სიყვარული თუ გატაცება
უამრავ ადამიანს აწუხებს კითხვა, როგორ გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, არ დაუშვას შეცდომა და განასხვაოს გატაცება ჭეშმარიტი სიყვარულისაგან. გამოვყოთ ნამდვილი სიყვარულის თუნდაც რამდენიმე ძირითადი თავისებურება. ნორმალურ საზოგადოებაში არსებობს ობიექტური წანამძღვრები სიყვარულის განვითარებისა და გაფურჩქვნისთვის.
მისი უმაღლესი ზნეობრივი ღირსება თითქმის საყოველთაოდ არის აღიარებული. სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მისი სიღრმე და შინაარსობრივი სიმდიდრე დამოკიდებულია კონკრეტული პიროვნების განვითარების დონეზე. სიყვარულის არსი ისაა, რომ ბუნება ზრუნავს ადამიანის მოდგმის შენარჩუნებასა და გამრავლებაზე, მაგრამ ყველაფერი ამით რომ შემოიფარგლებოდეს, ადამიანი ცხოველებზე მაღლა არ იდგებოდა. მაშასადამე, ერთი ადამიანის ხორციელი სწრაფვა მეორისადმი სიყვარულის მხოლოდ ერთი ელემენტია, რომლის განვითარებას მოჰყვება მაღალი, უფრო სულიერი და ზნეობრივი მომენტები. სიყვარული მოიცავს ადამიანურ ურთიერთობათა მთელ სიმდიდრეს, მისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ფიზიკური გატაცება, არა მხოლოდ ინტელექტის საერთო განვითარება, არამედ უფრო მეტად პიროვნების ზნეობრივ-ფსიქოლოგიური და ემოციურ-ესთეტიკური განვითარების მაღალი დონე.
როგორ განვასხვაოთ სიყვარული მისი მსგავსი გრძნობისგან? ამ კითხვით ხშირად მიმართავენ ახალგაზრდებს. მათ ხშირად უჭირთ პასუხის გაცემა. სირთულე მხოლოდ ის როდია, რომ თვით გრძნობაა განსაცვიფრებლად მდიდარი და განუმეორებელი; სიყვარული ხშირად უკავშირდება, გადაეხლართება და ერწყმის სხვა გრძნობებს – სიმპათიას, გატაცებას, ლტოლვას, ტრფიალს. იქ, სადაც სიყვარული გამოიხატება მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, სადაც ადამიანი ტკბობას ეძებს მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეში – გარდაუვალია იმედის გაცრუება. როცა ნამდვილად უყვართ, შეყვარებული ისე ექცევა სატრფოს, როგორც საკუთარ თავს, ისწრაფვის უპირველესად საყვარელი ადამიანის სურვილის შესასრულებლად.
ჭეშმარიტი სიყვარული უმეტესად გულწრფელი მეგობრობით, დროითა და ცხოვრებისეული სირთულეებით გამოცდილი უკეთილშობილესი, წრფელი გრძნობაა. სირთულეები, განშორებითა და დროით გამოცდა ნამდვილ სიყვარულს აძლიერებს, ხოლო თუ ცრუს ასუსტებს, ფრანგი მწერალი როჟე დე ბიუსი-რაბიუტენი წერდა: „განშორება სიყვარულისთვის იგივეა, რაც ქარი ცეცხლისთვის – სუსტს აქრობს, ხოლო ძლიერს აღვივებს“. დიდ სიყვარულს შეუძლია, გარდაქმნას ადამიანი, გახადოს უფრო წმინდა, უკეთესი, ძლიერი, ბრძენი. სიყვარულს შეუძლია, თავდაყირა დააყენოს მთელი მისი ცხოვრება. ეს გასაგებიცაა, ნამდვილად შეყვარებული ადამიანი ცხოვრობს სულიერად მდიდარი, შთაგონებული ცხოვრებით. საპასუხო სიყვარულის გამოწვევისკენ სწრაფვა მასში აღძრავს თავდადებას, სულგრძელობას, ერთგულებას, ვაჟკაცობას და სხვა საუკეთესო ადამიანურ თვისებებს, მძაფრდება შეყვარებულის კეთილდღეობისა და ღირსებისთვის საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ შინაგანი მოთხოვნილების შედეგად წარმოშობილი პასუხისმგებლობა შეუმჩნევლად გვიბიძგებს, თავი შევიკაოთ ეგოისტური საქციელისაგან, უარი ვთქვათ მთელ რიგ სიამოვნებაზე და გავხდეთ უფრო მიზანსწრაფულნი.
