მოხუცებულთა ნევროლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოხუცებულთა ნევროლოგიური პრობლემები

განვიხილოთ ის ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერით არის განპირობებული.

სიბერეში გონებრივი უნარ-შესაძლებლობების დაქვეითება გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: ბიოლოგიური დაბერებით და რამდენიმე დაავადების დართვით, რის შედეგადაც იზღუდება თავის ტვინის ფუნქციათა და აზროვნებით ოპერაციათა სპექტრი. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც ადამიანს განსაზღვრულ დროში სთხოვენ ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრას. პასუხის დაგვიანება ანუ შესასრულებელი ოპერაციის დაყოვნება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იმპულსთა გატარების სიჩქარის დაქვეითების ბრალია, ამიტომაც ერთი შეხედვით მარტივი სამუშაოს შესრულებისას, ანამნეზის ანუ ავადმყოფობის შესახებ ცნობების შეკრებისას, ექიმს დიდი ძალისხმევა უხდება; შეკითხვათა მეტისმეტად გამარტივებისა და უკიდურესი სიზუსტით ფორმულირების მიუხედავად, მოხუცებულები, როგორც წესი, ვერ ახერხებენ კონცენტრირებას და სათანადო პასუხების ჩამოყალიბებას.

მოხუცებულთა დამახასიათებელი თვისებებიდან აღსანიშნავია აგრეთვე აზროვნების ერთგვარი რიგიდულობა და სიტუაციათა სწორად შეფასების შეუძლებლობა, რაც ართულებს პაციენტის გამოჯანმრთელებას და ცხოვრების ახალ პირობებთან შეგუებას.

ცნობილია, რომ მოხუცებულებს მკვეთრად უქვეითდებათ ხანმოკლე მეხსიერება. ისინი განუწყვეტლივ კარგავენ ნივთებს, რომლებიც ორიოდე წუთის წინ ხელში ეჭირათ. გონებრივ შესაძლებლობათა ცვლილებებს მოხუცები სხვადასხვაგვარად ეგუებიან. ზოგი მათგანი აქტიურად გაურბის ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც გონების დაძაბვა და ინტელექტუალური ძალისხმევაა საჭირო.

ზოგი განმუხტვა-განტვირთვისთვის სხვადასხვა მოძრაობით აქტივობას იყენებს: თავს აქნევს, კეფას იქექავს, სიტყვებს წელავს... პასუხი ხშირად სრულიად არაადეკვატურია: ან მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ, ან, პირიქით, სამარესავით დუმან, ცრემლი ერევათ და სხვა. ექიმმა უნდა შეძლოს ამ ტიპის რეაქციათა ამოცნობა და აღმოფხვრა. სიტყვიერი მარაგის საგრძნობი შემცირება შესაძლოა მენტალური კრიზისის ნიშანიც კი იყოს. ისეთი მარტივი ამოცანებით, როგორიცაა ასანთის ღერებისგან მარტივი სახლის ან გეომეტრიული ფიგურების აწყობა, შესაძლოა გამოვლენილ იქნეს დემენცია, თუმცა ამ დარღვევათა ინტერპრეტაცია სიფრთხილეს მოითხოვს, ვინაიდან ისინი ზოგჯერ დეპრესიის, განგაშის, გადაღლილობის ან პრეპარატების ზემოქმედების ბრალია.

მოხუცებულობის ასაკში ემოციური სფეროს მდგომარეობა ხშირად გარესამყაროში მიმდინარე მოვლენებზე რეაქციათა ინტენსივობით გამოიხატება. ეს შესაძლოა იყოს როგორც უკვე არსებული თვისებებისა და ხასიათის პათოლოგიური შტრიხების გაძლიერება-გამძაფრება, ასევე აპათია (ემოციების გარეგანი გამოხატულების უქონლობა) და ინდიფერენტულობა.

ცერებრული სინდრომები

მოხუცებულობის ასაკში ტვინის კატასტროფათა 80% უკავშირდება სამი ძირითადი მიზეზიდან ერთ-ერთს: სისხლჩაქცევას, თრომბოზს ან ემბოლიას (თრომბოზი არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ ან სრულიად იხშობა, ემბოლია კი სისხლძარღვის სანათურის დახშობაა სისხლის ნაკადის მიერ მოტანილი ნაწილაკით, ცხიმის წვეთით, თრომბით, სიმსივნური წარმონაქმნით და სხვა. დაცობილ სისხლძარღვში სისხლის ნაკადი ჩერდება და იმ უბანში, რომელსაც დაზიანებული სისხლძარღვი კვებავს, ვითარდება ადგილობრივი სისხლნაკლებობა).

