კვლავ თირკმელკენჭოვანი დაავადების შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კვლავ თირკმელკენჭოვანი დაავადების შესახებ

კვლავ თირკმელკენჭოვანი დაავადების შესახებ

თირკმელკენჭოვანი დაავადების  მიმართ ინტერესი დიდია, რაზეც მეტყველებს რედაქციაში შემოსული წერილები. მიუხედავად სიმწარისა, ტკივილის ჩაცხრობის შემდეგ ბევრი ჩვენგანი ექიმთან ვიზიტს გადადებს ხოლმე. არადა, თირკმელებში კენჭებს შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ამ საკითხებზე საუბარი ვთხოვეთ აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის
ექიმ-ნეფროლოგს, მედიცინის დოქტორს, ქეთევან ცანავას.


- ქალბატონო ქეთევან, რა აჩენს თირკმელებში კენჭებს?

- თირკმელკენჭოვანი დაავადება პოლიეტიოლოგიური დაავადებაა. კონკრეტულად რომელიმე ერთი მიზეზის დასახელება შეუძლებელია. თუმცა, უპირველესი მაინც ნივთიერებათა ცვლის მოშლაა. ამ დროს თირკმელებში ირღვევა მჟავატუტოვანი წონასწორობა, რაც სხვადასხვა ფორმისა და ქიმიური შემადგენლობის კენჭების

დალექვის საფუძველი ხდება. რადგანაც დაავადების მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, ამიტომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიების დროსაც შეიძლება განვითარდეს თირკმელკენჭოვანი დაავადება. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება: შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ვიტამინების დეფიციტი და ა.შ. გარდა ამისა, ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება:

- შეგვიძლია თუ არა აქედან დავასკვნათ, რომ ხორცის პროდუქტები შარდკენჭოვანი დაავადების რისკფაქტორია?

- პურინების შემცველი პროდუქტების (ხორცი, ხორცის ნახარში, კაკაო, შოკოლადი, კონსერვები და სხვა) ჭარბი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით კი ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, ხელს უწყობს კენჭების და მათ შორის ურატული კენჭების დაგროვებას.

- რა როლი ენიჭება თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებაში გენეტიკურ ფაქტორს?

- თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებაში გენეტიკურ განწყობას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრული ხასიათისაა.

- ხომ არ აქვს სქესს მნიშვნელობა?

- თირკმელკენჭოვანი დაავადება უმეტესად შუა ხნის მამაკაცებს აწუხებთ.

- რა ზომებს შეიძლება მიაღწიოს კენჭმა?

- კენჭის სიდიდე მერყეობს მილიმეტრებიდან მარჯნისებრ კენჭებამდე. ეს უკანასკნელი "ამოავსებს" თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას.

- რომელი კენჭი აწუხებს უფრო ხშირად ავადმყოფს?

- პატარა ზომის კენჭი უფრო მოძრავია და შემაწუხებელი. დიდი ზომის კენჭი, მით უმეტეს, თუ თირკმელი არ არის ინფიცირებული, მრავალი წლის მანძილზე ,,ჩუმად" არის და თავს არ ამჟღავნებს. 

- როდის იწყება ტკივილი?

- კენჭმა შეიძლება შეიცვალოს მდებარეობა ან შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ,,დაბადება" მოისურვოს. სწორედ ამ დროს იწყება ტკივილი, რომელსაც თირკმლის ჭვალს უწოდებენ.

- რა უწყობს ხელს კენჭის დაძვრას?

- კენჭის დაძვრა შეიძლება განაპირობოს:

  • უხერხულმა მოძრაობამ;
  • ნჯღრევამ;
  • დიდი რაოდენობით სითხის მიღებამ და სხვა.

- რა სიმპტომები ახასიათებს თირკმელკენჭოვან დაავადებას?

