თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმით განპირობებული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმით განპირობებული დაავადებები

- რას წარმოადგენს იშემიური ინსულტი და რით განსხვავდება ის ჰემორაგიული ინსულტისგან?

- ინსულტი კლინიკური ტერმინია, რომელიც ტვინის ვასკულარულ ტერიტორიაზე პერფუზიის მწვავე დეფიციტს გულისხმობს. ეს უკანასკნელი იწვევს ტვინის იშემიას და, ამის კვალობაზე, ნევროლოგიური ფუნქციების რღვევას. მარტივად რომ ვთქვათ, ინსულტი არის თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა, რომელიც თავის ტვინის ქსოვილების კვდომას იწვევს.

ტვინი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მასა მთელი სხეულის მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მეტაბოლურად ყველაზე აქტიური ორგანოა. მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი გლუკოზისა და ჟანგბადის მისაღებად მას კარდიული (გულისმიერი) სიმძლავრის 15-20% სჭირდება. სისხლის ნაკლებობა ან შეწყვეტა (სპაზმი, ემბოლიზმი, ლოკალური თრომბოზი ან მსგავსი ჰიპოპერფუზია) იშემიურ ინსულტს იწვევს. როდესაც სისხლის დინება მცირდება, ნეირონები ფუნქციობას წყვეტს და შეუქცევადი პროცესები ვითარდება.

განასხვავებენ ინსულტის ორ სახეობას: ჰემორაგიულსა და იშემიურს. ჰემორაგიული ინსულტი იშემიურისგან იმით განსხვავდება, რომ უმთავრესად მაღალი არტერიული წნევის ფონზე ვითარდება. ამ დროს სისხლძარღვი სკდება. ჩვეულებრივ, ათეროსკლეროზის დროს არტერიის კედელი არათანაბარი სისქისაა, ზოგან - გათხელებული. ჰემორაგიული ინსულტი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე არაემბოლიური იშემიური ინსულტი. იშემიური ინსულტის ნიშნების სრულ გამოვლენას შესაძლოა რამდენიმე საათი დასჭირდეს. ინსულტის დროს, წესისამებრ, უეცრად იჩენს თავს ძირითადი ნევროლოგიური ფუნქციების დეფიციტი: სისუსტე, სენსორული დეფიციტი, მეტყველების დარღვევა.

- როგორ ხდება ჰემორაგიული და იშემიური ინსულტების დიფერენციული დიაგნოსტიკა? რა გამოკვლევები ენიშნებათ ინსულტიან პაციენტებს, რომელ ეტაპზეა მათი ჩატარება მნიშვნელოვანი, რის გათვალისწინებაა საჭირო?

- დიფდიაგნოსტიკა ხდება პარაკლინიკური მეთოდებით. სახელდობრ, ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამა, ტრანსკრანიული დოპლეროგრაფია. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით იშემიის ადრეული ნიშნები ინსულტის განვითარებიდან ორ საათშიც კი შეიძლება დადგინდეს. ნეიროსონოლოგიური კვლევები ძალზე ინფორმაციულია იშემიური ინსულტის დროს.

დოპლეროგრაფია იძლევა საშუალებას, დაავადების პირველსავე საათებში განისაზღვროს ექსტრა თუ ინტრაკრანიული მაგისტრალური არტერიების სტენოზის ხარისხი ან ოკლუზია (დახშობა), შეფასდეს კოლატერალური სისხლის მიმოქცევა ანუ კომპენსატორული პოტენციალი, სისხლის ნაკადი თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში - შიგნითა და გარეთა საძილე არტერიებში, ვერტებრულ (ხერხემლის) არტერიებში, წინა და უკანა ცერებრულ არტერიებში.

მაღალი ხარისხის სტენოზის, ოკლუზიის ან პოსტიშემიური ჰემორაგიის დროს ვითარდება გაქურდვის ფენომენი, რაც მეორეული იშემიზაციის საშიშროებას უქმნის კონტრალატერალურ ჰემისფეროს.

