ნევროზი ჩვენს ცხოვრებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევროზი ჩვენს ცხოვრებაში

ადამიანები, რომლებსაც რომელიმე ორგანოს პათოლოგია აწუხებთ, ცდილობენ, ასე თუ ისე მალე მიმართონ ექიმს, ნევროზით შეპყრობილები კი პრობლემას უგულისყუროდ ეკიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც სომატური დაავადებებით გამოწვეულ ვნებას. ბევრს ჰგონია, რომ გუნება-განწყობის მუდმივი დაქვეითება, გაღიზიანება, შფოთვა, შიში, სიცარიელისა და მარტოობის განცდა, სიცოცხლის ხალისის დაკარგვა ხასიათის თავისებურებაა. სინამდვილეში სულიერი წონასწორობის აღდგენა აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.

ნევროზსა და მის მკურნალობაზე სასაუბროდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მედიკო-სოციალური და სამხედრო-სამედიცინო აკადემიათა აკადემიკოსს ნინული ნინუას ვეწვიეთ.

- ქალბატონო ნინული, რა არის ნევროზი და როგორ ვლინდება იგი?

- ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა, რომლის გამოვლინება პიროვნების სტრუქტურულ თავისებურებას უკავშირდება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას წინ უძღვის რომელიმე ქრონიკული დაავადება ან რისკფაქტორების კომბინაცია.

- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს ნევროზი?

- ნევროზი ყველა ასაკში გვხვდება სხვადასხვა ფორმით.

ბავშვთა ნევროზის გამოვლინებაა ლოგონევროზი (მეტყველების გაძნელება), უნებლიე მოძრაობები, ღამის ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა), რაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.

ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებთან არის დაკავშირებული და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა პიროვნებას დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები, როდესაც ვითარდება კონფლიქტი მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და შედეგს შორის.

ნევროზის მიმართ ინტერესი დიდია, ვინაიდან ის მეტისმეტად არის გავრცელებული - ამ დაავადებით ჩვენი მოსახლეობის 70-90%-ია შეპყრობილი. ნევროზი, როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი დიაგნოსტიკა და დიფერენცირება ნევროზისმაგვარი ორგანული სინდრომებისგან, როგორიც არის ფსიქოპათია და ენდოგენური ფსიქიკური დაავადებების საწყისი ფორმები.

- რა იწვევს ნევროზს?

- ნევროზის მიზეზია ხშირი ან მუდმივი სამსახურებრივი, ოჯახური თუ საყოფაცხოვრებო ფსიქოტრავმა, რომელიც ხშირად ბავშვობიდან იღებს სათავეს. ნევროზი პიროვნული ფსიქიკური მოშლილობაა, რომელიც უმეტესად განპირობებულია ავადმყოფისთვის მნიშვნელოვანი მძიმე ტრავმული მიზეზებით. ეს მიზეზები აქვეითებს პიროვნების ფსიქოლოგიურ ადაპტაციას, იწვევს შიშს, ემოციურ ლაბილურობას, უძილობასა და ვეგეტატიურ-სომატურ გამოვლინებებს, ისეთს, როგორიც არის ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა და სხვა.

- რა არის ნევრასთენია და რომელ ასაკში ვლინდება იგი?

- ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთი გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს გამოფიტვის, ნერვული სისტემის სისუსტის ნიშნები, სწრაფი ფიზიკური და ფსიქიკური ასთენია ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების სიმპტომების გარეშე. ნევრასთენიით ავადდებიან ორივე სქესის ახალგაზრდები და საშუალო ასაკის პირები.

- რა ნიშნები ახასიათებს ნევრასთენიას?

- ნევრასთენიის ნიშნებია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის მოშლა, ყველაფრისადმი განურჩევლობა, მოგვიანებით ვითარდება ძლიერი აგზნებადობა, ძლიერდება უმიზეზო მოტორული რეაქციები, პიროვნება ხდება ასოციალური, კარგავს ცხოვრების მიზანსა და ინტერესს, ყველაფრით უკმაყოფილოა.

თანდათან ამას ერთვის სომატური ხასიათის ჩივილები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა ან დიარეა. ხშირია ვაზომოტორული, კარდიოვასკულური მოშლილობანი, სუნთქვის უკმარისობა, არტერიული წნევის მერყეობა, თავის ტკივილი.