- თირკმელკენჭოვანი დაავადება უხშირესად ვლინდება შეტევითი ხასიათის ტკივილით ანუ თირკმლის ჭვალით. თირკმლის ჭვალი უეცრად იწყება. მისთვის დამახასიათებელია: ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა საზარდულისა და სასქესო ორგანოებისკენ. მზის წნულის გაღიზიანების გამო აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი ადგილს ვერ პოულობს, განუწყვეტლივ იცვლის მდგომარეობას. ტკივილის ინტენსივობა დამოკიდებულია არა კენჭის ზომაზე, არამედ მის გადაადგილებაზე. მაგალითად, ძალიან ძლიერ ტკივილს იწვევს მცირე ზომის მოძრავი კენჭი, მაშინ, როდესაც დიდმა ე.წ. მარჯნისებურმა კენჭმა შეიძლება აღძრას მხოლოდ ყრუ ტკივილი ან უსიამო-ვნო შეგრძნება. თირკმლის ჭვალს თან სდევს ხოლმე ტემპერატურის მატება შემცივნებით, რაც გამოწვე-ულია თირკმელში შეგუბებითი მოვლენებით. კენჭების გაადგილებას შეიძლება მოჰყვეს ლორწო-ვანი გარსის სისხლძარღვების მექანიკური დაზიანება და ამის შედეგად ჩნდება სისხლიანი შარდი. ხშირად თირკმელში წარმოქმნილი კენჭები იწვევს საშარდე გზების ინფიცირებას, რაც ტკივილს უფრო აძლი-ერებს.
- რა ხდება შეტევის შემდეგ, რამდენად საშიშია იგი?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება თირკმლის ჭვალი. თუ მოხერხდა კენჭის გამოდევნა, საშარდე გზებში რჩება ნაკაწრები, ვითარდება პიელონეფრიტი და საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო სისხლდენებს და მის დროულ ლიკვიდაციას. უნდა გაკონტროლდეს, დატოვა თუ არა კენჭმა საშარდე სისტემა.

- რა პრეპარატები გამოიყენება ამ დროს და რა უნდა გააკეთოს ავადმყოფმა ექიმის მოსვლამდე?

- ამ დროს გამოიყენება ბარალგინი, ბუსკოპანი და სხვა ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებები. თუმცა სჯობს გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

- თირკმელში არსებული "ქვიშიდან" აუცილებლად ყალიბდება თუ არა კენჭი და რას შეიძლება უჩიოდეს ამ დროს ავადმყოფი?

- ,,ქვიშის" კენჭად გარდაქმნა სავალდებულო სულაც არ არის. ,,ქვიშა" კენჭის მსგავსად აზიანებს თირკმლის ქსოვილს, ხელს უწყობს თირკმლის ინფიცირებას და თირკმლის ანთებას, ანუ პიელო-ნეფრიტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ,,ქვიშა" შეიძლება დაიძრას საშარდე გზებში და ისეთივე კლინიკური სურათი განვითარდეს, როგორიც თირკმლის ჭვალის დროს.

- როგორ ისმება თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოზი?

- თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირებისთვის ყველაზე მარტივი, არაინვაზიური (უსისხლო) და ხელმისაწვდომი მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა, ანუ ექოსკოპია, რაც ყველა სახის, ზომის და ფორმის კენჭის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოკონტრასტულ კვლევას, რომლის დროსაც ხდება საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა და თირკმლების მენჯფიალოვანი სისტემის, შარდსაწვეთის მდგომარეობის, კენჭის მდებარეობის, ფორმის, სიდიდის და ა.შ. შეფასება. კონტრასტული უროგრაფია პაციენტის ერთგვარ მომზადებას საჭიროებს; შარდის ანალიზი მხოლოდ საორიენტაციო, სკრინინგული ანალიზია და მისი ინფორმაციულობა მხოლოდ სხვა კვლევებთან კომპლექსში არის სანდო.

- რომელი კენჭები ჩანს რენტგენული კვლევით?

- რენტგენოგრამაზე ყველა სახის კენჭი არ ჩანს. რენტგენზე მოჩანს რენტგენოკონტრასტული კენჭები, მაგალითად, ოქსალატური კენჭები. რენტგენოლოგიური კვლევით არ მოჩანს ძირითადად ურატული კენჭები, ნაწილობრივ ან მკრთალად მოჩანს ცისტინური და ასევე ე.წ ინფიცირებული ანუ ინფექციის შედეგად განვითარებული კენჭები, რომლებიც არცთუ მცირეა და საკმაოდ რთული სამკურნალოა.
კენჭების მდებარეობის, ზომის, ფორმის და ხასიათის მიხედვით იგეგმება მკურნალობის ტაქტიკა. გარდა ამისა, მკურნალობის სწორად წარსამართავად რენტგენონეგატიური (ე.წ. ურატული) კენჭების არსებობისას აუცილებლად უნდა იქნეს შეფასებული შარდმჟავას შემცველობა სისხლსა და შარდში, რადგან ის ამ სახის კენჭების ძირითადი შემადგენელი კომპონენტია.

- რას გვიქადიან "ჩუმი" კენჭები?

