ფსიქოლოგიური დახმარება
ინიციატივა გამოვიჩინე და შეცდომა დავუშვი. დიდი ხანია მომწონს ერთი ყმაწვილი, გავბედე და გამოფენაზე დავპატიჟე. მას არსად დავუპატიჟებივარ, მხოლოდ გამუდმებით მაკვირდება. იმ დღეს კი, როცა ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, დამირეკა და ავადმყოფობა მოიმიზეზა. მე მგონია, რომ ყველაფერი გამოიგონა, რადგან ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა. ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე. ელენე, 25 წლის
არ ღირს ნერვიულობა, ვფიქრობ, მცირე ტაიმ-აუტის აღება ჯობს. დააკვირდით, როგორ მოიქცევა თქვენი რჩეული ამ შემთხვევის შემდეგ, გადმოდგამს თუ არა თქვენკენ ნაბიჯს. თუ ნამდვილად მოსწონხართ, არშემდგარი პაემნის "კომპენსაცია" უნდა მოახდინოს. სადმე დაგპატიჟებთ ან შეეცდება, უფრო ხშირად შეგხვდეთ. თუ არაფერი მოიმოქმედა, ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ თქვენზე ნაკლებად არის დაინტერესებული თქვენი ურთიერთობის გაგრძელებით. ასეც რომ იყოს, გულს ნუ გაიტეხთ, აუცილებლად შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაგაფასებთ.
სხვა ბავშვებთან შედარებით ჩემი 10 წლის ბიჭი ძალიან არაორგანიზებულია. ჩემდა უნებურად, მას ჩემი მეორე ქმრის შვილს ვადარებ. ის ბიჭუნა ჩემსაზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია, მაგრამ ძალიან დამჯერი და მოწესრიგებულია, ჩემი შვილი კი, პირიქით, არაფერს მიჯერებს, სკოლაში ცუდად სწავლობს, არაფერი აინტერესებს. გამოდის, რომ ცუდად აღვზარდე! ანი, 32 წლის
არსებულ სიტუაციაში ნურც საკუთარ თავს დაადანაშაულებთ და ნურც თქვენს შვილს. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. ერთნი უფრო მოწესრიგებულნი არიან, მეორენი - ნაკლებად. საქმე მხოლოდ აღზრდა როდია, ხასიათის თავისებურებებსაც აქვს მნიშვნელობა. შეეცადეთ თავად მიაჩვიოთ იგი წესრიგს, აუხსენით, რატომ არის ეს საჭირო. შესაძლოა, მას სწავლაში დახმარება სჭირდება. და არავითარ შემთხვევაში არ შეადაროთ თქვენი შვილი სხვებს მისი თანდასწრებით! მსგავსი საწყენი სიტყვები მას ვერაფერს შემატებს, სწავლის სურვილსაც არ გაუღვიძებს, პირიქით, ეჭვს გაუჩენს მისდამი თქვენს სიყვარულში.
საყვარელმა ადამიანმა მიმატოვა და აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო... ადგილს ვერ ვპოულობ. როგორ დავეხმარო საკუთარ თავს? სალომე, 17 წლის
ურთიერთობის გაწყვეტა ყოველთვის მძიმე გამოცდაა, თქვენი განცდები ბუნებრივია და სავსებით გასაგები. როგორ დააღწიოთ თავი სევდიან ფიქრებს? - დაუტოვეთ საკუთარ თავს სულ ცოტა თავისუფალი დრო. დაიტვირთეთ თავი საქმეებით, მათი შესრულების პროცესში თითოეულ დეტალზე მოახდინეთ კონცენტრირება. მაგალითად, კომპიუტერზე ტექსტის აკრეფისას თითოეული სიტყვა ხმამაღლა წარმოთქვით.
მე და დედაჩემი ძალიან დავშორდით ერთმანეთს, ვერ ვუგებთ და ხშირად ვჩხუბობთ. ვცდილობ ავუხსნა მას ჩემი პრობლემები, მაგრამ არ მისმენს. ყოველთვის ძალიან უხეშად და მკვეთრად გამოხატავს თავის მოსაზრებას. მე ის მიყვარს და პატივს ვცემ მის აზრს, მაგრამ მისი რჩევები ყოველთვის სწორი არ არის. თამთა, 14 წლის
რეკომენდაციები, რომლებსაც დედა იძლევა, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ემყარება და თუ ისინი თქვენს სიტუაციებს არ ესადაგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უვარგისია და არაფერში გამოგადგებათ. თქვენ არ ხართ ვალდებული, დედის ყველა რჩევას მიჰყვეთ, მაგრამ ყველაფრის ხელაღებით უკუგდებაც არ არის საჭირო. დედასთან ერთად უნდა შეეცადოთ, უფრო მეტად სცეთ პატივი სხვის აზრს. ურთიერთგაგება - ეს სხვა ადამიანთან აბსოლუტური თანხმობა კი არ არის, არამედ მზადყოფნა იმისთვის, რომ სხვისი განსხვავებული აზრი მიიღო. თქვენს დედასაც შეუძლია თქვას, ჩემს ქალიშვილს ჩემი არ ესმისო. ყველა ეს პრობლემა მხოლოდ დროებითია, მალე ყველაფერი დალაგდება.