აღსანიშნავია, რომ ნევრასთენიით შეპყრობილები სულ ავად არიან, სულ მკურნალობენ და სხვებზე მეტხანს ცოცხლობენ. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება კი არა, პათოლოგიური პროცესია, რომელიც გაივლის გარკვეულ ციკლს და აყალიბებს ადამიანის თავისებურ სულიერ და ფიზიკურ წყობას, რომელიც ვითარდება ფაქტორთა წყების ზემოქმედებით იმ პირებში, რომელთაც განსაზღვრული კონსტიტუციური მზაობა აქვთ. მდგომარეობას ამძიმებს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ნიკოტინის ჭარბი მოხმარება და ფსიქოსოციალური ფაქტორების გავლენა, მეტადრე - ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის კომბინაცია.

დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ვლინდება ასთენიურ-დეპრესიული და ასთენიურ-იპოქონდრიული სინდრომები, რომლებიც საბოლოოდ მძიმე დეპრესიაში გადაიზრდება.

- რა არის დეპრესია და როგორ ვლინდება ის?

- დეპრესიის მნიშვნელოვან გამოვლინებას წარმოადგენს ასთენია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შფოთვის სინდრომი, ყოველგვარი (სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური) გამღიზიანებლის მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

საზოგადოდ, დეპრესია მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს დიდი ხნით დააკარგვინოს ემოციური წონასწორობა და გააუარესოს მისი ცხოვრების ხარისხი (შრომითი საქმიანობა, პირადი ცხოვრება და დასვენება).

დეპრესია უმეტესად ფსიქოლოგიური ტრავმის ან რაიმე ნეგატიური მოვლენის (ახლობლის გარდაცვალების) საპასუხო რეაქციაა, თუმცა შეიძლება, ყოველგვარი მიზეზის გარეშეც განვითარდეს.

მისთვის დამახასიათებელია დარდი, მოწყენილობა ან გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, საქმის, კვების, ინტიმური ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა, მომავლის რწმენისა და იმედის უქონლობა, მუდმივი დაღლილობა, კონცენტრაციის უნარის არქონა, წონის მკვეთრი კლება ან მატება, ტკივილი თავის, გულის, ზურგის არეში (ორგანული დაზიანების არარსებობისას), საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ გაზვიადებული ყურადღება (კანცეროფობია), სიკვდილის შიში. ზოგჯერ ასეთი პაციენტი გვეუბნება: "ექიმო, მეშინია, არ გავგიჟდე!"

- ზემოთ ძილის დარღვევა ახსენეთ. პაციენტთა უმრავლესობა სწორედ უძილობას უჩივის. რა არის ძილის დარღვევა და რას ურჩევდით უძილობით გაწამებულებს?

- ძილის დარღვევა მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება დაძინების სირთულით, ძილის ფაზური მიმდინარეობის, სიღრმისა და ხარისხის მოშლით. ზოგს დილაადრიან ეღვიძება დაღლილს, დამტვრეულს. გამოუძინებლობის გამო თავს იჩენს საერთო სისუსტე, მეხსიერების, აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

უძილობა თავისთავად დაავადებას არ წარმოადგენს - ის ორგანიზმის სხვა სომატური ან ფსიქიკური მდგომარეობის შედეგია. სომატურთაგან შეიძლება გამოვყოთ ასთმა და ართრიტი, ხოლო ფსიქიკურთაგან - დეპრესია, შფოთვა, კიდევ ერთი მიზეზია ზოგიერთი წამლისა თუ ისეთი ნივთიერების ჭარბად გამოყენება, როგორიც არის ალკოჰოლი, კოფეინი. რაც შეეხება რეკომენდაციებს: უძილობისას დაწექით დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს, რეგულარულად ივარჯიშეთ, მაგრამ დაძინებამდე, სულ მცირე, 3-4 საათით ადრე. ნუ დალევთ ყავას დაძინებამდე 5 საათის განმავლობაში. როდესაც ძილის დარღვევა დიდხანს გასტანს, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია უძილობის მიზეზისა და ხასიათის დასადგენად, რათა მკურნალობა სწორად წარიმართოს.

