იშიაზი და რადიკულიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იშიაზი და რადიკულიტი

მართალია, მათი სიმპტომები მსგავსია და ზოგჯერ მკურნალობაც ერთი და იმავე მეთოდებით მიმდინარეობს, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევა და სათანადო შედეგის მიღება გვსურს.

იშიაზი

იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.

იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
  • მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
  • მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გადის. ტკივილს განაპირობებს საჯდომის ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);
  • მალათაშორისი დისკის დეგენერაცია;
  • ართრიტი;
  • ტრავმა;
  • შეკრულობა;
  • დიაბეტი;
  • ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.

სიმპტომები

იშიაზის ძირითადი სიმპტომია დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს. აღსანიშნავია, რომ ტკივილს ნერვის დაჭიმვაც იწვევს. სწორედ ამას ეფუძნება იშიაზის სადიაგნოსტიკო სინჯები:

  • ლასეგას სიმპტომი - ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს ნელ-ნელა აწევინებენ გაჭიმულ ფეხს. განსაზღვრულ სიმაღლეზე თავს იჩენს ტკივილი.
  • წამოჯდომის სიმპტომი - ავადმყოფს გაშლილ ფეხს საწოლზე უფიქსირებენ და წამოჯდომას სთხოვენ. წამოჯდომა ძლიერ ტკივილს იწვევს. ავადმყოფი წამოჯდომას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც მტკივან ფეხს მუხლის სახსარში მოხრის.
  • სიკარას სიმპტომი - ტკივილი ძლიერდება ტერფის მოხრის დროს.

იშიაზისთვის დამახასიათებელია კუნთების ჰიპოტონია. კერძოდ, ეშვება დუნდულა კუნთები, დაზიანების მხარეს დუნდულას ნაოჭები დაბლა იწევს, სუსტდება აქილევსის რეფლექსი. მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას.

იშიაზი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი შეიძლება დაიწყოს წელის არეში, შემდეგ გადაინაცვლოს დუნდულა კუნთში, თეძოების გავლით დაეშვას მუხლისკენ, წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ. არც ტკივილის განვითარების სხვა ვარიანტია გამორიცხული. მაგალითად, ზემოხსენებული ლოკალიზაციის სხვადასხვა კომბინაცია წელის ტკივილის გარეშე.

იშიაზის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა: მჭრელი, მწველი, მჩხვლეტი. შესაძლოა, მხოლოდ დაბუჟების შეგრძნება განვითარდეს.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში

თუ შეტევა სახლში დაგეწყოთ, უპირველეს ყოვლისა, ისე მოთავსდით, რომ წელმა მაქსიმალური კომფორტი იგრძნოს. კარგია კორსეტით მისი დაფიქსირებაც. მწვავე ტკივილის დროს ხერხემლის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია წოლა. მწოლიარეს წელის ქვეშ უნდა ედოს ბალიში ან დახვეული პლედი, ხოლო ფეხები ოდნავ ამაღლებული და მუხლებში მოხრილი ჰქონდეს. ასეთ პოზიციაში ხერხემლის მიდამოს მსხვილი კუნთები დუნდება, რაც ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.

მკურნალობა

იშიაზის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია მწვავე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფი მაგარ საწოლზე უნდა იწვეს. უმჯობესია, საწოლზე დავდოთ ხის დაფა და ზედ თხელი ლეიბი დავაფინოთ.

ტკივილის დასაცხრობად მტკივან ადგილას ისვამენ გამაღიზიანებელ მალამოს. მაგალითად, ფინალგონს, ნიკოფლექსს, იდებენ წიწაკის ან მდოგვის საფენს. კარგია მტკივანი არის დაზელა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით (ინდომეტაცინით, ორტოფენით, ვოლტარენით). პარალელურად ინიშნება ასეთივე პრეპარატების საინექციო ან დასალევი ფორმები, მაგრამ ასეთ ფორმებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები (მაგალითად, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება), ამიტომ მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.

რაც შეეხება ვარჯიშს, მისი დაწყება ნებადართულია მხოლოდ მწვავე პერიოდის შემდეგ, ისიც - მიზეზის გათვალისწინებით და ექიმის შერჩევით, მსუბუქი მასაჟი კი მწვავე პერიოდშიც ეფექტურია.

