სტრესი როგორც გადაღლის შედეგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესი როგორც გადაღლის შედეგი

ადამიანის მიერ ფიზიკური თუ სულიერი ტრავმის გადატანის, ემოციური და ფიზიკური გადაღლის შემდეგ აუცილებლად დგება სტრესული მდგომარეობა, მისი სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქოლოგიაზე. ტრავმის სიმძიმის მიხედვით ფსიქორეაბილიტაცია და მისი მეთოდების შერჩევა ჭარბად მიიღებს სტრესის ხარისხზეა დამოკიდებული.

ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება და საფრთხე, ინფორმაციული გადატვირთვა, დიდი პასუხისმგებლობა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება და ა. შ.

როგორც ირკვევა, ადამიანი არა მარტო ფიზიკურად, ემოციურადაც შეიძლება გადაიღალოს. ამ დროს იგი გრძნობს დაღლილობას, ემოციურ დაძაბულობას, გარშემო მყოფები აღიზიანებენ, საყვარელი სამუშაოც კი ზიზღს ჰგვრის. კოლეგები ამჩნევენ, რომ მისი ნერვული სისტემა წესრიგში არ არის. ემოციური გადაღლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ის სახიფათოა მათთვის, ვისაც სამსახურებრივად ადამიანებთან ურთიერთობა უწევს, მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისთვის.

ემოციური გადაღლა თანდათანობით ვითარდება. გამოყოფენ მის სამ საფეხურს: თავდაპირველად ქრება სიცოცხლის ხალისი, ითრგუნები, სამყაროს მუქ ფერებად აღიქვამ, შინ თუ გარეთ ყველას სთხოვ, არაფერი გკითხონ, არ შეგეხონ. თუ ამთავითვე არაფერი იღონეთ, მდგომარეობა უფრო მეტად გართულდება და მეორე საფეხურზე გადავა. ამ დროს უკვე გაღიზიანებენ ის ადამიანები, რომლებთანაც ხშირად გიხდებათ ურთიერთობა – ოჯახის წევრები, მოსწავლეები, კოლეგები... ემოციურად გადაღლილი ადამიანი თავდაპირველად თავის შეკავებას ცდილობს, მხოლოდ უხეში გამონათქვამებით შემოიფარგლება, მაგრამ დაძაბულობა თანდათან იმატებს და ბოლოს ერთბაშად ამოხეთქავს, რასაც შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლოს. უარყოფითი ენერგიის ამოფრქვევას სირცხვილისა და დანაშაულის განცდა მოჰყვება, თუმცა ვერ აგიხსნიათ, როგორ მოგივიდათ ეს. მესამე საფეხურზე უფასურდება პროფესიული ღირებულებები, თავს იჩენს ადამიანებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. მეორე მხრივ, შინაგანად თითქოს ყველაფერი იწვის. გარკვეული ჩვევების წყალობით, როგორც პროფესიონალი, გარეგნულ რესპექტაბელობას ჯერ კიდევ ინარჩუნებთ, მაგრამ უკვე შესამჩნევია ცარიელი გამოხედვა და ერთგვარად შებოჭილი მოძრაობა. თქვენ გეუფლებათ გულგრილობა ადამიანების, საყვარელი სამუშაოსა და საკუთარი თავის მიმართაც კი. სამსახურის შემდეგ შესაძლოა აპათიამ და უძილობამ შეგიპყროთ. ზოგიერთს უჩნდება საკვებისადმი ზიზღი, ზოგს კი, პირიქით, გამუდმებით შია. ზოგიერთი ალკოჰოლით ცდილობს დაძაბულობის მოხსნას, თუმცა უკეთესობას ვერ გრძნობს.

ემოციური გადაღლის მიზეზები

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ემოციური გადაღლის სინდრომი ისეთ ადამიანს ემუქრება, რომელიც ვერ ახერხებს სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას საკუთარი თავის, სხვა ადამიანებისა და სამუშაოს მიმართ. ესენი უმეტესად ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებენ საკუთარ თავს. მათ მიაჩნიათ, რომ უნდა იცხოვრონ სხვებისთვის, უარს ამბობენ საკუთარ ინტერესებზე, არასოდეს ითხოვენ დახმარებას. მათთვის არ არსებობს უბრალოდ სიყვარული ან უბრალოდ სამსახური – მხოლოდ გრძნობების მაქსიმალური გამოხატულება და უმაღლესი მიღწევები. მუდმივი დაძაბულობა საბოლოოდ ემოციურ გადაწვას იწვევს. შინაგანად ასეთი ადამიანები სიყვარულის, სინაზის, მზრუნველობის უკმარისობას განიცდიან, მაგრამ ამის აღიარება მათ ძალებს აღემატება. „ვინ, თუ არა მე?“ – ასეთია მათი კრედო. ისინი თავს მხოლოდ მაშინ გრძნობენ კარგად, როცა ვინმეს მათი დახმარება სჭირდება, აქვთ მოთხოვნილება, მუდამ საჭირო იყვნენ სხვებისთვის. მათ არ შეუძლიათ, ვინმეს რაიმე თხოვნაზე უარი უთხრან, გარშემო მყოფნი კი ამით სარგებლობენ.

