ბუშტუკები და წყლულები კანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუშტუკები და წყლულები კანზე

- ქალბატონო ლია, კანის რომელი დაავადებები მიმდინარეობს ბუშტუკებისა და წყლულების წარმოქმნით?

- თავდაპირველად აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბუშტუკები და წყლულები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ელემენტებია. ბუშტუკები (Bulla) კანის პირველადი მორფოლოგიური ელემენტები გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ დაავადების დროს დაუზიანებელ კანზე პირველადად ჩნდება, წყლულები (ullus) კი მეორეულია ანუ პირველადი პათოლოგიური კერის დაშლის შედეგად ჩნდება. ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს დისჰიდროზულ ეგზემას, მარტივ ჰერპესს, ჰერპეს-ზოსტერს, ბულოზურ ეპიდერმოფიტიას (სოკოვანი დაავადებაა), ბავშვთა ბულოზურ იმპეტიგოს (იმავე სტრეპტოდერმიას), წყლულები კი ჩნდება ვენების ვარიკოზული დაავადების, გუმოზური სიფილისის, მგლურას, ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმიის დროს.

 

- როგორია ბუშტუკები გარეგნულად?

- ბუშტუკი არის 0,5-დან 7 სმ-მდე დიამეტრის მქონე (ზოგჯერ - უფრო დიდიც) მრგვალი ან ოვალური ღრუ წარმონაქმნი, რომელიც შეიცავს სეროზულ, სისხლიან ან ჩირქოვან სითხეს. ის კანიდან წამოწეულია და აქვს მკვეთრი საზღვრები. უმეტესად ერთკამერიანია (რასაც იმით ვხვდებით, რომ დაჩხვლეტისას სწრაფად იჩუტება), მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე ბუშტუკი გაერთიანდეს და მრავალკამერიანი ელემენტი წარმოქმნას. ასეთი რამ ხდება, მაგალითად, დისჰიდროზული ეგზემის ან ბულოზური ეპიდერმოფიტიის დროს. ზოგჯერ ბუშტუკებს აქვთ არასწორი მოხაზულობა და იმეორებენ გარეგანი გამაღიზიანებლის კონტურს. მაგალითად, დამწვრობისას, მცენარის ტოქსიკური ზემოქმედებისას (Dermatits venennata). ბუშტუკები ზოგჯერ შეცვლილ კანზე ჩნდება, ზოგჯერ კი შეუცვლელზე. მაგალითად, დიურინგის დაავადების ბულოზური ფორმის, ჰერპეტიფორმული დერმატიტის, ბულოზური ფორმის წითელი ქარის,  მრავალფეროვანი ექსუდაციური ერითემის დროს ბუშტუკები ჩნდება ანთებადი კანის ზედაპირზე და ჰიპერემიული (შეწითლებული) ზონით არის გარშემორტყმული, ხოლო ჩვეულებრივი ფოთლისებრი პემფიგუსის, თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დროს, ასევე ტრავმული ბუშტუკებიც - გარეგნულად უცვლელზე.

 

- რატომ ჩნდება ბუშტუკები?

- კანის დაავადებებს სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ბუშტუკის განვითარების მექანიზმი ერთნაირია. წამყვან როლს ასრულებს ეპითელური უჯრედების წინასწარი დეგენერაციული დაზიანება, უჯრედებს შორის კავშირის გაწყვეტა, აკანთოლიზი (ეპითელიუმის წვეტიანი შრის ზრდა) და სპონგიოზი (უჯრედგარეთა შეშუპება). ორიოდე სიტყვით აღვწერ კანის აგებულებას. ზედაპირზე მდებარეობს ეპიდერმისის შრე, მის ქვეშ - მისგან ბაზალური მემბრანით გამოყოფილი კანქვეშა შრე დერმა, რომელიც, თავის მხრივ, შემაერთებელ ქსოვილსა და ორ შრეს მოიცავს, დაბოლოს - ჰიპოდერმა. ეპიდერმისის ქვეშ ბუშტუკები ჩნდება დერმის დვრილოვან შრეში შეშუპებისა და ბაზალური მემბრანის სტრუქტურის რღვევის შედეგად. შემაერთებელ ქსოვილში იცვლება მთავარი ნივთიერება, ხოლო ბაზალური მემბრანის ცვლილების შედეგად დაგროვილი ექსუდატი იწვევს ეპიდერმისის ჩამოშლას. ასეთი რამ ხშირია, მაგალითად, მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის, ბულოზური ტოქსიდერმიის, წითელი ქარის ბულოზური ფორმის დროს.