ძლიერი, შეყვარებული და საპასუხო გრძნობაში დარწმუნებული ადამიანი მზად არის გაუძლოს განსაცდელს, გასაჭირს, ყველაფერი იღონოს საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის. ნამდვილი გრძნობა აღვიძებს მუდმივი მეგობრული ურთიერთობისა და სულიერი სიმდიდრის მოთხოვნილებას, საკუთარი თავის სრულყოფის, ნაკლოვანებების აღმოფხვრის სურვილს. იგი წარმოუდგენელია საყვარელ ადამიანში პიროვნების, თანასწორობის აღიარების გარეშე, იმ რწმენის გარეშე, რომ შეყვარებულს შენთვის სიხარული, ბედნიერება მოაქვს. სიყვარული დიდხანს ვერ უძლებს განსხვავებულ ან საპირისპირო ინტერესებს, მაგრამ ძლიერი გრძნობის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია გადალახოს ეს კონფლიქტი. ამასთან, ინტერესთა ერთობა არ უნდა გავიგოთ, როგორც ყველაფერში თანამოაზრეობა. სიყვარულში მთავარია ორმხრივი ლტოლვა, ოღონდ ისე, რომ ამას მსხვერპლად არ შეეწიროს ცხოვრებისეული პრინციპები, რომლებიც პიროვნების საფუძველს წარმოადგენს.
ზოგჯერ შეყვარებული ვერ ამჩნევს საყვარელი ადამიანის სერიოზულ ნაკლოვანებებს, მის უარყოფით ქცევას. შეიძლება თუ არა, თავიდან ავიცილოთ „ბრმა სიყვარული“? როგორც ჩანს, ყოველთვის არა, უმეტესად კი შესაძლებელია. სიყვარულის განცდისთვის საჭიროა მზაობა, სრულყოფილი წარმოდგენა სიყვარულზე, უნარი, გააანალიზო საყვარელი ადამიანი და მისი ჭეშმარიტი ღირსებები მოჩვენებითისგან განასხვაო, ჩასწვდე მის სულს, გაიგო მისი განცდები და მისწრაფებები. მოკლედ, აუცილებელია მაღალი ეთიკური ფსიქოლოგიური კულტურა. თუ ადამიანი ფლობს ასეთ სიმდიდრეს, მაშინ მასში სიყვარული უფრო ხშირად მომწიფებულია და იგი შეყვარებულში აღმოაჩენს ისეთ თვისებებს, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ.
ხშირად გაიგონებთ: „ქალი ჯობია“, „ვაჟი უფრო უკეთესია“, „რა ერთმანეთის შესაფერისები არიან!“ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ადამიანის ფარული ღირსება, რომელიც მისმა პარტნიორმა დაინახა და დააფასა. ეს შერჩევითი სიყვარულია, და ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. არჩევითობა სიყვარულის მართლაც საკვირველი თავისებურებაა.
იგი საშუალებას იძლევა, ადამიანი გამოვარჩიოთ მრავალთაგან, აღმოვაჩინოთ მასში რაღაც განუმეორებელი, ახლობელი, ძვირფასი. ამასთან ერთად, საყვარელი ადამიანის განუმეორებელი პიროვნული თვისებები სულიერად ამდიდრებს შეყვარებულს, აფართოებს მის ინტერესებს, აღაფრთოვანებს მას. სიყვარულის ეს სასწაულმოქმედი ძალა, რაღა თქმა უნდა, ჩნდება გრძნობათა თანაზიარობის დროს. არის თუ არა სიყვარული უკონფლიქტო გრძნობა? თვით არაჩვეულებრივ ადამიანებს შორისაც კი, რომლებსაც ერთმანეთი მხურვალედ უყვართ, ხდება კონფლიქტები და, როგორც ჩანს, ისინი გარდაუვალია. კონფლიქტისთვის მრავალი მიზეზი არსებობს: მრავალრიცხოვანი ცხოვრებისეული სირთულე, განსხვავებული წარმოდგენები სიყვარულსა და საოჯახო ცხოვრებაზე, ბედნიერების დაკარგვის შიში, შეყვარებულის გადამეტებული სწრაფვა, საყვარელი ადამიანი რაც შეიძლება მეტად შეესატყვისებოდეს მის იდეალს და სხვა. მაგრამ ეს კონფლიქტები უფრო იშვიათი და ადვილად გადასაჭრელია და, როგორც წესი, არ არღვევს მზრუნველ, ფაქიზ, გულწრფელ, ნდობით აღსავსე ურთიერთობას, ხელს არ უშლის შეყვარებულებს, მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში ერთმანეთის იმედი და დასაყრდენი იყვნენ. ზოგჯერ ხელსაც კი უწყობს პარტნიორებს საუკეთესო თვისებების რეალიზაციაში. ამ კონფლიქტებს თუ სწორად მოვეკიდეთ, ორივე მხარისთვის შეიძლება ჰქონდეს აღმზრდელობითი მნიშვნელობა. ნამდვილ გრძნობაში ჰარმონიულადაა შეხამებული როგორც ორმხრივი სიყვარულის, ისე საყვარელი ადამიანისთვის უანგარო თავდადების, მასზე ზრუნვის მოთხოვნილება. ნამდვილი სიყვარული წარმოშობს ქორწინების, ოჯახის შექმნის მოთხოვნილებას, ხოლო თუ ორის ურთიერთობაში ასეთი მოთხოვნილება არ არსებობს, სიყვარულის სრულფასოვნება და ჭეშმარიტება საეჭვოა.
ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ, ცხოვრებაში რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს. პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რას ვგულისხმობთ სიყვარულში. მეტ-ნაკლებად ძლიერი გატაცება შეიძლება სწრაფად და მოულოდნელად გაჩნდეს, მაგრამ ასევე სწრაფად ამოიწუროს, იმედგაცრუებითა და გულგრილობით შეიცვალოს. შემთხვევით გატაცებებს თავქარიანი ადამიანები ხშირად ფიზიკურ სიახლოვემდე მიჰყავს. თუ სიყვარულად ასეთ გატაცებას მივიჩნევთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ადამიანს შეიძლება მრავალჯერ უყვარდეს. ჭეშმარიტი სიყვარული შეუთავსებელია უხამსობასა და ცინიზმთან. აქ პირველ ადგილზეა ურთიერთპატივისცემა, თავშეკავება, თავგანწირვაც კი საყვარელი ადამიანისთვის, ამიტომ მოდურად მიიჩნიო ინტიმური კავშირისადმი ზერელე დამოკიდებულება, ეს ან მამაკაცის თავხედობა, ან თავისებური ფსიქიკური ანომალიაა. ასეთი მოდით ნაკარნახევი ურთიერთობის დროს ადამიანები შინაგანად პატივს არ სცემენ ერთმანეთს, პარტნიორში ვერ ხედავენ პიროვნებას. ეს მომხმარებლური დამოკიდებულებაა. გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ამ წმიდათაწმიდა გრძნობას არასოდეს მიაკარებს საეჭვო „მოდის კანონს“.
ნამდვილი სიყვარული ადამიანებს ყოფაქცევის საკუთარ სტილს კარნახობს. ამ მხრივ არსებითი განსხვავებაა სიყვარულსა და მის იმიტაციას შორის. სიყვარულისთვის მოდა მსახურია, იმიტაციისთვის – ქალბატონი. ადამიანები, რომლებსაც მაღალი მორალური თვისებები და ძლიერი ნებისყოფა აქვთ, არ ემორჩილებიან ცრუ მოდის გამხრწნელ ზეგავლენას, რაც ხელს უწყობს მათი სიყვარულის სილამაზეს, სიღრმესა და სიმტკიცეს. ეს გრძნობა ვითარდება, მტკიცდება და მდიდრდება ოჯახში. ხშირად ასეთი სიყვარული მთელი სიცოცხლე გრძელდება. როგორც ჩანს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ და შეურყეველ ტენდენციად. სიყვარული რთული და უაღრესად ინდივიდუალური გრძნობაა. თვით ნამდვილი სიყვარულის ხანგრძლივობაც კი, განსაკუთრებით მამაკაცის სიყვარულისა, სრულიად სხვადასხვაა. არ შეიძლება, დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ აბსტრაქტულად. ცხადია, საქმე ის კი არ არის, გიყვარდა თუ არა ადრე, არამედ ის, შეინარჩუნე თუ არა კეთილშობილება და სულიერი მგზნებარება, შინაგანი სიწმინდე და ახალგაზრდობა, რომელთა გარეშე სიყვარული შეუძლებელია.
საზოგადოება დაინტერესებულია, ახალგაზრდების სიყვარული იყოს ნამდვილი და ბედნიერების მომტანი. რატომ? ახალგაზრდებს, რომელთაც სიყვარულის უნარი არ შესწევთ, ხშირად ცარიელი ცხოვრება აქვთ. ისინი ვერ აღწევენ პიროვნული განვითარების გარკვეულ დონეს, მათ არ სჩვევიათ ის დიდი, რთული და, ამასთანავე, გამაკეთილშობილებელი სულიერი ჯაფა, რომელსაც სიყვარული მოითხოვს. ეს კი ხელს არ აძლევს საზოგადოებას, რომელიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული იმით, რომ ახალგაზრდა თაობა სულიერად მდიდარი, ყოველმხრივ განვითარებული იყოს. თუ ახალგაზრდებს ნამდვილი გრძნობით უყვართ ერთმანეთი, მაშინ ქორწინება იღბლიანია, ოჯახი – მტკიცე, იზრდებიან კარგი შვილები, ღირსეული მომავალი თაობა. სანამ ადამიანს სქესობრივი ლტოლვა ეწვევა, იგი სულის სილამაზით უნდა მოიხიბლოს, განიცადოს ზნეობრივი სიყვარული. მხოლოდ ამ პირობით შეიძლება, სიყვარული იყოს ერთადერთი, განსაკუთრებული. ჭეშმარიტი სიყვარულის დროს გონება ეხმარება გრძნობას, ავსებს მას ზნეობრივი ძალით, აკეთილშობილებს სულს.
სიყვარული ადამიანისთვის უდიდესი მოვლენაა. მის წიაღში ყალიბდება ურთიერთობის ახალი სისტემა, ჩნდება ახალი მოვალეობები – საყვარელი ადამიანის, საკუთარი თავის, ახლობლების, საზოგადოების წინაშე. ახლა მასზე იმსჯელებენ არა მარტო იმით, თუ როგორ შრომობს, როგორი ურთიერთობა აქვს მეგობრებსა თუ სხვა ადამიანებთან, არამედ იმითაც, როგორი სიყვარული შეუძლია. ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა.