ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

  • მგონია, რომ ჩემს მეგობარს ჩემი შეყვარებული მოსწონს. ჩემი შეყვარებული მის მიმართ ინტერესს თითქოს არ იჩენს, მაგრამ მე მაინც ვღელავ. არ ვიცი, გავწყვიტო თუ არა მეგობართან ურთიერთობა, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდება, რადგან ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. როგორ მოვიქცე?

ბარბარე, 18 წლის

თუ თქვენი მეგობარი გაძლევთ იმის საბაბს, რომ დაეჭვდეთ მის წესიერებაში, მაგალითად, ეკეკლუცება თქვენს შეყვარებულს ან ჭორაობს მასთან თქვენზე, მაშინ ალბათ მოგიწევთ, გადახედოთ თქვენს ურთერთობას. მაგრამ, ალბათ არ ღირს, მეგობრობა მსხვერპლად შესწიროთ იმას, რომ თქვენი შეყვარებული მოარიდოთ სიმპათიურ გოგონებს. უმჯობესია აგრძნობინოთ თქვენს მეგობარს, რომ იცით მისი გრძნობების შესახებ და თანაუგრძნობთ მას, თან შეეცადეთ, ისინი იშვიათად შეხვდნენ ერთმანეთს.

  • საშინელი ჩვევა მაქვს: როცა რაიმეზე ვნერვიულობ, ტანსაცმლის კიდეებს ვაწვალებ, ეს გაუცნობიერებლად ხდება. მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები და ვჩერდები, როცა ვამჩნევ, რომ ტანსაცმელი შესამჩნევად დაჭმუჭნულია. წარმომიდგენია, რა სასაცილოდ გამოვიყურები შორიდან...

ირინკა, 25 წლის

ძლიერ მღელვარებას ძნელად თუ მოერევი. მაშინაც კი, როცა ახერხებ, შინაგანი მდგომარეობა გარშემო მყოფებს დაუმალო, ის თავს მაინც არ მალავს, გამოიხატება გახშირებული გულისცემით ან ორგანიზმის სხვა რეაქციებით. ეს ცვლილებები კი არცთუ ისე სასარგებლოა. ამიტომ არაფერია ცუდი იმაში, რომ თქვენს ემოციებს განმუხტვის საშუალებას აძლევთ. უბრალოდ, თვალში საცემი მანიპულაციები ნაკლებად გამაღიზიანებელი ქცევით უნდა შეცვალოთ. შეეცადეთ, გამოიყენოთ მკვეთრი ჟესტიკულაცია საუბრის დროს. როცა სხვას უსმენთ, ეცადეთ, ნელა და ღრმად ისუნთქოთ. ეს დაძაბულობის შემცირებაში დაგეხმარებათ.

  • ცოლიანი მამაკაცი შემიყვარდა, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ მისთვის ამის თქმას. დარწმუნებული არ ვარ, რომ ღირს მას ჩემი გრძნობები გავუმხილო და მასთან ურთიერთობა გავაბა. ერთი მხრივ - მას ოჯახი ჰყავს, მეორე მხრივ - ვხედავ, რომ ის არც ისე ბედნიერია ცოლთან.

ქრისტინე, 21 წლის

ნუ შეიქმნით ილუზიებს იმის შესახებ, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცის ოჯახის ბედი თქვენს ხელთაა. გააბამს თუ არა თქვენთან რაიმე სახის ურთიერთობას, ეს მაინც მისი გადასაწყვეტია. უმჯობესია, დაფიქრდეთ, რამდენად ძლიერია თქვენი გრძნობები მის მიმართ. მზად ხართ თუ არა საყვარლის როლში იყოთ და იქნება თუ არა მტკივნეული იმის გაცნობიერება, რომ ის მარტო თქვენ არ გეკუთვნით.

  • ვოცნებობ, როგორმე დავძლიო სიმაღლის შიში. ამას წინათ მთელი კომპანია გავემგზავრეთ სხვა ქალაქში, ყველა ავიდა სამრეკლოზე, ტკბებოდნენ მათ თვალწინ გადაშლილი ლამაზი ხედით, მე კი დაბლა დავრჩი. ძალიან დამწყდა გული!