ინსულტის გადაუდებელ დიაგნოსტიკურ ტესტებს მიეკუთვნება ელექტროკარდიოგრამაც, რომლის აუცილებლობასაც განაპირობებს ინსულტიან ავადმყოფებში გულის პათოლოგიის მაღალი სიხშირე, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო თანაარსებობა, მოციმციმე არითმიის როგორც ინსულტის შესაძლო მიზეზის გამოვლენა.

დიაგნოსტიკურ ტესტებს მიეკუთვნება ასევე ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შედედების პარამეტრები, ელექტროლიტები, თირკმლისა და ღვიძლის ბიოქიმია, გულის ენზიმები.

- თუ შეიძლება, დაწვრილებით განგვიმარტეთ პირველი დახმარების დროს აღმოჩენილი შეცდომები (ვგულისხმობ სპაზმოლიზური და ჰიპოტენზიური საშუალებების მიღებას); აუხსენით მკითხველს, როგორ უნდა მოიქცეს ექიმის მოსვლამდე ან პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე, როგორ დაეხმაროს ავადმყოფს, რომელი პრეპარატის გამოყენებაა დაუშვებელი, რა სახის ჩარევაა მიუღებელი, რომ პაციენტს უფრო მეტად არ დაუმძიმდეს მდგომარეობა...

- უპირველეს ყოვლისა, ავადმყოფი მოხერხებულად უნდა მოვათავსოთ საწოლში, გავხადოთ შემბოჭველი ტანსაცმელი და მაქსიმალურად მივაწოდოთ სუფთა ჰაერი; პირის ღრუ გავუწმინდოთ პირნაღები მასისგან, ამოვუღოთ პროთეზი, თავი და მხრები დავადებინოთ რბილად, რათა არ გაუარესდეს სისხლის ნაკადი ხერხემლის არტერიაში. სასურველია, თავი შევიკავოთ ჰიპოტენზიური და სპაზმოლიზური საშუალებების მიცემისგან, რათა არტერიული წნევა სწრაფად არ დაეცეს - ეს ქმნის მეორეული იშემიის განვითარების რისკს.

მოსახლეობა უნდა ცნობდეს ინსულტის ნიშნებს: სახისა და კიდურების უეცარ მოდუნებასა და სისუსტეს, განსაკუთრებით - სხეულის ერთ მხარეს, მეტყველებისა და აღქმის უეცარ დარღვევას, მხედველობის უეცარ გაუარესებას ერთ ან ორივე თვალში, სიარულის უეცარ გაუარესებას, გულისრევას, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევას, უეცარ უმიზეზო თავის ტკივილს.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, რათა მდგომარეობა დროულად შეფასდეს და პაციენტი დროულად მოთავსდეს სტაციონარში, სადაც ჩაუტარებენ შესაბამის გამოკვლევებს, რომელთა საფუძველზეც დაზუსტდება დიაგნოზი და დაინიშნება შემდგომი მკურნალობა.

კლინიკური ნიშნები იმის მიხედვით ვლინდება, თავის ტვინის რომელ ნაწილში მოხდება იშემია თუ ჰემორაგია. დომინანტურ ჰემისფეროდ მარცხენა ჰემისფერო მიიჩნევა.

თუ სისხლის მიმოქცევა შუბლის არტერიაში დაირღვა (შუბლის მე-3 ხვეულის უკან მდებარეობს მეტყველების ცენტრი), ავადმყოფს აღენიშნება მოტორული აფაზია და არ აღენიშნება სენსორული (ნათქვამს სწორად აღიქვამს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს);

თუ საფეთქლის წილი დაზიანდა, განსაკუთრებით - ზედა, ვითარდება სენსორული აფაზია; თხემის წილის დაზიანებისას ამნესტური აფაზია წარმოიშობა (ავიწყდებათ სახელები), ხოლო ვერტებრობაზილარულ არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას - თავბრუხვევა.

- რას გულისხმობს იშემიური ინსულტის მკურნალობა, თუ არის რაიმე სიახლე ამ კუთხით? რა შეიცვალა მიდგომის თვალსაზრისით? როგორია დაავადების პროგნოზი?