ასეთ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ

ისინი ცოცხალი ადამიანები არიან და აქვთ უფლება იზრუნონ საკუთარ თავზე. ერთმანეთისგან უნდა გააცალკევონ სამუშაო და პირადი ცხოვრება, მკვეთრად გამიჯნონ საკუთარი მოვალეობები, გაუნაწილონ სხვებს, ითხოვონ დახმარება და თანაგრძნობა. გახსოვდეთ, თქვენ ვერ გასწვდებით ყველას და ყველაფერს. კარგად შეისწავლეთ თქვენი არა მხოლოდ მოვალეობები, არამედ უფლებებიც. გახსოვდეთ: თქვენ გაქვთ უფლება, ეკუთვნოდეთ საკუთარ თავს და იმოქმედოთ თქვენი ინტერესების მიხედვით. ისწავლეთ „არას“ თქმა. ნუ გაგიჩნდებათ ამის გამო დანაშაულის განცდა. გახსოვდეთ: საკუთარი თავისადმი უსულგულობაც დანაშაულია. თქვენ გაქვთ უფლება, გქონდეთ თავისუფალი დრო და გამოიყენოთ ის საკუთარი თავისთვის.

ებრძოლეთ სტრესს

ვიცით, რომ სტრესი ჯანმრთელობას ვნებს და მაინც ყოველგვარი სისულელის გამო ვიშლით ნერვებს.

თუ დიდხანს სიცოცხლე გვსურს, სტრესთან ბრძოლა და თავის ხელში აყვანა უნდა ვისწავლოთ.

მშვიდად გააანალიზეთ პრობლემა, გაარკვიეთ, შეგიძლიათ თუ არა მოვლენებზე გავლენის მოხდენა. თუ შეგიძლიათ, მაშინ იმოქმედეთ, ხოლო თუ თქვენზე არაფერია დამოკიდებული, მიჰყევით დინებას და დაელოდეთ.

ძილის წინ მიიღეთ შხაპი და წარმოიდგინეთ, როგორ ატანთ წყალს ყველა უსიამოვნებას. ძალიან სასარგებლოა ავტოტრეინინგი: დაწექით, ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, ნელა დაითვალეთ ხუთამდე და ასევე ნელა ამოისუნთქეთ პირით. ეს ვარჯიში შეასრულეთ ყოველთვის, როცა კი დამშვიდება და თავის ხელში აყვანა დაგჭირდებათ.

ძალიან სასარგებლოა მასაჟიც. საკმარისია, ყოველი დაბანისას დაიზილოთ თხემი, კეფა და ყურებს უკანა მიდამო.

შეიძინეთ ახალი ნაცნობები. გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ადამიანები ნაკლებ ხანს ცოცხლობენ, სასიამოვნო ხალხთან მუდმივი ურთიერთობა კი ამცირებს მძიმე დაავადებების განვითარების რისკს, ამაღლებს განწყობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ხშირად დაურეკეთ ნათესავებსა და მეგობრებს, მიულოცეთ დღესასწაულები, მიიპატიჟეთ შინ, მოაწყვეთ წვეულებები.

იკვებეთ სწორად

გოგონები, რომლებიც გამუდმებით დიეტას იცავენ, მუდამ უგუნებოდ არიან და ხშირად ემართებათ ნერვული აშლილობა. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის რომელიმე ვიტამინი ან მიკროელემენტი. ეს პრობლემა თავიდან რომ ავიცილოთ, საკმარისია, გვქონდეს ბალანსირებული რაციონი.

ნახშირწყლოვან და ცხიმოვან საკვებზე უარის თქმა არამც და არამც არ შეიძლება. ტკბილეული გონებრივი შრომისა და კარგი განწყობისთვის აუცილებელია. ნამცხვრებს და კანფეტებს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით, მაგრამ დღეში ერთხელ, საუზმეზე, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ. ცხიმები ორგვარია: მავნე და სასარგებლო. ორგანიზმში მხოლოდ სასარგებლო ცხიმები რომ მოხვდეს, ერიდეთ შემწვარ-მოხრაკულს. მიირთვით ღუმელში გამომცხვარი ხორცი, თევზი, პარკოსნები. კერძები ზეითუნის ზეთით შეკაზმეთ.

კვირაში ერთხელ მიიღეთ ვეგეტარიანული საკვები: ბურღული, ხილი, ბოსტნეული. მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი. კერძები პომიდვრის წვენით ან კეტჩუპით შეაზავეთ. პომიდორი გადამუშავებულიც კი არ კარგავს სასარგებლო ანტიოქსიდანტ ლიკოპენს, რომელიც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, აძლიერებს გულის კუნთს, ანელებს დაბერების პროცესს. სმისას დაიცავით ზომიერება, რათა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს თავი დააღწიოთ, თუმცა ცოტაოდენი ნატურალური ღვინო ამ კუთხით სასარგებლოც კია, ორიოდე ყლუპ პორტვეინს კი ზოგჯერ არაჩვეულებრივი საძილე ეფექტი აქვს. ჯანსაღი კვებით გატაცებას ფანატიზმამდე ნუ მიიყვანთ. ზოგჯერ ტორტის ნაჭერი ან შემწვარი კარტოფილი არამცთუ არ გავნებთ, გარგებთ კიდეც.

ნუ უფრთხით ექიმებს

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა, მაგრამ ბევრი მაინც თავს არიდებს ექიმთან სიარულს. თუნდაც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეთ, წელიწადში ერთხელ ექიმთან მისვლა აუცილებელია. დამოუკიდებლად რეგულარულად გაიზომეთ არტერიული წნევა. სამ წელიწადში ერთხელ შეიმოწმეთ სისხლში ქოლესტერინის დონე.

სტომატოლოგებისა ეშინია მხოლოდ მას, ვინც მათთან არ დადის. ნახევარ წელიწადში ერთხელ დანტისტის მონახულება აუცილებელია. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ჭიანი კბილები ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას, პაროდონტოზს კი უშუალო კავშირი აქვს ათეროსკლეროზთან.

სწავლა სიბერემდე

გონებრივი დატვირთვა ტვინზე დადებით გავლენას ახდენს. ასე რომ, შეისწავლეთ უცხო ენები, აითვისეთ რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი, ითამაშეთ ჭადრაკი, ამოხსენით კროსვორდები ან უბრალოდ იკითხეთ.

მიიღეთ ვიტამინები

ზედმიწევნით დაბალანსებული რაციონიც კი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელი ოდენობის ვიტამინებს. სწორი კვებისას ადამიანი მათი დღიური ნორმის მხოლოდ 70%-ს იღებს. ასე რომ, სინთეზური ვიტამინების მიღება აუცილებელია.

დაიცავით ვიტამინების მიღების წესები: დოზის გადაჭარბება ისევე საშიშია, როგორც უკმარისობა.

იცინეთ

თუ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დასცინოს, მაშასადამე, მას იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს, მას კი, ვისაც შესწევს უნარი, ყველაფერს იუმორით შეხედოს, უსიამოვნებები იოლად ვერ დააჩოქებს. ჯანმრთელობასა და სიცილს შორის კავშირი მეცნიერულად არის დამტკიცებული.

მეტი იმოძრავეთ

რაც შეიძლება მეტხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. შენობებში ჟანგბადის შემცველობა სულ რაღაც 20%-ია, მისი დეფიციტი კი ჰიპერტონიასა და უძილობას იწვევს.

ივარჯიშეთ

ვარჯიში აკაჟებს ორგანიზმს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

შეიცვალეთ ხედვის კუთხე

რთული სიტუაციიდან ახლებური გამოსავლის პოვნისა და პრობლემების არასტანდარტულად გადაწყვეტის უნარს კრეატიულობას უწოდებენ. კრეატიული აზროვნების მქონე ადამიანები, რომლებიც დაბრკოლებების წინაშე უკან არ იხევენ, უფრო მეტხანს ცოცხლობენ.

მოჰკიდეთ ხელი საყვარელ საქმეს – ადამიანი, რომელსაც სამუშაო სიამოვნებას ანიჭებს, უფრო მეტხანს ცოცხლობს. შეიძინეთ ლეკვი ან კნუტი, გაახარეთ ქოთნის მცენარეები.