- არიან თუ არა ნევროზით დაავადებულები მგრძნობიარენი ამინდისა და წელიწადის დროის მიმართ?

- ასეთი პაციენტები მეტეოფაქტორების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათთვის მძიმე პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა - ამ დროს ზემოთ აღწერილი ჩივილები უძლიერდებათ. აქედან გამომდინარე, ამინდი და სეზონი ამ პაციენტებისთვის შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი ეგზოგენური რისკფაქტორი, რომლის გავლენა განპირობებულია გარემოსადმი საადაპტაციო (შეგუებითი) მექანიზმების მოშლით.

- რა არის ისტერია, ისტერიული გულყრა და როგორ ვლინდება იგი?

- ისტერია ანუ ისტერიული ნევროზი ფუნქციური ხასიათის დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს თავის ტვინში აგზნება-შეკავების პროცესთა მოშლა. ახასიათებს ემოციურ-აფექტური, ფსევდოორგანული და ვეგეტატიურ-ვისცერული დარღვევები. ეს დაავადება უპირატესად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ. აღსანიშნავია, რომ ამ ავადმყოფთა მშობლებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ნევროზული გამოვლინება, ანამნეზში ფიქსირდება მძლავრი სოციალური და ფსიქიკური დისტრესმდგომარეობა, აღზრდის მანკიერება, ხშირი ოჯახური კონფლიქტი.

ისტერიის კლინიკურ სურათში წამყვანია ემოციის დემონსტრაციული ხასიათი:

  • აფექტური რეაქცია ვლინდება ხალხში, ერთბაშად და უმიზეზოდ.
  • ისტერიული პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიტუაციური მოვლენების დამძიმება, ფაქტების არაადეკვატური აღქმა, თვითკრიტიკის უქონლობა.
  • ხშირია ისტერიული ეგოიზმის გამოვლენა, ტირილი და გულისწასვლა.
  • ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია.

ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.

თანდათან ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება დიდი ისტერიის კლინიკური სიმპტომატიკა, რომელიც ვლინდება დიდი ისტერიული გულყრით:

  • ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი;
  • შემდეგ - კიდურებისა და ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვა, ზედა კიდურები განიცდის როტაციას, კიდური გაშლილია ტანის მიმართულებით ან აწეულია და ასრულებს მოძრაობას სხვადასხვა მიმართულებით, ქვედა კიდურები მოხრილია და ყველა მიმართულებით მოძრაობს, თითები შეკრულია მუშტად, ტანის კუნთები დაჭიმულია და ქმნის ისტერიულ რკალს.
  • კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება დაბინდულია, მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს - ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაზიანების გარეშე ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა აჟიოტაჟი, მით მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

გასინჯვისას ავადმყოფი გვიწევს წინააღმდეგობას. ვლინდება ფსევდოორგანული სინდრომები, რომლებსაც ისტერიის კლინიკურ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ხშირად ჭირს მათი დიფერენცირება ჭეშმარიტი ორგანული დაავადებებისგან, რაც მკურნალობას, ცხადია, ართულებს.

- მეტად გავრცელებული დაავადებაა ნეიროცირკულატორული დისტონია. რა არის და როგორ ვლინდება იგი?

- ნეიროცირკულატორული დისტონია, იგივე ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ბევრისთვის არის ცნობილი. მას საფუძვლად უდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ვეგეტატიური რეგულაციის დარღვევა. სამწუხაროდ, ეს დარღვევა იშვიათად შემოიფარგლება ერთი ორგანოთი ან სისტემით - თუმცაღა პაციენტის ჩივილები უპირატესად სხეულის ერთ უბანს მოიცავს, პროცესში ჩართულია მთელი ორგანიზმი. ყველაზე ხშირად გამოყოფენ სამ ძირითად სიმპტომოკომპლექსს:

