სულით ძლიერნი

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ამ ჯოჯოხეთს გაუძლეს, უფრო მეტიც - სძლიეს საკუთარ კომპლექსებს, უკან არ დაიხიეს, უამრავი ბარიერი გადალახეს და დაამტკიცეს, რომ ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, შესაძლებელია, ადამიანმა წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიოს. დაამტკიცეს და ამით უამრავ სხვას მისცეს მაგალითი. ამჯერად "ოჯახის მკურნალი" სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ გიამბობთ.
ჰომეროსი - ლეგენდარული ბერძენი პოეტი-მთხრობელი, რომელსაც "ილიადასა" და "ოდისეას" შექმნას მიაწერენ. მისი ცხოვრებისა და პიროვნების შესახებ დანამდვილებით არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის არის სარწმუნო, რომ "ილიადა" და "ოდისეა" მათში აღწერილ მოვლენებზე გაცილებით გვიან შეიქმნა. ეს მოვლენები, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნემდე უნდა მომხდარიყო.
ქრონოლოგიური პერიოდი, რომელშიც ათავსებენ თანამედროვე მეცნიერები ჰომეროსის ცხოვრებას, დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეა. მისი დაბადების ადგილიც უცნობია. მისი სამშობლოს სახელისთვის შვიდი ქალაქი იბრძოდა: სმირნა, ჰიოსი, კოლოფონი, სალამინი, როდოსი, არგოსი და ათენი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ტრადიციულად, ჰომეროსს უსინათლო მოხუცად გამოსახავდნენ. უფრო მეტად სარწმუნოა, რომ ეს წარმოდგენა მისი ცხოვრების რეალური ფაქტებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ წარმოადგენს რეკონსტრუქციას, რომელიც ანტიკური ბიოგრაფიების ჟანრისთვის არის დამახასიათებელი. ვინაიდან მრავალი წინასწარმეტყველი, ნათელმხილველი და მომღერალი ბრმად ითვლებოდა ან მართლაც ბრმა იყო, ანტიკური ლოგიკის მიხედვით, რომელიც წინასწარმეტყველურ და პოეტურ ნიჭს ერთმანეთს უკავშირებდა, ჰომეროსის სიბრმავის შესახებ ვარაუდი შესაძლოა სიმართლესთან ახლოს იდგეს. გარდა ამისა, დაბადებიდან ბრმა მომღერალი დემოდოკე, რომელიც "ოდისეას" გმირია და რომლის იდენტიფიცირება მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს, შესაძლოა თავად ჰომეროსიც იყოს, ხოლო ნაწარმოები - ამ უდიდესი პოეტის ავტობიოგრაფია. ასეა თუ ისე, ჰომეროსს თავისი ნაწარმოებების გამო დღეს მსოფლიო ლიტერატურაში თვალსაჩინო ადგილი უკავია.
ჯონ მილტონი (1608-1674, ლონდონი) - სახელგანთქმული ინგლისელი პოეტი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. მან ორმოცდაოთხი წლისამ დაკარგა მხედველობა, რამაც მის ქონებრივ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა, ხოლო ორიოდე წელიწადში სტიუარტების მმართველობის აღდგენამ მთლიანად გააკოტრა. კიდევ უფრო დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის მისი პარტიის "ინდეპენდენტის" განადგურება. მიუხედავად ამისა, მილტონი სულით არ დაცემულა. სწორედ ამ პერიოდში - 1660 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - შექმნა სამი გენიალური ნაწარმოები: "დაკარგული სამოთხე", "დაბრუნებული სამოთხე" და "სამსონი". ალბათ, მკითხველისათვის ის ფაქტიც იქნება საინტერესო, რომ მილტონის პატივსაცემად მისი სახელი პლანეტა მერკურის ერთ-ერთ კრატერს ეწოდა.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები) - ამ გერმანელმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და პიანისტმა, ვენის სამ კლასიკოსს შორის ერთ-ერთმა, ორმოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში უამრავი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა, მათ შორის - სიმფონიები, ოპერა, ბალეტი, ხუთი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და სხვა. ოცდაექვსი წლის ასაკში ამ უდიდესმა კომპოზიტორმა შიგნითა ყურის ანთების შედეგად სმენა დაკარგა. ავადმყოფობისას, მიუხედავად იმისა, რომ ყურში მუდმივი წკრიალი ჩაესმოდა, ბეთჰოვენს მუშაობა არ შეუწყვეტია, მაგრამ თანდათან მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მკურნალმა ექიმმა კატეგორიულად მოსთხოვა დასვენება. კომპოზიტორი ჰაილიგენშტადტში გაემგზავრა, მაგრამ სიმშვიდემ და სიწყნარემ ბევრი ვერაფერი არგო. ამ ტრაგიკულ დღეებში მან დაწერა წერილი, რომელსაც მოგვიანებით ჰაილიგენშტადტის ანდერძი უწოდეს. აქ ის აღწერდა თავის ემოციურ მდგომარეობას და აღიარებდა, რომ თავის მოკვლას აღარაფერი აკლდა, თუმცა ორიოდე თვის შემდეგ გაგზავნილ წერილში უკვე ჩანს მისი ოპტიმიზმი: "მომეჩვენა, რომ სანამ არ შევქმნი ყველაფერს, რისთვისაც მოწოდებული ვარ, ამ ქვეყნის დატოვება სისულელეა", - წერს იგი. სწორედ ამ წერილის შემდეგ დაიწყო მან მესამე სიმფონიის წერა, რომელსაც მოგვიანებით "გმირული სიმფონია" უწოდა. დამეთანხმებით, სმენადაკარგული ადამიანის მხრიდან ეს მართლაც გმირობის ტოლფასი იყო.
