თავბრუხვევა - თუ წამოდგომა გიჭირთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავბრუხვევა - თუ წამოდგომა გიჭირთ

თავბრუხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის.

ნორმაში წონასწორობას უზრუნველყოფს ვესტიბულური, მხედველობითი და პროპრიოცევტული სისტემებიდან თავის ტვინის ქერქში წასული სიგნალების ერთობლიობა. ქერქიდან წამოსული იმპულსები, რომლებიც ჩონჩხისა და თვალის კუნთებამდე აღწევს, უზრუნველყოფს ოპტიმალურ მდგრად პოზას და თვალის კაკლების ნორმალურ მდგომარეობას. ვესტიბულური სტრუქტურებიდან ქერქში პათოლოგიური იმპულსების მოდინების დროს აღმოცენდება ირგვლივ მყოფი საგნების ან საკუთარი სხეულის მოძრაობის ილუზორული აღქმა.

თავბრუხვევასა და წონასწორობის დარღვევის მიზეზებზე აკად. პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მარინე მეტრეველი გვესაუბრება.

- ქალბატონო მარინე, რას გულისხმობს ტერმინი "თავბრუხვევა" და რომელ პათოლოგიებს ახლავს თან ეს სიმპტომი?

- ტერმინ "თავბრუხვევას" ბევრი არასწორი მნიშვნელობით იყენებს. ზოგჯერ ავადმყოფები თავბრუხვევას უწოდებენ უსიამოვნო თვითშეგრძნებას, მოახლოებულ გონების დაკარგვას, სიცარიელის შეგრძნებას. ეს ჩივილები დამახასიათებელია გულის წასვლის წინა მდგომარეობისთვის და შეუღლებულია ისეთ ვეგეტატიურ დარღვევებთან, როგორიც არის სიფითრე, გულისცემის გახშირება, გულისრევა და ღებინება, თვალთ დაბნელება, ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა). ასეთი რამ ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (გულის რიტმის დარღვევის, აორტული სტენოზის), ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის (წნევის დაქვეითება სხეულის მდგომარეობის შეცვლისას), პერიფერიული ვეგეტატიური უკმარისობის, ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება), ანემიის, მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს.

* ბევრს თავბრუხვევა ესმის როგორც წონასწორობის დარღვევა, ბორძიკი. ასეთი დარღვევა ვითარდება ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების დროს (პარკინსონიზმი, ნათხემის დაზიანება, პოლონევროპათია, მიელოპათია და სხვა) და, რასაკვირველია, ჭეშმარიტ თავბრუხვევად არ მიიჩნევა.

თავბრუხვევას ზოგიერთი პაციენტი აღიქვამს როგორც სიმძიმეს თავის არეში, მდგომარეობას, რომელიც თრობასთან, ცუდად გახდომის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. ასეთი რამ უფრო მეტად ახასიათებს ფსიქოგენურ თავბრუხვევას, რომელიც ვითარდება ნევროზისა და დეპრესიის დროს.

* ჭეშმარიტ სისტემურ თავბრუხვევას ახასიათებს ირგვლივ მყოფი საგნების ან საკუთარი სხეულის ტრიალის, დაცემის, გადახრის ან შექანების შეგრძნება. ხშირად მასაც სდევს თან ვეგეტატიური სიმპტომატიკა: ღებინება, გულისრევა, ჰიპერჰიდროზი. სისტემური თავბრუხვევა დამახასიათებელია ვესტიბულური სისტემის, მისი პერიფერიული ან ცენტრალური განყოფილების დაზიანებისთვის.

* ვესტიბულურ თავბრუხვევას უმეტესად შეტევითი, ეპიზოდური ხასიათი აქვს. მუდმივი თავბრუხვევა შესაძლოა განვითარდეს ოტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებისას, ლაბირინთის ან ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვის ვესტიბულური ბოჭკოების ტრავმული ან ინფექციური დაზიანებისას.

* შეტევითი ხასიათის ვესტიბულური თავბრუხვევა ვითარდება ვესტიბულური ანალიზატორის როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული განყოფილების დაზიანებისას და გამომწვევი მიზეზის კვალობაზე რიგი თავისებურება ახასიათებს.

ლაბირინთის დაზიანებით გამოწვეული თავბრუხვევა აღინიშნება სხვადასხვა დაავადების დროს.

* მენიერის დაავადების დროს აღმოცენდება ძლიერი თავბრუხვევა ღებინებით, გულისრევით, ყურების შუილით, ყურში ზეწოლის შეგრძნებით, ზოგჯერ - სმენის დაქვეითებით. შეტევა შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს. დაავადების ადრეულ სტადიაში სმენის დარღვევა შექცევადია, მომდევნო სტადიაში კი შეუქცევადი ხდება. დაავადების პროგრესირებისას მოსალოდნელია მემბრანის გახეთქვა, რაც სმენისა და წონასწორობის დარღვევას განაპირობებს. მემბრანის შეხორცება და ენდოლიმფის შემადგენლობის აღდგენა ამ ფუნქციათა ნორმალიზებას იწვევს.

ადრეული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში მენიერის დაავადება იკურნება.

* ლაბირინთიტი, შიგნითა ყურის ანთებითი პროცესი, ასევე სისტემური თავბრუხვევის შეტევებს და სმენის დაქვეითებას იწვევს. მიზეზის კვალობაზე, არსებობს ორი სახის ლაბირინთიტი - ბაქტერიული, როგორც შუა ყურის ანთების არაადეკვატური თერაპიის გართულება და ვირუსული - წითელას, წითურას, გრიპისა და ეპიდემიური პაროტიტის შედეგი.

* კეთილთვისებიანი პოზიციური პაროქსიზმული თავბრუხვევა თავბრუხვევის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია აღმოცენება სხეულისა და თავის მდებარეობის სწრაფი შეცვლისას. შეტევა რამდენიმე წამიდან 1 წუთამდე გრძელდება და თავისთავად გაივლის.


პოზიციური პაროქსიზმული თავბრუხვევა შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს. 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში, რომელთაც თავბრუხვევა აწუხებთ, მისი ხვედრითი წილი დიდია. ასაკთან ერთად მისი სიხშირეც იმატებს. ეს პათოლოგია ქალებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

* ვესტიბულური ნეირონიტი, იგივე მწვავე პერიფერიული ვესტიბულოპათია, ვესტიბულური ნევრიტი. ეს არის უეცრად აღმოცენებული ხანგრძლივი, ძლიერი თავბრუხვევა, რომელსაც თან სდევს გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, შიშის განცდა. ძლიერდება თავის გატოკებისას ან პოზის შეცვლისას. ეს მდგომარეობა მძიმე ასატანია, ბევრი რამდენიმე დღე საწოლიდან ვერც კი დგება. ზოგჯერ ვითარდება ყურების შუილი და გაჭედილობა. სმენა არ ქვეითდება. არის შემთხვევები, როდესაც შეტევები მეორდება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. ამ დაავადების ინფექციური ბუნება დადასტურებული არ არის, თუმცა კი აღწერილია ნეირონიტის განვითარება ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გადატანის შემდეგ.

* ლაბირინთის თხელი ძვლოვანი მემბრანები შესაძლოა ტრავმის შედეგადაც დაზიანდეს. ტრავმის შემდეგ მყისვე აღმოცენდება ვესტიბულური თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება. სიმპტომატიკა ძლიერდება თავის მკვეთრი მოძრაობისას.

* მემბრანა შესაძლოა დაზიანდეს ბაროტრავმის დროსაც (ჩაყვინთვა, გაჭინთვა, ხველება). ამ დროს ვითარდება პოზიციური თავბრუხვევა და არამუდმივი ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება. დაზიანება შესაძლოა სპონტანურად დაიხუროს, რასაც სიმპტომატიკის გაქრობა მოჰყვება.

* თავბრუხვევას ასევე იწვევს ქოლესტეატომა - სიმსივნე, რომელიც ზოგჯერ ვითარდება შიგნითა ყურის ქრონიკული ბაქტერიული ანთების დროს.

* ვესტიბულური თავბრუხვევა და წონასწორობის დარღვევა აღინიშნება ტვინის ღეროში ან ნათხემში ინსულტის ლოკალიზაციის დროს. ჩვეულებრივ, ვესტიბულურ სისტემაში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლისას ვესტიბულურ დარღვევებთან ერთად ვითარდება არტიკულაციის, ფონაციის (მეტყველება), ყლაპვის მოშლა, დიპლოპია (თვალებში გაორება).

* თავბრუხვევა, წონასწორობისა და კოორდინაციის გარდამავალი დარღვევა მოსალოდნელია ლავიწქვეშა არტერიის სტენოზის დროსაც (სუბკლავიოვერტებრული სინდრომი). ამ დროს ეს სიმპტომები შესაძლოა შეუღლებული იყოს ოპტიკურ დარღვევებთან, პარესთეზიებთან (მგრძნობელობის დარღვევა), ხელების სიფითრესა და გაცივებასთან. სხივის არტერიაზე პულსი შესუსტებულია, არტერიული წნევა - დაქვეითებული.

* სისტემური თავბრუხვევა შესაძლოა იყოს მარტივი და რთული ეპილეფსიური შეტევების მთავარი გამოვლინება, თუ ეპილეფსიური კერა მოიცავს ქერქის ვესტიბულურ ზონას. ამ დროს თავბრუხვევას თან სდევს ყურების შუილი, პარესთეზიები.

* თავბრუხვევა შესაძლოა აღმოცენდეს ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმის შემდეგ, სპონდილოზის დროს. ამ დროს თავბრუხვევის მიზეზია კისრის კუნთების პროპრიორეცეპტორებიდან წამოსული პათოლოგიური იმპულსები. ხშირია წონასწორობის დარღვევა, ბიძგები გვერდიდან და მსუბუქი თავბრუხვევის შეგრძნება თავის მობრუნების დროს.

- ჟურნალის მკითხველი, 62 წლის ქალბატონი, გვწერს: "რამდენიმე წლის წინ ტახტიდან წამოდგომის შემდეგ ოთახში სწორად ვერ გავიარე, წონასწორობა დავკარგე. ვიმკურნალე სხვადასხვა მედიკამენტით, გავიკეთე ნემსებიც, მაგრამ შედეგი არ ჩანს. როგორ მოვიქცე?"

- წამოდგომისას წონასწორობის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის - ხერხემლის, კერძოდ, მისი კისრის არის ოსტეოქონდროზით და ამის შედეგად განვითარებული სისხლძარღვოვანი უკმარისობით, რაც თავის ტვინის სისხლმომარაგების ნაკლებობას - ვერტებრობაზილარულ უკმარისობას იწვევს. ხშირია ვესტიბულოპათიაც - როგორც ვერტებრობაზილარული უკმარისობის ფონზე, ასევე მის გარეშეც. ის შედარებით ახალგაზრდა პაციენტებისთვის არის დამახასიათებელი, უფრო ადვილად ექვემდებარება ხანმოკლე მკურნალობას და თითქმის იკურნება.

რაც შეეხება 60 წლის შემდეგ კისრის ოსტეოქონდროზის ფონზე განვითარებულ ვერტებრობაზილარულ უკმარისობას, ის ხშირად მწვავედ იწყება, აქვს ქრონიკული ხასიათი და შედარებით ხანგრძლივ და რთულ მკურნალობას მოითხოვს. მკითხველის ჩივილები - წამოდგომის შემდეგ წონასწორობის დარღვევა, მრავალი მედიკამენტით (ნემსებით და წამლებით) მკურნალობის უეფექტობა - შესაძლოა უფრო მეტად კისრის ოსტეოქონდროზით და პოლიდისკოპათიით იყოს განპირობებული, ვინაიდან წონასწორობის დარღვევა და თავბრუხვევა დღემდე უგრძელდება. ამ ქალბატონს, გარდა აღნიშნული ჩივილებისა, შესაძლოა აწუხებდეს თავის ტკივილი, ტკივილი გულის არეში, მხრების არეში, ჰაერის უკმარისობა, უძილობა, ხელების დაბუჟება.

მკურნალობა სხვადასხვანაირია. მრავალი ანტირევმატული პრეპარატი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. განსაკუთრებით საშიშია მათი მიღება კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს. აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობა მიზანშეწონილია ფიზიოთერაპიული საშუალებებით, ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატებით (კანქვეშა ინექციები), შემდგომ კი ტალახის აპლიკაციებით. მწვავე ფაზაში ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატები კეთდება კვირაში 2-ჯერ, 4-6 ამპულა ერთად, შემდეგ - თვეში ერთხელ, ფიზიობალნეოლოგიური თერაპიის კურსის ჩატარება კი წელიწადში ერთხელ არის სასურველი. უნდა აღვნიშნო, რომ ხერხემლის ძვლოვანი დაავადება პრობლემაა არა მარტო უფროსი თაობისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც. ოსტეოპოროზი და ოსტეოქონდროზი ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებია, რომლებსაც სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, კვებისა და ცხოვრების სწორი რეჟიმი. ამ დაავადებების საფუძველია ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) დონის დაქვეითება პოსტკლიმაქსურ პერიოდში.

პროფილაქტიკისთვის საჭიროა ჯანსაღი წესით ცხოვრება და სწორი კვება - რძის პროდუქტებით, ხორცით, ხილით, ბოსტნეულით. სასურველია ყავაზე უარის თქმა, ხოლო ღვინო მცირე დოზით (თუნდაც დღეში 1 სუფრის კოვზი) სასარგებლოც კია, ვინაიდან ზრდის სისხლში ესტროგენების დონეს, რგებს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას, ამაგრებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის მოშლილობის გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობას და თვით კუჭის კიბოს განვითარების ალბათობასაც კი. ზემოხსენებული ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არ იწვევს ფსიქოსომატურ და ფიზიოლოგიურ რეაქციებს, ხოლო ქიმიური პრეპარატებით მკურნალობის, მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი არ არის სასურველი. ვინაიდან აქამდე ჩატარებული თერაპია უეფექტო გამოდგა, სასურველია მკურნალობა გაგრძელდეს ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატებით, დისკუსკომპოზიტუმით, ვერტიგოჰელითა და ტრაუმელით, შემდგომ კი ჩატარდეს ფიზიოთერაპიული პროცედურები (ტალახის აპლიკაციები).

- რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ადამიანმა თავბრუხვევის დროს?

- სასურველია, ჩატარდეს თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, ხერხემლის კისრის არის კომპიუტერული გამოკვლევა, ოტონევროლოგიური გამოკვლევა.