია განტვირთვის დღის მოწყობა. სასურველია, რაციონში ჩართოთ ზღვის პროდუქტები: ზღვის კომბოსტო, კალმარი, ნაკლებცხიმიანი თევზი. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ფსორიაზს გულ-სისხლძარღვთა რომელიმე დაავადება ერთვის.
- ფსორიაზი ხშირად იწვევს ართროზსა და პოლიართრიტს. ასეთ დროს თუ იცვლება პაციენტის კვების რეჟიმი?
- თუ ფსორიაზის პათოლოგიურ პროცესში სახსრებიც არის ჩათრეული, რაციონში ჩვეულებრივზე მეტად იკლებს ნახშირწყლების შემცველობა (200-250 გ), რაც დღეში დაახლოებით 30 გრამი შაქრის მიღებას გულისხმობს; 70-80 გრამამდე იზღუდება ცილები; ერთ ლიტრამდე მცირდება სითხის დღიური ულუფა. სასურველია, კერძი უმარილოდ მიირთვან. ხორცი და თევზი მხოლოდ მოხარშული შეიძლება, მათი ნახარში და ბულიონი იკრძალება.
სასურველია რაციონის ვიტამინებით გამდიდრება, განსაკუთრებით - C და P ვიტამინებით. მათ უხვად შეიცავს ასკილი, ქაცვი, ასფურცელას ნახარში.
მენიუში კალიუმით მდიდარი პროდუქტები უნდა ჭარბობდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი ძირითადი დაავადების სამკურნალოდ ჰორმონთერაპიას იტარებს. სჯობს, კალიუმის შემცველი პროდუქტების რაოდენობა რძის პროდუქტების შემცირების ხარჯზე გაიზარდოს.
აკრძალულია ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი სასმელი.