თავის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საერთო სისხლის მიმოქცევის 20% ესაჭიროება, რაც გულის მიერ გადმოსროლილი მოცულობის 15%-ს შეადგენს. ცერებრული ჰემოდინამიკური კრიზი შესაძლოა განვითარდეს კარდიული პათოლოგიების (არითმიის, გვირგვინოვანი არტერიის თრომბოზის, გულის უკმარისობის) დროს, აგრეთვე - სისხლის დაკარგვის ან პოსტურალური ჰიპოტონიის შემთხვევაში, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა უკავშირდებოდეს სინოკაროტიდული რეფლექსის განვითარებას მოჭერილი საყელოს კისერზე ზეწოლის, ძლიერი ხველის, გაჭინთვის გამო. ცერებრული ჰემოდინამიკური კრიზის მიზეზად შეიძლება იქცეს ორგანიზმის სხვა უბნებში სისხლის კონკურენტული გადანაწილებაც, მაგალითად, ჩონჩხის კუნთებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას ან მუცლის ღრუს ორგანოებში კარგად დანაყრების შემდეგ.

მოხუცებულთა ჭკუასუსტობა (დემენცია)

მოხუცებულთა ჭკუასუსტობას ნელი და პროგრესირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. პირობითად გამოყოფენ ამ ფსიქიკური დაავადების რამდენიმე სტადიას: საწყისს, საკუთრივ დემენციის სტადიას და ტერმინალურ სტადიას, რომელსაც ფიზიკურ და ფსიქიკურ მარაზმსაც უწოდებენ.

დემენციის, სხვაგვარად - მოხუცებულობის ფსიქოზის ადრეულ ნიშანს წარმოადგენს პიროვნების დამახასიათებელ თვისებათა გამძაფრება და, ზოგადად, ხასიათის დამძიმება. მაგალითად, პრინციპულობა, რომელიც უწინ ახასიათებდა პიროვნებას, წვრილმან სიჯიუტესა და თავნებობაში გადადის. ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა ძნელია, ისინი მუდმივად უკირკიტებენ სხვებს, იჩენენ არამოტივირებულ აგრესიას, უხეშობასა და არაკეთილსინდისიერებას. დროთა განმავლობაში ეს ყოველივე იმდენად მძაფრდება, რომ მათი ატანა გარშემო მყოფებს უფრო და უფრო უჭირთ. პაციენტების მთელი ძალისხმევა საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისა და ინტერესების გატარებისკენ არის მიმართული. ისინი ეგოისტურები და მომთხოვნები ხდებიან, სულ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვენ, თავიანთი ქცევა - იდეალური, ხოლო დამსახურებები - ფასდაუდებელი ეჩვენებათ.

დემენციის სტადიაში წინ წამოიწევს ინტელექტუალურ შესაძლებლობათა საგრძნობი დაქვეითება. უფრო და უფრო ღრმავდება მეხსიერების დარღვევა, რომლის უკიდურეს გამოვლინებას წარმოადგენს ამნეზიური დეზორიენტაცია. ამ დროს პაციენტებს არამცთუ ახლობლების (შვილის, მეუღლის, დედმამიშვილის), არამედ საკუთარი სახელის გახსენებაც არ შეუძლიათ, საკუთარ თავს მამის ან შვილის სახელით იხსენიებენ.

მეხსიერების დარღვევებთან ერთად ზოგიერთს იპოქონდრიული ხასიათის ბოდვებიც ახასიათებს. ასეთ დროს მოხუცებულები მეტისმეტად არიან დათრგუნულები, განუწყვეტლივ ტირიან, ჩივიან და მოთქვამენ, რომ მათ ცუდად ექცევიან, არ აჭმევენ საჭმელს, პარავენ ნივთებს და ა.შ.

დემენციით შეპყრობილ პაციენტებს ერღვევათ ძილი, კერძოდ, ეცვლებათ ძილ-ღვიძილის ნორმალური რიტმი: ღამით არ სძინავთ, დღისით კი მოდუნებულები არიან და გამუდმებით თვლემენ, ძილიც ზედაპირული და ხანმოკლე აქვთ. არცთუ იშვიათია მხედველობითი ჰალუცინაციები.