- ინსულტის განვითარება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. ამისთვის საჭიროა, მოხდეს იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც ინსულტის მაღალი რისკის წინაშე დგანან და ეს რისკი შეძლებისდაგვარად შემცირდეს, ანუ მოდიფიცირდეს.

არსებობს ინსულტის არამოდიფიცირებადი და მოდიფიცირებადი რისკფაქტორები. არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორებია: სქესი, ასაკი, რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, მემკვიდრეობა, ანამნეზში შაკიკისმიერი (მიგრენული) თავის ტკივილი, ნამგალუჯრედოვანი დაავადებები.

მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორებია: ჰიპერტონია, გულის დაავადებები, დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია, ასიმპტომური კაროტიდული სტენოზი, თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ორალური კონტრაცეპტივები და სხვა.

მწვავე ინსულტების სპეციფიკური მკურნალობაა: მწვავე ანტითრომბოზული თერაპია, ნეიროპროტექცია, მომატებული ინტრაკრანიული ჰიპერტენზიისა და ტვინის შეშუპების მკურნალობა. იშემიური ინსულტის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტი უნდა დაექვემდებაროს ანტიპლატენტურ მკურნალობას, თუ დადგენილი არ არის ამ უკანასკნელის უკუჩვენება.

ასპირინის ყოველდღიური მიღება მცირედან საშუალომდე დოზით (50-325 მგ) ინსულტის განმეორების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალებაა.

ინსულტის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარეაბილიტაციო კურსს.

დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია მის სიმძიმეზე, დაზიანებული კერის ფართობსა და მდებარეობაზე.

ცერებროვასკულარული დაავადებები, რომელთა შორისაც გამოყოფენ მწვავე (ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა) და ქრონიკულ (დისცირკულატორული ენცეფალოპათია) ფორმებს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან სამედიცინო და სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს დაავადებები აქტუალური პრობლემაა გავრცელებისა და მძიმე შედეგების გამო (იგულისხმება შრომის უნარის დაქვეითება, ინვალიდობა, უმაღლესი ნერვული ფუნქციების მოშლა დემენციის განვითარებამდე).

ჰიპერტონიული ენცეფალოპათია (ქრონიკული ფორმა) წარმოადგენს თავის ტვინის ნელა პროგრესირებად დიფუზურ და კეროვან დაზიანებას, განპირობებულს თავის ტვინში სისხლის მომარაგების დარღვევით, რაც ხანგრძლივად არსებულ არტერიულ ჰიპერტენზიას უკავშირდება. როდესაც ამ უკანასკნელს თან სდევს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპით და შემდგომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას განაპირობებს, რასაც დისცირკულატორულ ენცეფალოპათიამდე მივყავართ. შაქრიანი დიაბეტი, ლიპიდური ცვლის დარღვევა და თამბაქო ასევე მავნე ზემოქმედებას ახდენს თავის ტვინის სისხლძარღვებზე.

არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გართულებაა ათეროსკლეროზი, რომელიც, წესისამებრ, პირველად ექსტრაკრანიულ სისხლძარღვებში ვითარდება. ირღვევა ერითროციტებისა და თრომბოციტების სტრუქტურულ-ფუნქციური თვისებები.


- რა არის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია? რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება უპირატესად? რატომ გახშირდა ინსულტები, დისტონიები, ნევროზები და საზოგადოდ ნევროლოგიური პრობლემები ახალგაზრდებში?

- ვეგეტატიური ნერვული სისტემა შინაგან პროცესებს არეგულირებს. მის პირველად დაზიანებას საფუძვლად უდევს გენეტიკური განწყობა ან თანდაყოლილი ხასიათი, რაც განპირობებულია მუცლადყოფნის პერიოდში პათოგენური ფაქტორების გავლენით (განსაკუთრებით იმ სტადიაში, როდესაც ხდება ჰიპოთალამუსის კავშირების ფორმირება).

