ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • ბოლო დროს ხშირად ვშფოთავ უმიზეზოდ, განსაკუთრებით - ძილის წინ. თავს ვერ ვერევი. ვერ გამიგია, რა ხდება ჩემს თავს. ნატო, 17 წლის.

შეეცადეთ, როგორმე იპოვოთ შფოთვის მიზეზი. ძილის წინ, როცა მოუსვენრობა და შფოთვა შეგიპყრობთ, ფიქრით თვალი გადაავლეთ იმ დღის მოვლენებს, დააკვირდით თქვენს შეგრძნებებსა და განცდებს, რომელი მოგონების დროს უფრო ძლიერდება ისინი და როდის წყნარდება. შეგიძლიათ დახატოთ კიდეც თქვენი შიში, ემოციები, შემდეგ ფურცლის მეორე მხარეს აღწეროთ თქვენი მდგომარეობა, ბოლოს ფურცელი დაჭმუჭნოთ და გადააგდოთ.

  • იმის გამო, რომ კარგად ვსწავლობ, თანაჯგუფელებმა ამითვალწუნეს. ჩვენს უნივერსიტეტში არიან პედაგოგები, რომელთა ლექციებს თითქმის ყველა აცდენს. მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვან სტუდენტთაგან, რომლებიც მათ ლექციებს ესწრებიან. ამის გამო თანაჯგუფელებთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა მაქვს. სოფო, 18 წლის

როცა ვინმე უმრავლესობას უპირისპირდება, ეს ყოველთვის უკმაყოფილებას იწვევს. თქვენ ესწრებით ლექციებს, რომლებსაც ბევრი აცდენს. თანაჯგუფელები ამას აღიქვამენ როგორც სურვილს, ლექტორებს თავი მოაწონოთ. ეცადეთ, როგორმე ეს სიტუაცია თქვენთვის სასიკეთოდ შემოაბრუნოთ: საქმე ისე წარმოაჩინეთ, თითქოს ამ მოსაწყენ ლექციებს მხოლოდ იმისთვის ესწრებით, რომ შემდეგ დანარჩენებს ტესტები და კონსპექტები გადააწერინოთ. როცა თქვენი თანაკურსელები თქვენს "სეპარატიზმში" სარგებლობას დაინახავენ, ალბათ ლოიალურნი გახდებიან.

  • მყავს შეყვარებული. როცა გავიცანი, ჩემი ოჯახის შესახებ ტყუილი ვუთხარი - რომ ჩემი მშობლები დიპლომატები იყვნენ, რომ მე ინგლისში ვსწავლობდი... არ მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე შორს წავიდოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთმანეთის მიმართ სერიოზული გრძნობები გაგვიჩნდა, ახლა კი მას ჩემი მშობლების გაცნობა სურს. როგორ გავუმხილო სიმართლე? ვაითუ მიმატოვოს? ნათია, 20 წლის

სიმართლე უნდა უთხრათ. სხვაგვარად გამუდმებით მოგიწევთ საბაბის ძებნა, რომ თქვენი შეყვარებული თქვენს მშობლებს არ შეხვდეს. შედეგად მან შესაძლოა იფიქროს, რომ არასერიოზულად ეპყრობით. თუ სიმართლე სხვისგან შეიტყო, უარესი იქნება. შეარჩიეთ მომენტი, როცა თქვენი შეყვარებული კარგ გუნებაზე იქნება და ყველაფერში გამოუტყდით.

  • სულ მთლად დავკარგე დედის ნდობა - მას საერთოდ არ შეუძლია საიდუმლოს შენახვა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მეშინია, რაიმე ვუამბო ჩემ შესახებ - ძალიან უყვარს ჩემი ამბების განხილვა თავის მეგობრებთან. არანაირი თხოვნა, საიდუმლოდ შეინახოს ჩემი ნაამბობი, არ ჭრის! ანა, 26 წლის

ალბათ დედა ამაყობს თქვენი წარმატებებითა და მიღწევებით, ჰოდა, ბუნებრივია, უჩნდება მოთხოვნილება, ვინმეს გაუზიაროს თავისი სიხარული. ალბათ იმავეს განიცდით თქვენც, როცა ჩქარობთ, ახალი ამბები დედას შეატყობინოთ, თუმცაღა იცით, რომ მას საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია. დედას გაჩუმებას ვერ მოსთხოვთ; უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ და არაფერი უთხრათ იმის შესახებ, რაც არ გსურთ განხილვის საგანი გახდეს.

  • ჩემს შეყვარებულს ჩემი მეგობრებისა რცხვენია. საკმარისია, ჩემი დაქალების კომპანიაში აღმოჩნდეს, რომ მაშინვე თავის თავში იკეტება, დუმს ან უხალისოდ პასუხობს მათ, თუმცა სხვა დროს საკმაოდ თავდაჯერებულია. არ მესმის, რა ხდება. მარი, 23 წლის

ალბათ თქვენს შეყვარებულს ეშინია, თუ იაქტიურა და თქვენს დაქალებთან კარგი ურთიერთობა დაამყარა, არ იეჭვიანოთ. აუხსენით, რომ არ გეწყინებათ, თუ თქვენს მეგობრებს დროდადრო კომპლიმენტებს ეტყვის, არც მცირე ფლირტი და მათდამი მეგობრული დამოკიდებულება გაგაღიზიანებთ. შეეცადეთ, მხარი აუბათ თქვენს შეყვარებულს ხუმრობაში, ჩაერთოთ მის მიერ წამოწყებულ საუბარში, რათა თავი გარიყულად არ იგრძნოს.