რადიკულიტი

რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: დღესდღეობით რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად - პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვინც მთელი დღეები კომპიუტერთან ზის.

მიზეზები

ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.

ჯერ კიდევ არ არსებობს საყოველთაო აზრი იმის შესახებ, რა შეიძლება ჩაითვალოს რადიკულიტის უშუალო მიზეზად. XIX საუკუნეში მიაჩნდათ, რომ რადიკულიტი ნერვის ფესვის დამოუკიდებლად აღმოცენებული ანთებაა, XX საუკუნის დასაწყისში გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი მალათაშორისი თიაქრის ბრალია - მალებს შორის არსებული ხრტილი იგლიჯება, გარეთ გამოდის და ნერვის ფესვს ჭყლეტს, ამჟამად კი ვარაუდობენ, რომ რადიკულიტის მიზეზი თავად ხერხემალი, უფრო ზუსტად, მისი დაზიანებაა. ითვლება, რომ ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში რადიკულიტი ოსტეოქონდროზით არის განპირობებული, დანარჩენ 5-ში კი ხერხემლის ტრავმით, შინაგანი ორგანოების დაავადებებით, ხერხემლის ანთებითი და დისტროფიული დაზიანებით, პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნით და სხვა.

სიმპტომები

რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი.

დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • კისრის რადიკულიტს;
  • კისერ-მხრის რადიკულიტს;
  • გულმკერდის რადიკულიტს;
  • გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.

კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზდება კეფისა და კისრის არეში, ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნებისას და ხველისას. ამ დროს ავადმყოფი თავს უკან აგდებს და იღებს დამცველობით რეფლექტორულ პოზას. ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის ფონზე აღმოცენებული კისრის რადიკულიტის დროს ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს თავბრუხვევა, სმენის დაქვეითება, ბარბაცი და თავის ტვინის სისხლით მომარაგების დეფიციტის სხვა ნიშნები.

კისერ-მხრის რადიკულიტს ახასიათებს ჭვალისებრი ინტენსიური ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება კისრის არეში, მხრის სარტყელსა და ხელებში, ძლიერდება ხელების მოძრაობის, ხველის, მიბრუნება-მობრუნებისა და თავის დახრის დროს.

გულმკერდის რადიკულიტი (გულმკერდის შუა ან ქედა ფესვის დაზიანება) ხასიათდება შეტევისმაგვარი ტკივილით ნეკნთაშუა ნერვის გასწვრივ, რომელიც ძლიერდება მოძრაობის ან ღრმა ჩასუნთქვის შემთხვევაში.

გავა-წელის რადიკულიტი (გავისა და წელის ფესვების დაზიანება) ყველაზე ხშირად გვხვდება. დაავადება უმეტესად მალათაშუა დისკში, ხერხემლის სახსარში არსებული დეგენერაციული პროცესების (ოსტეოქონდროზის, თიაქრის) ფონზე აღმოცენდება, აქვს გაქრონიკულებისა და ხშირი რეციდივის ტენდენცია. გავა-წელის რადიკულიტის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ლოკალიზაციისაა, კერძოდ, აღმოცენდება საჯდომი ნერვის გასწვრივ და ძლიერდება მოძრაობის, სიარულის, დახრის დროს.

ტკივილის ლოკალიზაცია და მისი გამოხატულების ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რომელ დონეზე მოხდება ნერვის ღეროს ან ფესვის მიჭყლეტა, ასევე _ იმ ქსოვილის ბუნებაზე, რომელმაც მიჭყლეტა განაპირობა. განსაკუთრებით ძლიერია ტკივილის სინდრომი ძვლოვანი წანაზარდებით, დისკით და სხვა მკვრივი ქსოვილით (მაგალითად, მალათაშორისი თიაქრით) მიჭყლეტის დროს. შედარებით რბილი ქსოვილით (კუნთი, მყესი) მიჭყლეტისას ტკივილი და მისი გაძლიერების დინამიკა ნაკლებად არის გამოხატული.