- "ჩუმ" კენჭზე უფრო საშიშია მის გამო დაზიანებული და ინფიცირებული თირკმლის ქსოვილის ბაქტერიული ანთებითი პროცესი - პიელონეფრიტი, რაც წლების მანძილზე შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და თირკმლის შეჭმუხვნა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა გამოიწვიოს.

- რითი შეიძლება გართულდეს თირკმელკენჭოვანი დაავადება?

- თირკმელკენჭოვანი დაავადება ხშირად მწვავე და ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტით რთულდება, რაც თირკმლების ქრონიკული უკმარისობის განვითარების ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია.
თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ხშირად ვერ ხერხდება კენჭის გამოდევნა, იგი ,,იჭედება" შარდსაწვეთში, ნაწილობრივ ან მთლიანად არღვევს თირკმლიდან შარდის გამოყოფას. შარდი გროვდება თირკმლის მენჯფიალოვან სისტემაში და აფართოებს მას. ამას ჰიდრონეფროზი ეწოდება. კენჭის მიერ საშარდე გზების დახშობისას ჰიდრონეფროზი მწვავედ ვითარდება და ახასიათებს წელის არეში სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი, ჰემატურია, ინფექციის დართვის შემთხვევაში - ცხელება, შემცივნება.

- როგორ მკურნალობენ დაავადებას?

- გაურთულებელი თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობა კონსერვატიული ღონისძიებებით იწყება. ამ დროს ექიმი ცდილობს დაადგინოს:

  • რა მიზეზით ჩამოყალიბდა, რა შემადგენლობისაა კენჭი.
  • რამდენად დაექვემდებარება კენჭის დამშლელ მედიკამენტებს.

კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს შარდის გატუტიანებას. ის განსაკუთრებით ეფექტიანია ურატული კენჭების არსებობისას. ასეთი კენჭი, რაგინდ დიდ ზომის არ უნდა იყოს, შესაძლებელია სპეციალური მედიკამენტების საშუალებით დაიშალოს. მაგრამ მკურნალობა პაციენტისგან მოითხოვს უდიდეს ნებისყოფას. იგი საკმაოდ პედანტურად უნდა ასრულებდეს ექიმის დანიშნულებას.
შარდსაწვეთის კენჭების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კენჭის ზომებს. რაც უფრო მცირე ზომისაა კენჭი, მით უფრო დიდია მისი გამოძევების ალბათობა. კენჭის გამოძევება ქალებში მამაკაცებთან შედარებით უფრო ადვილად ხდება. არსებობს აგრეთვე მკურნალობის მეთოდი უშუალოდ თირკმელში სპეციალური ქიმიური ხსნარების შეყვანით - 48-72 საათის განმავლობაში ხსნარების განუწყვეტელი შეყვანა ამ კენჭებს ინტენსიურად შლის.

 - ავადმყოფები ხშირად მიმართავენ მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. რამდენად მისაღებია ეს?

- კენჭის გამოსაძევებლად შესაძლებელია ნებისმიერი სითხის მიღება. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ შინ დამზადებული ნახარშების დიდი ოდენობით მოხმარებამ შეიძლება დიდი ზომის კენჭი დაძრას და გამოიწვიოს მისი ჩაჭედვა და შარდის შეგუბება.

- რა არის ლითოტრიფსიის მეთოდი?

- კენჭის შემადგენლობის, ზომისა და მდებარეობის შესწავლის შემდეგ ხშირად პირდაპირ დგება ქირურგიული თუ ლითოტრიფსიული ჩარევის აუცილებლობის საკითხი. შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობის ძირითადი მეთოდია (დაახლოებით 95%) დისტანციური ლითოტრიფსია - ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით კენჭების ფრაგმენტირება. ეს ოპერაციაა, მაგრამ არაკონტაქტური. ამ დროს არ ხდება კანის მთლიანობის დარღვევა. ავადმყოფი თავსდება სპეციალურ მაგიდაზე, რენტგენის სხივებით (ზოგჯერ ექოსკოპიური კონტროლით) ხდება კენჭის მდებარეობის დადგენა და შემდეგ მისი დაშლა ელექტრო-განმმუხტველით. ამ ოპერაციის დროს პაციენტს ნარკოზი არ სჭირდება. ლითოტრიფსიის საშუალებით კენჭი იშლება თვალით ძნელად შესამჩნევ ფრაგმენტებად.

- შეიძლება, რომ კენჭი არ დაიშალოს?

