ფსიქოლოგიური კონსულტაცია
პატარები ვერ შეძლებენ ამგვარი ტრენინგის (რეპეტიციების მიუხედავად) სათანადოდ ათვისებას, როცა ურთიერთობისას ძლიერ ზეწოლას განიცდიან. ხოლო “მეგობარი”, როგორც ჩანს, ტანკივით აწვება მას. თქვენ შეგიძლიათ მოსთხოვოთ პედაგოგს, დაიცვას თქვენი შვილი მომთხოვნი “მეგობრისგან”. კიდევ ერთი: დააკვირდით, თვითონ როგორ ეპყრობით თქვენს ოჯახში საკუთრებას. აქვს თუ არა თქვენს გოგონას ნივთები, რომლებსაც უნებართვოდ ვერავინ ეხება? იქნებ რომელიმე ოჯახის წევრი ბავშვს აძლევს დათმობისა და ზედმეტი სირბილის მაგალითს? მშობელთა პრობლემები ზოგჯერ ბავშვის ქცევაში აისახება.
გაცილებით მეტ პროდუქტს ვყიდულობ, ვიდრე მჭირდება. სუპერმარკეტში მუდამ ვავსებ კალათას, შემდეგ კი ვნერვიულობ იმის გამო, რომ ზოგჯერ პროდუქტების გადაყრა მიხდება. ჩემი მეგობრის ვარაუდით, მე მაღაზიაში მშიერი შევდივარ და ამის ბრალია, მაგრამ ფუნთუშებს ან ნამცხვრებს კი არ ვყიდულობ, არამედ ფქვილის პაკეტებს, მაკარონს და ა.შ. ანუ იმას, რასაც მშიერი ადამიანი არ იყიდის. უზრუნველყოფილი ბავშვობა მქონდა, ჩემს ოჯახს არასოდეს უჭირდა, ასე რომ, ჩემი ქცევის მიზეზი ვერ ამიხსნია. თამარი, 40 წლის
პროდუქტები, რომლებსაც თქვენ ყიდულობთ, ფუფუნების საგნები არ არის. მაკარონი და ფქვილი აუცილებელი პროდუქტია ოჯახში. პირველი მოხმარების პროდუქტები სამზარეულოს თაროებზე სტაბილურობასთან ასოცირდება. ქალებს ხშირად აქვთ განცდა, რომ ოჯახური კერის დამცველები არიან. ოჯახური კეთილდღეობის განცდა არის მაშინ, როცა ყველა გამოკვებილია და ყველა ერთად არის. მაგრამ რამდენი რამ უქმნის ამას საფრთხეს! ბავშვები იზრდებიან, გვიანობამდე სახლში არ ბრუნდებიან, ქმარს უსიამოვნებები აქვს სამსახურში, მეუღლეებს შორის ურთიერთობაც მთლად ჰარმონიული არ არის. ამიტომ ქალები ვცდილობთ, ჩვენი ოჯახური “ციხესიმაგრე” შევინარჩუნოთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით: დაუსრულებლად ვაკეთებთ საოჯახო საქმეებს, ვიმარაგებთ საკვებ პროდუქტებს...
ძალიან მინდა, ადამიანები ჩემ მიმართ დადებითად განვაწყო. შეიძლება ითქვას, ვოცნებობ კიდეც, რომ ეს უნარი მქონდეს. ჩემს ერთ დაქალს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეუძლია. ფორმალისტი ჩინოვნიკებიც კი ვერ უქმნიან პრობლემას. ამ დღეებში ერთად ვიყავით ტესტირებაზე, ერთნაირად შევავსეთ ერთი და იგივე ანკეტა. ჩემი უკან დამიბრუნეს, მითხრეს, რომ რაღაც უნდა გამომესწორებინა, ჩემი დაქალისა კი მაშინვე ჩაიბარეს. როგორ მოვახდინო ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება? ქეთა, 26 წლის
დააკვირდით, როგორ ამყარებენ ურთიერთობებს სხვები და მოინიშნეთ ის დეტალები, რომლებიც კარგ განწყობილებას იწვევენ, ან პირიქით, ანტიპათიას აღძრავენ. ზოგჯერ ურთიერთობისას ადამიანი გაგრძნობინებთ: თქვენი საუბარი ჩემში ინტერესს არ იწვევს და მსურს, ის მალე დასრულდეს. ამაზე სხვადასხვა მინიშნება მეტყველებს: გვერდზე ყურება, გაურკვეველი სიტყვების წამოსროლა ან პირიქით, ხმამაღალი საუბარი, მოუთმენლობა, საუბარში ჩაჩრა, მისი გაწყვეტა. ყურადღებას იმსახურებს ისეთი ქცევა, რომელშიც საწინააღმდეგო პოზიცია იკვეთება: ჩემთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი. ამაზე მეტყველებს ღია პოზა (როცა არ არის კიდურები გადაჯვარედინებული), თვალებიდან სითბო და კეთილგანწყობა იფრქვევა, მოსაუბრისთვის თვალებში ყურება (და არა წარბებქვემოდან ყურება), საუბრის ბოლომდე მოსმენის უნარი (საუბარში ჩარევის გარეშე). საკამათო სიტუაციაშიც კი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული დაპირისპირება - შეიძლება საკუთარი პოზიციის ნეიტრალურად დაფიქსირება, ურთიერთთანამშრომლობის შეთავაზება: “თქვენ ასე მიგაჩნიათ, მაგრამ მე ასეთი სიტუაცია მაქვს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?”