ვეგეტატიური ნერვული სისტემის მეორეული დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციამ, აუტოიმუნურმა, სისხლძარღვთა სისტემის და ენდოკრინულმა დაავადებებმა, დისმეტაბოლურმა დარღვევებმა და ტოქსიკურმა ზემოქმედებამ. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ფუნქციობას ახალშობილობის პერიოდშივე იწყებს. დაბადების შემდეგ ცალკეული სიმპათიკური კვანძები ერთმანეთს ერწყმიან და მძლავრ წნულებს წარმოქმნიან. ცთომილი ნერვის პერიფერიული ტოტების განუვითარებლობის გამო ბავშვები ადრეულ ასაკში უფრო სიმპათიკოტონიკები არიან, 3-4 წლის ასაკში - ვაგოტონიკები, შემდეგში ამ ორ სისტემას შორის წონასწორობა მყარდება.

ვეგეტოდისტონია უპირატესად გვხვდება პუბერტატულ პერიოდში, რაც ამ დროს მიმდინარე ჰორმონული პროცესებით უნდა აიხსნას. ნევროლოგიურმა პრობლემებმა ახალგაზრდებში არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში იმატა. ეს აიხსნება მათი ცხოვრების წესით (დაძაბული და დატვირთული დღის რეჟიმი), რომელზეც გავლენას ახდენს ცივილიზაციის სწრაფი განვითარება, სტრესული გარემო და მრავალი სხვა ფაქტორი.

- როგორ ვლინდება დისტონია? რა სიმპტომები ახასიათებს? რომელ პათოლოგიებში ერევათ ხშირად?

- ვეგეტოდისტონია კლინიკურად ვლინდება ძირითადი ვეგეტატიური სინდრომების სახით. სინდრომებს შორის გამოყოფენ პერმანენტულ და პაროქსიზმულ სინდრომებს: სიმპათოადრენალურ, ვაგოინსულარულ და შერეულ კრიზს, სინკოპურ კრიზს და ნეიროგენულ ჰიპერვენტილაციას. სინდრომები განპირობებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის სეგმენტურ-პერიფერიული ნაწილის დაზიანებით. არსებობს დისტონიის ცერებრული ფორმა სისხლძარღვების რეაქტივობისა და ტონუსის დარღვევით. ადრეულ ბავშვობაში გამოვლენილი დისტონია განპირობებულია გენეტიკური განწყობით. ვლინდება ტრავმის, ინფექციისა და ინტოქსიკაციის შედეგად. ხშირად აღინიშნება თავის ტკივილები, თავბრუხვევა, გულის არეში არასასიამოვნო შეგრძნება, ვეგეტატიური ფუნქციების გენერალიზებული ნიშნები: აკროციანოზი, ოფლიანობა, კანის სიჭრელე. სიმპათოადრენალურ კრიზს ახასიათებს თავის ტკივილი, კიდურების გაცივება, სიფითრე, გულისცემის შეგრძნება და ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება. ზოგ პაციენტში იმატებს სხეულის ტემპერატურა. შეტევას ხშირად თან ახლავს შიში (პანიკური შეტევა). საპირისპირო სიმპტომებით ხასიათდება ვაგოინსულარული კრიზი.

დისტონია დისტალური ტიპით არის რეინოს ფენომენი - პერიფერიული ანგიოსპაზმი. აქვს 3 სტადია: იწყება კანის გაფერმკრთალებით, ამას მოსდევს ციანოზი და ძლიერი ტკივილი, შემდეგ - კანის გაწითლება და ტკივილის შესუსტება. რეინოს სინდრომი ვითარდება სისტემური სისხლძარღვოვანი და ნეიროენდოკრინული დაავადებების დროს, დისმეტაბოლური დარღვევების, ქრონიკული ინტოქსიკაციის ფონზე. მის პათოგენეზში მთავარ როლს ასრულებს ვაზოკონსტრიქცია, იმატებს სისხლის სიბლანტე და ერითროციტების აგრეგაცია.