  • კარდიალგიურს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება, გულის რიტმის დარღვევა, სუნთქვის გახშირება, ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა, ჩასუნთქვის პროცესის გართულება, მოულოდნელი, ხშირი ღრმა ჩასუნთქვები, არტერიული წნევის მერყეობა (დაქვეითება, მომატება);
  • თერმორეგულაციის მოშლას ანუ სხეულის ტემპერატურის ცვალებადობას - მატებას 37-380ც-მდე ან დაქვეითებას 35 გრადუსამდეც კი. ამას შეიძლება ჰქონდეს როგორც მუდმივი, ხანგრძლივი, ასევე შეტევისმაგვარი, პაროქსიზმული ხასიათი.
  • დისპეფსიურ ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობებს. ისინი ვლინდება ტკივილით მუცლის ღრუში, დიარეით, ყაბზობით, გულისრევით, ღებინებით, ნაწლავის მოტორული ფუნქციის დარღვევით, რომელიც ხშირად ნერვულ გადაძაბვას უკავშირდება.

ამასთანავე, ყველა ავადმყოფს აღენიშნება ესა თუ ის ნევროლოგიური მოშლილობა და ასთენიზაცია, სისუსტე, ადვილად დაღლა (დაღლილობა ვლინდება ძალიან მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ), თუმცა ორგანული ცვლილებები, როგორც წესი, არ აღინიშნება. გარდა ამ კლინიკური სურათისა, მოსალოდნელია ე.წ. ვეგეტატიური კრიზები ან ვეგეტატიური პაროქსიზმები, რომელთა დროსაც ჩივილები შესაძლოა მეტად მრავალფეროვანი იყოს. ყველაზე ხშირია ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა ან მთელი ორგანიზმის პულსაცია, შემცივნება ან კანკალი, შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება, თავბრუხვევა. ნცდ-ის დიაგნოზის დასმა მეტად საპასუხისმგებლოა იმ გამოვლინებათა მრავალფეროვნების გამო, რომლებმაც შეიძლება გადაფაროს მძიმე და საშიში დაავადებები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის ნებისმიერი გამოვლინება მოითხოვს სერიოზულ მკურნალობასა და კორექციას.

- რას გულისხმობს ტერმინი ფსიქოსომატური დაავადებები?

- ფსიქოსომატურს უწოდებენ ისეთ დაავადებებს, რომლებიც გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი ნერვულ-ფსიქიკური ფაქტორებით. ფსიქოსომატოზები წარმოიშობა როგორც პიროვნების რეაქცია მნიშვნელოვან და ხანგრძლივ კონფლიქტზე იმ პირებთან, რომლებზეც დამოკიდებულია ამა თუ იმ ფორმით. როდესაც ადამიანი იძულებულია, დიდხანს შეიკავოს თავი და არ გამოხატოს უარყოფითი რეაქცია, კონფლიქტი ქვეცნობიერად ილექება ორგანიზმში და გარკვეული ხნის შემდეგ თავს იჩენს ამა თუ იმ სომატური (სხეულებრივი) პათოლოგიის სახით. საზოგადოდ, განცდების უმრავლესობას ჩვენ რაციონალიზაციას ვუკეთებთ და კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული ემოციები ძალას კარგავს, მაგრამ არსებობს უარყოფითი ემოციები, რომლებიც ჩვენში არსებობას განაგრძობს და სხვადასხვა ფორმით, კერძოდ, ორგანოთა და სისტემების დაავადებების სახით გამოვლინდება. ფსიქოსომატოზის საწყის სტადიას ნევროზი წარმოადგენს. ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობის კუთხით მეტად ეფექტურია ფსიქოთერაპიული კორექციის შეთავსება ამა თუ იმ ფიზიკური დაავადების მკურნალობასთან - ფსიქოლოგიური კორექცია, ფაქტობრივად, აღმოფხვრის დაავადების მიზეზს.

- რას ურჩევდით ნევროზით დაავადებულებს, როგორ იმკურნალონ?

- ნევროზის მკურნალობა რთულია. ამ დროს მნიშვნელოვანია პრევენცია, რაც გულისხმობს:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას,
  • სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
  • ფსიქოსტრესული ფაქტორების შემცირებას.

