პარკინსონიზმი ვერაგი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პარკინსონიზმი ვერაგი დაავადება

 

პარკინსონიზმის განვითარების მექანიზმი სადღეისოდ ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაავადება თავის ტვინის განსაზღვრულ უბნებს (უჯრედებს) აზიანებს. პარკინსონის დაავადების განვითარებაში, სავარაუდოდ, განსაზღვრული როლი ეკისრება მემკვიდრეობით განწყობას, ასევე - ნერვულ უჯრედებზე სხვადასხვა ნეიროტოქსინისა (ნეიროშხამების) და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას. პარკინსონის დაავადების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი რისკფაქტორი ხანდაზმული (60 წელზე უფროსი) ასაკია. პარკინსონის მსგავს გამოვლინებათა მიზეზად გარემო ფაქტორების (პესტიციდები, ჰერბიციდები, მძიმე მეტალების მარილები და სხვა) ზემოქმედებასთან ერთად შესაძლოა იქცეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ზოგიერთი წამლის მიღებაც. პარკინსონიზმის ძირითად კლინიკურ სიმპტომებად კანკალი, კუნთების რეფლექსების დარღვევა, მოძრაობის მცირე ამპლიტუდა და შებოჭილობა ითვლება. ერთ-ერთ პირველ ნიშნად მიიჩნევა კალიგრაფიის შეცვლა - დაწერილი ასოების ზომა და მათი სიმკვეთრე (გამოკვეთილობა) მცირდება, რის შედეგადაც თითქოს გადადღაბნილ, გაურკვეველ ნაწერს ვიღებთ. დაავადების განვითარების კვალდაკვალ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება ჰიპომიმია - გამომხატველობითი მიმიკის შემცირება, სახე ნიღბისმაგვარია, ზოგჯერ გაოცების ან სევდის გრიმასაშერჩენილი. ლაპარაკი მონოტონური და გაუგებარია. თანდათანობით ჩნდება მთელი სხეულის შებოჭილობის შეგრძნება.

პაციენტებს შეუძლიათ, დიდხანს დარჩნენ ისეთ პოზაში, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისათვის წარმოუდგენელია, მაგალითად, თავწამოწეულები იწვნენ (საჰაერო ბალიშის სიმპტომი). იცვლება სიარულის მანერა. პირველი ნაბიჯები დიდი ძალისხმევით კეთდება, შემდეგ ავადმყოფი სიარულს მოკლე ნაბიჯებით აგრძელებს, ტემპს კი თანდათან ზრდის (აჩქარებს). შეჩერება ისევე უჭირს, როგორც მოძრაობის დაწყება. გასაჩერებლად წინააღმდეგობას, ბარიერს ეძებს და მისი დახმარებით ჩერდება. ბევრი ამ დროს ეცემა და ტრავმას იღებს. შეინიშნება პარადოქსული მოძრაობითი ფენომენები: ადამიანი, რომელსაც სკამიდან ადგომა უჭირს, ადვილად არბის კიბეზე ან სიარულის დროს ძალუძს გადააბიჯოს მაღალ დაბრკოლებას. შესაძლოა, მოძრაობა დროებით თავისუფალი გახდეს ძლიერი ემოციების - შიშის ან სიხარულის გავლენითაც. პარკინსონიზმის კიდევ ერთი ნიშანი კუნთოვანი ტონუსის მომატებაა, რომელიც დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება. ამის გამო პაციენტი პარკინსონიზმისთვის დამახასიათებელ პოზას იღებს: კისერი მოხრილია, თავი - დახრილი, ხელები - იდაყვებში მოხრილია და სხეულთან ახლოს მიტანილი, ზურგი - მორკალული, ფეხები - მენჯბარძაყისა და მუხლების სახსრებში ოდნავ მოხრილი. პარკინსონიზმისათვის დამახასიათებელი ნიშანია აგრეთვე სხეულის კანკალი, ყველაზე მეტად - თავისა და ხელებისა. ჩვეულებრივ, კანკალი მოსვენებისას უფრო ძლიერია, ხოლო მიზანმიმართული მოძრაობის დროს - გაცილებით სუსტი.

ემოციური დაძაბულობა და ყურადღების კონცენტრირება კანკალს აძლიერებს. ის იწყება ხელის თითებიდან და დაავადების პროგრესირებასთან ერთად კუნთების სხვა ჯგუფებზეც გადადის, თანდათან ვრცელდება ქვედა ყბაზე, ენაზე, ტუჩებსა და ქვედა კიდურებზე. პარკინსონიზმის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის, უმეტესად ის პაციენტის პირველივე დათვალიერებისას განისაზღვრება. სამწუხარო ის გახლავთ, რომ, წესისამებრ, პაციენტი ექიმთან გვიან მიდის, მხოლოდ მაშინ, როცა ამ ვერაგი დაავადების გამო თავის ტვინის განსაზღვრული უბნის ნერვული უჯრედების ნახევარი დაღუპულია. პარკინსონიზმის სამკურნალო უნივერსალური სქემა არ არსებობს. სამკურნალო პროგრამა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური უნდა იყოს. ზუსტად შერჩეული სამკურნალო პრეპარატების ერთობლიობა კარგი შედეგების მიღების შესაძლებლობას იძლევა. პარკინსონიზმს ძირითადად მედიკამენტებით - ლევოდოფა, მიდანტანი, როპირინოლი, ციკლოდოლი და სხვა - მკურნალობენ. ეს ძლიერმოქმედი მედიკამენტებია, ამიტომ თვითმკურნალობა ან ექიმის გარეშე წამლის დოზის მომატება ან დაკლება არამც და არამც არ შეიძლება. მკურნალობისას ზოგჯერ საქმეში ქირურგიაც ერთვება და არცთუ წარუმატებლად.

დესტრუქციული ოპერაცია, რომლის დროსაც თავის ტვინის განსაზღვრული ნაწილების დესტრუქცია (დაშლა) ხდებოდა, ახლა ძალიან იშვიათად კეთდება. ნეიროსტიმულაცია (ამ დროს თავის ტვინში სპეციალური ელექტროდები შეჰყავთ), რომელიც შედეგიანია, პარკინსონიზმის სამკურნალოდ მაშინ გამოიყენება, როცა: 1) მიუხედავად სწორად შერჩეული თერაპიისა, დაავადებების სიმპტომები არ სუსტდება; 2) დაავადების პროგრესირება მედიკამენტების დოზების მომატებას ითხოვს, მაგრამ გვერდითი მოვლენების გადატანა შეუძლებელი ხდება და სხვა. სხვადასხვა მეცნიერთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პარკინსონიზმის პროფილაქტიკისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის გარდა, აუცილებელია უპირატესად თევზით კვება, ვინაიდან მასში შემავალი ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხიმები ნერვული უჯრედების დაცვას უზრუნველყოფს. დასასრულ, გაგაცნობთ იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც პარკინსონიზმის მსხვერპლად იქცა: ესტელ გეტი, დებორა კერი, რობერტ ადამსი, სალვადორ დალი, ფრანსისკო ფრანკო, ადოლფ ჰიტლერი, მაიკლ ჯეი ფოქსი, იასირ არაფატი, მაო ძედუნი, მუჰამედ ალი და რომის პაპი იოანე-პავლე მეორე.