ფობიები და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი
მას "შესაძლებლობის შეზღუდვა" ჩაენაცვლა. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, "შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის (თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის) დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება ადამიანის სოციალური დაცვა".
ყველა სრულყოფილ სახელმწიფოში საგანგებო ყურადღებას უთმობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დახმარებას პენსიით, კომუნალური, საყოფაცხოვრებო თუ სატრანსპორტო მომსახურებით, შრომითი მოწყობითა თუ ახალი პროფესიის დაუფლების (კვალიფიკაციის შეცვლის) ხელშეწყობით. რამდენად რეალიზდება ეს პროცესები ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ. და მაინც, მოსახელეობის დიდი ნაწილი ცდილობს, ეს სტატუსი მოიპოვოს. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსის განსაზღვრა არცთუ ისე მარტივია. ის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ხდება. მას საფუძვლად უდევს პირის კლინიკურ-ფუნქციური, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. ამ მონაცემთა საფუძველზე ექიმ-ექსპერტთა კომისია ადგენს ქმედობაუნარიანობის დარღვევის ხარისხს და განსაზღვრავს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს. როგორც ხედავთ, ეს ადვილი საქმე არ არის. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ფობიის კონკრეტული ფორმის არსებობისა, შესაძლოა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი არ მოგანიჭონ.
ახლა კი ცოტა რამ ფობიების შესახებ. ფობია აკვიატებული შიშია. ფაქტობრივად, ეს არის არარეალისტური, ინტენსიური შიში, რომელიც აფერხებს პიროვნების სოციალიზაციას, ხელს უშლის მას მუშაობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებსა და განსაზღვრულ საგნებთან ურთიერთობაში. ფობია შეჭიდულია კონკრეტულ ობიექტთან, პიროვნებასა თუ სიტუაციასთან. ფობია ნებისმიერ ასაკში გვხვდება, ამასთანავე, ქალებში - ორჯერ უფრო ხშირად. თუ ადამიანს იშვიათად აქვს კონტაქტი შიშის ობიექტთან, ზიანი პრაქტიკულად არ ადგება, მაგრამ თუ შიშის გამომწვევი ობიექტი მუდმივ სტრესფაქტორად ევლინება, ეს მის ჯანმრთელობას (და არამხოლოდ ფსიქიკურს) სერიოზულ პრობლემებს უქადის. სპეციფიკურ ფობიებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული გველების, მწერების, ძაღლების, ფრენის, სიმაღლის, დახშული და ღია სივრცის, ესკალატორებისა და ელევატორების შიში.
არსებობს სოციალური ფობიის ფორმები, როდესაც ადამიანებს განსაკუთრებულად აშინებთ საზოგადოებაში ყოფნა, იმ მიზეზით, რომ მათ მუდმივად უცქერენ, დასცინიან, მათ ყველა სიტყვასა თუ ქცევას აკრიტიკებენ... ფობიის ეს სახეობა შესაძლოა სოციალურ სიტუაციათა ზოგად შიშში გადაიზარდოს ან შედარებით სპეციფიკური ფობიის სახე მიიღოს. მაგალითად, როდესაც ადამიანს ეშინია საზოგადოებაში სიტყვის წარმოთქმის, საკუთარი აზრის დაფიქსირების ან სცენაზე გამოსვლის და ა. შ.
კლაუსტროფობია, დახშული (შემოსაზღვრული) სივრცის შიში, ფსიქიკის საკმაოდ გავრცელებული დარღვევაა. კლაუსტროფობებს მატარებლის ვაგონში, თვითმფრინავში, ლიფტსა თუ პატარა ჩაკეტილ ოთახში მოხვედრისას პანიკური შიშის გამო შესაძლოა გულყრაც კი დაემართოთ. ამ კატეგორიის ადამიანები, ჩვეულებრივ, გაურბიან ფობიის გამომწვევ გარემოს.
კლაუსტროფობიას, ფსიქიკის სხვა დარღვევების მსგავსად, უმეტესად ბავშვობაში გადატანილ მატრავმირებელ ინცინდენტს უკავშირებენ. ნეირომეცნიერები და ექსპერტები დაბეჯითებით ჯერ კიდევ ვერ ამბობენ, რის გამო ვითარდება ფობია, ტვინის რომელ სტრუქტურებთან არის შეჭიდული ფსიქიკის ეს დარღვევა, თუმცა ამ კუთხით სადღეისოდ ბევრი რამ არის შესწავლილი და გამოკვლეული. მაგალითად, გამოკვლეულია მემკვიდრეობითი და გარეგანი ფაქტორების როლი ფობიების განვითარებაში, შესწავლილია იმ ქიმიურ პროცესთა და ქცევით რეაქციათა ნაწილი, რომლებიც ირთვება შიშის დროს, განსაზღვრულია ტვინისა და სპეციფიკური ნერვული ქსელების ის უბნები, რომლებიც ფობიებთან ასოცირდება. 2004 წელს გამოიკვლიეს ამიგდალადან (ნუშისებრი კომპლექსი, თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურა) გამომავალი ნეირონები, რომლებიც შიშის დროს ქცევით რეაქციებშია ჩართული. ისიც საყურადღებოა, რომ თურმე ფობიებთან ნათხემიც არის დაკავშირებული.
- ამბულოფობია - სიარულის შიში
- ანაბლეფობია - ზემოთ ყურების შიში
- ანემოფობია - ქარის შიში
- ბატოფობია - მაღალი შენობების მახლობლად ყოფნის შიში
- ჰელიოფობია - სიცილის შიში
- კატოპტროფობია - სარკეების შიში
- კლინოფობია - ლოგინში ჩაწოლის შიში
- ქსანტოფობია - ყვითელი ფერის შიში
- ლეიკოფობია - თეთრი ფერის შიში
- მელანოფობია - შავი ფერის შიში
- ნეფოფობია - ღრუბლების შიში