სტრესი და დეპრესია
ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი განცდისა და ძლიერი ემოციის გადატანა გვიწევს, რომელთაც ხანგრძლივი არსებობისას პიროვნების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ. დღეს ევროპაში დაავადების 70% ემოციებს უკავშირდება. სტრესის ნიადაგზე აღმოცენებული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება.
რა არის სტრესი
ტერმინი პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ განსაზღვრა. მისი განსაზღვრების თანახმად, სტრესი - ეს არის ყველაფერი, რასაც ორგანიზმი სწრაფ დაბერებამდე მიჰყავს და დაავადებებს იწვევს. თანამედროვე განმარტებით კი სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.
სტრესის დროს სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიტყორცნება, ცხადდება სარეზერვო ძალების მობილიზაცია, გარკვეული ხნის განმავლობაში მკვეთრად იზრდება ადამიანის შესაძლებლობები. თავდაპირველად ყოველივე ეს დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ეს ზემოქმედება ინდივიდუალურად განსაზღვრულ დროის მონაკვეთს მოიცავს.
ხანმოკლე სტრესი ადამიანისთვის უვნებელია, მეტიც - მოვალეობების უკეთ შესრულებასაც კი უწყობს ხელს, მაშინ როცა ხანგრძლივსა და მნიშვნელოვან სტრესს, რომელიც კვირაობით, თვეობით, წლობით გრძელდება, შეუძლია, მძიმე დაავადებები გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმის ზოგადადაპტაციურ ძალებს გამოფიტვის გამო აღარ შეუძლიათ ფიზიოლოგიური ფუნქციების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება.
სტრესის ფორმები
თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ სტრესს ყოველთვის დამანგრეველი, ნეგატიური გავლენა ჰქონდა ორგანიზმზე, მაგრამ მოგვიანებით ჰანს სელიემ დაადგინა, რომ სტრესულ რეაქციას შეიძლებოდა ჰქონოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ხასიათი.
დადებით სტრესს მან ეუსტრესი უწოდა, ხოლო უარყოფითს - დისტრესი.
ეუსტრესი არის სტრესი, რომელიც დადებითი ემოციებით არის გამოწვეული. ის არცთუ ისე ძლიერია და ორგანიზმის მობილიზებას იწვევს.
დისტრესი ანუ უარყოფითი, ნეგატიური სტრესი ის სტრესია, რომელთან გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს აღემატება. ის ანგრევს ადამიანის მორალურ ჯანმრთელობას და მძიმე სომატური და ფსიქიკური დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
არსებობს სტრესის ხანმოკლე და ხანგრძლივი, სხვაგვარად - მწვავე და ქრონიკული, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური (ინფორმაციული და ემოციური) ფორმები.
- მწვავე სტრესისთვის დამახასიათებელია მოქმედების სისწრაფე და მოულოდნელობის ეფექტი. მისი რადიკალური გამოვლინებაა შოკი, რომლის შედეგადაც ადამიანი კარგავს წონასწორობას და გამოდის მდგომარეობიდან. მწვავე სტრესი თითქმის ყოველთვის გადადის ქრონიკულში, ხანგრძლივში. შოკური მდგომარეობის გადალახვის შემდეგ ადამიანი თითქოსდა გამოდის მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ გადატანილთან დაკავშირებული მოგონებები განცდილთან ხელახლა აბრუნებს.
- ხანგრძლივი სტრესი ყოველთვის არ წარმოადგენს მწვავეს შედეგს. იგი თავისთავადაც აღმოცენდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორთა გავლენით, რომლებიც ორგანიზმზე მუდმივად მოქმედებს. ასეთი ფაქტორებია სამსახურის ხანგრძლივი ძებნა, მუდმივი წარუმატებლობა, ახლობლებთან მუდმივი უთანხმოება და სხვა.
- ფიზიოლოგიური სტრესი ვითარდება ორგანიზმზე ნეგატიური ფაქტორების პირდაპირი ზემოქმედებით. ასეთი ფაქტორებია ტკივილი, შიმშილი, სიცივე, ძლიერი არომატები, არასაკმარისი განათება სამუშაო ადგილას ან საცხოვრებელში, ზედმეტი ხმაური.
