შვებულების შემდგომი პრობლემები
გეჩვენებათ, რომ მზის, ზღვისა და ქარის ენერგიით აღვსილი, დასვენებული, განტვირთული და გაკაჟებული მთებს შეერკინებით, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ საქმე არც ისე კარგად არის: სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, გულს ვერაფერს უდებთ. ნუ გაგიკვირდებათ - ეს შვებულების შემდგომი სინდრომია.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს გვერდს ვერ აუვლის ვერც დიდი და ვერც პატარა, ვერც უფროსი და ვერც ხელქვეითი და ის, სულ მცირე, 7-10 დღეს გასტანს. როგორ გადავლახოთ იგი?
"დიახ, ძნელია, განწყობა არ მაქვს, მეზარება, მაგრამ საჭიროა!" - ამ სიტყვებს გულში იმეორებს ყველა, ვინც ცდილობს, შვებულების შემდეგ სამუშაოსთვის განეწყოს. თუმცა უმეტესად მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. ამიტომ უმჯობესია, თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება სასიამოვნო საქმით დაიწყოთ. სამუშაო, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, დასვენებისას მოკრებილი ენერგიით იკვებება, საქმე პირდაპირ იწვის თქვენს ხელებში, მერე კი ეს "ცეცხლი" სხვა საქმეებსაც მოედება.
იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც გიმძიმთ და არ გიყვართ, უმჯობესია შეუდგეთ მაშინ, როცა კრიზისი ჩაივლის - შვებულების დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ. არასასიამოვნო სამუშაოს ფსიქოლოგები ბაყაყს ადარებენ, რომლის შეჭმაც აუცილებელია. რაც უფრო მეტხანს შეჰყურებთ მას, ფიქრობთ, საიდან ჩაკბიჩოთ, მით უფრო მეტ ზიზღს იწვევს ის, ამიტომ სჯობს, ერთბაშად გადაყლაპოთ. მაშინ ყოველი მომდევნო საქმე სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. თუ ასეთი სამუშაო ორი ან მეტია, ფსიქოლოგები გვირჩევენ დავიწყოთ ყველაზე არასასიამოვნოთი და მაშინვე გადავიდეთ მომდევნოზე.
* * *
დასვენების პერიოდში დაგროვილი ემოციების შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მშობლიურ ოფისში დაბრუნებისას თავს ვერ იკავებთ, რომ არ იტრაბახოთ და თავი არ მოიწონოთ ფოტოსურათებითა და შთაბეჭდილებებით, რომლებიც შვებულებაში ყოფნისას უხვად დაგიგროვდათ. თანამშრომლებთან გულითად საუბარში ერთვებით, თუმცა სიფრთხილეც საჭიროა - ყველა აღფრთოვანებული ვერ დარჩება, ზოგს შეშურდება კიდეც.
სამსახურში ყველა ჩვენგანი გარშემორტყმულია სამი კატეგორიის ადამიანებით: ახლობლებით, ნეიტრალურებით და შეუთავსებლებით.
პირველ კატეგორიასთან ჩვენ იმდენად მჭიდრო კონტაქტი გვაქვს, რომ დასვენების შემდეგ მხურვალე ხვევნა-კოცნით ვხვდებით. ჩვენ მათ ვესაუბრებით ბავშვებზე, ოჯახურ და პირად პრობლემებზეც კი. მეორე კატეგორიის ადამიანებთან ტაქტიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ამის იქით არ მივდივართ, მესამე კატეგორიას კი ე.წ. მორიელები მიეკუთვნებიან. ესენი არიან ადამიანები, რომელთა სიახლოვე თქვენში დისკომფორტს იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეფუძნება ეს შეუთავსებლობა - იდეოლოგიას, ბიოენერგეტიკას თუ რელიგიურ შეხედულებებს: მორიელები ყოველთვის მწარედ, მტკივნეულად და უმიზეზოდ იკბინებიან.
უნდა გახსოვდეთ: დადებითი ემოციების გაზიარება მხოლოდ ახლობელ და ნეიტრალურ თანამშრომლებთან შეიძლება. "სისხლისმწოველებზე" პოზიტივი ისე მოქმედებს, როგორც ხარზე - წითელი მოსასხამი. შური და ეგოიზმი მას თავდასხმისკენ უბიძგებს. როცა თქვენ შთაბეჭდილებებზე საუბრობთ, იხსნებით და უმწეო ხდებით. ასეთ დროს თქვენი გულისტკენა ადვილია.
* * *
დასვენების შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება არა მარტო გონებას, არამედ სხეულსაც. ყველაზე მეტად ზარალდება თმა და კანი, რომლებსაც მზე წვავს. კანისგან განსხვავებით, თმა უფრო ნაკლებ უსიამოვნებას აყენებს პატრონს, ამიტომ ის უფრო ხშირად ხდება გაუფრთხილებლობის მსხვერპლი. ზღვის წყალში შემავალი მარილი სასიკეთოდ მოქმედებს თავის კანზე, მაგრამ თმის ბოლოებს მარაოსავით შლის. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ბევრს შხაპის მიღება ავიწყდება, შედეგი კი გაუხეშებული, გამომშრალი თმაა. ყველაზე მართებული გადაწყვეტილებაა, სალონში წახვიდეთ და თმის გაუხეშებული ბოლოები შეიჭრათ.
კანი გაცილებით მომთხოვნია და გაიძულებთ, მასზე შვეულების პერიოდშივე იზრუნოთ. თმაც, კანიც და კიდურებიც თანდათან უნდა დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფიზიკურ ადაპტაციას, როგორც წესი, მოჰყვება ფსიქოლოგიურიც და თქვენ უკვე უწინდელ ფორმაში ხართ.
* * *
საზაფხულო არდადეგების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმთან შეგუება განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, გამორჩევით - პირველკლასელებს. ბავშვი თანდათან უნდა შეეჩვიოს დღის რეჟიმს, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დატვირთვას. პირველ 2-3 კვირას მწვავე ადაპტაციის პერიოდს უწოდებენ, თუმცა პირველკლასელებისთვის ეს პერიოდი 2-6 თვე, ზოგჯერ მთელი წელიც გრძელდება. ამ პერიოდში ახალ გავლენებსა და შთაბეჭდილებებს ბავშვის ორგანიზმი და ფსიქიკა დაძაბულობით პასუხობს, რის გამოც სწავლის დაწყების პირველსავე თვეს პირველკლასელები ავად ხდებიან.
მომდევნო ეტაპია არამდგრადი, მერყევი შეგუება - ბავშვის ორგანიზმი ახალ პირობებზე რეაქციის მისაღებ ვარიანტებს არჩევს. ამის შემდეგ დგება შედარებით მყარი შეგუების პერიოდი - დატვირთვებზე ბავშვის ორგანიზმი უფრო ნაკლები დაძაბულობით რეაგირებს. ადაპტაციის სიმპტომები სრულიად სხვადასხვაგვარია. ცვლილებები შეინიშნება ბავშვის ქცევაშიც - გროვდება უამრავი გრძნობა და ემოცია.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: თუ ბავშვს მძაფრი რეაქცია აქვს ახალ გარემოზე, ძალდატანება არ შეიძლება. სასკოლო რეჟიმთან შეგუება ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მოხდეს.