ტერმინალურ სტადიაში ფსიქიკის დეგრადაცია ისეთ დონეს აღწევს, რომ პაციენტებს არ ესმით გარე სამყაროს ელემენტარული მოვლენები, ვერ განასხვავებენ საკვებად ვარგის პროდუქტს უვარგისისგან. მეტყველება წყდება. პაციენტები საწოლში მოკუნტულები წვანან. ამ სტადიაში ადვილად ვითარდება ნაწოლები, ფილტვების ანთება და სეფსისი, რაც არის კიდეც სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი.

მოხუცებულთა ჭკუასუსტობა ქრონიკული დაავადებაა, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 5-6 წელიწადს შეადგენს. მასიური ათეროსკლეროზის, ხშირი ინსულტისა და ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზის ფონზე დაავადება უფრო ავთვისებიანად მიმდინარეობს და ლეტალური დასასრულიც უფრო ადრე დგება.

ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება მოხუცებულთა ჭკუასუსტობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ფაქტორი, რომელიც უშუალოდ იწვევს დაავადებას, დღემდე დაუდგენელია. არსებობს სნეულების მემკვიდრეობითი ბუნების დამადასტურებელი მრავალი მონაცემი. თუმცა ცნობილია დაავადების არაერთი შემთხვევა, რომელიც მემკვიდრეობით განწყობას არ უკავშირდება.

დაავადება პირველად გერმანელმა ფსიქიატრმა და პათოლოგ-ანატომმა ალოიზ ალცჰაიმერმა აღწერა. მან თავის ხანდაზმულ (65 წელზე ხნოვან) პაციენტებზე დაკვირვებისას შეამჩნია, რომ მათ ჯერ მეხსიერების დაქვეითება ეწყებოდათ, სიტყვების შერჩევა უჭირდათ და მეტყველება უმარტივდებოდათ, შემდეგ თანდათანობით კარგავდნენ დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს, ხოლო დასასრულ დგებოდა ყველაზე მძიმე ეტაპი: მეტყველებისა და მეხსიერების სრული დაკარგვა, რაც ფაქტობრივად პიროვნების ლიკვიდაციას ნიშნავდა.

მეცნიერებს თითქმის საუკენე დასჭირდათ, რათა მიახლოებოდნენ ამ სენის საიდუმლოს.

სამწუხაროდ, დაავადება სულ უფრო ხშირდება, მკურნალობის სრულყოფილი მეთოდი კი არ ჩანს. დაავადებისგან არავინ არის დაზღვეული, მით უფრო - მოხუცებულები. ალცჰაიმერის დაავადება შესაძლოა განვითარდეს 50 წლის შემდეგ, თუმცა უმეტესად 70-80 წელს გადაცილებულებს ემართებათ. ის ნელ-ნელა ვითარდება. პირველი გამოვლინება მეხსიერებისა და ყურადღების დარღვევაა. ადამიანს სულ უფრო მეტად უჭირს ახალი ინფორმაციის ათვისება, ხდება გულმავიწყი, დაბნეული, უჭირს დროში ორიენტაცია. დაავადების პირველი სიმპტომები შესაძლოა იყოს ბოდვა ან ჰალუცინაცია, აგრეთვე - ხანგრძლივი დეპრესია.

სამწუხაროდ, პაციენტები დაავადების ადრეულ სტადიებში ვერ ხვდებიან ექიმთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ფსიქიკური დარღვევები არ არის გამოხატული. მეხსიერების დარღვევასა და ხასიათის ცვლილებას ახლობლები სიბერის გამოვლინებად მიიჩნევენ და ყურადღებას არ აქცევენ. არადა რაც უფრო ადრე დაიწყება ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა, მით უფრო უკეთესია შედეგი.

დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ დემენციის სიმპტომები სულ უფრო აშკარად და მკვეთრად გამოიხატება.

სადღეისოდ შემუშავებულია არაერთი პრეპარატი, რომელთა ეფექტურობა კლინიკურ პრაქტიკაშიც არაერთგზის არის გამოცდილი. მათი მეშვეობით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება, დარღვეულ ფსიქიკურ ფუნქციათა კომპენსირება, აზროვნების პროცესთა რამდენადმე გაუმჯობესება და სხვა. მკურნალობის ეფექტიანობა პრეპარატების დროულ დანიშვნაზეა დამოკიდებული. საწყისი და ზომიერი დემენციის სტადიაში დაწყებული მკურნალობა ყველაზე შედეგიანია.