- შესაძლებელია კენჭი არ დაიშალოს. ეს მოსალოდნელია კალციუმის მონოჰიდრატების დროს. ამ შემთხვევაში მიმართავენ მკურნალობის სხვა მეთოდებს. საქართველოში წარმოებს ე.წ პუნქციური ოპერაციები, როდესაც კანის მთლიანობა ირღვევა, თირკმლის მენჯში, ფიალაში რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კონტროლით თავსდება სპეციალური აპარატი. ამის შემდეგ კენჭს ადგილობრივად შლიან (ამტვრევენ). ეს კონტაქტური ლითოტრიფსიაა. ასეთი მეთოდით იშლება ყველა სახის კენჭი.

- ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს?

- განვითარებულ ქვეყნებში ღია ოპერაციებზე უმნიშვნელო პროცენტი მოდის, ჩვენთან კი ის კვლავ რჩება მკურნალობის ერთ-ერთ ხერხად, თუმცა ლითოტრიფსიის დანერგვის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ღია ოპერაციების რიცხვი (დაახლოებით 20%-ს შეადგენს). ზოგჯერ, მაგალითად, მარჯნისებური კენჭების არსებობისას იყენებენ როგორც დისტანციურ, ასევე კონტაქტურ ლითოტრიფსიას, ე.წ. სანდვიჩის მეთოდს. ამ დროს პუნქციით, სპეციალური ნეფროსკოპის საშუალებით კენჭს მაქსიმალურად ამტვრევენ, შემდეგ გამოიყენება დისტანციური ლითოტრიფსია. ბოლოს დარჩენილი ფრაგმენტები ისევ ნეფროსკოპის საშუალებით იმტვრევა.

- ბრძანეთ, ლითოტრიფსიის მეთოდით შესაძლებელია ნებისმიერი კენჭის დაშლაო. რა შემთხვევაში ტარდება ღია ოპერაცია?

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ექიმთან ავადმყოფი ხშირად ძალზე გართულებული მდგომარეობით მიდის. ამიტომ იძულებული ვართ, მივმართოთ ოპერაციულ მკურნალობას, რადგან ასეთ შემთხვევაში არ არის ნაჩვენები ლითოტრიფსიის წარმოება.

- რა ადგილი უჭირავს ამ დროს დიეტას და რა უნდა ჭამოს ავადმყოფმა?

- კენჭის ,,დაბადების", მისი ქირურგიული ან ლითოტრიფსიული მეთოდით მოშორების შემდეგ რეციდივების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილ იქნეს კენჭების ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, მოწესრიგდეს შესაბამისი დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებულ იქნეს ინფექცია საშარდე გზებში. თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონეთათვის უნივერსალური და კატეგორიული რეკომენდაციები არ არსებობს, იგი დამოკიდებულია კენჭის სტრუქტურაზე. მაგ.: ურატული ნეფროლითიაზისას იკრძალება ხორცის ნახარში, ხაში, კუჭმაჭი, ალკოჰოლი და სხვა.
კალციუმით განპირობებული ნეფროლითიაზისას იკრძალება რძის პროდუქტები, რეკომენდებულია ფქვილეული ნაწარმი. თირკმელკენჭოვანი დაავადებისას სითხის, მინერალური წყლების საჭირო რაოდენობას და სახეობას კენჭის შემადგენლობის გათვალისწინებით ექიმი გირჩევთ. ქვიშისა და კენჭებისგან განთავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდა მიიღოთ ნებისმიერი სითხე, თუნდაც სასმელი წყალი დღე-ღამეში 2 ლიტრის ფარგლებში. მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.

- რას გულისხმბობს დაავადების პროფილაქტიკა?

- ამ დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს მუდმივად დიდი ოდენობით სითხის მიღებას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ადამიანს შარდში ჭარბად აქვს მარილები, რათა არ მოხდეს ამ კრისტალების შეწებება და კენჭის ჩამოყალიბება.

- დიდი მადლობა, ქალბატონო ქეთევან, საინტერესო საუბრისთვის.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
მხოლოდ 16 წუთითაც კი ძილის დანაკლისი მეორე დღეს შრომის ეფექტურობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. სამხრეთ
ძილი ადამიანს ეხმარება ცხოვრების უსიამოვნო, დამამცირებელი მოვლენების გადალახვაში. ჯანსაღი ძილის საშუალებით
ამერიკის კოგნიტიური ნევროლოგიისა და ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრის მიერ
ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ უწინ ოფიციალური ზღვრული ნიშნული, რომლიდანაც
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებაა.
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად