დათმობა ურთიერთობაში – მარცხი თუ გამარჯვება?
თითოეული ემყარება გარკვეულ გრძნობებს, ემოციებს, ურთიერთპატივისცემას, სიმპათია-ანტიპათიას, მოვალეობებს, გარკვეულ ვალდებულებებს და ა. შ.
დედაშვილური, მამაშვილური, დაძმური, ცოლქმრული ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს. ეს არის ძალიან ახლობელ ადამიანთა ერთობა და მათ შორის ფაქიზი გრძნობადი და ემოციური კავშირებია.
საქმიანი, სამსახურებრივი ურთიერთთანამშრომლობისას აუცილებელია თანამოაზრეთა შორის ჰარმონიული დამოკიდებულება, ურთიერთნდობა, ერთგულება, ურთიერთპატივისცემა, შეხედულებათა თანხვედრა, სხვაგვარად რთულია საერთო საქმის კეთება და წარმატებული შედეგების მიღწევა.
სხვადასხვა ადამიანის ურთიერთობა წარმოუდგენელია უთანხმოებების გარეშე:
ეს შეიძლება იყოს კამათი, ჩხუბი, კონფლიქტი, ემოციური თუ ფიზიკური შეჯახება. ურთიერთობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის საჭიროა გარკვეული კომპრომისი, შერიგება, პოზიციათა შეჯერება, დათმობა. თუმცა ეს ყველასათვის მარტივი მისაღწევი არ არის. ბევრს ძალიან უჭირს საკუთარი აზრის, დამოკიდებულების, შეხედულებების შეცვლა და დათმობაზე წასვლა, ანუ სხვისი აზრის ჭეშმარიტების აღიარება. შეიძლება ეს საკუთარ მარცხად და მოწინააღმდეგის, ოპონენტის გამარჯვებად აღიქვას.
რა არის მარცხი და გამარჯვება ურთიერთობაში?
გამარჯვება, საზოგადოდ, არის გარკვეული დასახული მიზნის მიღწევა, წარმატება, გაწეული შრომის დაფასება და მიღწეულით მიღებული სიხარული. მარცხი კი დასახული მიზნის მიუღწევლობა, წარუმატებლობის მწარე განცდა და მისგან გამოწვეული სევდა და ტკივილია.
თუმცა ადამიანთა შორის ურთიერთობის პროცესში არსებული უთანხმოების, კამათის, კონფლიქტისას ურთიერთობის გამოსასწორებლად დათმობაზე წასვლა არ შეიძლება ჩაითვალოს მარცხად, არც მეორე მხრიდან გამარჯვების აღქმად.
მარცხი ადამიანმა უნდა აღიქვას გამოცდილებად, გაკვეთილად, მთავარია, მას არ შეეგუო, არ დანებდე და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე. მარცხი უნდა მიიღო როგორც ცხოვრების შანსი, შეცვალო რაღაც შენს ცხოვრებაში, საქმიანობაში, ურთიერთობებში. მარცხმა არასდროს უნდა გააბოროტოს ადამიანი, ეს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დიდ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს.
მარცხი ზოგჯერ უკეთესი მასწავლებელია, ვიდრე გამარჯვება!
არ არსებობს მარცხი იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ძალას აცნობიერებს.
არ არსებობს მარცხი მისთვის, ვინც ყოველი დაცემის შემდგომ უფრო ძლიერდება.
მარცხი კიდევ ერთი შანსია იმისათვის, რომ ისევ თავიდან დაიწყო, ოღონდ ამჯერად გონივრულად, მარცხის, წარუმატებლობის მიზეზების გაცნობიერებით.
მარცხის ობიექტური შეფასება გაძლევს შესაძლებლობას, გაიაზრო შენი შეცდომები, სისუსტე. ადამიანს უნდა შეეძლოს, მიაღწიოს ყველაფერს, რასაც გულით ძლიერ ნატრობს. არ უნდა აშინებდეს რაიმეზე უარის თქმა, შემდეგ კი ისევ თავიდან დაწყება და ასე – სასურველ შედეგამდე. რადგან ნებისმიერი მარცხი თუ გამარჯვება ჩვენში, ჩვენს გონებაში იბადება ჯერ და სწორი აზროვნებით, მიდგომებით საბოლოო გამარჯვებაც შესაძლებელია.
მარცხი სასურველი ფაქტის, მიზნის მიუღწევლობის ფსიქოლოგიური განცდა, ფრუსტრირებულ მდგომარეობაში ყოფნაა.
მარცხს, წარუმატებლობას შეუძლია ადამიანისთვის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი როლის შესრულება, მთავარია, როგორ შევხედავთ და რამდენად ამოვიცნობთ იმას, რა მოქმედებას ითხოვს არსებული, უკვე მომხდარი ფაქტი ჩვენგან.
მარცხთან ობიექტურ, კონსტრუქციულ დამოკიდებულებებს ისეთი პიროვნული მახასიათებლები განაპირობებენ, როგორიცაა სიბრძნე, სიმამაცე, ჰუმანურობა, სამართლიანობა, ზომიერება.
მარცხის პირისპირ დგომას, რა თქმა უნდა, შინაგანი ძალა, საკუთარი თავისა თუ საზოგადოების მიმართ პატივისცემა და პასუხისმგებლობა ესაჭიროება. ადამიანს კი, საკუთარი თავისუფლებისგან მიღებული ძალის გარდა, სხვა ძალა არ გააჩნია. მარცხით, წარუმატებლობით, ცხოვრება, სინამდვილე გველაპარაკება, ეს ერთგვარი გაფრთხილებაა – სად, როდის, როგორ და რა უნდა მოვიმოქმედოთ. როცა მარცხი გამოცდილებად რჩება, ყოველთვის სასურველი შედეგიც მოაქვს. გამოცდილებად დატოვებული მარცხი ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილია, მთავარია, კარგი მოსწავლე იყო.
სასურველ მიზნამდე მისვლას ხშირად უამრავი სიძნელის გავლა სჭირდება. მას სხვადასხვა ტიპისა და სიმძაფრის წარუმატებლობები, ტკივილები, წუხილები ახლავს, ასეთია ცხოვრება!
დამარცხებით მოსული გამარჯვება საკუთარი თავისუფლებით მიღებული ჯილდოა – დამარცხებაზე აღებული პასუხისმგებლობის დიდი მადლი, თვითგამოხატვის ყველაზე სწორი აქტია.
როდესაც სხვადასხვა ურთიერთობასა თუ რთულ სიტუაციაში, დაპირისპირებისას და ა.შ ადამიანს უწევს კომპრომისზე წასვლა, ანუ დათმობა, და ამას დაუფიქრებლად აკეთებს – ეს ნიშნავს, რომ მარცხად არ აღიქვამს და ყველაფერი გაცნობიერებული აქვს. გამოდის, რომ დათმობა მარცხი არ არის და შეიძლება, პირიქითაც, პიროვნების გამარჯვების, მისი ძლიერებისა და კეთილშობილების მაჩვენებელი იყოს!