- ფსიქოლოგიურს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება, ინფორმაციული გადატვირთვა, შეურაცხყოფა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება, დიდი პასუხისმგებლობა. ფსიქოლოგიური სტრესის ერთ-ერთი სახეა ემოციური სტრესი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის სოციალურ სტატუსს რამე ემუქრება, კერძოდ, საფრთხის, წყენისა და გულისტკენის, ომის, მძიმე დაავადების დროს. იგი ემოციებთან, ემოციურ რეაქციებთან არის დაკავშირებული.
ინფორმაციული სტრესი ინფორმაციული გადატვირთვის (დიდი ინფორმაციული ნაკადის დამუშავებისას საკუთარი თავისადმი ჭარბი მომთხოვნელობის) ან ინფორმაციული ვაკუუმის შედეგია.
შიდაპიროვნული სტრესი - მშვიდობიანი ცხოვრება საკუთარ თავთან - ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს, არადა, ზოგჯერ ეს მიუღწეველია. შინაგანი განცდები, უსიამოვნება, უკმაყოფილება იწვევს გაღიზიანებასა და დაუკმაყოფილებლობას, რის შედეგადაც ვითარდება შიდაპიროვნული სტრესი. იგი ჩვეულებრივ ადამიანის არარეალიზებული მოთხოვნების, აუსრულებელი ნატვრების, სურვილებისა და გაცრუებული იმედების ბრალია.
სამსახურებრივ სტრესს კარიერის აწყობის დაუოკებელი სურვილი და მისი აუსრულებლობა, სამსახურში მეტისმეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა და ხშირი უარყოფითი ემოცია იწვევს. ხშირად ის ადამიანის შრომის არასათანადო დაფასებას და ცუდ სამუშაო პირობებსაც უკავშირდება.
ფინანსური სტრესი - ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ფული დიდ როლს თამაშობს. როდესაც შემოსავალი გასავალზე ნაკლებია, ადამიანს უვითარდება ფინანსური სტრესი, რასაც ხშირად მოულოდნელი ხარჯი და დაუგეგმავი ფინანსური დანაკარგები განაპირობებს.
საზოგადოებრივი სტრესი უვითარდება საზოგადოების განსაზღვრულ ნაწილს, განსაზღვრულ ჯგუფს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა სახის საზოგადოებრივი პრობლემების გამო.
ეკოლოგიური სტრესი - არახელსაყრელი გარემო პირობები უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეკოლოგიურ სტრესს იწვევს ქიმიური ნაერთები, ხმაური, დაბინძურებული წყალი, ჰაერი.
უკანასკნელ ხანს გამოყოფენ მენეჯერთა სტრესს, რომელიც მუდმივად ცვლად გარემოში მომუშავე მენეჯერთა ხვედრია - მათ განუწყვეტლივ უწევთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და განუწყვეტლივ ცვლად და კონკურენტულ საბაზრო გარემოში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებათა სწრაფი მიღება.
სტრესის რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ:
- ქალები, რამდენადაც ისინი მამაკაცებზე გაცილებით ემოციურები არიან;
- მოხუცები და ბავშვები;
- დაქვეითებული თვითშეფასების მქონენი;
- ექსტრავერტები;
- ნევროტიკები;
- ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს;
- პირები, რომლებიც სტრესისადმი გენეტიკურად არიან განწყობილნი.
დეპრესია
დეპრესია ლათინური "დეპრიმო"-დან წარმოდგება და დათრგუნვას ნიშნავს. ეს ფსიქიკური მოშლილობაა, რომელსაც ახასიათებს დეპრესიული ტრიადა:
1. გუნება-განწყობილების დაქვეითება, სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა (ანჰედონია);
2. აზროვნების მოშლილობა - უარყოფითი აზრები, ირგვლივ მიმდინარე მოვლენათა მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება;
3. მოძრაობითი დამუხრუჭება.
დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და ჩვეული საქმიანობისადმი ინტერესს, უქვეითდება თვითშეფასების მაჩვენებელი. დღეს ეს მდგომარეობა 40-50 წლის ადამიანების 10%-ს ტანჯავს. მათგან 2/3-ს ქალები შეადგენენ. 65 წლიდან დეპრესია დაახლოებით სამჯერ იშვიათია.
დეპრესიის ფორმები და მიზეზები
- რეაქტიულია დეპრესია, რომელიც დრამატული განცდების - ახლობლის, სამსახურის, საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკარგვის შედეგად ვითარდება.