ვერ ვიტან უცხო ადამიანის შეხებას, თუნდაც შემთხვევითს. ზოგიერთი ჩემი თანაკურსელი მუდმივად ცდილობს, შეხვედრისას ლოყაზე მაკოცოს და ჩამეხუტოს. მათ ვეუბნები, რომ ამგვარი მისალმება არ მსიამოვნებს, ისინი კი მპასუხობენ: "კარგი რა, რა გჭირს..." და ისევ აგრძელებენ. როგორ ავუხსნა მათ, რომ მე ეს ნამდვილად არ მსიამოვნებს? ნინო, 19 წლის
უკვე დროა, თქვენმა თანაკურსელებმა სხვისი აზრის პატივისცემა ისწავლონ. თქვენ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, როგორ გამოხატავთ თქვენს სურვილს, რომ არ შეგეხონ. იქნებ ამას წყნარი, გაუბედავი ხმით ან ხუმრობის კილოთი ამბობთ; მაშინ გასაკვირი არ არის, რომ გარშემო მყოფები თქვენს სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამენ. იმისთვის, რომ ნამდვილად მოგისმინონ, მორიგ ნაცნობთან შეხვედრისას თავი გვერდზე გასწიეთ და მკვეთრი მტკიცე ხმით უთხარით: "თუ შეიძლება, ნუ მომეხვევით! მე ეს არ მსიამოვნებს". თუ გაუკვირდება, რა გეტაკაო, აუხსენით, რომ ეს არც ადრე მოგწონდათ. გარშემო მყოფებს თქვენს მოთხოვნასთან შეგუება მოუწევთ.
ჩემი საყვარელი ადამიანი მთავაზობს, მასთან გადავიდე საცხოვრებლად, მაგრამ მას სამი წლის გოგონა ჰყავს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ერთად კარგად ვიქნებით და მისი გოგონას შვილივით შეყვარებას შევძლებ... ია, 23 წლის
იმისთვის, რომ თქვენი ბედი ახლობელ ადამიანს დაუკავშიროთ, სულაც არ არის აუცილებელი, მისი შვილი საკუთარივით გიყვარდეთ. საკმარისია, უბრალოდ კარგად მოექცეთ გოგონას - ნუ დაივიწყებთ, რომ ის თქვენი საყვარელი მამაკაცის შვილია, მისთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი არსებაა.
ჩემს მოზარდ დაიკოს მიაჩნია, რომ ძალიან უშნო და შეუხედავია. არ ვიცი, როგორ გადავარწმუნო. ის მართლა ძალიან მაღალია და ფიგურაც ცუდი აქვს... ყოველ მცდელობას, მისი საწინააღმდეგო აზრი გამოვთქვათ, გაღიზიანებით ხვდება. ქეთი, 21 წლის
ნუ ეცდებით მის გადარწმუნებას - ის ჩათვლის, რომ თქვენ არასერიოზულად ეკიდებით მის პრობლემას. უმჯობესია მოუყვანოთ მაგალითი ცნობილი ლამაზმანების ცხოვრებიდან, რომლებსაც მოზარდობისას მიაჩნდათ, რომ შეუხედავები იყვნენ. შეეცადეთ ხაზი გაუსვათ მის ღირსებებს და მასაც ყურადღება გაამახვილებინოთ იმაზე, რაც გამორჩეული აქვს გარეგნობაში, ხოლო ნაკლი შენიღბეთ.
კარგი ვაკანსიები ყოველთვის სხვებს რჩებათ, ჩემი თანატოლები ადვილად შოულობენ სამუშაოს, თუნდაც განათლება არ ჰქონდეთ, მე კი არაფერი გამომდის, ყველგან უარით მისტუმრებენ ისე, რომ მიზეზსაც არ მიხსნიან. იქნებ რაიმეს სწორად არ ვაკეთებ? ნანა, 20 წლის
უარის თქმის მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, ზედმეტად მაღალი ანაზღაურების მოთხოვნიდან დაწყებული, გამომწვევი მაკიაჟით დამთავრებული. შეეკითხეთ მეგობრებს, როგორ პოულობენ სამსახურს, რას ამბობენ გასაუბრების დროს, როგორ უჭირავთ თავი. სამომავლოდ კი ეცადეთ, როგორმე გამოსტყუოთ სამუშაო დამკვეთებს, რატომ გეუბნებიან უარს. მართალია, მათ არ უყვართ ამის ახსნა, მაგრამ თუ წმინდა ადამიანურად დაინტერესდებით, შესაძლოა პასუხიც მიიღოთ.
ყოფილი ქმარი მეხვეწება, რომ დავუბრუნდე. მე ქმარი მყავს, მაგრამ არ ვარ ბედნიერი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამბობენ, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. იმედგაცრუებასაც ვერ ვუძლებ. ეკატერინე, 38 წლის
ცხოვრებისეული უსიამოვნებებისგან თავის დაზღვევა ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ჯერ გაარკვიეთ, თავად რა გსურთ. შეეცადეთ, გაუზიაროთ ყოფილ ქმარს თქვენი ეჭვები - იქნებ ისიც იმავეს განიცდის. ამასთან, არც ის არის გამორიცხული, ამ საუბრის დროს არსებული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი იპოვოთ. როცა ყოფილ ქმარს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებთ, ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადეთ, იყოთ თავშეკავებული, არ არის საჭირო არც გაკიცხვა და არც ფიცი.