- როგორ ხდება ვეგეტოდისტონიის დიაგნოსტიკა, რის საფუძველზე ადგენენ, რომ სიმპტომების მიზეზი ნამდვილად დისტონიაა? რომელი დაავადებების მიმართ უნდა გატარდეს დიფერენციული დიაგნოსტიკა?

- ვეგეტოდისტონია, რომელიც ორთოსტატიული კრიზით ვლინდება, უნდა დიფერენცირდეს ეპილეფსიისგან (ამისთვის საჭიროა ანამნეზის შეკრება, ეეგ), ანემიისგან, ჰიპოგლიკემიისგან, ინტოქსიკაციისგან. ვინაიდან ვეგეტატიური ნერვული სისტემა არეგულირებს შინაგან პროცესებს, დისტონია შესაძლოა გამოვლინდეს ამა თუ იმ ორგანოში დისკომფორტის შეგრძნებით.

ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს, ამასთანავე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვეგეტოდისტონიის ნიშნები: სიმპათიკურ ნერვულ სისტემას ახასიათებს გაფართოებული გუგები, გამობერილი თვალები, სიფერმკრთალე, პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, სისხლის წნევის მატება, თავისუფალი სუნთქვა, ატონური აშლილობა, ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება. სიმპათიკუსის ტონუსი იმატებს აფექტის, შიშის დროს.

ვაგოტონიის სიმპტომები გამოვლინდება პირიქით. ვაგოტონია შეესაბამება მძინარე მდგომარეობას.


- თუ შეიძლება, ახსენით შაკიკის პათოგენეზი სისხლძარღვთა სპაზმის და ზოგადად სისხლის მიმოქცევის დარღვევის თვალსაზრისით. რა არის შაკიკის თავისებურება? თავის როგორი ტკივილი აღმოცენდება ამ დროს?

- შაკიკს მედიცინაში ჰემიკრანიას უწოდებენ, რაც ნახევარი თავის ტკივილს ნიშნავს. შაკიკი არის განმეორებადი, მწვავე თავის ტკივილი, რომელიც უმეტესად ცალმხრივია, მოპულსირე და 4-72 საათი გრძელდება (ხშირად იწყება შუბლ-საფეთქელ-თვალის არეში და ვრცელდება ნახევარ თავზე). ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა ღებინებით, ავადმყოფი მგრძნობიარეა სინათლის, ხმაურის და სხვა სენსორული სტიმულების მიმართ. დაავადება უმეტესად ქალებს ემართებათ (იშვიათდება 45-50 წლის შემდეგ).

თანამედროვე კლასიფიკაციით, გამოყოფენ შაკიკს აურით და მის გარეშე. შაკიკი კლასიფიცირდება როგორც სისხლძარღვოვანი ხასიათის თავის ტკივილი. საწყის ეტაპზე ვითარდება ცერებრული ვაზოსპაზმი, რაც იწვევს აურულ სიმპტომებს. შემდგომ ხდება ვაზოდილატაცია, რასაც ტკივილი მოჰყვება.

- რა იწვევს შეტევების პროვოცირებას?

- სტრესი, შიმშილი, ძილის სიჭარბე ან ნაკლებობა, ზოგიერთი საკვები (ყველი, შოკოლადი, მიწისთხილი, თევზი, ბანანი, ჩინური კერძები), ალკოჰოლი (ლუდი, წითელი ღვინო, შამპანური), ამინდის ცვლილება, ჰორმონული ცვლილებები, ორალური კონტრაცეპტივები, მენსტრუალური პერიოდი, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტი, ციმციმა ან კაშკაშა სინათლე, ზოგადი მეტაბოლური ან ინფექციური დარღვევები, ნიკოტინი, ძლიერი სუნი (საღებავისა, სუნამოსი, ქიმიური საწმენდი საშუალებებისა).

- როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- შაკიკის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა, ზუსტად აღირიცხოს სიმპტომების სიხშირე და მიმდინარეობა. მკურნალობის მიზანია, შემცირდეს ტკივილის ინტენსივობა (სიმძიმე) და შეტევათა სიხშირე. შაკიკის მწვავე შეტევების სამკურნალო პრეპარატებია აცეტამინოფენი, ასპირინი, დიჰიდროერგოტამინი.

