შევხვდეთ საშობაო დღესასწაულს ჯანსაღი ფსიქიკით
თვითონ სიტყვის შინაარსიც ხომ ამას მოიაზრებს - დღესასწაული, ანუ რაღაც ახლის, უჩვეულოს, საოცნებოს მოლოდინია. ყველაზე ძლიერი პოზიტიური ემოციები ახალ წელს და შობის დღესასწაულს ახლავს. შობა ხომ ყველაზე ბრწყინვალე, ამაღლებული რელიგიური დღესასწაულია - მაცხოვრის შობა, უფლის ამქვეყნად მოვლინების სასწაული და მართმადიდებლური საქრისტიანოს ყველაზე დიდი და ღირსშესანიშნავი დღეა. ამ დღეს განსაკუთრებული მოლოდინით და განწყობით ხვდებიან ადამიანები, მორწმუნე ქრისტიანები ამისათვის საგანგებოდ ემზადებიან, ფიზიკურად და სულიერად.
შობის დღესასწაულისთვის ადამიანები მარხულობენ, ცდილობენ განიწმინდონ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რასაც, შესაბამისად, უნდა მოჰყვეს ფსიქიკის განტვირთვა და გაჯანსაღებაც.
ჯანსაღი ფსიქიკა ნიშნავს ადეკვატურ ქცევებს, გაწონასწორებულ პიროვნულ თვისებებს, ნორმირებულ ფსიქიკურ პროცესებს, ჯანსაღ, დადებით ემოციებს, შფოთის დაბალ დონეს, დაბალანსებულ ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რაც ხელს უწყობს სწორ აღქმას, ყურადღების წონასწორობას, მეხსიერების გამართულ მუშაობას, შესაბამისად, ინფორმაციების სწორ ასახვასა და შენახვას, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების გარჩევას და მათ შეუფერხებელ დაფიქსირებას.
ფსიქიკამ რომ გამართულად იმუშაოს, ამისათვის უნდა ვიზრუნოთ: დავიცვათ ზომიერება ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში, უნდა შევინარჩუნოთ ფიზიკური ჯანმრთელობა, რაც განსაზღვრავს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, ანუ ჯანსაღ ფსიქიკას. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.
შობის ღამე ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და სასოებას უნერგავს ადამიანებს, რადგანაც ის ყველანაირი სიკეთის საწყისია. ამიტომაც არის, რომ უფლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები გამორჩეულად ზეიმობენ.
სოციალიზაცია და ახლობლებთან კონტაქტი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფსიქიკური სიჯანსაღისათვის. გაუზიარეთ თქვენი ემოციები მეგობრებს, ოჯახის წევრებსა თუ სხვებს. მუდმივად ეკონტაქტეთ მათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ყველაფრის გაზიარება ყოველთვის დაგეხმარებათ ფსიქიკის გაჯანსაღებაში.
შობის სიხარულში ჩვენ ვერთიანდებით გარე სამყაროსთან. ეს არის სიკეთის, სიყვარულის, ერთმანეთზე ზრუნვის, ოჯახთან ყოფნის დრო.
-
ყრმა იესოს დაბადება სიმბოლოა ჩვენს შიგნით ახალი შესაძლებლობების და პოტენციალის გახსნისა.
იესო შეგვახსენებს ჩვენში არსებულ სინათლეს, სიყვარულს და გვიბიძგებს ხელახლა დავუბრუნდეთ ბავშვურ ცნობისმოყვარეობას, გულწრფელობას, შემოქმედებით ენერგიას, ღმერთს.
საშობაო საჩუქრების გაცემას აქვს ღრმა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. ის განასახიერებს ენერგიის გაცვლას და ერთმანეთის ღირებულების აღიარებას.
საჩუქრების გაცემა საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ სიყვარული, მადლიერება, ზრუნვა.
-
შობის ვარსკვლავი - ეს იმედის სიმბოლოა.
შობის დღესასწაულის ჩაწვდომა მოსამზადებელი პერიოდის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც დადგინდა მარხვის პერიოდი. განწმენდილები უნდა შევხვდეთ ყრმა მაცხოვარს და ანგელოზებრივად ვუგალობოთ „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
შობის მოლოდინი მმარხველისთვის იგივეა, რაც უდაბნოს მზის ქვეშ გათანგული ადამიანისთვის ხანგრძლივი, დამღლელი სიარულის შემდეგ წყაროს მიგნება, მაცხოვარი კი დაულეველი წყაროა.