ეკა, 23 წლის

სიმაღლის შიში - ეს საფრთხის ინსტინქტური განცდის გამოვლენაა. ადამიანს არ შეუძლია ფრენა, კედლებზე სიარული და ხტომა, როგორც ობობას, ამიტომ, მაღალ ადგილას მოხვედრილი, უსუსური ხდება. პანიკა თავიდან რომ აიცილოთ, კარგად დაათვალიერეთ გარემო და ე.წ. ბარიერები, რომლებიც წონასწორობის შენარჩუნებაში გეხმარებათ. დამცავი საშუალებების შეფასებისას მეტ თავდაჯერებას იგრძნობთ. უსაფრთხოების ზომების მიღების შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეძლებთ თავის დაცვას.

  • საოცრად სწრაფად მეცვლება განწყობილება, შემიძლია ვიყო მხიარული, ხუთი წუთის შემდეგ კი სევდიანი და მოწყენილი. ყველა დაიღალა ჩემთვის ხასიათის შეწყობით. როგორ ვისწავლო წონასწორობის შენარჩუნება?

ინა, 28 წლის

იმისთვის, რომ განწყობილება უფრო სტაბილური გახდეს, უნდა მოძებნოთ ათვლის წერტილი, რომელთანაც შეაფარდებთ ემოციებს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა, ამინდი ან სხვა რამ. როგორც კი იგრძნობთ სევდის მოძალებას, გაიხსენეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებს ყველაფერი კარგად აქვთ, მზე ანათებს, ე.ი. შეიძლება სიცოცხლით დატკბეთ!


  • ჩემი მეუღლე ევროპაში ცხოვრობს, მისგან წერილებს უფრო და უფრო იშვიათად ვიღებ. ჩვენ იქ ბავშვებთან ერთად ვაპირებდით ცხოვრებას. ჩემი მეუღლე შარშან გაემგზავრა, რომ ჩვენს წასაყვანად ნიადაგი მოემზადებინა. პირველ ხანებში ინტერნეტის საშუალებით ხშირად გვეკონტაქტებოდა, ახლა კი ჩემს წერილებს იშვიათად პასუხობს. ნუთუ მიგვატოვა?

ნინო, 24 წლის

როცა თქვენ შორის ამხელა მანძილია, შეიძლება უამრავი კითხვა გაგიჩნდეთ და ნებისმიერი ჰიპოთეზა წამოაყენოთ. იმის გასარკვევად, სწორია თუ არა ისინი, საჭიროა ფაქტები. თუ შეგიძლიათ, გაემგზავრეთ მასთან თუნდაც ერთი კვირით. თუ არა - გააგრძელეთ მიმოწერა, დაწვრილებით უამბეთ იმის შესახებ, როგორ ცხოვრობთ და, რა თქმა უნდა, ბავშვების შესახებაც. აუცილებლად გაუგზავნეთ ფოტოსურათებიც. შეიძლება ხანდახან შეახსენოთ რაიმე თქვენი საერთო წარსულიდან, გაიხსენეთ საუკეთესო დღეები, რომლებიც მასთან ერთად გაგიტარებიათ, პირველი პაემანი... ოღონდ ამას მეტისმეტად ხშირად ნუ გააკეთებთ.

  • ჩემი მეუღლე ერთობა, მე კი სახლში მარტო ვზივარ. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ზოგჯერ ის რამდენიმე დღით მიდის სახლიდან, დროს ატარებს მეგობრებთან ერთად. ამას იმით ხსნის, რომ მას სჭირდება განტვირთვა და მირჩევს, შევეგუო ამას. მე კი მეუღლის ასეთი საქციელი, ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება ძალიან მწყინს და ვიტანჯები.

ტატა, 23 წლის

ყველა ოჯახში მოქმედებს განსაკუთრებული წესები, რომლებსაც უნდა დაემორჩილო. როგორც ჩანს, თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის არ მომხდარა შეთანხმება იმის შესახებ, რომ თქვენ მის ამგვარ “გართობასთან” მოგიწევდათ შეგუება. თქვენ მას ვერაფერს აუკრძალავთ, მაგრამ უფლება გაქვთ აღუწეროთ, რას განიცდით იძულებითი მარტოობის დროს. დააკვირდით, როგორი რეაქცია ექნება თქვენს მეუღლეს, თუ თქვენ მისი “გართობისას” მეგობარ გოგონებთან ერთად გაემგზავრებით დასასვენებლად.