ბავშვობიდან მეშინია ექიმებისა და აცრების. ჩემთვის მუდამ უდიდესი პრობლემა იყო თითიდან სისხლის აღება. ყველანაირად ვცდილობდი აცრის თავიდან აცილებას. აცრის შემდეგ რამდენჯერმე გულიც კი წამივიდა ექიმის კაბინეტში. ყველაზე მეტად სტომატოლოგთან ვიზიტი მაშინებს. ძალიან მეშინია ტკივილგამაყუჩებელი ინექციის, მით უმეტეს, რომ მისი გაკეთება სამჯერ მაინც მჭირდება, რადგან ერთი ჩხვლეტა არასოდეს მოქმედებს. ყველა დამცინის, ყველა ცდილობს დამარწმუნოს, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ჩემზე არავითარი არგუმენტი არ ჭრის. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ რაც დრო გადის, ეს შიში კი არ მინელდება, პირიქით, სულ უფრო და უფრო იზრდება და მძაფრდება. სალომე, 24 წლის
როგორც ჩანს, კბილების მკურნალობა და აცრები თქვენთვის სხეულზე ძალის მოქმედებასა და ფიზიკურ ზეწოლასთან ასოცირდება. თუ ასე აღიქვამთ სამედიცინო პროცედურებს, ძალაუნებურად დაიძაბებით. სტრესი აქვეითებს ტკივილის ზღვარს, ამიტომ ერთის ნაცვლად სამი საანესთეზიო საშუალება გჭირდებათ. ბავშვები შემთხვევით როდი თამაშობენ ექიმობანას, ამაში ღრმა ფსიქოლოგიური აზრი დევს. ექიმის როლში ბავშვი აქტიურ პოზიციას იკავებს და ეძლევა საშუალება, გახდეს სიტუაციის წარმმართველი. ეს არის სიმბოლური გაქცევა მსხვერპლის პასიური როლიდან, რომელში მოხვედრაც ასე ადვილია ექიმის კაბინეტში. წინასწარი დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება თქვენ საშუალებას მოგცემთ, შეიქმნათ განცდა, რომ გააკონტროლებთ სიტუაციას. მოძებნეთ ისეთი ექიმი, რომლისთვისაც თქვენ იქნებით ცოცხალი ადამიანი და არა სამედიცინო ზემოქმედების ობიექტი. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, გაერკვეთ და აირჩიოთ მკურნალობის რამდენიმე ვარიანტიდან ერთი. რთული მომენტები უფრო ადვილად გადასატანი ხდება, თუ გაქვთ ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა და თანადგომა. ალბათ თქვენს გარემოცვაში მოიძებნებიან გულისხმიერი და თანამგრძნობი ადამიანები. წადით სტომატოლოგთან ასეთ ადამიანთან ერთად, ეს სულაც არ არის სირცხვილი.
