ემოციური გადაღლა
ემოციურ დაძაბულობას, გარშემო მყოფები აღიზიანებენ, საყვარელი სამუშაოც კი ზიზღს ჰგვრის. კოლეგები ამჩნევენ, რომ მისი ნერვული სისტემა წესრიგში არ არის.
ემოციური გადაღლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. იგი სახიფათოა მათთვის, ვისაც სამსხურებრივად უხდება ადამიანებთან ურთიერთობა. მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისთვის.
ემოციური გადაღლა თანდათანობით ვითარდება. გამოყოფენ მის სამ საფეხურს: თავდაპირველად ქრება სიცოცხლის ხალისი, ითრგუნები, სამყაროს მუქ ფერებად აღიქვამ, შინ თუ გარეთ ყველას სთხოვ, არაფერი გკითხონ, არ შეგეხონ. თუ ამთავითვე არაფერი იღონეთ, მდგომარეობა უფრო მეტად გართულდება და მეორე საფეხურზე გადავა. ამ დროს უკვე გაღიზიანებთ ის ადამიანები, ვისთანაც ხშირად გიხდებათ ურთიერთობა - ოჯახის წევრები, მოსწავლეები, კოლეგები...
ემოციურად გადაღლილი ადამიანი თავდაპირველად თავის შეკავებას ცდილობს, მხოლოდ უხეში გამონათქვამებით შემოიფარგლება, მაგრამ დაძაბულობა თანდათან იმატებს და ბოლოს ერთბაშად ამოხეთქავს, რასაც შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლოს. უარყოფითი ენერგიის ამოფრქვევას სირცხვილისა და დანაშაულის განცდა მოჰყვება, თუმცა ვერ აგიხსნიათ, როგორ მოგივიდათ ეს.
მესამე საფეხურზე უფასურდება პროფესიული ღირებულებები, თავს იჩენს ადამიანებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. მეორე მხრივ, შინაგანად თითქოს ყველაფერი იწვის. გარკვეული ჩვევების წყალობით, როგორც პროფესიონალი, გარეგნულ რესპექტაბელურობას ჯერ კიდევ ინარჩუნებთ, მაგრამ უკვე შესამჩნევია ცარიელი გამოხედვა და ერთგვარად შებოჭილი მოძრაობა.
თქვენ გეუფლებათ გულგრილობა ადამიანების, საყვარელი სამუშაოსა და საკუთარი თავის მიმართაც კი. სამსახურის შემდეგ შესაძლოა აპათიამ და უძილობამ დაგრიოთ ხელი. ზოგიერთს საკვებისადმი ზიზღი ეუფლება, ზოგს კი, პირიქით, გამუდმებით შია. ზოგიერთი ალკოჰოლით ცდილობს დაძაბულობის მოხსნას, თუმცა უკეთესობას ვერ გრძნობს.
ემოციური გადაღლის მიზეზები
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ემოციური გადაღლის სინდრომი ისეთ ადამიანს ემუქრება, ვინც ვერ ახერხებს სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას საკუთარი თავის, სხვა ადამიანებისა და სამუშაოს მიმართ. ესენი უმეტესად ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებენ საკუთარ თავს. მათ მიაჩნიათ, რომ უნდა იცხოვრონ სხვებისთვის, უარს ამბობენ საკუთარ ინტერესებზე, არასოდეს ითხოვენ დახმარებას. მათთვის არ არსებობს უბრალოდ სიყვარული ან უბრალოდ სამსახური - მხოლოდ გრძნობების მაქსიმალური გამოხატულება და უმაღლესი მიღწევები. მუდმივი დაძაბულობა საბოლოოდ ემოციურ გადაწვას იწვევს. შინაგანად ასეთი ადამიანები სიყვარულის, სინაზის, მზრუნველობის უკმარისობას განიცდიან, მაგრამ ამის აღიარება მათ ძალებს აღემატება. “ვინ, თუ არა მე?” - ასეთია მათი კრედო. ისინი თავს მხოლოდ მაშინ გრძნობენ კარგად, როცა ვინმეს მათი დახმარება სჭირდება, აქვთ მოთხოვნილება, მუდამ საჭირო იყვნენ სხვებისთვის. მათ არ შეუძლიათ, ვინმეს რაიმე თხოვნაზე უარი უთხრან, გარშემო მყოფნი კი ამით სარგებლობენ.
ასეთ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ
ისინი ცოცხალი ადამიანები არიან და აქვთ უფლება იზრუნონ საკუთარ თავზე. ერთმანეთისგან უნდა გააცალკეონ სამუშაო და პირადი ცხოვრება, მკვეთრად გამიჯნონ საკუთარი მოვალეობები, გაუნაწილონ სხვებს, ითხოვონ დახმარება და თანაგრძნობა.
გახსოვდეთ, თქვენ ვერ გასწვდებით ყველას და ყველაფერს. კარგად შეისწავლეთ თქვენი არა მხოლოდ მოვალეობები, არამედ უფლებებიც.
გახსოვდეთ: თქვენ გაქვთ უფლება, ეკუთვნოდეთ საკუთარ თავს და იმოქმედოთ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ისწავლეთ “არას” თქმა. ნუ გაგიჩნდებათ ამის გამო დანაშაულის განცდა.
გახსოვდეთ: საკუთარი თავისადმი უსულგულობაც დანაშაულია. თქვენ გაქვთ უფლება, გქონდეთ თავისუფალი დრო და გამოიყენოთ ის საკუთარი თავისთვის.