სხვათა შორის, ბეთჰოვენის სიყრუის შედეგად შემონახულია უნიკალური ისტორიული დოკუმენტები - "სალაპარაკო რვეულები", სადაც კომპოზიტორის მეგობრებს თავიანთი რეპლიკები შეჰქონდათ, რომლებზეც ასევე წერილობით ან სიტყვიერად პასუხობდა ბეთჰოვენი, თუმცა ბეთჰოვენის მკვეთრი პოლიტიკური გამონათქვამების გამო ამ რვეულების უმრავლესობა მისმა მეგობრებმა გაანადგურეს, რათა დიდი კომპოზიტორის სახელისთვის ჩრდილი არ მიეყენებინათ.
საინტერესოა ისიც, რომ კომპოზიტორის ნაწარმოებთა უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის. უფრო მეტიც - ის შინაგანი სმენის დახმარებით სხვა კომპოზიტორთა ნამუშევრებსაც კი ასწორებდა. ალბათ, ბევრს გაუგონია, როგორ წერდა დაყრუებული ბეთჰოვენი: კბილებით ხის სახაზავი ეჭირა და ფორტეპიანოზე მისი საშუალებით უკრავდა; ეგრეთ წოდებული ძვლოვანი სმენით (მოგეხსენებათ, თავის ქალაში უამრავი ღრუა და, ყურის მსგავსად, ისინიც ატარებენ ბგერებს, თუმცა გაცილებით უარესად) "ისმენდა" ინსტრუმენტის მიერ გამოცემულ ხმებს, ხოლო ფურცელზე მათი გადატანა, როგორც იტყვიან, უკვე ტექნიკის საქმე იყო. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ბეთჰოვენს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა - სანამ მუსიკის წერას დაიწყებდა, თავს ყინულიანი წყლით სავსე თასში ყოფდა. ეს ჩვევა მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა და შესაძლოა, სწორედ ეს იქცა მისი დაყრუების მიზეზად. მოარული ხმები იმასაც ამბობენ, თითქოს სიკვდილის წინ ბეთჰოვენს სმენა აღუდგა, თუმცა, წმინდა სამედიცინო კუთხით თუ მივუდგებით, ეს სრულიად შეუძლებელი გახლდათ.
თომას ალვა ედისონი (1847-1931) საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე გახლდათ. მან აშშ-ში - 1093, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში 3000-მდე გამოგონების პატენტი მიიღო. ხომ შთამბეჭდავია?! მან გააუმჯობესა ტელეგრაფი, ტელეფონი, კინოაპარატურა, ელექტრონათურა, ელექტრომატარებელი, საფუძველი ჩაუყარა ელექტრონიკას, გამოიგონა ფონოგრაფი და სხვა.
თვით სატელეფონო საუბრის დაწყებისას სიტყვა "ალოს" გამოყენებაც კი ამ გენიალური ადამიანის მოწოდებულია. თომას ედისონი ანთების გამო არაპროპორციული თავით დაიბადა და ჯანმრთელობაც წლების განმავლობაში საკმაოდ ჰქონდა შერყეული. შვიდი წლისას ქუნთრუშა დაემართა, რომელმაც პროგრესირებადი სიყრუით დააჯილდოვა. ბავშვობაში დიდი თავის გამო "უტვინო იდიოტს" ეძახდნენ, მაგრამ ამ "უტვინომ" დაამტკიცა, რომ მას უდიდესი შესაძლებლობები ჰქონდა. დედამ სკოლიდან გამოიყვანა და გადაწყვიტა, განათლება მისთვის შინ მიეცა. მოგვიანებით ედისონი წერდა, "გამომგონებელი იმიტომ გამოვედი, რომ სკოლაში არ მისწავლიაო". იგი საოცარი შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. მაგალითად, ელექტრონათურისთვის, უფრო სწორად, ვარვარის ძაფისთვის საუკეთესო მასალის მოსაძებნად ექვსი ათასამდე ნიმუში გადაარჩია და საბოლოოდ ბამბუკი აირჩია. შეეძლო, ლაბორატორიაში ზედიზედ 45 საათი გაეტარებინა და ხანდაზმულ ასაკშიც კი დღე-ღამეში 18-19 საათს მუშაობდა. ნიკოლო ტესლა მასზე ამბობდა: თივის ზვინში ნემსის პოვნა რომ დასჭირდეს, არასდროს დაკარგავს დროს მის საძებნელად; უბრალოდ, სათითაოდ გადადებს განზე თივის ღერებს, სანამ ნემსს არ იპოვისო. მართლაც შესანიშნავი დახასიათებაა.