ჩემს ყველა პრეტენზიას ჩემი მეუღლე ხუმრობით პასუხობს. როცა ვცდილობ მას სერიოზულად ველაპარაკო, ყველაფერი ხუმრობაში გადააქვს. თუ ვბრაზდები, ის თეატრალურად იხდის ბოდიშს, ჩემს წინაშე მუხლებზე დგება. ამ დროს კი თვალები უღიმის... ელენე, 26 წლის
როგორც ჩანს, თქვენი მეუღლისთვის ურთიერთობის ასეთი სტილი რატომღაც აუცილებელია. შესაძლოა, იუმორის საშუალებით ის რაღაცისგან იცავს თავს. ან განსაკუთრებულად განიცდის, როცა ხედავს, რომ თქვენ ღიზიანდებით ან გწყინთ და ეს განცდა რომ დაფაროს, ამიტომ ინიღბება. შეეცადეთ, ნათელი მოჰფინოთ სიტუაციას. კვლავ გაგაღიზიანათ მისმა ხუმრობამ? უთხარით პირდაპირ, თუ რას განიცდით. მაგრამ არ გამოთქვათ პრეტენზიები. ნაწყენი, დამცირებული ან აღშფოთებული ხართ? უთხარით ქმარს ამის შესახებ, აუხსენით, რას გრძნობთ. მიეცით საშუალება, მან თავად გამოიტანოს დასკვნები.
მეზარება მიყრილ-მოყრილი ნივთების დალაგება. ბებია ხშირად მეუბნებოდა ხოლმე: “მაკა, შენ ქალი არ ხარ, ვერც ერთი ქალი ვერ მოითმენდა ასეთ უწესრიგობას”. მე კი მიმაჩნდა, რომ ეს პროტესტის ჩემეული საშუალება იყო, მისწრაფება, “მომენიშნა” ჩემი ტერიტორია მშობლების სახლში. ახლა ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, მაგრამ მაინც არ მაწუხებს უწესრიგობა, განსაკუთრებით - ჩემს საძინებელში, საწოლის გარშემო. თუ სვიტერს ვიხდი, შეიძლება რამდენიმე დღე დარჩეს იმ ადგილზე, სადაც გავიხადე, ისევე, გადაბრუნებული. თუ უგუნებოდ ვარ ან დაღლილი, შეიძლება თვეობით არ დავალაგო. ახლა დამხმარე ქალი მყავს, რომელიც მილაგებს და სიტუაცია რამდენადმე გამოსწორდა, რადგან მისი მერიდება და მის მოსვლამდე რაღაც-რაღაცების თავის ადგილზე დაწყობა მიწევს, მაგრამ მე და წესრიგი მაინც შეუთავსებელნი ვართ. ვშიშობ, ჩემმა პატარა ბიჭმა ჩემი ეს “თავისებურება” მემკვიდრეობით არ მიიღოს. ირმა, 36 წლის
უწესრიგობა ყველაზე მეტად თავს იჩენს თქვენს საძინებელში. თქვენ არ გსურთ ამ “თავისებურების” თქვენი პატარა ბიჭისთვის გადაცემა. მოდი, ვიმსჯელოთ, რა განსხვავებაა დედისა და ცოლის როლებს შორის, ახლა ხომ თქვენ ერთიც ხართ და მეორეც. დედობას სერიოზული პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ წიგნში, რომელიც ბავშვის აღზრდას ეხება, შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომ ბავშვისთვის განსაკუთრებულად სასარგებლოა, როცა მშობლები თანმიმდევრულად და გონივრულად იქცევიან. ანუ შვილისთვის სამაგალითოდ დედისთვის წესრიგის დაცვა აუცილებელია. ცოლქმრულ ურთიერთობებში შეიძლება სხვა წესები არსებობდეს. ბებია გეუბნებოდათ: “ვერც ერთი ქალი ვერ იცხოვრებდა ასეთ უწესრიგობაში”. თქვენ, როგორც ჩანს, ქალურობის შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა გაქვთ. შეიძლება მისცეთ საკუთარ თავს მეტი თავისუფლება და სიმსუბუქე. შესაძლებელია, ახლა, ისევე როგორც უწინ, მიყრილ-მოყრილი ნივთები თქვენ “გახასიათებენ”: “მე მაქვს უფლება ზოგჯერ უპასუხისმგებლო ვიყო და დავისვენო ყოველდღიური ერთფეროვნებისგან”. ეს თვალსაჩინო შეტყობინებაა ქმრისთვის: “აქ ჩემი ადგილია, ჩემი ტერიტორიაა. მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ”. საინტერესოა, ქმარს როგორი დამოკიდებულება აქვს უწესრიგობასთან. თუ უწესრიგობა აღმოიფხვრა, რა შეიცვლება ოჯახში? იქნებ საწოლის გვერდით მიგდებული სვიტერით კი არა, სხვა რამით მიანიშნოთ ქმარს, რომ ერთფეროვნებამ დაგღალათ და გსურთ, თავისუფლად იგრძნოთ თავი?