- ენდოგენურია, თუ მისი გამომწვევი მიზეზები არასაკმარისად ცხადია. ეს ფორმა ორგანიზმში ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების - ნეიროტრანსმიტერების დონის მოშლას უკავშირდება. ეს ნივთიერებები თავის ტვინში მრავალ ფუნქციას ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანია სეროტონინი, რომელიც უშუალოდ მოქმედებს ცნობიერებასა და გუნება-განწყობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ნორადრენალინსა და დოფამინსაც.
- მეტაბოლური დეპრესია - ნივთიერებათა ცვლის, წყალმარილოვან დარღვევას უკავშირდება (დარღვეულია ორგანიზმში კალიუმისა და ლითიუმის მარილების ცვლა). გენეტიკური - მწვავე დეპრესიული მდგომარეობები იმ გენის მოქმედების შედეგია, რომელიც განაგებს სეროტონინის სატრანსპორტო ცილის სინთეზს.
- სტრესული დეპრესია სტრესის შედეგია. ზოგიერთი მეცნიერი დეპრესიის მიზეზად მიიჩნევს ტვინის გადაჭარბებულ დატვირთვას სტრესის შედეგად, რომლის საფუძველიც შესაძლოა ფიზიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები იყოს.
- წამლისმიერი დეპრესია ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მოქმედების შედეგია. ასეთია, მაგალითად, ბეტა-ადრენალინის ჯგუფი, ნეიროლეპტიკები, ჰორმონული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანალგეტიკები, წნევის დამწევები, იმუნოდეპრესიული საშუალებები, ქიმიოპრეპარატები.
- სომატოგენური დეპრესია - დეპრესია შესაძლოა გამოვლინდეს როგორც სომატური დაავადების სიმპტომი, ისეთებისა, როგორებიც არის ალცჰაიმერის დაავადება, თავის ტვინის ათეროსკლეროზი, ქალა-ტვინის ტრავმები, ნევროლოგიური დაავადებანი, ინსულტი, დემენცია, ეპილეფსია, ჰენტინგტონის ქორეა, ჰიდროცეფალია, ცნს-ის ინფექციები, ცნს-ში არსებული ახალწარმონაქმნები, პარკინსონის დაავადება, ნარკოლეფსია, აპნოეს სინდრომი, ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ჰიპერალდოსტერონიზმი, ჰიპერ- ან ჰიპო- პარათირეოიდიზმი, ჰიპერ- ან ჰიპო- თირეოიდიზმი), მშობიარობის შემდგომი ჰორმონული ცვლილებები, სიმსივნეები, გულისა და ფილტვების დაავადებები, პორფირია, ურემია, ავიტამინოზები, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა.
- ცალკე გამოყოფენ ზამთრის, მშობიარობისშემდგომ და ფარულად მიმდინარე დეპრესიებს. ზამთრის დეპრესია, ჩვეულებრივ, შემოდგომის მიწურულს იჩენს თავს და გარემოში მზის სინათლის დეფიციტს უკავშირდება, რაც აქვეითებს სეროტონინის სინთეზს და, შესაბამისად, ადამიანის განწყობასაც. მშობიარობისშემდგომი დეპრესია - ორგანიზმში მიმდინარე რთული ჰორმონული ძვრებით არის განპირობებული, რაც ძირითადად დედის მიერ მშობიარობისას გადატანილ ძლიერ ტკივილს, ახალშობილის მომავალ კეთილდღეობასა და მისი დაკარგვის ძლიერ შიშს უკავშირდება.
- ფარული დეპრესია - მისი სიმპტომები სხვადასხვა სახის ფიზიკური სისუსტით არის შენიღბული.
- ცნობილია მონოპოლარული და ბიპოლარული ტიპის მოშლილობანი. ამ უკანასკნელს საზოგადოება მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის სახელით იცნობს.
- მონოპოლარული მოშლილობისას გუნება-განწყობა ფუჭდება და ადამიანი გარკვეული ხარისხის საქმიანობაზე ან ყოფით აქტივობაზე უარს ამბობს, ბიპოლარულის შემთხვევაში კი განწყობის დაქვეითების პარალელურად ვითარდება ეიფორია ნათელი და გაწონასწორებული შუალედებით. მანიაკური სინდრომის გამწვავებისას ადამიანი ფსიქომოტორულად ძლიერ აგზნებულია და ეუფლება ძლიერების, ყოვლისშემძლეობის შეგრძნება, რეაქციათა უჩვეულო სისწრაფეს ავლენს.