  • ჩემი მეგობრის ბიჭუნა ხელს უშლის ჩვენს ნორმალურ ურთიერთობას. ის ჯერ პატარაა, მაგრამ უზომოდ ჭირვეული. მისი გადამკიდე, საუბარსაც ვერ ვახერხებთ - ხან რას ითხოვს და ხან - რას. ჩემს მეგობარსაც ყურადღება წამდაუწუმ მასზე გადააქვს. მე კი ეს საშინლად მაღიზიანებს. ელენე, 29 წლის

აზრი არ აქვს მეგობრის შვილთან კონკურენციას - მისი ნებისმიერი თხოვნა თქვენი მეგობრისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. ჯობს მოიფიქროთ, როგორ შეიძლება ბავშვის "ნეიტრალიზება". მაგალითად, მიუტანეთ რამე სათამაშო ან თავსატეხი - ნახევარი საათი გარანტირებული გაქვთ.

  • ვმუშაობ კომპანიაში, სადაც ფსიქოლოგიური სამსახური რეგულარულად მართავს ტრეინინგებს, რომელთა მიზანი კოლეგების ერთ გუნდად შეკვრაა. თანამშრომლები დაძვრებიან ხეებზე, დახტიან ტომრებით და უამრავ სხვა სისულელეს აკეთებენ. ბევრს ასეთი გართობა მართლაც მოსწონს, მე კი მაღიზიანებს; ასეთ დროსტარებაში ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ. ანა, 34 წლის

იმ კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ასეთ გართობაში მონაწილეობენ, თქვენ მკვეთრად მიჯნავთ ერთმანეთისგან სამუშაოსა და პირად ურთიერთობას. ამიტომაც ვერ ხედავთ ამ თამაშების სასიკეთო როლს, რომელიც არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ, ერთმანეთისადმი ნდობის ამაღლებისკენ არის მიმართული. თუმცა თქვენ მაინც შეგიძლიათ მიიღოთ აქედან სარგებლობა. ცნობილია, რომ არასტანდარტულ სიტუაციაში ადამიანები ადვილად იხსნებიან. თუ მორიგი ღონისძიების დროს მეტ დაკვირვებას გამოიჩენთ, აუცილებლად შეამჩნევთ პოტენციურ თანამოაზრეებსაც და არაკეთილისმსურველებსაც.

  • უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობ, მაგრამ თავს ძალას ვატან, რადგან სწავლა საშინლად მოსაწყენი მეჩვენება. ინსტიტუტში მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ჩავაბარე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ნებისყოფა მღალატობს. სწავლის გაგრძელება აღარ მინდა, მაგრამ არც ის ვიცი, რა ვაკეთო, როგორ ვიპოვო საკუთარი თავი. ლანა, 20 წლის

შემოქმედებითმა ძიებამ შესაძლოა მრავალი წელი გასტანოს. თუ პასიურად დაელოდებით, როდის გამოიკვეთება თქვენი ჭეშმარიტი მისწრაფება, ამან შესაძლოა უამრავი დრო დაგაკარგვინოთ. ეცადეთ, ანგარიში გაუწიოთ არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და მიდრეკილებებს, არამედ იმის პრაქტიკულ მნიშვნელობასაც, რასაც ახლა აკეთებთ. უმაღლესი განათლების დიპლომი მომავლის ერთგვარი გარანტიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუტში სწავლისას ტყუილ-უბრალოდ არ იხარჯებით. სწავლისგან თავისუფალ დროს კი შეგიძლიათ ძალა სხვა სფეროშიც მოსინჯოთ.

  • ჩემი მშობლები მთელ დროს ტელევიზორთან ატარებენ. სხვა საქმე, სხვა გასართობი არ აქვთ. გამუდმებით ვცდილობ, შინიდან გავიტყუო, სადმე წავიყვანო, რამით დავაინტერესო, მაგრამ მათ მხოლოდ სერიალები და გასართობი გადაცემები აინტერესებთ. როგორ მოვიქცე? სალომე, 32 წლის

გარდა ინფორმაციისა, ტელევიზია ადამიანს აძლევს მომხდარ მოვლენებში მონაწილეობის განცდას, შეაქვს მის ცხოვრებაში სტაბილურობისა და წესრიგის ელემენტი. მაგალითად, თქვენი დედ-მამა შეჩვეულია სადილობას სერიალის შემდეგ ან ვახშმობას საინფორმაციო გადაცემის დაწყებამდე. თუ გსურთ, მათი ცხოვრების წესი შეცვალოთ, მოგიწევთ, შექმნათ სხვა ტრადიცია. მაგალითად, შაბათი დილა დაუთმოთ მშობლებთან ერთად პარკში სეირნობას.