ნეიროფსიქოლოგთან დაავადების ადრეულ ეტაპზე მისვლა გააადვილებს მკურნალობას, ხელს შეუწყობს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, ფსიქოტრავმული სიტუაციის შემცირებისა და ნეიტრალიზაციის უნარის გამომუშავებას. განვითარებულ ქვეყნებში პირადი ფსიქოთერაპევტის ყოლა ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება ითქვას, პრესტიჟულიც არის. ვიმედოვნებ, სულიერ სიჯანსაღეზე ზრუნვა ჩვენი მოქალაქეებისთვისაც მალე იქცევა მნიშვნელოვან საქმედ. ასეთ შემთხვევებში ნეიროფსიქოლოგების ფუნქცია იქნება დაავადების პროფილაქტიკა და არა მკურნალობა, რაც გაცილებით შედეგიანი და ქმედითია.

ნევროზით დაავადებულებს ექიმთან მისვლაში ხელს ის უშლის, რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარი პრობლემის არსს. მოსახლეობის აზრით, სომატური დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია, ხოლო ნერვულისა - არა. ეს შეცდომაა. თანამედროვე შეხედულებით, ნევროზული მოშლილობები სისტემური დისბალანსის შედეგია - ცუდ განწყობას უცილობლად თან სდევს ნეიროქიმიური და ენდოკრინული ცვლის დარღვევები. ამიტომ სპეციალისტი, ვიდრე დიაგნოზს დასვამს და მკურნალობას დანიშნავს, ისწრაფვის, ყოველმხრივ და ზედმიწევნით გამოიკვლიოს ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობა.ნევროზის მკურნალობისას უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ შინაგანი ორგანოებისა და მათი სისტემების ფუნქციონალური შესაძლებლობები. პირველ ყოვლისა, საჭიროა გამოვიკვლიოთ გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ენდოკრინული სისტემები.

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში უნდა ჩაერთოს პრეპარატები, რომლებიც ამ ორგანოთა მუშაობას არეგულირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემური ნევროზების, გულთან დაკავშირებული ფობიების მკურნალობისას. ფსიქიკური ტონუსის დაწევა უცილობლად იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ისე რომ, ნევროზით შეპყრობილი ადამიანი სომატური დაავადებებისგან ნაკლებად დაზღვეულია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენა ხელს უწყობს ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას. ახალი არაფერია იმაში, რომ სიცოცხლისუნარიანი, სრულფასოვანი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები უფრო იშვიათად ცივდებიან. ფიზიკური უქეიფობა შესაძლოა ამა თუ იმ ნევროზული მოშლილობის გამოხატულება იყოს. ასეთი ადამიანები ხშირად დადიან ექიმებთან, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზს ვერ პოულობენ.

ნევროზული მოშლილობა თავს იჩენს ცხოვრების ყველა სფეროში და მნიშვნელოვნად ამცირებს მის ხარისხს. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი, რომელიც ვერ მიმხვდარა, რა ხდება მის თავს, ამ ნეგატიურ ცვლილებებს შეუქცევადად აღიქვამს. ამით, ფაქტობრივად, უარს ამბობს ჯანმრთელობისთვის ბრძოლაზე, რაც კიდევ უფრო აღრმავებს მის ისედაც არასასურველ მდგომარეობას. ნებაზე მიშვებული ნევროზული მდგომარეობა შეიძლება გაღრმავდეს, ექიმთან დროული ვიზიტი კი დაზოგავს პაციენტის სულიერ ძალებს რეალურ სირთულეებთან ბრძოლისთვის.

ნევროზისგან განკურნება მხოლოდ მედიკამენტებით (ტრანკვილიზატორებით თუ სედაციური საშუალებებით) შეუძლებელია. მთავარი საშუალება ფსიქოთერაპიაა. მნიშვნელოვანია, თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს ფსიქოთერაპიის ზუსტად ის მეთოდი, რომელიც ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება. ნევროზულ პრობლემებზე ექიმთან საუბარი ნიშნავს პირველი ნაბიჯის გადადგმას გამოჯანმრთელების გრძელ გზაზე. ნევროზისა და ნევრასთენიის კომპლექსურ თერაპიაში კარგ შედეგს იძლევა აუტოტრენინგი, ჰიპნოზი, ოჯახური ფსიქოთერაპია, მშვიდი გარემო, სწორად შერჩეული კვების, შრომის და დასვენების რეჟიმი, დიეტა, გასეირნება ბუნებაში, მასაჟი, წყლის პროცედურები... ერთი სიტყვით, ცხოვრების ჯანსაღი წესი.