დიაგნოსტიკა

რადიკულიტის დიაგნოსტირება, პირველ რიგში, ავადმყოფის ჩივილების მიხედვით ხდება. მათი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს კუნთების ტონუსის, კიდურების მგრძნობელობის, მტკივნეულობის ლოკალიზაციის განსაზღვრას. მას შემდეგ, რაც ექიმი დიაგნოზს დასვამს, განისაზღვრება დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის აუცილებლობა.

დიაგნოსტიკის ინსტრუმენტულ მეთოდებს მიეკუთვნება: ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიელოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კონტრასტული დისკოგრაფია, ელექტროსპონდილოგრაფია.

მკურნალობა

რადიკულიტის მკურნალობა მიმართულია არა მარტო მიჭყლეტილი ნერვის გათავისუფლებისკენ, არამედ მიჭყლეტის მიზეზის კორექციისკენაც.

თუ რადიკულიტი მოულოდნელად დაგატყდათ თავს, ექიმის მოსვლამდე დაწექით მაგარ საწოლზე, დალიეთ გამაყუჩებელი, დაიზილეთ მტკივანი ადგილი ტკივილგამაყუჩებელი მალამოთი და კარგად შეიფუთნეთ შალის ღაზლით.

რადიკულიტის სამკურნალოდ ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი საშუალებები (მაგალითად, ფუტკრის ან გველის შხამი, მწარე წიწაკის ნაყენი). მწვავე პერიოდში ავადმყოფმა მშვიდი, წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვას. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ინიშნება მსუბუქი მანუალური თერაპია, მსუბუქი მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა (მათ შორის - წყალქვეშა დაჭიმვები), ეფექტიანია ფიზიოთერაპიული პროცედურებიც. ვარჯიშებისა და მასაჟის თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე დაწყებამ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს. თუ რადიკულიტი მალათაშორისი დისკის გამოვარდნამ გამოიწვია, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

რადიკულიტისა და იშიაზის სამკურნალო მცენარეული საშუალებები

რადიკულიტისა და იშიაზის დროს წელის ტკივილის გასაყუჩებლად საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება მცენარეული მალამოები. მათ მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით იღებენ ჩამოთვლილ კომპონენტებს:

  • ქინძის თესლს, არყის ხის კვირტებს, პიტნას, ბაბუაწვერას ფესვს;
  • არყის ხის კვირტებს, მატიტელას, კრაზანას, ვერხვის კვირტებს;
  • გულყვითელას ყვავილებს, ქაფურას ყვავილებს, პიტნას, სვიის გირჩებს, ქრისტესისხლას, ევკალიპტის ფოთლებს;
  • ოროვანდის ფესვს, პიტნას, მრავალძარღვას, გვირილის ყვავილს;
  • ტუხტის ფესვს, ლავანდას, ფარსმანდუკს, შვიტას, ბაბუაწვერას ფესვს;
  • მატიტელას ფესვს, კრაზანას, პიტნას, ფიჭვის კვირტებს, ქრისტესისხლას, ევკალიპტის ფოთლებს;
  • არყის ხის კვირტებს, პიტნას, გვირილის ყვავილს, ფიჭვის კვირტებს, იასამფერას, ბაბუაწვერას ფესვს.

ამ სამკურნალო მცენარეების შეძენა ფიტოაფთიაქებში შეიძლება.

მალამო ასე მზადდება: აიღეთ რომელიმე ნაკრები, დაფშვენით, 3 სუფრის კოვზს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ კარგად შეათქვიფეთ 75-75 გრამ ღორის (მუცლის) გამდნარ ქონს (შეგიძლიათ, მის ნაცვლად გამოიყენოთ ნაღების მარგარინი) და მცენარეულ ზეთს, გააცივეთ და სიცივეში შეინახეთ. წაისვით მტკივან ადგილას და 3-5 წუთის განმავლობაში იზილეთ, შემდეგ თბილად შეიფუთნეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ.

სასარგებლოა კომპრესიც: მალამო მსუბუქად შეიზილეთ კანში, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენი, შემდეგ - შალის ნაჭერი და შეიხვიეთ. კომპრესს არაჩვეულებრივი ეფექტი ექნება, თუ პოლიეთილენის ნაცვლად გამოიყენებთ იასამნის, სალბის ან ბარამბოს ფოთლებს, ხოლო ზემოდან კომბოსტოს ფურცლებს გადააფარებთ.