ფსიქოლოგიური დახმარება

ადამიანი და საიდუმლო
ჩემი ახლობლის შესახებ ვიცი რაღაც, რაც თავად მისთვის უცნობია. ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ასე ჯობს. მესმის, რომ ამ ამბის გამხელით შეიძლება გული ვატკინოთ მას, დავანგრიოთ აქამდე არსებული ურთიერთობები, შევულახოთ ადამიანს რეპუტაცია... საზოგადოდ, ასეთი არჩევანის წინაშე ხშირად ვდგებით: გავუმხილოთ ახლობელს სიმართლე და გული ვატკინოთ თუ გავჩუმდეთ და მოვატყუოთ?
და მაინც, დგება მომენტი, როდესაც გადავწყვეტთ, გავამხილოთ საიდუმლო. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს ყველაფერი საკუთარი თავისა და წარსულის შესახებ, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი აწმყო და მომავალი. სიმართლეს კი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
საიდუმლოს დამცველის მოტივები
ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს თავისი ისტორია, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია, ვისგან და როდის გაიგებს იგი სიმართლეს. საიდუმლოს მფლობელი ცოცხალი ადამიანია, თავისი მოტივებითა და ინტერესებით. სწორედ ეს მოტივები და ინტერესები ახდენენ გავლენას გადაწყვეტილებაზე, როდის გამჟღავნდეს საიდუმლო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ფსიქოთერაპევტი მოგვითხრობს: "ბებიამ 12 წლის ნინოს ასეთი რამ უთხრა: "დედაშენს შენი თავიდან მოშორება უნდოდა, წავიდა ექიმთან, მაგრამ მან უთხრა, ბავშვი უკვე მოძრაობსო და ასე მოევლინე ქვეყანას!" შვილიშვილს ბებია ზრდიდა, მაგრამ როცა გოგონა წამოიზარდა, დედასთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდა. საიდუმლო ბებიამ ეჭვიანობის გამო გაამჟღავნა: "არ გეგონოს, რომ დედაშენი ასეთი კარგია - მას შენი მოკვლა უნდოდა!" ნინო 16 წლის რომ ყოფილიყო და მისთვის ეს ამბავი დედას მოეთხრო, სულ სხვა იქნებოდა... ახლა კი საიდუმლოს გამჟღავნება უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე მისი არცოდნა".
ფსიქოლოგი მოგვითხრობს:"ცოტა ხნის წინ მუშაობა მომიხდა გოგონასთან, რომლის თვალწინ მამა მე-10 სართულიდან გადახტა. როდესაც მამიდა მოვიდა, ჯერ კიდევ შოკში მყოფ გოგონას უამბო, რომ მათ ოჯახში ყველა მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე - ბაბუამაც და გოგონას ორმა ბიძამაც. ამ ამბის გაგების შემდეგ გოგონა მძიმედ დაავადდა, მერე თვითონაც სცადა თავის მოკვლა, გაიკეთა რამდენიმე აბორტი იმის შიშით, რომ ბიჭი არ ჰყოლოდა... მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ფსიქოლოგს. თერაპია ძალიან რთულად მიმდინარეობდა".
როდესაც საიდუმლოს მფლობელი ემოციურად განიცდის ამ საიდუმლოს ცოდნას, იგი ავტომატურად ითრევს თავის განცდებში მსმენელს და არ აძლევს მას შესაძლებლობას, გააანალიზოს და გააცნობიეროს სიმართლე. ზოგჯერ საიდუმლოს მფლობელი თავს მოვალედ მიიჩნევს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს, რასაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
თუ საიდუმლო შეიტყვეთ
- გააცნობიერეთ, რომ ის, რასაც ახლა განიცდით: შიში, ტკივილი, მწუხარება, სევდა, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, - თქვენ არ გეკუთვნით. ნუ მისცემთ მათ უფლებას, ამოაყირაონ თქვენი წარმოდგენები.
- ნუ იჩქარებთ და ნუ აჰყვებით გრძნობებს. სცადეთ დღიურის წარმოება: ის დაგეხმარებათ, მშვიდად შეაფასოთ სიტუაცია და დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოთ.
- მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამშვიდდებით და წონასწორობას აღიდგენთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება საიდუმლოს მიმართ, გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა მისი გამხელა. "შევიტყვე, რომ მამა დედას ღალატობდა, - გვიამბობს ლიზა, - ერთხელ სტუმრები გვეწვივნენ. მე ისე ვიყავი გამწარებული, რომ პირდაპირ სუფრასთან მივახალე მამას სიმართლე. მერე მივხვდი, რომ უმჯობესი იქნებოდა, მამას დედასთან ცალკე გაერკვია ურთიერთობა. დედა ალბათ შეძლებდა მის პატიებას. მე კი ერთი ხელის მოსმით გავანადგურე ყველაფერი, რაც მათ აკავშირებდა". ადამიანმა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ფარდა ახადოს საიდუმლოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გაითვალისწინოს.
- უნდა გააცნობიეროს, რატომ დუმდა ამდენ ხანს და რატომ გადაწყვიტა დუმილის დარღვევა ახლა. გააანალიზოს საკუთარი მოტივები: ეს შეიძლება იყოს წუთიერი გაღიზიანება, საკუთარი თავის სიბრალული, რომ დუმილით "დაიღალა"...
- საიდუმლოს გამჟღავნებისას უნდა ვიმოქმედოთ არა ვინმეს ან რამის წინააღმდეგ, არამედ ვინმეს ან რამის სასიკეთოდ. არ არის აუცილებელი თავყრილობის მოწყობა - უნდა ესაუბროთ მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ ეხება საიდუმლო: ის თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს.
- ინფორმაციაზე რეაქცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მწუხარებიდან და ტკივილიდან დაწყებული, მოულოდნელი გულგრილობით დამთავრებული.
ბავშვებს ბევრ რამეს ვუმალავთ
ჩვენ ბევრ რამეს ვუმალავთ ბავშვებს, გვინდა, თავიდან ავაცილოთ უსიამოვნებები... მაგალითად, მამა ნარკოტიკებს იღებს; ბევრს მიაჩნია, რომ ასეთი რამის ცოდნამ ბავშვისთვის შეიძლება ცუდი მაგალითის როლი შეასრულოს.
ყველას შეიძლება მოეცაროს ხელი, მოუვიდეს შეცდომა. ბავშვებს ეს კარგად ესმით. ყველაზე დიდი შეცდომა კი დუმილია. თუ ბავშვს სიმართლეს ვეტყვით და ავუხსნით, რატომ მოხდა ეს, მას საშუალება მიეცემა, თავი აარიდოს მსგავს შეცდომას.
ერთ-ერთი ოჯახის ფსიქოთერაპევტი მოგვითხრობს: "გიორგისა და ანას მშობლები შვიდი წელია განქორწინდნენ. ბავშვებმა ამის შესახებ არაფერი იციან. მათ ეუბნებიან, რომ მამა ხშირად მიემგზავრება მივლინებებში. გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვებმა მოუკლეს სწავლას, უხეშად იქცევიან. ისინი გრძნობენ, რომ ოჯახში რაღაც ხდება და რაკი პასუხს ვერ იღებენ, ცდილობენ თავიანთი ქცევით განმუხტონ სიტუაცია. მაგრამ მშობლებს არ სურთ აღიარონ, რომ მათი მრავალწლიანი საიდუმლო შეცდომაა და მიაჩნიათ რომ მღელვარებისთვის საბაბი არ არსებობს.
როგორც ფრანგული ფსიქოანალიზის კლასიკოსი ფრანსუაზ დოლტო ამბობდა, მხოლოდ ბავშვება და ძაღლებმა იციან ოჯახის შესახებ ყველაფერი. თუ მშობლები რამეს ბოლომდე არ ამბობენ, ბავშვები "დუმილის შეთქმულების" მონაწილენი ხდებიან. მათ ხშირად უვითარდებათ სომატური დარღვევები ან, უფრო უარესი, თავს დამნაშავედ გრძნობენ იმაში, რაც მათ მშობლებს აწუხებთ. საიდუმლოს გამჟღავნება ბავშვებს დანაშაულის განცდისაგან ათავისუფლებს.