- როგორი უნდა იყოს შაკიკიანი პაციენტის დღის რეჟიმი, შრომის ჰიგიენა, კვების თავისებურება? რა ეკრძალებათ? რომელი მედიკამენტების გამოყენებაა რეკომენდებული და რომლებისა - არა?

- შაკიკიანმა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს და თავი არიდოს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც შეტევის პროვოცირებას იწვევს. აუცილებელია, იცოდეს შაკიკის მიმდინარეობის თავისებურებები. თუ შაკიკის ნიშნებს იგრძნობს, უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და დაწვეს ბნელ ოთახში.

თუ შაკიკის ნიშნები პერიოდულად მეორდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს (თვითმკურნალობა დაუშვებელია!), რათა ჩატარდეს პროფილაქტიკური მკურნალობა. თუ თავის ტკივილი გაგრძელდა (24 საათს) ან დაერთო სხვა, შაკიკისთვის არადამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა მოხდეს სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება.

- რა არის ნევროზი? უკავშირდება თუ არა ის თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს?

- ნევროზი პრობლემების ემოციური აღქმაა, რომელიც ფსიქოემოციური, სომატური და ქცევითი სიმპტომებით ვლინდება. ნევროზი შესაძლოა გამოვლინდეს შფოთვითი აშლილობით (შფოთვითი ნევროზი), პანიკური დარღვევით, სოციალური ფობიით (ფობიური ნევროზი), პოსტტრავმული სტრესული დარღვევით (ტრავმული ნევროზი), ობსესურ-კომპულსიური დარღვევით (აკვიატებულობის ნევროზი). ის სისხლძარღვების სპაზმთან იმდენად არის დაკავშირებული, რამდენადაც თან ახლავს ვეგეტატიური სიმპტომები: ქოშინი, ტაქიკარდია, არასისტემური თავბრუხვევა, წამოხურება და შემცივნება, სიცივის შეგრძნება ხელ-ფეხში, ჭარბი ოფლიანობა, შინაგანი თრთოლის განცდა, გახშირებული შარდვა. ხშირად აღინიშნება დისკომფორტი გულის არეში და მრავალრიცხოვანი ჩივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება, გულისრევა, კუჭის მოქმედების მოშლა, ჭარბი აირები.

- დღეს სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის დაავადების შემთხვევაში სხვა პროფილის ექიმები ხშირად ნევროპათოლოგის გარეშე ადგენენ, რომ ესა თუ ის გამოხატული სიმპტომი ნევროზული ხასიათისაა. რამდენად მართებულია ეს? ნუთუ ასე მარტივია ამა თუ იმ სიმპტომის ნევროზული ბუნების დადგენა? რას უნდა ეფუძნებოდეს ასეთი დასკვნა?

- ნამდვილად არ შეიძლება, ყველა პათოლოგია ნევროზული გენეზით ავხსნათ. როგორც აღვნიშნეთ, ნევროზს შესაძლოა თან ახლდეს როგორც სომატური, ისე არასომატური სიმპტომები, რომლებიც პაციენტის წარმოსახვის ნაყოფი არ არის, თუმცა საფუძვლად არ უდევს ორგანული დაავადება ან დაზიანება. ეს სიმპტომები ძლიერდება ემოციური ან ძლიერი ნერვული დაძაბვის დროს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნევროზი შესაძლოა თანაარსებობდეს სხვა სომატურ დაავადებებთან, ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი ზუსტი დიაგნოსტიკა და დიფერენცირება.

- რას გულისხმობს ნევროზის მკურნალობა?

- ნევროზის მკურნალობა მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ასევე არამედიკამენტურ მეთოდებს და ის უნდა დანიშნოს ექიმმა - ფსიქიატრმა, ფსიქოთერაპევტმა და ნევროლოგმა.