  • მე დავშორდი ჩემს თაყვანისმცემელს, სხვის რჩევას დავუჯერე, ახლა კი ძალიან ვნანობ. დარწმუნებული ვარ, მას ნამდვილად მოვწონდი, მაგრამ მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ დედა, დეიდა და დაქალები ერთხმად მიმტკიცებდნენ, ამ ადამიანში მოსაწონი არაფერიაო. ახლა ჩემს თაყვანისმცემელს სხვა გოგო მოსწონს, მე კი დავდივარ და ფრჩხილებს ვიკვნეტ. ნუთუ საერთოდ არ გამაჩნია საკუთარი აზრი!

ლიკა, 17 წლის

ჩვენ ხშირად ვითხოვთ რჩევას მაშინ, როცა უკვე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მაგრამ გვსურს, პასუხისმგებლობა სხვებსაც გავუზიაროთ, ამიტომ მივყვებით მხოლოდ იმ რეკომენდაციას, რომელსაც შინაგანად ვეთანხმებით, დანარჩენს კი უყურადღებოდ ვტოვებთ. ვფიქრობ, არც თქვენ მოგწონდათ ის ყმაწვილი ისე ძალიან, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელება მოგენდომებინათ. ასეთი განაწყენებული და გულდაწყვეტილი კი იმის გამო ხართ, რომ ასე მალე დაგივიწყათ. ეს ფაქტი დარტყმას აყენებს თქვენს თვითშეფასებას. როცა შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც მართლა მოგინდებათ, აღარ იკითხავთ სხვის აზრს და ყველაფერს თავად გადაწყვეტთ.

  • ჩემი საუკეთესო მეგობარი შემიყვარდა და ვერაფრით გამიბედავს მისთვის ამის გამხელა. არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა. ვაითუ ვერ გამიგოს! მაშინ ახლობელ ადამიანს დავკარგავ. თან უახლოეს მომავალში გამგზავრებას აპირებს და მეც მალე სხვა ქალაქში წავალ სასწავლებლად. ნუთუ ჩემი საყვარელი ადამიანი ვერასდროს გაიგებს, რა ძვირფასია ჩემთვის?

ლელა, 17 წლის

უნდა გვახსოვდეს, რომ მეგობრობაში მთავარია გულწრფელობა. თქვენი გულახდილი აღიარება არ გააფუჭებს თქვენს კარგ ურთიერთობას. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ვიღაცას უყვარს და აფასებს. ნუ მოგერიდებათ აღიარების. გამორიცხული არ არის, თქვენს გრძნობებს ისიც იზიარებდეს და ამის გამხელის ეშინოდეს. გაუმხელელი გრძნობები კი ყოველთვის ცუდად აისახება ურთიერთობაზე.

  • ქმარი მიკრძალავს ლამაზად ჩაცმას და მაკიაჟის გაკეთებას. ასეა მთელი შვიდი წელი, რაც დავქორწინდით! მე არ მაქვს უფლება, ჩავიცვა მოკლე კაბა, შევიღებო ფრჩხილები, ამასთან, ჩემი ქმარი დიდ ყურადღებას აქცევს მოვლილ ქალებს. როგორ მოვიქცე, არ ვიცი!

ლიზი, 29 წლის

როგორც ჩანს, თქვენი ქმარი ეჭვიანი მამაკაცია. ამიტომაც აღიქვამს ის მოკლე კაბებსა და მაკიაჟს მაცდუნებელ, სხვა მამაკაცების ყურადღების მისაპყრობ საშუალებად. თავდაპირველად, შეეცადეთ, მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთოთ და გამომწვევად ჩაიცვათ მხოლოდ მის საცდუნებლად, ანუ მხოლოდ სახლში. ქმარს არ შეიძლება არ ესიამოვნოს, რომ თქვენ ასე ცდილობთ მხოლოდ მის მოხიბვლას. დანარჩენ დროს კი თითქმის არ გამოიყენოთ დეკორატიული კოსმეტიკა, ატარეთ ელეგანტური, მაგრამ გრძელი კაბები, გაიკეთეთ ლამაზი ვარცხნილობა.