 

- როგორ კვალს ტოვებენ ბუშტუკები?

- ბუშტუკების გახეთქვისას წარმოიქმნება ეროზიები, რომლებიც ხშირად დიდხანს არ ხორცდება. ამის მაგალითია პემფიგუსი. ზოგჯერ ბუშტუკების შიგთავსი ხმება, ქერქად იქცევა და კვალს არ ტოვებს, მაგრამ თუ ბუშტუკი ეპიდერმისის ქვეშ არის და დაზიანებულია დერმის დვრილოვანი შრე, მაშინ ბუშტუკების ადგილას ჩნდება ნაწიბურები. ასე ხდება დამწვრობისა და პორფირიის დროს.

 

- რა არის წყლული?

- წყლული კანის ღრმა დაზიანებაა, რომელიც მოიცავს ეპიდერმისს, დერმას და არცთუ იშვიათად - მის ქვეშ მდებარე ქსოვილებსაც. იგი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩნდება პირველადი პათოლოგიური კერის დაშლის შედეგად დერმის ღრმა შრეებში, თუმცა არ არის გამორიცხული, გაჩნდეს პირველადად, ქსოვილის დანეკროზების შედეგად, ტროფიკის მოშლისას. წყლულები უნდა განვასხვავოთ ჭრილობებისგან, რომლებიც მექანიკური, სხივური, ტემპერატურული თუ სხვა სახის ტრავმის შედეგად ჩნდება ნორმალურ კანზე, მაგრამ შემდგომი მიმდინარეობა, ანთებითი, ჩირქოვანი პროცესები უნდა განვიხილოთ როგორც წყლულები. წყლული სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. მაგალითად, ვარიკოზული წყლული, სიფილისური გუმა, ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმიის ელემენტები დიდია; მგლურას დროს წყლულებს აქვთ სხვადასხვა ფესტონური მოხაზულობა; გუმოზური სიფილისის წყლულებს აქვთ ჩამოწეული კიდეები; უმეტესად წყლულების ფსკერი დაფარულია სეროზული, ჩირქოვანი ან სისხლინი ნადებით, შემდეგ კი წარმოიქმნება ასეთივე ხასიათის ქერქები. წყლული ტოვებს დამახასიათებელ ნაწიბურს, რაც გვაძლევს საშუალებას, რამდენიმე წლის შემდეგ დავადგინოთ, რომ ავადმყოფმა გადაიტანა გუმოზური სიფილისი, კოლიქვატური ტუბერკულოზი ან სხვა დაავადება. თვით მორფოლოგიური ელემენტის ხასიათი გვეხმარება დაავადების დიაგნოზის დასმაში, მისი სტადიისა და სიმძიმის დადგენაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური მკურნალობის დასანიშნავად.


 

- რას გვეტყვით კანზე გაჩენილი ბუშტუკებისა და წყლულების მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე?

