სიმსუქნე, დიეტა და ფსიქოლოგიური პრობლემები
განუწყვეტელი შენიშვნებითა და მუდმივი მითითებებით თავს აბეზრებენ, სამზარეულოს კარადებსა და მაცივრებს უკეტავენ, რათა გახდომის მსურველი ცდუნებას არ აჰყვეს და დიეტა არ დაარღვიოს, ამით კი ისედაც დათრგუნვილსა და გაღიზიანებულს უფრო მეტად აღიზიანებენ. დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მრავალნაირ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია. ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. რაც უფრო მძიმეა დიეტა, მით უფრო ძლიერია სტრესი. დიეტის გამო ბევრი თავს არიდებს წვეულებებზე სიარულს, ვერ ხვდება ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესიც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს, ამიტომ დიეტა ნებდართულია მხოლოდ ჯანმრთელი და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. დიეტის დაწყებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას - არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ ფსიქიკურსაც. შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (შეკუმშვითი მოძრაობის) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობას იწვევს. შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, ზოგჯერ აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების დაქვეითება. საღამოობით ბევრს ძალიან უჭირს საკვებზე უარის თქმა, ზოგიერთს შიმშილი არ აძინებს, ამიტომ შესაძლოა, ნებისყოფამ უღალატოს და ფუნთუშას ან ბუტერბროდს ხელი წაატანოს, მერე კი საკუთრ თავზე ბრაზობს, რაც უფრო მეტად ამძიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თუ შეამჩნევთ, რომ დაკლებული კილოგრამები უნებისყოფობის გამო ისევ აკრიფეთ, ნევიულობას კი ნუ მოჰყვებით, მაშინვე დაიწყეთ ვარჯიში და შიმშილის შეტევისას მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ - 5 წუთიც არ გავა, რომ ჭამა დაგავიწყდებათ, გარდა ამისა, ვარჯიში მოდუნებასა და კალორიების დაწვაშიც დაგეხმარებათ. დიეტის დროს ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგუება კვების ახალ პრინციპებთან. მაგალითად, ნახშირწყლებზე დიდი ხნით უარის თქმა ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე, ზოგჯერ იბლოკება სეროტონინის - განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების - გამომუშავება, ამიტომ კვების რაციონიდან ნახშირწყლების დიდი ხნით ამოღება იწვევს გაღიზიანებას, განწყობილების სწრაფ ცვალებადობას, სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მეხსიერების გაუარესებას. სტრესის დასაძლევად შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, რომელშიც აღნუსხავთ, როდის რამდენი მიირთვით. თავს ნუ მოიტყუებთ, დღიურში ყველა დარღვევა შეიტანეთ. თქვენი დამარცხების ამსახველ ქრონიკას რომ გადახედავთ, მიხვდებით, რატომ მოხდა ასე, რაც სიტუაციის შეცვლაში დაგეხმარებათ. თუ ინერვიულებთ და სტრესის გადასალახავად შოკოლადის ფილას ან ტორტის ნაჭერს მიირთმევთ, აუცილებლად აღნიშნეთ ეს დღიურში, მომავლისთვის კი ანტიდეპრესანტად რაიმე ნაკლებკალორიული სასუსნავი, მაგალითად, მოხალული თხილი ან ჩირი შეარჩიეთ. მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად კი საკუთარი თავი წაახალისეთ - გაისეირნეთ ქალაქში, წადით თეატრში, დაესწარით კონცერტს, გაიარეთ მაღაზიებში, შეგიძლიათ, თავს საჩუქარიც გაუკეთოთ. ეს სტიმული იქნება მომავლისთვის. ეცადეთ, გახალისდეთ, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ესაუბრეთ (ოღონდ არა დიეტის შესახებ), ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიკრებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ წონასწორობას, შედეგი არ დააყოვნებს - თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა, ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდებათ და მეტ და მეტ წარმატებას მიაღწევთ. ცნობილია, რომ ჭარბი წონა იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს. მსუქნების მიმართ ხშირად გარშემო მყოფებსაც ირონიული დამოკიდებულება აქვთ, უტაქტო პიროვნებისგან დაცინვა და აბუჩად აგდებაც მოსალოდნელია. გონიერი ადამიანები კი, პირიქით, განსაკურებით თბილად არიან განწყობილნი მსუქნების მიმართ. თავად პუტკუნების უმრავლესობა კეთილი, საყვარელი, ალერსიანი, მზრუნველი და იოლად მოწყვლადი პიროვნებაა, ამიტომ მათ თანადგომა სჭირდებათ, რათა არაორდინარული გარეგნობის გამო დეპრესია არ დაეუფლოთ. დღეს მედიცინას უამრავი საშუალება აქვს სიმსუქნის დასაძლევად. დიეტოლოგების, ქირურგების, პლასტიკური ქირურგების, ფსიქოლოგების დახმარებით ასეთი ადამიანები შეძლებენ, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ.