ფსიქოლოგიური დახმარება
-
ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მიღალატა, ახლა კი ცდილობს, ისევ მოიპოვოს ჩემი ნდობა და კეთილგანწყობა.ერთ მშვენიერ დღეს მან უბრალოდ შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა და სხვა გოგონას დაუმეგობრდა, ხოლო როცა იმ გოგონამ მისდამი ინტერესი დაკარგა, ისევ ჩემთან გამოიქცა. ყველანაირად ცდილობს ურთიერთობის აღდგენას, არ ერიდება პირფერობას. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე - ვაპატიო თუ არა? ლიზი, 17 წლის
ცხოვრებაში შეცდომა ყველას მოსდის. მთავარია, ამ შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შესაძლოა, თქვენი მეგობარი გულწრფელად ნანობს თავის საქციელს. ამ შემთხვევაში მომავალში უფრო მეტი ყურადღებით მოგექცევათ და გაუფთხილდება თქვენს ურთიერთობას. ხოლო თუ მომხდარმა ვერაფერი ასწავლა, შესაძლოა კვლავ გაიმეოროს თავისი ულამაზო საქციელი.
ასეა თუ ისე, მომხდარის შესახებ მაინც უნდა იმსჯელოთ. ნამდვილი მეგობრების შეძენას წლები სჭირდება. მათთან ერთად უნდა გადავიტანოთ ჭირი თუ ლხინი - მხოლოდ ეს შესძენს ურთიერთობას სიმტკიცეს. ყოველგვარი კონტაქტის ერთბაშად გაწყვეტას არ გირჩევთ - ეს ადვილია, აი, მეგობრობის შენარჩუნება კი გაცილებით რთული.
-
სიყვარულზე ვოცნებობ, მაგრამ ახალი რომანის წამოწყება ვერ გამიბედავს. სამი წლის წინ საყვარელ მამაკაცს დავშორდი. მას შემდეგ ურთიერთობა არავისთან მქონია. მთელი ენერგია და მონდომება კარიერას მოვახმარე. ბოლო ხანს კი სიყვარულის უზარმაზარ მოთხოვნილებას ვგრძნობ. მინდა, ყველაფერი გვერდზე მოვისროლო, ლოგინზე დავემხო და გულამოსკვნილმა ვიტირო... ლილიკო, 25 წლის
როგორც ჩანს, მწარე გამოცდილებამ მამაკაცების ნდობა შეგირყიათ. შიშის გადალახვა შეიძლება, თუ ირწმუნებთ, რომ ახალი ურთიერთობა სხვაგვარი იქნება. მხოლოდ სირთულეების გადალახვის შემდეგ ვაფასებთ გამარჯვების გემოს.
-
ბოლო ხანს წონა მოვიმატე და საკუთარი გარეგნობისა მრცხვენია. რამდენიმე თვეში ნამდვილი კომპლექსი ჩამომიყალიბდა. თუმცა არც ისე ბევრი მაქვს მომატებული, მაგრამ შესამჩნევად გამეზარდა მკერდი, თეძოები გამომეკვეთა. მათ დასამალად დიდი ზომის ტანსაცმელს ვატარებ. გახდაც კი მრცხვენია. როგორ დავაღწიო თავი უხერხულობის შეგრძნებას? ეკა, 19 წლის
ბუნება არ გვაძლევს საშუალებას, ყოველთვის ისე გამოვიყურებოდეთ, როგორც გვსურს. ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია სქესობრივ მომწიფებასთან, ორსულობასთან, მშობიარობასთან, თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს გარეგნობაზე. ეცადეთ, გარეგნობაზე ნაკლებად იფიქროთ. თუ ადამიანს თავისი გარეგნობისა რცხვენია, ამას გარშემო მყოფები მყისვე ამჩნევენ. ამასთან, დაიმახსოვრეთ: ურთიერთობისთვის გარეგნობა არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარი შინაგანი სამყაროა, ის უნდა გქონდეთ ლამაზი და მდიდარი. უნდა გწამდეთ საკუთარი თავის - ამით ბევრს მოხიბლავთ. ხშირად მომხიბვლელი სხეულის მიღმა სრული სიცარიელეა, რაც ადამიანს ინტერესს უკარგავს.
-
ქმარს გავეყარე, რამდენიმე ხნის შემდეგ კი დამირეკა ადამიანმა, რომელსაც 18 წლის ასაკში ვხვდებოდი. ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. მაშინ არაკეთილმოსურნეთა ჩარევის გამო ერთმანეთს დავშორდით. ახლა მან ადრე დაშვებული შეცდომის გამო პატიება მთხოვა. ორივე უსიყვარულოდ დავქორწინდით... ჩვენ ახლაც გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მე არ მინდა, ოჯახი დაენგრეს, არ მინდა, სხვა ქალის უბედურების მიზეზი გავხდე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თამთა, 29 წლის
თქვენი მღელვარება გასაგებია - რაკი ამდენი ხნის შემდეგ ისევ გიყვართ ერთმანეთი, ესე იგი პირველი სიყვარული მართლაც ძლიერი იყო. მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. თუ თქვენ უყვარხართ, ის ვერ შეძლებს ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას. ნურც სხვის ნაცვლად მიიღებთ გადაწყვეტილებას. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა გულახდილი საუბარი საყვარელ მამაკაცთან. გულწრფელად უამბეთ მას თქვენი განცდების შესახებ და გამოსავალი ერთად მოძებნეთ.
-
ჩემმა მეუღლემ იდეალური თანამოსაუბრე იპოვა - ჩვენი მეზობელი ქალი. საქმე იქამდეც კი მივიდ, რომ ის ქალი ჩემს ქმარს სამსახურში გასატანებლად ნამცხვრებსა და ღვეზელებს უცხობს. მე ვთხოვ ქმარს, შეწყვიტოს მასთან ურთიერთობა, ის კი მპასუხობს, რომ მას ამ ქალთან საუბარი სიამოვნებს. როგორ მოვიქცე? ირინა, 25 წლის
ნებისმიერი ჩვენგანი მიისწრაფვის, იპოვოს ადამიანი, რომელიც მოუსმენს და გაუგებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სქესისა და ასაკისა იქნება თანამოსაუბრე. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობს თქვენი ქმარიც. შეეცადეთ, თავადაც უფრო ხშირად ესაუბროთ მეზობელ ქალს, იპოვოთ საერთო თემები და, შესაძლოა, ინტერესებიც. იქნებ ის თქვენც დაგიმეგობრდეთ. ასეა თუ ისე, როდესაც დაუახლოვდებბით, უკეთ გაიცნობთ მას და უფრო რეალურად შეაფასებთ სიტუაციას.
-
მე და ერთი ბიჭი დიდი ხანია ვმეგობრობთ. მას ადრე ჩემი მეგობარი გოგონა უყვარდა, მაგრამ მას სხვა მოსწონდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით, ინტერნეტით, ერთხელ სიყვარულიც ამიხსნა. მე გავბრაზდი. მერე მითხრა, გეხუმრეო. ერთხანს აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მერე დამირეკა, ანაობა მომილოცა და შევრიგდით. სიყვარულზე არაფერს ამბობს, მე კი შემიყვარდა. არ ვიცი რა ვქნა. ანა, 15 წლის
ის, რომ მას შენი მეგობარი უყვარდა, ცოტა არ იყოს, საჩოთირო ამბავია, მაგრამ როგორც ჩანს, შენი დაქალი არ თანაუგრძნობდა და ამიტომ არაფერი გამოუვიდათ. იქნებ შენ მიმართ მართლა გაუჩნდა გრძნობა და რომ გაუბრაზდი, ახლა ამიტომაც დუმს. აგრძნობინე, რომ გიყვარს. თუ თვითონაც იმავეს გრძნობს, აუცილებლად მიხვდება.
-
როგორ უნდა აღადგინო ურთიერთობა ღალატის შემდეგ? ნდობა ხომ დაიკარგა... თავდაპირველად თვითონ ქმარმა მოითხოვა განქორწინება, მერე თვითონვე დაიხია უკან და გადაწყვეტილება შეცვალა. მაშინ მე ავიღე ინიციატივა საკუთარ ხელში და ცხოვრება, რომ იტყვიან, სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვარ მშვიდად, გამუდმებით მღრღნის ეჭვი, ქმარს აღარ ვენდობი... როგორ მოვიქცე? თამარი, 32 წლის
სამწუხაროდ, თქვენი ეჭვი უსაფუძვლო არ არის. რატომ? ინიციატივით, ხელახლა აგეწყოთ ოჯახური ცხოვრება, მეუღლეს თავიდან ააცილეთ პასუხისმგებლობა ჩადენილის გამო, მდგომარეობა შეუმსუბუქეთ და ამით უბიძგეთ, ისევ ისე მოქცეულიყო. ეცადეთ, გულახდილად გაესაუბროთ, გაარკვიოთ, რატომ გაუწია გულმა სხვისკენ. იქნებ აკლია სინაზე, ყურადღება, მზრუნველობა და ცდილობს, ეს ყველაფერი სხვაგან იპოვოს. დაინტერესდით მისი სურვილებით, მოთხოვნილებებით. იქნებ ასეთი საუბრის შემდეგ თვითონვე მიხვდეთ, როგორ მოიქცეთ, რომ თქვენს ქმარს სხვისკენ გახედვა აზრადაც აღარ მოუვიდეს.