- ყველა ჩამოთვლილ დაავადებას ვმკურნალობთ ეთიოპათოგენეზურად, ანუ წარმომშობი მიზეზის მიხედვით. ვითვალისწინებთ განვითარების სტადიას, სიმწვავეს და ლოკალიზაციას, ასევე - დანიშნული პრეპარატის კონცენტრაციას, ჩვენებებსა და უკუჩვენებებს. მწვავე პერიოდში ადგილობრივად ინიშნება საფენები, მოსაფრქვევები, მომდევნო სტადიაში - მალამოები. დაბინძურებული წყლულები და ეროზიები უნდა დამუშავდეს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით. კანი კერების ირგვლივ უნდა გაიწმინდოს ქაფურის სპირტით, 2%-იანი სალიცილის ან 2%-იანი ბორის სპირტით. სოკოვანი დაავადების დროს ინიშნება შინაგანი ანტიმიკოზური საშუალებები. ჰერპესული ინფექციების დროს მივმართავთ ვაქცინოთერაპიას, როგორც ადგილობრივ, ისე პერორალურ (შინაგან) ანტივირუსულ საშუალებებს. პემფიგუსისა და დიურინგის დაავადებების დროს ვიყენებთ სტეროიდებს, ვიტამინოთერაპიას, იმუნოთერაპიას, სედაციურ საშუალებებს და ჰიპოსენსიბილიზაციას. ახლა - რაც შეეხება პროფილაქტიკას:

  • დისჰიდროზული ეგზემის პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის დაცვას, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ დაავადებას არ დაერთოს მეორეული ჩირქოვანი ინფექცია. ადგილობრივად ვიყენებთ თეთრ კასტელანს ბუშტუკების მოსახმობად, გვირილის ან მუხის ქერქის აბაზანებს. ავადმყოფმა უნდა დაიცვას ჰიპოალერგიული დიეტა, ეკრძალება ალკოჰოლი. აუცილებელია, გამოირიცხოს კონტაქტი ალერგენთან. გარდა ამისა, საჭიროა დეჰელმინთიზაცია და ინფექციის კერების სანაცია. იკრძალება ასევე სინთეტიკური, ფლანელისა და შალის ტანსაცმლის ტარება.
  • ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა ითვალისწინებს ორგანიზმის სანაციას, გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, სპეციალურ ვაქცინოთერაპიას. ყოველივე ეს ახანგრძლივებს რემისიას, აიშვიათებს რეციდივებს და ასუსტებს სუბიექტურ მწვავე შეგრძნებებს. გენიტალური ჰერპესის დროს თავი უნდა ვარიდოთ დაუცველ სქესობრივ კავშირს.
  • ბულოზური ეპიდერმოფიტიის პროფილაქტიკა მოიცავს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, აბანოების, აუზების რეგულარულ დეზინფექციას, მომსახურე პერსონალის შემოწმებას, დროულ მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში დისპანსერიზაციას. ავადმყოფმა უნდა დაიცვას ტერფების ჰიგიენა, ჩაიცვას მხოლოდ საკუთარი ფეხსაცმელი. ფეხსაცმლის დეზინფექცია კი ასე ტარდება: ფეხსაცმელი უნდა გაიწმინდოს ფორმიდრონის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით და ორი საათით მოთავსდეს თავდახურულ პოლიეთილენის პარკში, ამის შემდეგ კი 10 დღის განმავლობაში განიავდეს. დაავადებულებმა უნდა ატარონ ბამბის წინდები (მკურნალობის დაწყებისას საჭიროა მათი დეზინფექციაც). რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობის დასრულების შემდეგ ტერფებზე 2-3 კვირის განმავლობაში ვიზელთ ანტიმიკოზურ საშუალებებს.
  • პემფიგუსის, პემფიგოიდის, დიურინგის ჰერპეტიფორმული დაავადების პათოგენეზში წამყვანია აუტოიმუნური, ნერვული და ვირუსული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის, ორგანიზმის რეაქტიულობის დარღვევები, სარეზერვო ფუნქციის დაქვეითება და ბუნებრივია, ყველა ღონისძიება ამ მიზეზების აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული.
  • ბავშვებში ბულოზური იმპეტიგოს ანუ ზერელე სტრეპტოდერმიის პროფილაქტიკა გულისხმობს იგიენური ნორმების დაცვას.